კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა მარიამ კახელიშვილი ევროპელებისთვის „ბეიბი გაგა” და „ევროვიზიის” კონკურსის აღმასრულებელი პროდიუსერის ფავორიტი








რამდენიმე დღის წინ საქართველოში „საბავშვო ევროვიზიის” კონკურსიდან მარიამ კახელიშვილი დაბრუნდა, რომელიც ხუთეულში შევიდა და საპატიო მეოთხე ადგილი დაიკავა. გამგზავრებამდე „ბზიკები სტუდიოს” კრეატიული ჯგუფის პროექტი ბევრისთვის სადავო თემა იყო, თუმცა გიგა კუხიანიძის ჩანაფიქრი ამჯერადაც წარმატებული აღმოჩნდა და „ევროვიზიაზე” დიდი მოწონებაც დაიმსახურა.





– „ევროვიზიაზე“ საქართველოს სახელით მარიამ კახელიშვილი იყო წარდგენილი ბავშვებში, რომელმაც მეოთხე ადგილი აიღო. კმაყოფილები ხართ შედეგით?

გიგა კუხიანიძე: შედეგით ძალიან კმაყოფილები ვართ, იქიდან გამომდინარე, რომ კარგა ხანს ვლიდერობდით და პირველ ადგილზე ვიყავით. ბოლოს კი, რამდენიმე ქულის შეცვლის გამო, მეოთხე ადგილზე გადავინაცვლეთ. პირველმა ადგილმა სულ რაღაც 11 ქულით გაგვასწრო, მეორემ – 9-ით, მესამემ კიდევ ნაკლებით. ყველაზე დიდი ქულა ლიტვამ მოგვცა. ინტერნეტში, ყველა საიტზე წერენ, რომ საქართველოს უნდა გაემარჯვა. ნებისმიერ ოფიციალურ თუ არაოფიციალურ საიტზე რეიტინგით პირველ ადგილზე ვიყავით. ლონდონის ჟურნალი „თაიმ მაგაზინი“ სასწაულებს წერს ჩვენ შესახებ და კლიპიც ატვირთული აქვს თავის საიტზე. მიხარია, რომ ჩვენმა პროექტმა გაამართლა. საქმე ისაა, რომ ჩვენ წელს „ევროვიზიაზე“ იმისთვის არ წავსულვართ, რომ პირველი ადგილი აგვეღო, რადგან „ბზიკებმა“, სულ რაღაც, ორი წლის წინ გაიმარჯვეს და ასე სწრაფად იმავე ქვეყნის გამარჯვება მეორედ არარსებული ამბავი იყო. მიუხედავად ამისა, იქ ისეთი მხარდაჭერა ვიგრძენით და, როგორც გითხარით, დიდი ხანი ვლიდერობდით, რომ უკვე პირველობის ამბიციაც გაგვიჩნდა და ვიფიქრეთ, არც ეს იყო უკვე გამორიცხული. საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ სომხეთმა გაიმარჯვა. მეორე-მესამე ადგილები კი, რუსეთმა და სერბეთმა გაინაწილეს. ჩემი აზრით, მეოთხე ადგილი მაინც ძალიან მაგარი შედეგია, რადგან რთულია ამდენ ქვეყანას შორის ხუთეულში მოხვედრა. ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ იმით, რომ ხუთეულში შევედით, თანაც ჩვენი პროექტი ყოველდღე განხილვის აქტიური თემა იყო. მარიამს გარშემო უამრავი ჟურნალისტი ეხვია, ამის ნახევარი ინტერვიუ არ ჰქონია არც ერთ ქვეყანას. პროექტმა გაამართლა – იყო საკმაოდ დასამახსოვრებელი და ცოტა სკანდალურიც. ძალიან ვნერვიულობდი, მიიღებდა თუ არა ამას ხალხი. პრინციპში, გავრისკე. საბედნიეროდ, მიიღეს კი არა, ზედმეტადაც მიიღეს, მარიამს „ბეიბი გაგაც“ კი უწოდეს. ჩვენთვის წარმოუდგენელი ფაქტიც მოხდა: „ევროვიზიის“ აღმასრულებელმა პროდიუსერმა, სვანტემ, ჟურნალისტებისთვის პირველად გააკეთა სერიოზული და ვრცელი კომენტარი, რისი ვიდეომასალაც არსებობს: „საქართველო ჩემი ფავორიტია და კარგი იქნება, თუ ასეთი სიმღერა გაიმარჯვებს, რადგან დროა, „ევროვიზიამ“ ასეთი კრეატიული პროექტები აკეთოს,“ – თქვა მან. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი შეფასება იყო. პროექტი ისე შევფუთეთ, რომ ყოფილიყო ბავშვური, ზედმეტად თანამედროვე და ძალიან ლამაზი სცენაზე. ხალხი მოდიოდა და გვეუბნებოდა, იმდენად სერიოზული პროექტი გაქვთ, რატომ დიდების „ევროვიზიაზეც“ არ ფიქრობთო.

– გავიგე, რაღაც გაუთვალისწინებელიც მომხდარა მარიამის გამოსვლის დროს. ზუსტად რა მოხდა, იქნებ გვითხრა?

