კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ღამის საჩუქარი









რაღაც მქონდა სათქმელი და ახლა ვერ ვიხსენებ. რომ მოვინდომო, გავიხსენებ, მაგრამ თქვენ, ალბათ, გირჩევნიათ, სხვა ინტერესი დაგიკმაყოფილოთ. ისე, ცნობისმოყვარეობა ძალიან მაგარი რამეა. „მაგარი“ რა, საინტერესო და საშიში... ჰო, ზოგჯერ მართლა ძალიან საშიშია – როცა ცნობისმოყვარეობა ყველა სხვა გრძნობაზე ძლიერი და პრეტენზიული ხდება, შენც მის ტყვედ გადაიქცევი. „აი, მერე რა მოხდება, ძნელი სათქმელია... „პრეტენზიული ცნობისმოყვარეობა“... – რა მაგარია?! „ამ „აღმოჩენას“ არავის დავუთმობ და, თუ საჭირო გახდება, ვაპატენტებ კიდეც, რა პრობლემაა, ყველაფერი ფულის საქმე არ არის?! ფულით ხომ ყველაფრის ყიდვა შეიძლება... ეჭვი გეპარებათ? მაშინ, სცადეთ. ჯერ ძალიან, ძალიან ბევრი ფული იშოვეთ, იმდენი, ყველაფრის ყიდვას რომ ეყოფა, მერე კი ამოირჩიეთ თქვენთვის ყველაზე სასურველი... რა?! – ამას მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია, თქვენ გინდოდეთ მისი დასაკუთრება და, თუნდაც ადამიანი იყოს, რა პრობლემაა...

***

ვახოს არ სჯეროდა, რომ მხოლოდ მისი მომხიბვლელობის დამსახურება იყო, ასეთი მომხიბვლელი არსება წინ რომ ეჯდა, კეკლუცად უღიმოდა და, თან, ამ ღიმილით აბნევდა კიდეც.

– ესე იგი, კომპიუტერის „მამა“ ხარ... – სოფომ ყავა მოსვა და ლამაზი ცხვირი ისე შეიჭმუხნა, ვახოს სული შეუგუბდა.

– „მამა“ ძალიან ხმამაღლა ნათქვამი გამომივა. ერთი ჩვეულებრივი ბიჭი ვარ, ჩვეულებრივი მონაცემებითა და შესაძლებლობებით. არავითარი ამბიცია...

– ვგიჟდები, ჩვეულებრივ ბიჭებზე...

ვახოს ყავა გადასცდა სასულეში და ლამის დაიხრჩო. ეჭვიც კი შეეპარა, მართლა გულახდილი იყო ეს გოგო თუ ეთამაშებოდა. კინაღამ ჰკითხა, რა ხდება, რამე კონკრეტული და მნიშვნელოვანი ხომ არ გჭირდება ჩემგანო, მაგრამ, დროზე მიხვდა, რომ ამის თქმა დიდი სისულელე იქნებოდა.

– ჰოო? ეს როგორ უნდა გავიგო?

– როგორც გინდა. რა იყო, ხომ არ შეგაშინე? – სოფომ მრავალმნიშვნელოვნად გაიცინა.

– მე-ე?! შემაშინე?! აბა, რას ამბობ! ჯერ ერთი, არაფრის მეშინია, საერთოდ არ ვარ მშიშარა.

– რას მელაპარაკები!.. ჰმ, აი, თურმე რა ყოფილა – რაინდთან მქონია საქმე და არ ვიცოდი!

ვახომ არ შეიმჩნია ქალის სიტყვების შენიღბული ირონია. უფრო უარესსაც აიტანდა, ოღონდ ეს არსება ხელიდან არ გაეშვა. სოფომ კეკლუცად მიიდო ტუჩთან საჩვენებელი თითი.

– კიდევ ხომ არ ინებებთ რამეს? – სწრაფად შესთავაზა ვახომ იმის შიშით, რომ სოფოს წასვლა არ მოენდომებინა.

– მაინც? – თვალები მოჭუტა ქალმა.

– შეუკვეთე, რაც გინდა... – ამაყად გაიმართა მხრებში ვახო და ორიგინალურ ყდაში ჩასმული მენიუ გაუწოდა.

