ვინ „ამხილეს შიშველი“ ძმებმა ღუღუნიშვილებმა და როგორ გახდა მარიტა ჯანაშია დეზდემონა
ტყუპი ძმები ქართული ბომონდური თუ საქმიანი შეხვედრებისა და წვეულებების განუყოფელ „ატრიბუტებად“ იქცნენ. ირაკლი და ლაშა ღუღუნიშვილებზე ქართველი მოდელები გიჟდებიან და მათთან არა მხოლოდ ფოტოების გადაღების, არამედ ახლოს მეგობრობის სურვილიც აქვთ. ალბათ, ამიტომაც არის, რომ ძმებმა ცნობილი მოდელების თითქმის ყველა საიდუმლო იციან. თუმცა, მათი ყველაზე ახლო მეგობარი მაინც მარიტა ჯანაშიაა, რომელსაც ხშირად ნახავთ ტყუპების გარემოცვაში.
მარიტა ჯანაშია: ესე იგი, მთელ თბილისს ვასწავლე ტყუპების ერთმანეთისგან გარჩევა, მაგრამ ახლა ერთი გასუქდა და მეორე გამხდარი დარჩა, ასე რომ, მათი გარჩევა უკვე იოლია. თუ სერიოზულად ვისაუბრებთ, ლაშა და ირაკლი არიან ფოტოგრაფები, რომლებიც პირველი მოდის კვირეულის შემდეგ გამოჩნდნენ და მაშინვე აღმოჩნდნენ მოდის ბიზნესის ცენტრში. რატომღაც, ძალიან მალე შეიყვარა ყველამ. მიუხედავად იმისა, რომ ათობით ფოტოგრაფი დადიოდა მოდის კვირეულზე, მთელი მოდელი გოგოები ტყუპებმა „მიიწეპეს“ (იცინიან). ხასიათი აქვთ ძალიან კარგი, საოცრად მხიარულები არიან, კარგი მოსაუბრეები, ნიჭიერები და ყველას უნდა მათთან ურთიერთობა. რომ გაიცინებენ, ეგრევე კარგ ხასიათზე დგები. საყვარლები არიან.
– თქვენი ბიოგრაფია თვითონ მომიყევით – როგორ დაიწყეთ ეს საქმე? თანაც, მაინტერესებს, ასე როგორ დაემსგავსეთ ერთმანეთს?
ლაშა ღუღუნიშვილი: თქვენ წარმოიდგინეთ, დედაც საერთო გვყავს და მამაც. ირაკლი ჩემზე დიდია (იცინიან) და მუშაობს. ისეთი საპასუხისმგებლო საქმე აქვს, რომ აშკარად ჩემზე უფროსია. ჰოროსკოპითაც „ტყუპები“ ვართ. ბაღშიც, ბაგა-ბაღშიც, სკოლაშიც ერთად დავდიოდით, უნივერსიტეტშიც. დავამთავრეთ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი. დაახლოებით სამი წელია უკვე, რაც ფოტოებს ვიღებთ.
– ისეთი ბიჭები იყავით, ოჯახი იმედებს რომ ამყარებს – გაიზრდებიან და ბევრს მიაღწევენო...
ირაკლი ღუღუნიშვილი: კი, სამი წელი ერთად ვმუშაობდით ამ სფეროში. ლაშამ თავი დაანება, მაგრამ ჩემზე ისევ ამყარებენ ამ იმედებს. სამი წლის განმავლობაში სამშენებლო კომპანიაში ლაშა ფინანსური მენეჯერი იყო. მაგრამ, „ფეშენ-ვიქმა“ და მოდელებმა დაღუპეს. პოდიუმის მტვერი შეისუნთქა და – მორჩა! ჩემზე ნაწილობრივ იმოქმედა (იცინიან). დილის ცხრიდან საღამოს ექვსამდე ვმუშაობ კომპანია „ალბატროსში“ მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრების ყველაზე დიდ ფირმაში საქართველოში...
– ყვავილებიანი შუშები თქვენ გაქვთ?
ლაშა: დიახ და თაღებსაც მარტო ესენი ღუნავენ.
ირაკლი: მოკლედ, 6 საათზე გამოვდივარ სამსახურიდან და მივდივართ სტუდიაში, რომელსაც „ლიგ სტუდიო“ ჰქვია, ანუ – ლაშა, ირაკლი ღუღუნიშვილი. მთელი დღე საქმიანი ვარ, უამრავ მოლაპარაკებას ვაწარმოებ. ისე, ამ ბოლო დროს უკვე იმდენი სიუჟეტი გავიდა, იმდენ ადგილას გვაჩვენეს, რომ ახალგაზრდები, ვინც მოდიან და ვინც „ფეისბუქთანაც“ ახლოს არის უკვე მცნობენ. უფროსს სულ უკვირდა – რა არის, რა ხდება, საიდან იცნობ ამდენ ხალხსო.
– მარიტა, მომიყევი როგორ დამეგობრდით?
