ვის გამო დგება მიშა გომიაშვილი დილის 6 საათზე და ვის გამო გადადგამს ის ქვეყანას
– ახლახან, თქვენი მონაწილეობით, ახალი ქართული ფილმი გამოვიდა კინოეკრანებზე – „უშენოდ მგონი, მოვკვდები.“ მან მაყურებლის მოწონება დაიმსახურა და თქვენი შეფასება როგორია?
მიშა გომიაშვილი: ეს ფილმი სამი წლის წინ არის გადაღებული და ახლა გამოვიდა ეკრანებზე. არ ვარ ის კაცი, რომ რეჟისორებს მოვეფერო, მაგრამ ლევან თუთბერიძესთან მუშაობა, მართლა სიამოვნებაა. მან ზუსტად იცის, მსახიობს როგორ მიუდგეს, რა უნდა აგიხსნას და მერე უკვე შენზეა დამოკიდებული. რაც შეეხება შეფასებას, მოკლედ გეტყვით, ფილმი რომ ვნახე, არ შემრცხვა. კარგი ფილმი გამოვიდა. საერთოდ, არ მიყვარს, როცა ეკრანიდან გინება მესმის. ამ ფილმშიც არის რამდენჯერმე გინება, მაგრამ, რომ ვუყურე, ცუდად არც ერთხელ არ მომხვდა ყურში და არც გამაღიზიანა. ზუსტად იმ მომენტში და იმ დოზით არის ნათქვამი, როგორც საჭიროა. ერთ სცენაში ვამბობ – ფუ, ამის დედა ვატირე, და მეხამუშა, რატომ არ შევიგინე-მეთქი. საკმაოდ კარგად იმუშავეს ახალგაზრდა მსახიობებმა. მაშინ, როცა ამ ფილმს ვიღებდით, მათ არავინ იცნობდა. ერთ-ერთ როლს შორენა ბეგაშვილი თამაშობს. გაოცდები, რომ ნახავ, რამხელა სევდა და დრამატიზმია, ამ ბავშვში. არ ვიცი, ვისი, ან რისი ბრალია, ჩემი გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ მიმაჩნია, რომ ის, მოგვიანებით, ფილმებში არასწორად გამოიყენეს. ამ გოგოს მართლა შეუძლია სერიოზული რამის გაკეთება. ლევან ხურცია, ზანგური და სანაიაც ძალიან კარგები არიან. სანაია რომ ამ ფილმში გადაიღეს, ჩემი მეუღლის დამსახურებაა.
მაკა თვალჭრელიძე: არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ მიშა სცენარებს არ კითხულობს. 4 წლის განმავლობაში, რაც ერთად ვართ, სცენარებს თავიდან ბოლომდე მის ნაცვლად მე ვკითხულობ. თურმე, ვერ წყვეტდნენ, ვინ აეყვანათ ზაზას როლზე. იმ პერიოდში ახალი დამთავრებული იყო პროექტი „დასი.“ სცენარი რომ წავიკითხე, ვიფიქრე, ვიფიქრე და მეორე დილით მიშას ვუთხარი, იქნებ სანაია გეცადათ-მეთქი.
მიშა: მართლაც ასე მოხდა. სანაია მართლა კარგად ჩაჯდა როლში. ახლა კი ველოდები ალეკო ცაბაძის ფილმს – „რენე მიდის ჰოლივუდში.“ ალეკო ქართულ კინოში ის მოვლენაა, რომლის ყველა ფილმმა – დაწყებული „ლაქადან“, თავისი სიტყვა თქვა. ეს ფილმიც ძალიან საინტერესო გამოვიდა, რომელიც ამჟამად გერმანიაშია ფესტივალზე. ის მსოფლიო მასშტაბით, ათ საუკეთესო ფილმში შეირჩა.
– ვის ასახიერებთ?
– ჩემს გმირს „ავი“ ჰქვია. ცოტა უცნაური ფილმია, რომელსაც ორი სიტყვით ვერ მოვყვები. ასევე, ძალიან ველოდები, რენე ალენის ფილმს „აგვისტოს 5 დღე“, რომელიც ოსეთის ომის მოვლენების მიხედვით არის გადაღებული. ამ ფილმში ენდი გარსია და ველ კილმერიც თამაშობენ. ცოტა არ იყოს, გული მწყდება, ენდი გარსია და ველ კილმერი ეკრანზე 3 წამი არიან, მე კი ერთ-ერთ მთავარ როლს ვთამაშობ. რამდენი სიუჟეტიც გავიდა ეკრანზე ქართველების მიერ შექმნილი, ჩემზე, საერთოდ, საუბარი არ არის. მე ვინ ვარ ენდი გარსიასთან და ველ კილმერთან შედარებით, მაგრამ მეც ვთამაშობ ამ ფილმში და რატომღაც ამას არავინ ამბობს. ჩემთან დაკავშირებით, რენე ალენმა კარგი სიტყვები ხმამაღლა თქვა კანის ფესტივალზე, მაგრამ, ქართველი ჟურნალისტებისთვის ეს, ალბათ, არაფერია. თუ ქართველი მსახიობი ჰოლივუდში მოეწონათ, ჩემი აზრით, ყველა ქართველის გამარჯვებაა. ამ ფილმში ბევრი ქართველი მსახიობის კარგ ნამუშევარს ნახავთ. უბრალოდ, გული მწყდება, რომ ამას არავინ აღნიშნავს ჩვენს ქვეყანაში.
