კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაატყვევა გურიელმა ბათუმის გასაძარცვად ჩამოსული ფრანგი








გურიელთა გვარს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საქართველოს ისტორიაში. ამის სამაგალითოდ, ბევრი ფაქტი არსებობს. დღევანდელ ინტერვიუში რამდენიმე მათგანის შესახებ ვისაუბრებთ ჩვენს რესპონდენტთან – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორთან, მირიან მახარაძესთან:

– გურიელის დამკვიდრების ისტორია, ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, მეთოთხმეტე საუკუნის სამოციანი წლებიდან იწყება – მაშინ, როდესაც ბაგრატ მეხუთეს სვანეთში ვარდანიძეები აუჯანყდნენ. აჯანყების ჩახშობის შემდეგ ბაგრატმა ვარდანიძეების გვარი სამხრეთში, კერძოდ გურია-აჭარის ტერიტორიაზე დაასახლა. ჩვენი ვარაუდით, სწორედ აქედან იღებს გურიელების გვარი სათავეს. მიუხედავად აჯანყება-გადასახლებისა, გურიელი ერთგული ყმა აღმოჩნდა მეფისა. მან ქართული პოლიტიკის გატარება დაიწყო თავის მოსაზღვრე ქვეყანაში, კერძოდ ტრაპიზონში.

– უფრო კონკრეტულად, რას გვეტყვით ამის შესახებ?

– იმ პერიოდში ტრაპიზონში იყო ბიზანტიური პარტია. ანუ, ტრაპიზონის იმპერატორი ალექსი მესამე ქვეყანაში ბიზანტიურ კურსს ატარებდა. გურიელი ბაგრატ მეხუთის დავალებით, დაუკავშირდა ლაზ მთავრებს და ალექსი მესამეს ტახტიდან ჩამოგდება გადაწყვიტა. ამის ნათელი დადასტურებაა ლაზების თავდასხმა ტრაპიზონის იმპერატორზე. გურიელი მოსვენებას არ აძლევდა ალექსი მესამეს. იგი ყოველთვის არბევდა ტრაპიზონის იმპერიის საზღვრებს. აღსანიშნავია, რომ შეწუხებულმა ტრაპიზონის იმპერატორმა გურიელთან მოსარიგებლად დახმარება საქართველოს მეფეს ბაგრატ მეხუთესაც კი სთხოვა. 1372 წელს ბაგრატ მეხუთის მოთხოვნით, მოხდა გურიელისა და ალექსი მესამის მორიგება თავდაუსხმელობის პირობით.

მეთხუთმეტე საუკუნეში არსებობს გურიელის საქართველოს მეფისადმი ერთგულების კიდევ ერთი ფაქტი.

– კერძოდ?

– გიორგი მერვე, რომელიც ერთიანი საქართველოს უკანასკნელი მეფე იყო, მეთხუთმეტე საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს უკვე ვეღარ აკონტროლებდა ერთიან ქვეყანას. მას ჰყავდა ისეთი კონკურენტები, როგორებიც იყვნენ სამხეთში ყვარყვარე, ხოლო დასავლეთში – ბაგრატ მეექვსე. ანტიოსმალურ კოალიციაში გიორგი, ყვარყვარე და ბაგრატი ცალ-ცალკე გამოდიან. ყველა წესის მიხედვით, გურიელი ბაგრატ მეექვსეს უნდა მიმხრობოდა, რადგანაც მისი საბრძანებელი დასავლეთ საქართველოში იყო. თუმცა, იგივე ყვარყვარეს წერილებიდან, რომელიც რომის პაპისა და ბურგუნდიის ჰერცოგისადმი არის გაგზავნილი, ჩვენ ვიგებთ, რომ გურიელი საქართველოს მეფის – გიორგი მერვის მომხრეა და მისი ინტერესების სადარაჯოზე დგას. ამაზე არც ბაგრატს და არც ყვარყვარეს, პრეტენზია არ გააჩნიათ. პირიქით, ისინი ამბობენ, რომ გურიელის სამფლობელოში გიორგი მერვის ხელისუფლება ვრცელდება.