მარიტა: ერთმანეთი მარტში გავიცანით „ჯორჯიან ფეშენ-ვიქზე“, ერთ-ერთი ჩვენების „ბექსთეიჯზე“, დღეს კი უახლოესი მეგობრები ვართ. მოკლედ, სახელები ვკითხე. მანამდე „ფეისბუქში“ ორივე მყავდა და „ბექსთეიჯში“ რომ შემოვიდა ერთ-ერთი, ვკითხე, შენ რომელი ხარ, ლაშა თუ ირაკლი-მეთქი. ლაშაო და, ასე დაიწყო ყველაფერი...
ლაშა: ისე, ეს ცნობილი კითხვაა: „შენ შენ ხარ თუ შენი ძმა?“ ჩვენი პასუხიც ყოველთვის არის – „ჩემი ძმა“. (იცინიან).
– თქვენი ყველაზე საინტერესო გადაღება რომელი იყო?
ირაკლი: რაღაც კონკურსისთვის გადავიღეთ მარიტა ბავშვთან ერთად...
მარიტა: ჩამაცვეს რაღაც გაფშეკილი კაბა. არა, ჯერ მეცვა პაჩკა, ზემოდან გადავიცვი ბებიაჩემისეული დეზდემონას კაბა, რომელიც „ოტელოში“ თამაშის დროს ეცვა...
– და მერე მოვიდნენ ესენი და დაგახრჩეს?
– ზუსტად. იდეაში ხელში უნდა მჭეროდა შიშველი თოთო ბავშვი. მოიყვანეს უსაყვარლესი ბავშვი, ოღონდ, უკვე დიდი იყო. პრინციპში, კაცი მეჭირა ხელში. მე სულ 49 კილო ვარ, პატარა ნუ თავის ასაკისთვის ნორმალური წონის, ოცი კილო იყო (იცინიან).
ირაკლი: ძლივს ეკავა, თან, ბავშვი ტიროდა. მაგარი საგიჟეთი იყო.
ლაშა: „ამხილე შიშველი“ – თუ სწორად მახსოვს, ასე ერქვა ფოტოს.
მარიტა: მოიცა, იმაზე რატომ არ ვლაპარაკობთ, ტყუპები „ფეისბუქის“ ყველა ჯგუფში რომ ჰყავთ გაწევრიანებული? (იცინიან).
ლაშა: ყველაზე ქართველები, ყველაზე „დერსკები“, სასურველი სასიძოები, ყველაზე სიმპათიურები... უკვე მთელი სამეგობრო დაგვცინის ამაზე.
– ერთ-ერთი თქვენგანი თიკო სადუნიშვილისთვის სასურველი სასიძო იყო, მგონი.
ირაკლი: სასიძო კი არა, ქმრები ვიყავით ორივე. თიკოსი და ჩვენი სიყვარულის ისტორია დიდი ხნის წინ, გადაღებებიდან დაიწყო. იქ აეწყო ურთიერთობა და სადღაც უკვე ერთ თვეში დავქორწინდით.
ლაშა: მაგრამ, დღემდე ვერ გვარჩევს ერთმანეთისგან. ისე, ახლა უკვე აღარ ვართ ოფიციალური ცოლ-ქმარი. ჩვენ მერე ზალიკოს გაჰყვა ცოლად და ზალიკოსთან ქორწილში ჩვენ მეჯვარეები ვიყავით – თიკოს ქმრებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვაქვს (იცინიან).
– რას ნიშნავს დღეს სასურველი სასიძოობა – ბევრი ფული გაქვთ?
ირაკლი: იმდენი, რომ ვერ ვხარჯავთ. მამაჩემი შეიხია, ოღონდ, თბილისელი (იცინიან). მამა, მაპატიე!
მარიტა: მართლა სასურველები არიან. გოგოები მოდიან და ეხვეწებიან, ჩვენთან ერთად წამოდითო, ესენი კი უძალიანდებიან. საშინლად მორცხვები არიან, აი, საშინლად, ვერ იხსნებიან გოგოებთან (იცინიან). ისე, მართლა სასურველი სასიძოები არიან... (მადლობა მითხარით ორივემ, ინტერვიუს შემდეგ ქრთამს ველოდები). ამათ უნდა შეხედო და მიხვდები, როგორია სასურველი სასიძო: მაღალი, გამხდარი, ახოვანი, ქერა და ცისფერთვალება... (იცინიან).
– ღამის ცხოვრებამაც ხომ არ განაპირობა თქვენი ასეთი პოპულარობა?
ლაშა: ესეც ჩვენი პროფესიის შემადგენელი ნაწილია, ამისთვის გვჭირდება. ღამის ცხოვრებით ადრე არასდროს გვიცხოვრია. კლუბებში მხოლოდ უცხოეთში დავდიოდით, აქ არ მოგვწონდა. თბილისში მეგობრებთან ერთად უფრო პაბებში დავდივართ, სადაც ცოცხალი მუსიკაა. მერე, ერთხელ რომ აგვიცდა ფეხი, გადავცვივდით. თან, უკვე ვერთობით, მხოლოდ გადასაღებად ხომ არ მივალთ.
