ვეტერინარის რჩევები
კითხვა: მაინტერესებს ძაღლი აღსაზრდელად სპეციალისტს უნდა მივაბაროთ თუ თავად ვიზრუნოთ მასზე?
პასუხი: ძაღლის აღზრდა და გაწვრთნა სხვადასხვა ცნებაა. გეტყვით, რომ ძაღლი პირადად მფლობელმა უნდა აღზარდოს. შეიძლება კარგად აღზრდილი ძაღლი საერთოდ არ იყოს გაწვრთნილი. აღზრდილი ძაღლი საკვებს არავითარ შემთხვევაში არ შეჭამს მიწიდან ან იატაკიდან. ასევე, არ მიიღებს საკვებს უცნობი ადამიანების ხელიდან. არ ყეფს შესაშინებლად, არ ახტება და არ ყნოსავს გამვლელს. არ იჩენს აგრესიას უცხო ადამიანების მიმართ და სრულ იგნორირებას უკეთებს მათ. არც ნაცნობებს შეახტება მოსაფერებლად და დასვრის, არც ბავშვებს და არ კბენს მათ თამაშის ან შეშინების მიზნით. ასევე, ყურადღებას არ აქცევს უცნობ ძაღლებს, კატებსა და სხვა ცხოველებს. სეირნობის დროს მორჩილად მიჰყვება პატრონს და ასე შემდეგ.
კითხვა: მინდა შევიძინო ლაბრადორის ლეკვი. იქნებ მითხრათ, ადვილი გასაზრდელია თუ არა ის და რა აქვს ამ ჯიშს უარყოფითი?
პასუხი: როგორც ყველა სხვა ჯიშის ლეკვს, ლაბრადორსაც სჭირდება ყურადღება და მზრუნველობა. ყურადღება უნდა მიიაქციოთ აუცილებლად მის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ჩამოყალიბებას ზრდის პროცესში. ლაბრადორი ძალიან კომუნიკაბელური და ნიჭიერია და ერთადერთი უარყოფითი თვისება ის არის, რომ ახასიათებს ბეწვის ცვენა. საჭიროებს რეგულარულ ვარცხნას.
კითხვა: ძალიან მომწონს ტაქსას ჯიშის ძაღლები, როგორც ვიცი, ის რამდენიმე სახეობის არსებობს. თუ შეგიძლიათ, რამდენიმე სიტყვა მითხრათ ტაქსას შესახებ?
პასუხი: ტაქსას სამი ნაირსახეობა არსებობს. ესენია: სტანდარტული, ჯუჯისებრი და ბოცვერისებრი. თავის მხრივ კიდევ იყოფა: გრძელბეწვიან, გლუვბეწვიან და უხეშბეწვიან ძაღლებად. ტაქსა იდეალური მონადირე ძაღლია. სოროდან ნადავლის გამოყვანაში მას ხელს უწყობს სხეულის მოკლე კიდურები, შეუპოვრობა და მონადირისთვის დამახასიათებელი აზარტულობა. კონტრასტული ხასიათი ტაქსას ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია. ძალიან თბილია და იმავდროულად, მკაცრი და მომთხოვნი. მას შეუძლია, პატრონი უპრობლემოდ ატაროს თავის ჭკუაზე.
კითხვა: მყავს 4 თვის კანე კორსო, რომელსაც ძალიან აღიზიანებენ ეზოს კატები. მაინტერესებს, შეუძლია თუ არა კატას რაიმე ზიანი მიაყენოს კანე კორსოს? ერთხელ თვალშიც კი გაჰკრა თათი ჩემს ძაღლს.
პასუხი: კანე კორსო ძალიან ძლიერი ძაღლია, მაგრამ ამ ასაკში არ გირჩევთ, კატებთან მის სიახლოვეს, რადგან კატამ შეიძლება, სერიოზული დაზიანება მიაყენოს. გარდა ნაკაწრისა და ნაკბენებისა, შეიძლება, თვალიც სერიოზულად დაუზიანოს, რასაც შემდეგ ხანგრძლივი და ძვირად ღირებული მკურნალობა დასჭირდება. ზოგჯერ მკურნალობაც უშედეგოა და შეიძლება თვალიც დაკარგოს ძაღლმა. ამის თავიდან ასაცილებლად, ცხოველები ერთმანეთს უნდა მივაჩვიოთ.