საქართველოს ისტორიის შესახებ არსებობს ისეთი წყაროებიც, რომლებიც ქართველი მკვლევრებისთვის ნაკლებად არის ცნობილი. არადა, ისინი, გარკვეულწილად, ავსებს და ამდიდრებს ჩვენი ქვეყნის ისტორიას. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა, მეთოთხმეტე და მეთხუთმეტე საუკუნის წყაროები. ამ პერიოდის ქართული ისტორიული საბუთები მეტად მწირია. აღსანიშნავია, რომ, როგორც ოცდამეერთე საუკუნეში, ასევე მეთხუთმეტეშიც, საქართველოს სამეფო იღვწოდა გაერთიანებულიყო მსოფლიო თანამეგობრობაში. ამის ნათელი დასტურია მეთხუთმეტე საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს ქართველთა ელჩობა ფერარა-ფლორენციის საეკლესიო კრებაზე. იმ პერიოდის ევროპას საშიშროება ექმნებოდა ოსმალეთის მძლავრი მუსლიმანური იმპერიისგან. ისინი საერთო ძალებით დაირაზმნენ ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად. რომის პაპებმა ქართველებსაც მოუწოდეს მონაწილეობა მიეღოთ ამ ლაშქრობაში. თუმცა, ფერარა-ფლორენციის საეკლესიო კრებით გულდაწყვეტილმა საქართველოს საერო ხელისუფლებამ, ამ ლაშქრობაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

– რომელ ლაშქრობას გულისხმობთ და ვის მიერ იყო ის ორგანიზებული?

– ეს ლაშქრობა ორგანიზებული იყო უნგრეთ-პოლონეთის მეფე – ვლადისლავ მესამის მიერ. მის ჯარში შედიოდა მთელი დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპა. გადამწყვეტი ბრძოლა 1444 წელს მოხდა, ქალაქ ვარნასთან. ამ ბრძოლაში ვლადისლავ მესამე დაიღუპა, ხოლო ქრისტიანული ჯარი დამარცხდა. დამარცხების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ჯარის არაორგანიზებულობა იყო. აგრეთვე ის, რომ ვლადისლავ მესამის დროშის ქვეშ, ზოგიერთ მხედართმთავარს სხვადასხვა მიზნები ამოძრავებდა. ეს მიზანი არ იყო საღვთო საქმის კეთება. ეს იყო ნადავლის ხელში ჩაგდება. ერთ-ერთი ასეთი პიროვნება იყო ბურგუნდიელი მხედართმთავარი ჟოფრუა დე ტუაზი, რომელმაც გარკვეული როლი ითამაშა საქართველოს ისტორიაში.

– რითაა საინტერესო ეს პიროვნება საქართველოს ისტორიაში?

– სანამ ამ პიროვნების საქართველოსთან ურთიერთობას შევეხებოდეთ, მინდა გითხრათ, რომ ბურგუნდიის საჰერცოგო ერთ-ერთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ როლს თამაშობდა იმდროინდელი მსოფლიოს მოწყობაში. ასე რომ, ბურგუნდიის ფლოტი ევროპელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დასაყრდენი საზღვაო ძალა იყო ოსმალების წინააღმდეგ. ბურგუნდიიდან ჟოფრუა დე ტუაზი გამოემართა, რათა მონაწილეობა მიეღო ვარნის ბრძოლაში, მაგრამ ამის მაგივრად, მან დაიწყო შავი ზღვის სანაპიროების დარბევა და აოხრება, ნადავლის ხელში ჩაგდების მიზნით. ერთ-ერთი ასეთი დარბევა მან ბათუმშიც განახორციელა.