ირაკლი: ცოტა ხნის წინ კრისტის ფართიზე მაგრად გავერთეთ. ფოტოები გადავიღეთ ისე, რომ ხელში ყველას ეკავა დიდი ფურცელი წარწერით – „ლაიქ“. „დალაიქება“ ხომ ცნობილი გამოთქმაა „ფეისბუქისთვის“. ამიტომ, ინტერნეტში რომ აღარ შეეწუხებინათ თავი, პირდაპირ იქ „დავალაიქეთ“ მთელი „ბამბა რუმი“.
ლაშა: „ანლაიქის“ დაწერასაც ვფიქრობდით, მაგრამ ეს ცოტა საშიში იყო.
– მართლა ხართ მოდელების მესაიდუმლეები?
– გადაღებაზე, რა თქმა უნდა, ბევრს ვსაუბრობთ, მაგრამ, ამაზე უფრო მნიშვნელოვანია, რომ გადაღების დროს არ გვერიდებიან. მოდის კვირეულების დროს, „ბექსთეიჯში“ შესულები ერთი წამითაც არ ჩერდებოდნენ და აგრძელებდნენ გახდას. ისე, ნათქვამია, ფოტოგრაფს სქესი არ აქვსო და, ალბათ, მართალია. მუშაობის დროს მხოლოდ კადრზე ვფიქრობთ და არა იმაზე, რაც ობიექტივის მიღმა ხდება. მოკლედ, ისტორიებიც ვიცით, ისიც ვიცით, ესეც ვიცით (იცინიან), ყველგან ვართ და, როგორ უნდა დაიმალოს რამე? მაგაზეც არის ერთი „შუტკა“: რამდენი ხართ ეს ღუღუნიშვილები?! ხან ოთხი ვართ, ხან – ექვსი.
ირაკლი: სადაც რამე ხდება, ყველგან ვართ, ერთდროულად რომ იყოს, მაინც ვახერხებთ მისვლას. ყველაზე ცუდი ისაა, რომ დღეში ოთხი საათი მძინავს. დღისით ვმუშაობ, საღამოს, ღამით კი სულ რაღაც „ტუსოვკაა“ და ქრონიკულად გამოუძინებელი ვარ.
– პრინციპში სტალინი ხარ.
– თავიდან მაგრად მიჭირდა. დილით რვაზე ვდგები და, კარგია, თუ სახლში ღამის ორზე მაინც მივედი. ახლა ცოტა მივეჩვიე.
მარიტა: ამ ბოლო დროს მივხვდი, რომ ერთი არ ვყოფნი სამშობლოს და ჩემი კლონირება უნდა გავაკეთო: ერთი ისწავლიდა, მეორე იმოგზაურებდა, მესამე პოდიუმზე გამოვიდოდა, მეოთხეს კიდევ, სულ ეძინებოდა, საერთოდ არ გაიღვიძებდა...
– ტელეპათიური ნიჭი თუ გაქვთ? – ტყუპებს ხომ ახასიათებთ რაღაც უცნაურობები...
ლაშა: კი, როგორ არა, ახლა შემიძლია, აგწიო ჰაერში. ჩვენს ბავშვობაში სერიალი რომ გადიოდა „ბლანკოს ქვრივი“, სულ გვეგონა, ჩვენზე იყო გადაღებული (იცინიან). მაგ პერიოდში მასწავლებლებს ისე ეშინოდათ, რამე არ მოგვეხდინა, ერთად არ გვსვამდნენ. ჰაერში აწევა და მომავალში მოგზაურობა არა, მაგრამ, თუ რომელიმე ჩვენგანი ცუდად იყო, მეორეც ეგრევე ცუდად ხდებოდა...
– ეგ გადადებას ნიშნავს.
ირაკლი: კი, მაგრამ, იმდენად ერთნაირად მიდიოდა ყველაფერი, რომ ზოგი ამას ჩვენს ტყუპობას უკავშირებდა.
მარიტა: ყველაფერს ერთნაირად აკეთებენ და ერთნაირად ფიქრობენ კიდეც. არ ვიცი, ერთი რომ ცოლს მოიყვანს, მეორეს რა ეშველება. როგორ უნდა იცხოვრონ ცალ-ცალკე?
ირაკლი: ტყუპებს მოვიყვანთ ცოლებად. (იცინიან).
– გოგოებთან დაკავშირებით რა ხდება, შეყვარებულები თუ გარჩევდნენ?
– ძალიან იოლად, შეყვარებულებს ჯერ არ ავრევივართ.
ლაშა: ძალიან კეთილები ვართ ორივე, ცუდს გულში არ გავივლებთ, მოკლედ, სასურველი სასიძოები ვართ და ახლა შეყვარებულებს ველოდებით.