– მე კარგი გემოვნება მაქვს, – გამაფრთხილებლად გაუცინა სოფომ, – ძალიან კარგი.

– მერე რა... ხომ გითხარი, საერთოდ არაფრის მეშინია-მეთქი.

– დარწმუნებული ხარ?

– რაში ვარ დარწმუნებული?

– იმაში, რომ არაფრის გეშინია.

– დიდი იმედი მაქვს, რომ ცოცხალი ლომის შიშველი ხელებით დაჭერას არ მომთხოვ...

სოფომ გაიღიმა და ქვემოდან ამოხედა:

– შენ ფიქრობ, რომ შიშველი ხელებით ცოცხალი ლომის დაჭერაზე საშიში არაფერია? საყვარელო, აფრიკაში ცხოვრობენ ადამიანები, რომელთათვისაც ამის გაკეთება არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. მათთვის საშიში, შეიძლება, ფაიფურის ფინჯნით ცხელი ყავის დალევა უფრო იყოს. ახლა მიხვდი?

– გამოდის, არ მცოდნია, – ჩაილაპარაკა ნირწამხდარმა ვახომ და სცადა, საუბრის თემა შეეცვალა. – რატომ არაფერს არჩევ, კიდევ შევუკვეთოთ რამე.

– და... შენ გადაიხდი?

– რა თქმა უნდა, – გაუკვირდა ვახოს, – ეჭვი რატომ შეგეპარა? შეუკვეთე, რაც გინდა...

– რაც მინდა?.. დარწმუნებული ხარ, რომ, „რაც მინდა“, შენთვის მისაწვდომი იქნება?

– აბსოლუტურად, – გაიღიმა ვახომ, – ეგ პრობლემა არ არის.

– ჰმ, არ ველოდი, ჩვენს ქვეყანაში, გამომცემლობებში, ასეთი მაღალი ხელფასები თუ ჰქონდათ. გამაოცე... ამას ბევრი ვერ ახერხებს.

– კარგია ეს თუ ცუდი?

სოფოს გულიანად გაეცინა და კეკლუცად ჩაილაპარაკა:

– შენ თავად მიხვდი, ყველაფერს მე ხომ არ გეტყვი. ლანჩზეც მე წამოგიყვანე, ჩემს მანქანაშიც მე მიგიპატიჟე... ერთი სიტყვით, დღეს კავალერი, მგონი, მე ვარ – ინიციატივა მთლიანად საკუთარ თავზე ავიღე. ხომ ასეა?

– ჰო, მაგრამ, თუ საშუალებას მომცემ, მეც ვეცდები, გამოვიჩინო ინიციატივა.

– ანუ, ურთიერთობის გაგრძელებას მთავაზობ... – ორაზროვნად მოჭუტა თვალები სოფომ.

– რატომაც არა?! რატომ არ უნდა გავაგრძელო ურთიერთობა ქალთან, რომელიც მომეწონა?

– ოჰო! როგორი მტკიცე ნებაა.. და თუ იმ ქალს ეს არ მოუნდება, მაშინ? ჰო, თუკი იმას არ მოეწონე – ასეც ხომ ხდება...

– არა, ასე არ მომექცევით, ხომ მართალია? – რატომღაც საუბრის ფორმა შეცვალა ვახომ, – ხომ არ მოიქცევით? მართლა არ მოგწონვართ? ცოტათიც არა?! გასაგებია... ეტყობა, დღეს არ მიმართლებს.

– ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გააკეთებ, ჩემო კარგო. ეცადე, იქნებ, გადავიფიქრო, – გაიპრანჭა სოფო. ვახო გაიბადრა:

– ესე იგი, ტელეფონის ნომერს მომცემ...

– შეიძლება...

– არაჩვეულებრივია, გულზე მომეშვა. შეუკვეთე, რა...

– კარგი, რადგან ასე მთხოვ, შევუკვეთავ. საერთოდ, მიყვარს, როცა საკუთარ სიამოვნებაში თავად ვიხდი ფულს, მაგრამ, ამჯერად გამონაკლისს დავუშვებ. მით უმეტეს, რომ ამით შენც მოგანიჭებ სიამოვნებას.

