შეუპოვარი სევა, გატაცებული „ზაპოროჟეცი“ და მდინარეში გადაყრილი ბოროტმოქმედები
მეოცე საუკუნის ოთხმოციანი წლების დამდეგს მოსკოვის „გაიში“ ვმუშაობდი, ასეულს ვმეთაურობდი და მარჯვენა სანაპიროს ნახევარი ჩემს დაქვემდებარებაში იყო. ¹4 საგუშაგოს ლეიტენანტი სევა მოროზოვი ხელმძღვანელობდა. ის 25 წლის რუსი გოლიათი იყო, ზედმიწევნით ასრულებდა შინაგანაწესს. მისი შეუპოვრობის, თუ გნებავთ, გულუბრყვილობისა და სიბრიყვის შესახებ მოსკოვის „გაიში“ ლეგენდები დადიოდა. მთლიანობაში კი, სევა დადებითი პიროვნება იყო და პატივს ვცემდი.
ერთი პერიოდი, „გაიშნიკებს“ იარაღის ტარება აგვიკრძალეს და ცარიელი კაბურებით დავდიოდით, რომელიც მხოლოდ ფორმის შემადგენელი ნაწილი იყო.
თებერვლის ერთ სუსხიან დღეს ტრასაზე გადმოგვცეს, რომ თეთრი ფერის გატაცებული „ზაპოროჟეცი“ იძებნებოდა, რომელიც, სავარაუდოდ, შეიარაღებული ბოროტმოქმედების ხელში იმყოფებოდა. ჩვენ პატრულირება გავაძლიერეთ, ყველა მსგავს მანქანას ვაჩერებდით და ვამოწმებდით. მე ტრასაზე ვმოძრაობდი და როდესაც მეოთხე საგუშაგოს ჩავუარე, სადაც სევა მორიგეობდა, უჩვეულო სცენის მოწმე გავხდი. სევა ორი ხელით იყო ჩაფრენილი თეთრი ფერის „ზაპოროჟეცს“, მანქანის უკანა მხარე ჰაერში ჰქონდა აწეული და ხელს არ უშვებდა. სანამ მე ჩემი მანქანიდან გადავედი და სევასთან მივირბინე, მან „ზაპოროჟეცი“ სანაპიროს კიბეებთან მიაგორა და მგზავრებიანად ერთად მდინარე მოსკოვის გაყინულ წყალში გადაუძახა.
– სევა, სევა, რა მოხდა? – ყვირილით მივვარდი გააფთრებულ ლეიტენანტს. ის ჩემკენ შემობრუნდა, თვალები აუცრემლდა და ჩაიკეცა.
დავხედე სევას და შევნიშნე, რომ შინელი წითლად ჰქონდა შეღებილი. სევა მუცელში იყო დაჭრილი. სასწრაფოდ საავადმყოფოში გავაქანეთ და ექიმებმა სიკვდილს გადაარჩინეს. სევას რვა ტყვია ჰქონდა სხეულში მოხვედრილი, ოთხი ამოუღეს, ოთხი კი გამჭოლი აღმოჩნდა.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, თავის საგუშაგოზე მარტო მყოფ სევას „ზაპოროჟეცი“ გაუჩერებია და სამი ბოროტმოქმედიდან ერთ-ერთს მისთვის მოულოდნელად ცეცხლი გაუხსნია, მერე კი მიმალვა უცდიათ მანქანით. მაგრამ, მძიმედ დაჭრილმა სევა მოროზოვმა თავისი გოლიათური ძალის წყალობით, მანქანა უკნიდან ასწია და თავის მგზავრებიანად, ჩემ თვალწინ გადაყარა წყალში.
ბოროტმოქმედები, რა თქმა უნდა, დავაკავეთ. ისინი გაასამართლეს, სევამ კი უფროსი ლეიტენანტის წოდება და ფულადი პრემია მიიღო.