რატომ არ უნდა გავუწმინდოთ ძაღლს თვალები ბამბით და როგორ დავიცვათ ცხოველი სხვადასხვა ინფექციებისგან
ვისაც სახლში ძაღლი ჰყავს და მისი მოვლით არის დაკავებული, დღევანდელი ინტიერვიუს თემა ძალიან დააინტერესებს, რომელიც ცხოველის თვალის მოვლას ეხება. აუცილებელია, იცოდეთ, რამდენიმე დეტალი, რომელიც ამ საკმაოდ მგრძნობიარე ორგანოს უკავშირდება. თემის შესახებ ვეტერინარი ზაქრო ბაჯიაშვილი მოგვითხრობს.
ზაქრო ბაჯიაშვილი: ძაღლის თვალები ძალიან მგრძნობიარე და საოცრად ძლიერია. იმისთვის, რომ ძაღლის თვალები დაცული იყოს ინფექციური დაავადებებისა და სხვადასხვა ტრავმებისგან, არსებობს მისი მოვლის რამდენიმე მეთოდი. დაუთვალიერეთ თქვენს ცხოველს თვალები რეგულარულად და მაშინ, დროულად შეამჩნევთ თუ რაიმე პრობლემა აქვს. ასე კი დროულად შეძლებთ საფრთხის თავიდან აცილებას.
– ხშირად შემიმჩნევია ძაღლისთვის წითელი თვალები. რას ნიშნავს ეს?
– თვალის სიწითლე, როგორც წესი, ინფექციურ პროცესზე მიუთითებს. ინფექცია კი გამოწვეულია ბაქტერიებით.
– რაც შეეხება ამ შემთხვევაში მკურნალობას?
– თვალის ინფექციების მკურნალობა ხდება ანტიბიოტიკებით, თვალის წვეთებით და მალამოებით. ყველაზე გავრცელებული და ადვილად შესამჩნევი თვალის ინფექციაა კონიუნქტივიტი. რომლის სიმპტომებია – თვალის ლორწოვანი გარსისა (კონიუნქტივის) და თვალის გარშემო კანის გაწითლება, ასევე, თვალის კუთხეში ჩირქის დაგროვება. ღრმა პროცესების დროს, თვალი მთლიანად ამოივსება ჩირქით და ქუთუთოები ერთმანეთს ეწებება.
– ეს ყველაფერი – ინფექციების დროს, მაგრამ რაც შეეხება თვალის სხვა პრობლემებს, ამაზე რას გვეტყვით?
– თვალის სხვა პრობლემები გამოწვეულია ტრავმებით, უცხო სხეულის ჩავარდნით თვალში და წამწამების დაზიანებით. წამწამების პრობლემა, როგორც წესი, გენეტიკურია და თვალის მექანიკურ გაღიზიანებას, წყლულებსა და ინფექციებს იწვევს.
– თუ არსებობს რაიმე, რისი საშუალებითაც ძაღლს ინფექციას ავაცილებთ თავიდან?
– სულ მარტივად შეიძლება ეს, თუ რეგულარულად მოუვლით ცხოველის თვალს და უზრუნველყოფთ მის სისუფთავეს.
– რა იგულისხმება თვალის მოვლაში?
– ძაღლის თვალების მოვლა, უპირველესად, გულისხმობს მის სისუფთავეს. თუ ჩვენი ცხოველი გრძელბეწვიანია, აუცილებელია, გარშემო რეგულარულად შეკრიჭოთ თმა. ამ პროცედურისთვის ისეთი მაკრატელი უნდა გამოიყენოთ, რომელსაც არ ექნება ბასრი წვეტები ან იქონიოთ სპეციფიკური მაკრატელი, რომელიც აღნიშნული პროცედურისთვის გამოიყენება. უკეთესია, თუ ამისთვის რეგულარულად მიმართავთ სპეციალისტს, რომელიც ყველაფერში დაგეხმარებათ. თუ აღნიშნულ პროცედურას რეგულარულად ჩაატარებთ, ამით თქვენს ძაღლს თავიდან ააცილებთ თვალში ბაქტერიების მოხვედრას.
