კოსმეტოლოგის რჩევები
კითხვა: რა განსხვავებაა სახის კანისა და ტანის სკრაბებს შორის?
პასუხი: ტანის სკრაბს შედარებით მსხვილი გრანულები აქვს. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი შემადგენელი კომპონენტები: ნუშის ზეთი და ჟოჟობა დამატებით მატონიზებელ ეფექტს იძლევა, პიტნის ექსტრაქტი კი, გარდა იმისა, რომ გამორიცხავს კანის გაღიზიანებას, ზოგადად დადებითად მოქმედებს მგრძნობიარე კანზე, ხოლო ზღვის მცენარეების ექსტრაქტები საუკეთესო საშუალებაა ცელულიტებთან საბრძოლველად.
კითხვა: როგორ შევარჩიო ტანის გელი?
პასუხი: ტანის გელი უნდა შედგებოდეს ხილისა და კენკრის ინგრედიენტებისგან – ეს გაგამხნევებთ და დილიდანვე დაგაყენებთ კარგ განწყობაზე. ამასთან, რა თქმა უნდა, აბაზანის (შხაპის) მიღების შემდეგ არ უნდა დაგავიწყდეთ, გამოიყენოთ დამცავი საშუალებები: დეზოდორანტები და ანტიპერსპირანტები. თუ ამ წესებს დაიცავთ, მთელი დღის განმავლობაში არაფერი შეგაწუხებთ.
კითხვა: მთელი შვებულების განმავლობაში, სისტემატურად ვიყენებთ სახის კანის დამცავ კრემებს. მაინც არის თუ არა საჭირო აღმდგენი საშუალებების გამოყენება?
პასუხი: მიუხედავად იმისა, რომ დამცავ კრემებს იყენებდით, აღმდგენი საშუალებების გამოყენება აუცილებელია ორი ძირითადი მიზეზის გამო: 1) კლიმატური პირობების ცვლა კანში უამრავ ცვლილებასა და დისკომფორტს იწვევს; 2) კურორტზე ყოფნისას, ცხადია, ხშირად და დიდხანს იყავით მზეზე და ეს გარკვეულწილად, გამოიწვევდა კანის გამოშრობას, რასაც, შესაძლოა, ნაადრევი ნაოჭები მოჰყვეს, ამიტომ, აუცილებელია, დაუბრუნდეთ კანის მოვლის სრულ პაკეტს: გაწმენდა, ნიღბები, კომპრესები, პილინგი, დატენიანება, კვება და ასე შემდეგ.
კითხვა: ძალიან მინდა ხელოვნური წამწამების გაკეთება, მაგრამ მეშინია, ხომ არ მომძვრება შეუფერებელ მომენტში?
პასუხი: იმისთვის, რომ ხელოვნური წამწამები მყარად დამაგრდეს, ის უნდა დაიწებოთ მხოლოდ მას შემდეგ, როცა მასაჟის გაკეთებას დაასრულებთ. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, აუცილებელი პირობაა ხარისხიანი პროდუქცია. ოღონდ, არ დაგავიწყდეთ, რომ ხელოვნურ წამწამებზე წებოს წასმის შემდეგ, უნდა დაიცადოთ 30 წამი, სანამ წებო ოდნავ შესქელდება – ასე თავს დაიზღვევთ უსიამოვნო მოულოდნელობისგან. წამწამების მოხსნისას ფრთხილად მოჰკიდეთ თითები გარეთა (საფეთქლისკენ) მხრიდან და ფაქიზად მოქაჩეთ. შემდეგ მოაშორეთ წებო და შეინახეთ მისთვის განკუთვნილ კოლოფში.
კითხვა: მხრები, დეკოლტე და ზურგი ფერიმჭამელებით მაქვს სავსე. დიეტოლოლოგმა მითხრა, გასტრიტი გაქვსო. აქვს თუ არა გასტრიტს კავშირი კანთან და, საერთოდ, როგორ მოვაგვარო პრობლემა?
პასუხი: კუჭ-ნაწლავის ნებისმიერი პრობლემა პირდაპირ აისახება კანზე. ასეთ სიტუაციაში არანაირი ტონიკი და ლოსიონი არ გიშველით. დიეტოლოგმა უნდა დაგინიშნოთ სპეციალური, გასტრიტისთვის განკუთვნილი დიეტა, რომელიც არ მოახდენს ფერიმჭამელების წარმოქმნისა და გავრცელების პროვოცირებას, კოსმეტოლოგმა კი უნდა შეგირჩიოთ ამ დიეტისა და თქვენი მდგომარეობის შესაფერისი პრეპარატი.
კითხვა: გთხოვთ მირჩიოთ, რომელი დეზოდორანტი გამოვიყენო იღლიებში შესასხურებლად, კანი რომ არ გამიღიზიანდეს. ამ ბოლო ხანებში ვატყობ, რომ მიწითლდება, მექერცლება და თითქოს წვრილი გამონაყარიც ჩნდება. როგორ მოვიქცე?
პასუხი: გაპარსვის შემდეგ დაიბანეთ გვირილის ან მრავალძარღვას ნაყენით. დროებით საერთოდ უარი თქვით ნებისმიერ დეზოდორანტზე. კანის დასარბილებლად და აქერცვლისა და გამონაყარის აღსაკვეთად, წაისვით ზეითუნის ზეთი, ოფლის სუნის მოსაშორებლად კი – ჩვეულებრივი საჭმლის სოდა. ხუთი წუთის შემდეგ იღლიები გაიწმინდეთ სუფთა ჩვრით, რომ ტანსაცმელზე ლაქა არ გადავიდეს.