ლამაზი თმა – ბუნების საჩუქარი
ხშირი და მბზინვარე თმა – ეს არა მარტო ბუნების საჩუქარი, არამედ სწორი მოვლის შედეგიცაა, რისთვისაც საჭიროა კარგი ჯაგრისი და სავარცხელი.
თმის მოვლაზე არაერთხელ გვისაუბრია, მაგრამ ამჯერად მოგაწვდით ინფორმაციას, თუ როგორი სავარცხლით, როდის და როგორ უნდა დაივარცხნოთ ამა თუ იმ სიგრძისა და სისქის თმა. ამის ცოდნა იმიტომაა საჭირო, რომ დავარცხნისას ნაკლები რაოდენობის თმის ღერი დავკარგოთ.
თუ თქვენი თმა ჯანმრთელია, დავარცხნის შემდეგ დაახლოებით 10-15 ღერს დაკარგავთ. თუ თქვენი შედეგი უარესია, არ არის საჭირო, მაშინვე კოსმეტოლოგს ან ექიმს მიმართოთ. უბრალოდ, გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და ნახავთ, თანდათან ყველაფერი მოგვარდება.
უპირველეს ყოვლისა, უნდა გახსოვდეთ, რომ სავარცხელსაც სჭირდება ინდივიდუალური ჰიგიენა – 2-3 კვირაში ერთხელ მას „აბაზანა“ უნდა მივაღებინოთ: ჩაასხით ჯამში თბილი წყალი, გახსენით მასში 1 სადილის კოვზი ნებისმიერი შამპუნი, ჩააწყვეთ შიგ სავარცხლები 30 წუთით, შემდეგ ძველი კბილის ჯაგრისით გაწმინდეთ. ბოლოს ისევ ჯამში ჩააწყვეთ და მიუშვით გამდინარე წყალი, სანამ ქაფი ბოლომდე არ გაუვა.
რაც შეეხება იმას, თუ რომელი მასალისგან დამზადებული სავარცხელი ჯობია: „მშრალი“ დავარცხნის დროს, ანუ მაშინ, როცა არ ბანაობთ, უმჯობესია, გამოიყენოთ ხის ან რქის სავარცხელი, რომლებიც თითქმის არ ელექტროვდება. დაბანის დროს კი, ხის სავარცხლის გამოყენებას არ გირჩევთ, რადგან ის წყლით იჟღინთება და, შეიძლება დეფორმირდეს კიდეც.
საშუალო სიგრძის თმა დაბანის შემდეგ. „მშრალად“ დავარცხნის დროს მსხვილკბილა სავარცხლით უნდა დაივარცხნოთ, სავარცხლის მსხვილი და მეჩხერი კბილები არ აზიანებს თმის ღერებს.
პლასტმასის წვრილკბილებიანი და გრძელტარიანი სავარცხლით უნდა დაივარცხნოთ თმა მაშინ, როცა რაიმე ვარცხნილობას იკეთებთ.
მრგვალი ჯაგრისი (რომელსაც „ჯაგარი“ ტარის გარშემო აქვს), გამოიყენება ფენით თმის გაშრობისა და დავარცხნისას, ნებისმიერი სიგრძის თმისთვის.
მასაჟის ჯაგრისით (ცალ მხარეს, ერთ სიბრტყეზე განლაგებული პლასტმასის კბილებით) რბილად უნდა დაიმასაჟოთ თავის კანი. ეს პროცედურა გააძლიერებს თმის ძირებთან სისხლის მიმოქცევას. გამოიყენება ნებისმიერი სიგრძის თმისთვის.
რბილი პლასტმასის გრძელკბილებიანი სავარცხელი გამოიყენება მაშინ, თუ გვსურს, რომ მოკლედ შეჭრილი თმა ავიფუშფუშოთ. თან, მასაჟსაც გავიკეთებთ.
დიდი, მრგვალი თერმოჯაგრისი უნდა გამოვიყენოთ, ასევე, თმის ფენით დავარცხნისა და გაშრობის დროს. მისი ლითონის ბადე ფენის ორთქლით ცხელდება და თმას ადვილად აძლევს სასურველ ფორმას.
მასაჟის პატარა ჯაგრისი, რომელსაც ასანთის ღერების ფორმის – „თავიანი“ კბილები აქვს (რეზინის) ამასაჟებს კანს და არ აზიანებს თმის ღერებს.
ბრტყელი, ოთხკუთხედი ჯაგრისი პლასტიკატის კბილებით გამოიყენება მასაჟისა და დავარცხნისთვის ერთდროულად. თუ ამ ჯაგრისით დღეში 100-ჯერ ჩამოივარცხნით თქვენს გრძელ ღერებს, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ თმა იდეალურ მდგომარეობაში გექნებათ.