– ძალიან დიდ სიამოვნებას, ძალიან დიდს... – ვახომ მორიდებით გააპარა ხელი ქალის მკლავისკენ და თითები გაუბედავად მოუცაცუნა პრიალა კანზე. სოფომ გაიცინა, მაგრამ ხელი არ გაუწევია...

***

ანდრომ მანქანა ისე გააჩერა, რომ შენობიდან გამოსული ადამიანი მაშინვე დაინახავდა. სიგარეტს მოუკიდა და ფანჯარა ბოლომდე ჩამოსწია. როგორც ვარაუდობდა, ლიკას არ დაუგვიანია. იმაზე ადრეც კი გამოვიდა, ვიდრე სამუშაო საათები ბოლომდე ამოიწურებოდა. კაცს გაეღიმა: „ოჰ, ეს ქალები! თითქმის ყველა ერთმანეთს ჰგავს. რა უნდა ახლა ამას? ჯერ თავპატიჟს იდებდა. ახლა, მგონი, თვითონ მაბამს. ნეტავი, წარმოდგენა მაინც თუ აქვს, რა პრობლემებს მიქმნის მისი იდიოტი ქმარი? სოფოს თუ დავუჯერებ, აზრზე არ არის, საიდან იშოვა მისმა ქმარმა ფული, მაგრამ, აჯობებს, გადავამოწმო. ყველაზე ნაკლებად ამასთან ლაპარაკი და „შეყვარებულობანას“ თამაში მინდა, მაგრამ, სხვანაირად არ გამოვა...“ – ანდროს თავადაც გაუკვირდა, როგორ სასწრაფოდ გაუარა იმ ლტოლვამ, რომელიც ლიკას მიმართ ჰქონდა. „მაინც, რატომ გადავირიე მასზე?! ერთი შეხედვით, განსაკუთრებული ნამდვილად არაფერი აქვს“, – გაიფიქრა და თავაზიანი ღიმილით მანქანიდან გადავიდა. ლიკა უკვე უახლოვდებოდა.

– გამიხარდა, რომ დამირეკე, – ანდრო დაიხარა და ხელზე აკოცა.

– ალბათ, ფიქრობ, რომ ძალიან თამამად ვიქცევი, – ლიკამ გაუღიმა და წინა სავარძელზე მოკალათდა. ანდროს ჩაეცინა, მაგრამ პასუხად ის თქვა, რასაც ქალი მისგან ელოდა:

– აბა, რას ამბობ? ვერ წარმოიდგენ, როგორ გამახარე.

– არ ვიცი, რატომ, მაგრამ შენ მიმართ რაღაც განსაკუთრებულს ვგრძნობ – რაღაც ნდობის მაგვარი გამიჩნდა. ოღონდ, ეს არაფერს ნიშნავს, არაფერს კონკრეტულს. უბრალოდ, ახლა რთული პერიოდი მაქვს.

– ჰო, რა თქმა უნდა. სად წავიდეთ? – ანდრომ გასაღები გადაატრიალა და ძრავა ყრუდ აგუგუნდა...

ლიკამ მხრები აიჩეჩა:

– არ ვიცი, სადაც შენ გინდა.

ანდრო უკან გადაიხარა და ქალს დაკვირვებით შეხედა. უნდოდა, ამოეცნო, რას გულისხმობდა ამ სიტყვებში. ლიკას გულუბრყვილო ბავშვის მზერა და გამომეტყველება ჰქონდა. „ეს ან ძალიან სულელია, ან მართლა მიამიტი...“ – ანდრო გაღიზიანდა.

– თუ მე სადმე, შორს, ძალიან შორს მინდა?! – მაინც „გაეთამაშა“ და გაუცინა.

– ახლა ისეთ გუნებაზე ვარ, შორს წასვლაზეც არ ვიტყოდი უარს. პირიქით, ძალიან მადლობელიც დაგრჩებოდი.

ანდრომ მოულოდნელად დაამუხრუჭა მანქანა და ორივე ხელი საჭეზე დააწყო:

– არა, ასე არაფერი გამოვა. უნდა მითხრა, რაზე ნერვიულობ!

