როგორ დასახლდა აფხაზთა საგვარეულო კარდენახში და რატომ შეწყვიტა არსებობა კოტე აფხაზის საგვარეულო შტომ
„მუდამ მშვიდი, დარბაისელი, ზრდილობიანი და გონიერი” – კოტე აფხაზი დიდი ილიას დისწული იყო. ისტორიაში დასარჩენად მას ესეც ეყოფოდა, თუმცა გენიოსი ბიძის სახელით მას ბოროტად არასდროს უსარგებლია. თუ როგორ დასახლდა აფხაზთა საგვარეულო კახეთში, რა გზა განვლო კოტე აფხაზმა და რატომ არის იგი ყველა დროის ზნეობრივი გმირი, ამის შესახებ ჩვენს ინტერვიუში ჟურნალისტი, ისტორიკოსი გელა საითიძე გვესაუბრება.
გელა საითიძე: კოტე აფხაზი არაა უბრალოდ გამოჩენილი ადამიანი, არამედ ზნეობრივი გმირია, რომელიც ყველა თაობის ქართველთათვის სამაგალითო უნდა იყოს. თუმცა, მანამ ამ პიროვნების შესახებ გიამბობდეთ, ორიოდე სიტყვით, შევჩერდები, აფხაზთა გვარის წარმომავლობისა და მათი კახეთში დამკვიდრების საკითხზე. ერთი საუკუნის წინათ გაზეთ „ივერიის“ ფურცლებზე დასტამბულ მცირე ზომის მასალაში ნათქვამია: „XVII საუკუნის დამდეგს აფხაზეთი აიკლეს და დაიმორჩილეს ოსმალებმა, რომელთა წყალობითაც ბატონობა დაიწყეს სამეგრელოს დადიანებმა. ამისათვის ერთი წარმომადგენელი შერვაშიძის საგვარეულოსი გადმოვიდა კახეთში და მეფისაგან მიებოძა ერთ-ერთის ამოწყვეტილის – ვაჩნაძის მამული სოფელ კარდენახში. ამის გამო ამ დროიდანვე ჰსუფევდა დაუძინებელი მტრობა აფხაზთა და ვაჩნაძეებს შორის“. ეს მომხდარა თეიმურაზ მეორის მეფობის დროს. ადგილობრივი მოსახლეობა მათ აფხაზებად იხსენიებდა. საიდანაც შემდგომში წარმომდგარა ეს გვარი...
საქართველოს ისტორიაში აფხაზთა გვარის არაერთი სახელოვანი წარმომადგენელი მოიხსენიება. აღსანიშნავია, რომ კახელ თავადაზნაურთა სიაში მათ მეცხრე ადგილი უჭირავთ, მაშინ, როცა ჭავჭავაძენი მეთორმეტე ადგილზე არიან დაფიქსირებულნი. ერთ-ერთ საარქივო დოკუმენტში ნათქვამია, რომ 1867 წლის 25 სექტემბერს, სოფელ კარდენახში, ცნობილი კახელი თავადიშვილის, ნიკოლოზ აფხაზისა და ნინო გრიგოლის ასულ ჭავჭავაძის ოჯახში დაიბადა ვაჟი, რომელსაც კონსტანტინე (კოტე) დაარქვესო. კოტეს გარდა მათ კიდევ სამი შვილი ჰყავდათ: გიგო, სიმონი და მაკო.
კოტე აფხაზმა პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო, 1886 წლიდან კადეტთა კორპუსის იუნკერია. 19 წლის ასაკში პეტერბურგში მიემგზავრება და საარტილერიო საქმეს ეუფლება. 1911 წელს კოტე აფხაზი, თავის ბატარეასთან ერთად, გაგზავნილი იყო სპარსეთში – თავრიზის საბრძოლო რაზმის შემადგენლობაში რამდენიმე თვით. ამის შემდეგ იგი თბილისში ბრუნდება და საადგილმამულო ბანკის საზედამხედველო კომიტეტის შემადგენლობაში შედის.