– რას გვიამბობთ ამ შემოსევის შესახებ?

– ჟოფრუა დე ტუაზმა შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროების გაძარცვის შემდეგ, ნავსაყუდელი ტრაპიზონში ნახა. აქ მან ტრაპიზონის იმპერატორს გაანდო თავისი განზრახვა ბათუმის გაძარცვის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ ამ ძარცვის შესახებ იგი საქვეყნოდ აღიარებდა. შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროების გაძარცვის შემდეგ, იგი დაუსჯელობის სინდრომმა შეიპყრო. ისტორიულად, როგორც ვიცით, ტრაპიზონისა და საქართველოს სამეფოებს ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ. ტრაპიზონის სამეფო კარი იმ პერიოდში გურიელთან, რომელიც ბათუმის მფლობელი იყო, ნათესაურ კავშირშიც კი იყო. ამიტომ, ტრაპიზონის ხელისუფლებამ წინასწარ გააფრთხილა გურიელი ჟოფრუა დე ტუაზის მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ.

– აიხდინა თუ არა ჩანაფიქრი ჟოფრუა დე ტუაზმა?

– აღსანიშნავია, რომ გურიელის მოქმედება ძალიან წააგავს დღევანდელი სპეცსამსახურების სპეცოპერაციებს. ფაქტობრივად, გურიელმა უსისხლოდ განახორციელა ჟოფრუა დე ტუაზის დატყვევების ოპერაცია.

– როგორ მოახერხა ჟოფრუა დე ტუაზის დატყვევება გურიელმა?

– ჟოფრუა დე ტუაზმა ბათუმის სანაპიროს გაძარცვა გადაწყვიტა 200 კაცით. გურიელი კი მას 600 კაცით ჩაუსაფრდა. ასე რომ, როდესაც ბურგუნდიელი მხედართმთავარი და მისი თანმხლებნი, საქართველოს სანაპიროზე გადმოვიდნენ. გურიელმა თავისი რაზმით ისინი ალყაში მოაქცია და იარაღი აჰყარა. შემდეგაც ჟოფრუა დე ტუაზი და მისი თანმხლები პირები სატუსაღოში გამოამწყვდიეს.

– რა რეაქცია ჰქონდა გურიელის ამ საქციელზე მაშინდელ ქრისტიანულ სამყაროს?

– ჟოფრუა დე ტუაზი არ გახლდათ ვინმე უბრალო პიროვნება. იმ პერიოდის მსოფლიოში იგი, ფაქტობრივად, ყველაზე დიდი საჰერცოგოს მხედართმთავარი და წინამძღვარი იყო. ასე რომ, მაშინდელ ქრისტიანულ სამყაროს ამ ფაქტის მიჩქმალვა და დე ტუაზის დაუყოვნებლივ გათავისუფლება უნდოდა. ამაში ჩაერია თვით რომის პაპი, ბურგუნდიის საჰერცოგო, გენუელების ბაილო (სავაჭრო წარმომადგენელი) და გურიელისგან ტუსაღების გათავისუფლებას მოითხოვდნენ. გურიელი შეუვალი გახლდათ და ბურგუნდიელ მძარცველებს არ ათავისუფლებდა. რომის პაპმა შუამავლობა ტრაპიზონის იმპერატორსაც კი სთხოვა. სწორედ ტრაპიზონის იმპერატორის თხოვნის საფუძველზე და გენუელი ბაილოსგან გამოსასყიდის გადახდის შემდეგ, გურიელმა ჟოფრუა დე ტუაზი და მისი თანმხლები ორასივე მძარცველი გაათავისუფლა. აღსანიშნავია, რომ ისინი ტრაპიზონის იმპერატორს მიჰგვარეს, ხოლო მათი საჭურჭლე და ხომალდები ქართველმა მთავარმა, სამხედრო ნადავლის სახით, თვითონ დაიტოვა.


скачать dle 11.3