– ამას რა მნიშვნელობა აქვს, – მოწყენილმა ჩაილაპარაკა ლიკამ, – ჩემი პრობლემა – ჩემი პრობლემაა...

– არა, არა, ასე არ გამოვა-მეთქი! ხომ მითხარი, ნდობა გამიჩნდაო.

– მართალია, გამიჩნდა. მაგრამ, მაინც არ მინდა, ზედმეტი პრობლემები მოგახვიო თავს.

„შენმა ქმარმა უკვე მომახვია“, – გაიფიქრა ანდრომ, თუმცა სახიდან ღიმილი არ მოსცილებია.

– თუ ფული გჭირდება, მითხარი. არ მოგერიდოს. როგორც შენი პირადი ბანკირი, ისე მიგულე. ეს არანაირ ვალდებულებას არ დაგაკისრებს. ხვდები, რას ვგულისხმობ?

ლიკამ თავი დაუქნია:

– გმადლობ. შენ მართლა ძალიან კარგი ადამიანი ხარ. მრცხვენია, შენზე სხვანაირად რომ ვფიქრობდი.

– ჰა, ჰა, ჰა! – ნაძალადევად გაიცინა ანდრომ, – ძალიან უცნაური კომპლიმენტია. თუმცა, ქალებს ხშირად აქვთ ხოლმე ჩემზე „სხვანაირი“ წარმოდგენა, მაგრამ მე ეს არ მწყინს. პირიქით, მართობს. თანაც, შენ კიდევ არ მიცნობ კარგად.

ლიკა შეყოყმანდა.

– მიდი, მიდი, – გაამხნევა კაცმა, – მითხარი, რამდენი გჭირდება.

– არა, საქმე ისაა, რომ ფული მართლა არ მჭირდება.

– აბა, რას ამბობ? მე არ ვიცნობ ისეთ ადამიანს, ფული არ სჭირდებოდეს. ვერც იმას დავიჯერებ, რომ ხელფასი, ყველაფერში გყოფნის, მით უმეტეს, შვილი გყავს... მოკლედ, მოდი, როგორც შენს ძალიან ახლობელს, ისე მითხარი, რამდენი გინდა, – ანდრომ საფულე ამოიღო.

– არა, არა, შენ ვერ გამიგე. იმისი თქმა მინდოდა, რომ ფული არ არის ჩემი პრობლემა, ყოველ შემთხვევაში, ახლა. რა თქმა უნდა, ბევრი ფული რომ გაქვს, ეს ძალიან კარგია, მაგრამ, ჩემს შემთხვევაში ფულმა მხოლოდ გაართულა სიტუაცია.

– კარგი ერთი... ფული იმიტომ არსებობს, რომ ადამიანებს სიხარული და ბედნიერება მოუტანოს.

– ხომ გეუბნები, ჩემს შემთხვევაში პირიქით მოხდა. საკმაოდ ხშირად ვფიქრობ, რომ მაშინ უფრო ბედნიერი ვიყავი, როცა ფული არ მქონდა.

ანდრო მიხვდა, რომ საუბარმა მისთვის სასურველი მიმართულება მიიღო.

– მოიცა, მოიცა, ძალიან უცნაურ რაღაცას მეუბნები. მოდი, ასე მოვიქცეთ, სადმე დავსხდეთ – მშვიდი, მყუდრო ადგილი მოვძებნოთ, სადაც ხელს არავინ შეგვიშლის და შენ ყველაფერს მომიყვები.

– მოსაყოლიც რომ არაფერია?! – ჩაილაპარაკა ლიკამ, მაგრამ კაცმა სიტყვა გააწყვეტინა:

– მოიცადე, არაფერი თქვა. მგონი, ვიცი, სადაც უნდა წავიდეთ. შორს ხომ გინდოდა წასვლა, თან, სიმშვიდეც არის...

ლიკას აღარ გაუპროტესტებია კაცის გადაწყვეტილება. რაღაც მომენტში ისიც კი გაიფიქრა, თუ დღეს ის უნდა მოხდეს, რაც, ჩემსა და ანდროს შორის მოსახდენია, ესეც ალბათ, ბედისწერა იქნება და, ჯობს, წინასწარ არ ვინერვიულოო...

