ურთიერთსასარგებლო CHANGE
სეპარატისტული ხიბლი – შუქი 8 თეთრად!
მართალია, რუსეთის მიერ მხოლოდაღიარებულ „იუჟნაია ოსეტიაში“ არც „გილაურის ნათურა“ უნათებთ სეპარატისტულ ცხოვრებას და არც აზერბაიჯანულ გაზს აწვდის „ყაზტრანსგაზი“, მეტიც, დასუფთავებისა და წყლის გადასახდელების გადაუხდელობის გამო არც ელექტროენერგიას გაუთიშავენ და არც მუნიციპალურ ტრანსპორტს უძვირებენ (ისიცაა, არ აქვთ და იმიტომ), მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, პრობლემები ედუარდ-ჯაყოს სამფლობელოშიც გაჩნდა. კერძოდ, მომავალი წლიდან ელექტროენერგიისა და გაზის ტარიფები ძვირდება.
ამ ინფორმაციას „ოსინფორმი“ ავრცელებს. „ენერგორესურსის“ დირექტორის, ალან გაბარაევის, ცნობით, 2011 წლიდან ერთი კილოვატი ელექტროენერგია ერთი რუბლი და 20 კაპიკი ეღირება (ასე, 8-თეთრამდე), ბუნებრივი აირის საფასური ოთხი რუბლითა და ოციოდე კაპიკით განისაზღვრება (ასე, 25-თეთრამდე). მანამდე კი, ანუ ჯერაც ელენერგია სეპარატისტებს 80 კაპიკი (დაახლოებით, 6-თეთრამდე), ბუნებრივი აირი კი სამი რუბლი და 80 კაპიკი (დაახლოებით, 22-თეთრის მიდამოებში) უჯდებათ (შესაძლოა, „ქრისტიან-დემოკრატები“ წინასაარჩევნო დაპირებებისას სწორედ ამ სეპარატისტული რეალობით ხელმძღვანელობდნენ). თუმცა აშკარაა, რომ როგორც გაძვირებამდე, ისე მას შემდეგ ჩვენი სეპარატისტები გაცილებით შეღავათიანი ტარიფებით ეწევიან სეპარატისტულ ცხოვრებას.
მეორე მხრივ, ალან გაბარაევი იმასაც დასძენს, რომ ტარიფების გაძვირებას თავიდან აიცილებდნენ, მოსახლეობას გადასახდელები პატიოსნად რომ ეხადა. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ გადასახადების გაზრდა-ამოღებაში ჩვენი ხელისუფლების ბადალს, სულაც რომ, რკინის ქალამნებით კარდაკარ იაროთ, ვერსად აღმოაჩენთ: ჩვენ და სეპარატისტებს ზედა ეშელონები ხომ არ გადაგვეცვალა?! აქეთ – დაბალი ტარიფები შეგვრჩებოდა, იქით – ისინი მიეჩვეოდნენ გადასახადების გადახდას?!