ხშირად შეუმოწმეთ ძაღლებს თვალის კუთხის ლორწოვანას მდგომარეობა, რადგან ბაქტერიები სწორედ ამ ლორწოვანით იკვებებიან და შემდეგ აქედან ხვდებიან თვალის ლორწოვანში. თვალის კუთხეებიდან ლორწოვანას ნადების რეგულარული მოცილება ინფექციას განვითარებას საშუალებას აღარ მისცემს. ამ პროცედურისთვის შეიძლება, გამოვიყენოთ სპეციალური ლოსიონები და წვეთები, რომლებიც ვეტაფთიაქებში იყიდება, ან შეგიძლიათ, ცხოველს თვალში გვირილის ჩაის სუსტი ნაყენი ჩააწვეთოთ. ჩაწვეთების შემდეგ ბინტით გაუწმინდეთ თვალის გარეთა კუთხიდან ცხვირის მიმართულებით. უმჯობესია, თუ ამ დროს ბამბას არ გამოიყენებთ. შეიძლება, ბამბის ბოჭკოები დარჩეს და ამან თვალის მექანიკური გაღიზიანება გამოიწვიოს. აღნიშნული პროცედურების რეგულარულად ჩატარება ხელს უწყობს ცხოველის თვალის სიჯანსაღეს.
თუ გადაწყვეტთ ცხოველის დაბანას, სპეციფიკური ინსექტოციდური (პარაზიტების საწინააღმდეგო) შამპუნით, აუცილებელია, გამოიყენოთ სპეციალური თვალის დამცავი მალამო ცხოველებისთვის. შამპუნი თვალს აღარ გააღიზიანებს და შესაბამისად აღარ გადაიზრდება ანთებით პროცესში.
შეეცადეთ, თქვენს ცხოველს თავიდან აარიდოთ ისეთი სიტუაციები, სადაც შეიძლება თვალის ტრავმა მიიღოს. ეს შეიძლება მოხდეს ცხოველთან ჩხუბის დროს, გამაღიზიანებელი ნივთიერებების ზემოქმედებისას. ასევე, არავითარ შემთხვევაში არ დაუშვათ, მანქანით მგზავრობის დროს, ცხოველს ფანჯრიდან გარეთ ჰქონდეს თავი გაყოფილი.
– თუ არის გამორჩეული ჯიშები, რომლებსაც განსაკუთრებულად სჭირდება თვალის მოვლა?
– კი. არსებობს განსაკუთრებული ძაღლის ჯიშები, მაგალითად, პუდელებს, კოკერებსა და პატარა ტერიერებს არ აქვთ კარგად განვითარებული ცრემლსადენი არხი, საიდანაც ცრემლი ცხვირის ღრუში ხვდება. ცრემლის მუდმივად გამოყოფის გამო, ის ქვემოთა ქუთუთოზე გადმოდის, რის შემდეგაც კანის ზედაპირი მუქდება და არასასიამოვნო შესახედავია. აღნიშნული ჯიშების ძაღლს რეგულარულად სჭირდება თვალის გარშემო თმის შეკრეჭვა და ნადების – გამშრალი ცრემლის მოცილება სპეციალური საშუალებებით, რომლებიც შეგიძლიათ, ვეტერინარულ აფთიაქებში შეიძინოთ. სპეციალური სითხე შეიცავს ისეთ ფორმულას, რომელიც ადვილად შლის ცრემლის ნადებს.
დაბოლოს, გახსოვდეთ, თვალების გაწითლებისას, თვალის კუთხეებში მომატებული რაოდენობის ნადების, ჩირქოვანი გამონადენის ან რქოვანას გაუმჭვირვალობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მიიყვანოთ ცხოველი ვეტერინართან, რომელიც გასინჯავს, თუ დასჭირდა, სპეციალურ გამოკვლევებსაც ჩაუტარებს და დასვამს სწორ დიაგნოზს, დაუნიშნავს შესაბამის მკურნალობას.
– ასეთ დროს სახლის პირობებში მკურნალობა დასაშვებია?
– თვითნებური მკურნალობა ყოვლად დაუშვებელია. ამან შეიძლება, სავალალო შედეგამდე მიგვიყვანოს და შეუქცევადი პროცესების განვითარება გამოიწვიოს.