– 1913 წელს თბილისში, არჩევნების შედეგად, თავადაზნაურთა გუბერნიის ახალი წინამძღოლი, ანუ მარშალი იქნა არჩეული. როგორ გახდა კოტე აფხაზი მისი გამარჯვებული და საერთოდ, რას ითვალისწინებდა თავადაზნაურთა მარშლის ინსტიტუტი?
– ქართლ-კახეთის, შემდგომში თბილისის გუბერნიის, თავადაზნაურთა მარშლის ინსტიტუტი შემოიღეს 1802 წლის 8 მაისს, იმპერატორ ალექსანდრე პირველის დროს. მარშლებს თვალყური უნდა ედევნებინათ გუბერნიის თავადაზნაურთა მოქმედებისთვის და დაუყოვნებლივ აღეკვეთათ მათ შორის წარმოშობილი უთანხმოებები. ამ წლებში აღმოსავლეთ საქართველოს თავადაზნაურთა მარშლის პოსტი 14 პიროვნებას ეკავა; მათგან ბოლო, მე-14 – კონსტანტინე აფხაზი გახლდათ. თავადაზნაურთა დაჟინებული თხოვნის შემდეგ, კოტე აფხაზი დათანხმდა კენჭისყრაზე და უდიდესი უპირატესობით, გაიმარჯვა კიდეც. თანამდებობაზე არჩევის პირველი დღეებიდანვე, კოტე აფხაზის საქმიანობის უპირველეს მიმართულებად იმ ხანად მიმდინარე კახეთის რკინიგზის მშენებლობის საკითხი იქცა. მძიმე ვითარება შეიქნა კახეთის რკინიგზის მშენებლობის დამამთავრებელ ეტაპზე. ეს სირთულეები მსოფლიო ომის მიმდინარეობასთან იყო დაკავშირებული. მიუხედავად ამისა, 1915 წლის შემოდგომისთვის, მშენებლობა ძირითადად დამთავრდა და რკინიგზა ექსპლუატაციაში შევიდა. გზა კი გაიხსნა, მაგრამ ტვირთზიდვა მეტისმეტად შემცირდა. ომთან ერთად ამის ერთ-ერთი მიზეზი, იმხანად იმპერიაში მიღებული „მშრალი კანონი“ გახლდათ. მართალია, მგზავრთა რიცხვი გაიზარდა, მაგრამ მისგან მიღებული შემოსავალი სულ მცირედითაც ვერ ფარავდა ექსპლუატაციის ხარჯებს.
აფხაზს კარგად ჰქონდა მოფიქრებული, რკინიგზის საჭიროებისთვის, თუ რომელი თანხა შეიძლებოდა გამოეყენებინათ, რადგან მას დაბეჯითებით სწამდა – „კახეთის რკინიგზა, დღეს თუ ზარალშია, ხვალ უეჭველად მოგებას მოგვცემს“. რამდენიმე თვის შემდეგ, 18 მილიონ მანეთზე მეტად ღირებული კახეთის რკინიგზა, კოტე აფხაზმა, ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის სხვა უძრავ-მოძრავ ქონებასთან ერთად, პირველ ეროვნულ ყრილობაზე ქართველ ერს მიართვა ნობათად...
– პირველი მსოფლიო ომის წლებში როგორ გრძელდება კოტე აფხაზის მოღვაწეობა?
– პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, მეფისნაცვალ ვორონცოვ-დაშკოვის წინადადებით, კოტე აფხაზი ისევ ნამდვილ სამხედრო სამსახურს უბრუნდება... დეკემბერში თურქეთის, არმიამ ენვერ ფაშას სარდლობით, წარმატებული შეტევა წამოიწყო რუსეთის არმიების წინააღმდეგ. კავკასიის ადგილობრივმა ხელისუფლებამ საევაკუაციო მზადება დაიწყო. მეფისნაცვლის მოადგილე, კავკასიის არმიის ჯარის სარდალი, ინფანტერიის გენერალი – მიშლაევსკი ფრონტის წინა ხაზიდან გამოიქცა... რეზო გაბაშვილი იგონებს: „ამ უტიფარმა „სარდალმა“, წინადადება მისცა საქართველოს თავადაზნაურობასა და ხალხს: „რუსეთის ჯარი სტოვებს კავკასიას; ქართველმა ხალხმა უნდა დაანგრიოს ხიდები, სახლები, გადასწვას ბაღ-ვენახები და ყანები, უკან დაიხიოს რუსის ჯართან ერთად, რომ შემოსულ მტერს მხოლოდ უდაბნო დახვდეს, საცა ვერც სანოვაგე, ვერც ბალახი, ვერც ცხენი და ურემ-საქონელი და არც ადამიანი დარჩეს გამოსაყენებლადო...“. მიშლაევსკი ამასთან გვპირდებოდა – „თბილისსა და სხვა ქალაქებს ისე ავაფეთქებთ ჩვენ თვითონ, რომ ქვა-ქვაზე არ დარჩეს ოსმალებს თავშესაფარავადო...“.
„კოტე აფხაზმა ჩახლეჩილი ხმით ეს რომ წაგვიკითხა, კრებულს ჩოჩქოლი შეუდგა. არადა, ოფიციალურ დაწესებულებას არ შეეძლო ოფიციალურ წინადადებაზე პასუხი არ მიეცა“.
მადლობა ღმერთს, რომ მშიშარა და პროვოკატორი რუსის გენერლის ამ ჩანაფიქრს, აღსრულება არ ეწერა. იგი „მაშინვე გადააყენეს“, თორემ აღა-მაჰმად-ხანის მიერ თბილისის მიწასთან გასწორება, მასთან მონაგონი იქნებოდა.
– ამის შემდეგ რა ხდება?
– ამავე წლის მარტში, კოტე აფხაზი თავისი ბრიგადით, დასავლეთის ფრონტზე გაემგზავრა, სადაც წლის ბოლომდე დაჰყო. ქართველი თავადი ყურადღებას იქცევდა თავისი სიმამაცითა და თავდადებით. გულმოდგინე სამსახურისათვის, უმაღლესი ბრძანებით, მას პოლკოვნიკის ნამდვილი სამხედრო წოდება მიენიჭა.
– რა წვლილი მიუძღვის კოტე აფხაზს ქართული უნივერსიტეტის დაარსებაში?
– ქართული უნივერსიტეტის დასაარსებლად, რუსეთში წინასწარ გაწეული ნაყოფიერი მოსამზადებელი მუშაობის შემდეგ, 1917 წლის აპრილს, ივანე ჯავახიშვილი პეტერბურგიდან თბილისში დაბრუნდა... 12 მაისს, თბილისში იკრიბება ქართული თავისუფალი უნივერსიტეტის საზოგადოება, რომელიც შემდგომ ამ საზოგადოების დამფუძნებელ კრებად იქნა მიჩნეული. კრებაზე დამსწრე ქართველი მეცნიერების, მწერლების, კულტურისა და საზოგადოების 28 წარმომადგენელს შორის არის კოტე აფხაზიც. აქედან მოყოლებული, იგი გვერდიდან არ მოსცილებია ივანე ჯავახიშვილს. თავისი ავტორიტეტული სიტყვითა და საქმით ეხმარებოდა მას უდიდესი ჩანაფიქრის ხორცშესხმისათვის ბრძოლაში.
– რა საქმიანობას ეწევა კოტე აფხაზი საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში?