– „უშენოდ, მგონი, მოვკვდები!“ – ეს სიტყვები თქვენ და მაკას ერთმანეთისთვის თუ გითქვამთ?
მაკა: შეიძლება, არ მითქვამს, მაგრამ ძალიან ბევრჯერ მიფიქრია. „პროფილში“ იყო მიწვეული და რომ ჰკითხეს, ვის ეტყოდით ამ სიტყვებსო, მიშამ უპასუხა, ჩემს მეუღლესო. მე კი ვიცი, რომ ეს ასეა, მაგრამ ეკრანიდან რომ გავიგე, ვიტირე.
– მაკა, ყოველთვის იგრძნობა, რომ მეუღლეს გვერდში უდგახართ.
– მიშას რომ გავყევი ცოლად, მუშაობასაც დავანებე თავი. შეძლებისდაგვარად, ვცდილობ, ბოლომდე გვერდში დავუდგე.
– ოჯახი ის ადგილია, სადაც ადამიანი ყოველთვის ბოლომდე ისვენებს და იქ მისვლა სიამოვნებს. ეს ოთხი წელი, ერთად ცხოვრობთ, როგორია თქვენი ოჯახი?
მიშა: უსინდისო ვიქნები, რომ ვთქვა, ეს აქამდე არ მქონდა და ჩემი ცხოვრება ადრე კატორღა იყო-მეთქი. ყველაფერს თავისი დრო და ხიბლი აქვს. უბრალოდ, ფისო (მაკა) ის ადამიანი აღმოჩნდა, რომელთანაც ბევრი ლაპარაკი არ მჭირდება. მას ჩემი უთქმელად ესმის და ჩემს განწყობას გრძნობს. ოჯახი ქართველი კაცისთვის ისეთი რამეა, კარს რომ გამოიხურავს და შინ შემოვა, სხვა ყველაფერი გარეთ რჩება. ვცდილობთ, რომ ეს ყველაფერი ლამაზად და კეთილად გავაკეთოთ. ყოველთვის ერთ ხასიათზე ვერ იქნები, ამიტომ, გვმართებს ერთმანეთს რაღაცეებში გავუგოთ.
– აღნიშნეთ, რომ მაკას თქვენი უსიტყვოდ ესმის, მაგრამ თავად რამდენად გესმით მისი უთქმელად?
– აქ ცოტა რთულად არის საქმე. ჩემზე ყველა ამბობს, რომ მძიმე ხასიათი მაქვს. მძიმე ხასიათი კი არ მაქვს, უბრალოდ, ვერ ვთამაშობ. რაც მთავარია, ფისოს ეს ესმის და მე ეს მაკმაყოფილებს. რაღაც მომენტში მართლა მძიმე ვარ.
მაკა: კაცმა შეიძლება, ვერ გაგიგოს უთქმელად, მაგრამ ერთი რამის თქმა შემიძლია. რაღაცის გამო, ოდნავ თუ შემეცვლება ხასიათი, ძალიან ვცდილობ, არ შევიმჩნიო. მაგრამ, გამორიცხულია, ამას მიშა არ მიხვდეს. რომ ჩამაცივდება, სანამ არ მათქმევინებს, რაშია საქმე, არ მომეშვება. ძალიან იშვიათად ხდება, მაგრამ ღმერთმა ნუ ქნას, მიშამ ჩემს თვალზე ცრემლის მაგვარი რამ დაინახოს, იქ ყველაფერი მთავრდება. მთელს ქვეყანას გადადგამს, სანამ არ გაიგებს, რა ხდება. ეს, ალბათ, სიყვარულის ბრალია, თორემ ძალიან დიდი ფსიქოლოგი უნდა იყო, რომ მიხვდე, შიგნიდან ვინ რა ხასიათზეა.
– ამ ოთხი წლის განმავლობაში თუ გქონიათ ის მომენტი, რომ ერთად ყოფნა აღარ მოგდომებიათ, იგივე მძიმე ხასიათის, ან სხვადასხვა მიზეზების გამო?
– ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ თუ მაგ გადაწყვეტილებამდე მივედი, გავაკეთებ. ძალიან გაბრაზებული ვყოფილვარ, შეიძლება, რაღაც მწყენია, მაგრამ ჩვენს დაშორებაზე არასდროს მიფიქრია. ვერც წარმომიდგენია, ასეთი რამ რომ მოხდეს. ყოველთვის, ვცდილობ, ჩხუბამდე არ მივიდეს საქმე, რადგან იქ მიშა „განუსაზღვრელი,“ „მშვენიერი“ და ძალიან ფეთქებადია.
მიშა: კონფლიქტი მარტო ჩემს პახმელიაზე გვაქვს, სხვა არაფერზე. მიშა, „ნუ სვამ ნაპიტოკებს, სიბერეში დაგიტოკებს“, ხომ იცი? 23 მარტს 50 წლის ვხდები. პატარები ხომ აღარ ვართ, მაგრამ მიყვარს ქეიფი, რა ვქნა?!
– რაზე არ ამბობდით არასდროს უარს?
– დალევაზე... ვხუმრობ (იცინის). მთავარზე ვერ ვიტყვი უარს, როგორც დღემდე ვიცხოვრე, თავიდან რომ დავიწყო ყველაფერი, მაინც არაფერს შევცვლიდი და ზუსტად ისევე ვიცხოვრებდი. რა თქმა უნდა, ჩემს ცხოვრებაზე ვერ ვიტყვი უარს, ჩემს პროფესიაზე, ოჯახზე. ყველაფერი მომწონს და ყველაფრით კმაყოფილი ვარ. რაც მთავარია, ჩემი „ფიფი“ (ძაღლი), კარგად იყოს. მაგარი ვიღაცაა.
მაკა: საერთოდ, ვერ წარმომედგინა, ძაღლის მოვლა.
მიშა: არ აქვს მნიშვნელობა, წვიმაა, ყინვა, ქარი თუ კოხი, ვინმე იფიქრებდა, რომ დილის 6 საათზე ძაღლთან ერთად ქუჩაში 2 საათი ვისეირნებდი და საღამოს რვიდან ათამდე?!
მაკა: 9 თვის განმავლობაში, საერთოდ არ მომხმარებია ძაღლის მოვლაში და აბსოლუტურად, მთელი პასუხისმგებლობით, როგორც ბავშვი, ისე გავზარდე. ახლა ვეღარ ვასეირნებ. კი მიჯერებს, მაგრამ ძაღლს ან კატას თუ დაინახავს, მისი დაჭერა უკვე გამორიცხულია.
– ცნობილია რომ, კანე კორსოს ხმაური არ უყვარს.
– არც ხმაური უყვარს და არც სიგარეტი. იმ დღეს, შემთხვევით, სიგარეტით ავედი ზევით, სადაც ფიფია. რომ დამინახა, ერთი კარგად „მგლიჯა“ და სიგარეტიც ხელიდან გამაგდებინა. ვერ იტანს მიშა თუ ნასვამია. მაშინ, საერთოდ სასწაულები ხდება. მოკლედ, ასე მხიარულად ვცხოვრობთ.
მიშა: ფიფი სიტუაციას აკონტროლებს ოჯახში.
– ერთმანეთს დღესასწაულებს თუ უწყობთ?
მაკა: კი, როგორ არა.
– ყველაზე ხშირად ერთმანეთისთვის რა სიტყვა გითქვამთ?
– მიშას უფრო შეუძლია საალერსო სიტყვების თქმა, ვიდრე მე. რას აღარ მეძახის, ძალიან თბილი ადამიანია.
ახალი გათხოვილი ვიყავი, ერთმა ჟურნალისტმა მკითხა, სახლში მარტო რომ ხართ, რას აკეთებთო. დავიბენი და ვუპასუხე, დადექი კარის უკან და ნახავ-მეთქი. ერთმა ისიც მკითხა, ბატონი მიშა როგორია ზღვაზეო. გავჩერდი, მე თვითონ ჟურნალისტი ვარ და დავფიქრდი, რას გულისხმობდა – როგორია მიშა ჩამავალი მზის ფონზე, საცურაო კოსტიუმში თუ... იცით, თურმე, რას გულისხმობდა? აინტერესებდა, მიშა მაძლევდა თუ არა ზღვაზე საცურაო კოსტიუმის ჩაცმის უფლებას. მე კი ვუპასუხე, ამის უფლებას არ მაძლევს, რადგან ბატონ მიშას ძალიან უყვარს, როცა პლაჟზე ჩიხტიკოპით, ქართულ ნაციონალურ კაბაში ვარ გამოწყობილი-მეთქი.
მიშა: მე ჩოხით (იცინის). მე როგორი ვარ პლაჟზე გეტყვით: ნეპტუნს მეძახიან. ცურვა არ ვიცი, შეზლონგზე დავჯდები, გვერდით ქოლგა, გარშემო – სხვადასხვა სასმელი და ვარ ასე.