– მარიამის მონაცემები ყველამ კარგად იცის, ყველა რეპეტიციამ იდეალურად ჩაიარა და წინასწარ გვილოცავდნენ გამარჯვებას. ალბათ, ეს ნომერი ბოლომდე იდეალური რომ არ ყოფილიყო, რაღაც მოხდა, თუმცა ამის დასამტკიცებლად არანაირი ფაქტი არ მაქვს და დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვი, მოხდა ისე, რომ კონცერტზე სიმღერის დროს მონიტორებში მისი ხმა გაითიშა და მთელი სიმღერის განმავლობაში საკუთარი ხმა არ ესმოდა. მიუხედავად ამისა, მან გმირულად დაასრულა სიმღერა. კონცერტი რომ დამთავრდა, მთელი დარბაზი „რამ-დამ-დურის“ მღეროდა. მინდა გითხრათ, რომ იქ გამარჯვებული სიმღერა არავის უმღერია. მარიამს უამრავი ფანი ჰყავდა, რომლებიც ძალიან ნერვიულობდნენ, პირველ ადგილზე რომ ვერ გავედით. მე ამ ყველაფერს როგორც ამბავს, ისე გიყვებით, თორემ, თავიდანვე შეგუებული ვიყავი, რომ პირველი ადგილი არ გვექნებოდა. არც ის არის გამორიცხული, რომ მომავალ წელს ისეთი სკანდალური პროექტი გავაკეთოთ, პირველი ადგილის ზევითაც მოგვახვედრონ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ძალიან მაგარი შემოქმედებითი ჯგუფი მყავს. მართალია, სულ 3-4 ადამიანი ვართ, მაგრამ ჩვენ 3 თვეში ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ამ შედეგამდე მივსულიყავით. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ შეგვიძლია, სულ პირველი ადგილის პრეტენდენტები ვიყოთ. შეიძლება, ეს ამბიციაში ჩამეთვალოს, მაგრამ, ფაქტია, რომ მართლა ასე იყო.

– მარიამი საკმაოდ ემოციური ბავშვია. მისი რეაქცია როგორი იყო მეოთხე ადგილზე გასვლასთან დაკავშირებით?

– ჩვენ ის თავიდანვე მოვამზადეთ იმისთვის, რომ პირველ ადგილზე არც ეფიქრა. რა თქმა უნდა, ბავშვია და გული დასწყდა. მარიამს კი არა, მთელ დარბაზს დასწყდა გული, მეოთხე ადგილზე რომ გავიდა. მიუხედავად ამისა, მარიამი თავს მშვენივრად გრძნობს და დიდი სტიმული აქვს – მას მილიონობით მაყურებელმა უყურა და ძალიან ბედნიერია, რადგან ევროპის მასშტაბით ძალიან პოპულარული გახდა – უამრავმა ხალხმა გაიცნო ქართველი მარიამ კახელიშვილი თანამედროვე და საინტერესო ამპლუაში, რომელსაც თან „ბეიბი გაგაც“ უწოდეს.

– მარიამის ვიზაჟზე ვინ იზრუნა კონცერტის დროს?

– ჩვენ ჩვენი სტილისტიც გვყავდა წაყვანილი და გრიმიორიც. სტილისტი მარიკა ქურდობაძე იყო, რომელმაც ასევე კოსტიუმებიც გააკეთა, ხოლო გრიმიორი საშა პრიშვინი.

– როცა სცენაზე მონიტორი გაითიშა და საკუთარი ხმა ვეღარ გაიგო, ხომ არ დაიბნა?

– ძალიან ცუდად მიიღო ეს ყველაფერი, რის გამოც ბევრი რამ აღარ გააკეთა. მთელი ყურადღება სიმღერაზე გადაიტანა და ცდილობდა, „ყური“ გაესწორებინა. ბოლომდე შოკში იყო, რადგან, საშინელებაა, როცა ყურში არაფერი გესმის, თან – ამხელა დარბაზში. მარიამი ისეთი ხასიათის ბავშვია, ისიც კი ვიფიქრე, შეიძლება, მიკროფონი სცენაზე დააგდოს და უკან გამოვიდეს-მეთქი, მაგრამ ბოლომდე გმირულად მიიყვანა სიმღერა და გადავრჩით.

– რა რაოდენობის მაყურებელი ადევნებდა თვალს კონცერტს დარბაზიდან?

– დარბაზში დაახლოებით 20 000 კაცამდე იქნებოდა.

– ამ ეტაპზე რა გეგმები გაქვთ მარიამთან დაკავშირებით?

– უკვე გვაქვს რამდენიმე მიწვევა. ევროპაში ბევრს უნდა მარიამის ნახვა და სურვილი აქვთ, რომ კონცერტები ჩაატაროს სხვადასხვა ქვეყანაში, რისთვისაც მოსამზადებლები ვართ. „ევროვიზიის“ შარშანდელმა გამარჯვებულმა მარიამთან დუეტის ჩაწერის სურვილი გამოთქვა.

სოფო ოყრეშიძე (მარიამის ვოკალის პედაგოგი): მარიამი ძალიან კარგ ფორმაში იყო და კარგი მომზადებული წავიდა „ევროვიზიაზე“. ბევრი ვიშრომეთ იმისთვის, რომ კარგად წარედგინა საკუთარი თავი და ვოკალი ევროპის წინაშე, რაც ნამდვილად მოახერხა. მეოთხე ადგილი მარიამისთვისაც წარმატებაა და მთელი ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფისთვისაც. აწი უფრო მეტს გავაკეთებთ. როცა შენს ქვეყანას ისე ასახელებ, რომ ყველა მასზე ლაპარაკობს, ამაზე მეტი ბედნიერება რა უნდა იყოს. ძალიან კრეატიული ნომერი იყო, რომელმაც გაამართლა.


скачать dle 11.3