– კოტე აფხაზი უდიდესი სიხარულით შეხვდა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას. ამ დროისათვის იგი „უპარტიოთა კავშირის“ თავმჯდომარე იყო და საბჭოში უპარტიოთა ფრაქციას ხელმძღვანელობდა. ემიგრაციაში წასულ მთავრობას ასეულობით ქართველი ოფიცერი არ გაჰყოლია. მათ შორის, ვინც საქართველოში დარჩა, კოტე აფხაზიც გახლდათ... 1922 წლის შემოდგომაზე, ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ, მთელი სისასტიკით ჩაახშო ხევსურეთის აჯანყება. საგანგებო კომისია („ჩეკა“) დაუყოვნებლივ შეუდგა მეამბოხეთა დაპატიმრებას. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის არალეგალური კომიტეტი სასწრაფო ზომებს იღებს ყველა იმ პირის გადასარჩენად, ვინც „დამნაშავეთა“ სიაში იყო შეტანილი. კოტე აფხაზი ცხოვრობდა თავის ძველ ბინაზე სოლოლაკში, როდესაც ერთ საღამოს, კომიტეტის დავალებით, მას ეწვია ამ კომიტეტის დელეგატი. მან უთხრა: „ბატონო კოტე, კომიტეტმა გამომგზავნა გასაფრთხილებლად, რომ „ჩეკა“ დაეძებს საბაბს თქვენს დასაჭერად. დაჭერა არ აგცდებათ. რადგან არალეგალურ მდგომარეობაში გადაყვანა თქვენისთანა პიროვნებისა შეუძლებელია, ამიტომ გადავწყვიტეთ, ყველაფრით მოგეხმაროთ და საზღვარგარეთ გაგისტუმროთ, სადაც თქვენი ცოლ-შვილი იმყოფება“.
– რა უპასუხა მას აფხაზმა?
– „დიდად მადლობელი ვარ კომიტეტისა მზრუნველობისათვის, მაგრამ ჩვენს ქვეყანასა და ხალხს ვერ მივატოვებ ამ მისი ბრძოლის გაჭირვების ხანაში. გარდა ქართულ ძველ ისტორიულ ტრადიციისა, რომელიც ასეთ დროს იშვიათად ატოვებინებდა ქართველ კაცს თავის სამშობლოს, სად გაგონილა, რომ ღენერლები ჯარს ბრძოლის ველზე სტოვებდნენ და გარბოდნენ... მე ვრჩები და დავრჩები ბოლომდე, რათა დავეხმარო საქართველოს მებრძოლ ბანაკს მისი გათავისუფლებისათვის ბრძოლაში“.
– ამის შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები?
– 1923 წლის თებერვალში საოკუპაციო ძალა, თავისი აგენტების საშუალებით, არკვევს შეთქმულთა ვინაობას, ატუსაღებს მათ... თითქმის სამი თვე მიმდინარეობდა დაპატიმრებულთა არაადამიანური ტანჯვა-წამება, გასამართლების გარეშე, დახვრეტა მიუსაჯეს 15 ქართველ ოფიცერს (მათ შორის იყო კოტე აფხაზიც), რაც მეორე დღესვე სისრულეში მოიყვანეს – ქალაქგარეთ, აწინდელი ვაკის პარკის მიდამოებში. ახლა ამ ადგილას ამ ამბის მაუწყებელი აბრაა აღნიშნული. კომუნისტების პერიოდში კი საზოგადოებრივი ტუალეტი ფუნქციონირებდა...
– რა არის ცნობილი კოტე აფხაზის ემიგრაციაში წასული ცოლ-შვილისა და შთამომავლების შესახებ?
– კოტე აფხაზი დაქორწინებული იყო პოდპოლკოვნიკ იასონ იოსელიანის ქალზე, რომელსაც ელენე ერქვა. მათ ორი ვაჟი ჰყავდათ – ნიკოლოზი და ილია. ილია მცირეწლოვანი გარდაიცვალა. ემიგრაციაში წასული ელენე ვაჟთან ერთად პარიზში დამკვიდრებულა და სიცოცხლეც იქ დაუსრულებია. დედის გარდაცვალების შემდეგ ნიკო აფხაზი კანადაში გადასახლებულა, სადაც გარდაიცვალა კიდეც – 1987 წელს ღრმად მოხუცებული, უშვილძიროდ. ამით არსებობა შეწყვიტა კოტე აფხაზის საგვარეულო შტომ.