***

...როდის ვაბრალებთ ადამიანები ბედისწერას იმას, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება? ალბათ, მაშინ, როცა გულის სიღრმეში თუ ჩვენს ქვეცნობიერში მზად ვართ ამისთვის, მაგრამ ამაში საკუთარ თავსაც არ ვუტყდებით. რა არის ეს – კომპლექსი თუ ყველაფერი ცუდის სხვაზე გადაბრალების სურვილი? ალბათ, ერთიც და მეორეც. მაგრამ, ორივე შემთხვევაში წაგებულები ისევ ჩვენ ვრჩებით. ბედისწერა არის თავისთვის და სულ არ ანაღვლებს, რას დააბრალებენ – მას ამით არაფერი აკლდება. ცოტა რეპუტაცია კი აქვს შებღალული, მაგრამ, რეპუტაცია ადამიანებს აღარ ადარდებთ და ბედისწერა რატომ უნდა შეაწუხოს ამ უმნიშვნელო წვრილმანმა? მოკლედ, იმისი თქმა მინდოდა, რომ ძალიან უცნაური არსებაა ადამიანი. უცნაური და ცოტათი სულელი. ხშირად აკეთებს იმას, რაც მასვე დააზიანებს. თანაც, აკეთებს შეგნებულად და მერე განტევების ვაცს ეძებს. რას უშველის ეს ყალბი ინდულგენცია?! – არაფერს. გგონია, ეს თავად არ იცის? მაგრამ, რა ქნას, თუ დინების საწინააღმდეგო მიმართულებით მოსწონს ცურვა? აბა, თუ ყველაფერი წესისა და რიგის მიხედვით მოხდება, ადრენალინის დიდ და გემრიელ ულუფას ვერ ეღირსები. ადამიანებს კი, ექსტრემი გვხიბლავს... თუ ყველას არა, უმეტესობას მაინც. ასე რომ, არავითარი პროგრესი – კიდევ ძალიან დიდხანს ჩავიდენთ სისულელეებს და ამას ჩვენგანვე რეპუტაცია შელახულ თუ რეპუტაციაშერყვნილ ბედისწერას გადავაბრალებთ...

***

ლაშამ ვახოს სიტყვის თქმა არ აცადა, მაშინვე დააცხრა საყვედურებით, როგორც კი მან ოთახში ფეხი შედგა:

– რომელი საათია, როდის უნდა მოსულიყავი?

– არ ვიცი, არ მახსოვს... – მხიარულად მიუგო ვახომ და გაბრწყინებული სახით სავარძელზე მოკალათდა.

– შენ სრულ ჭკუაზე ხარ? რას ნიშნავს, „არ მახსოვს“? აბა, რა გახსოვს?

– ხომ გითხარი, არ ვიცი-მეთქი. ისეთ გუნებაზე ვარ, მადლობა მითხარი, საერთოდ რომ გამახსენდი და მოვედი.

ლაშა გაბრაზდა:

– ამით რა გინდა, თქვა, ვერ გავიგე. შეგეშინდა და თამაშიდან გადიხარ? ასეც ვიცოდი. გამოტყდი, აღიარე, რომ შეგეშინდა!

ვახომ ხელისგულები ერთმანეთს გადააჭდო, გაიზმორა და თითები გაატკაცუნა.

– რა უცნაურია. დღეს, რატომღაც, ყველას ის აინტერესებს, რისი მეშინია და რისი – არა. არაფრისაც არ მეშინია, მით უმეტეს – ახლა! აი, ასე!

ლაშა მეგობარს მიაშტერდა:

– აბა, ერთი ამოშაქრე, რას გულისხმობ? კიდევ ვინ დაინტერესდა შენი შიშის „ხარისხით“? ჩქარა, გელოდები!

– არის ერთი... უფრო სწორად, დღეს გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში ასეთი ადამიანი და თვალებს ნუ მიბრიალებ. ისე კარგად ვარ, ჯერ რომ არასდროს ვყოფილვარ.

– მოწეულში ხარ თუ კიდევ უარესი? აბა, აბა! არ გამოვა ეგ ამბავი... ფულს იმიტომ არ გაძლევ, რომ ვენებში შეუშვა! თუ ეს მართლა ასეა, მაშინ, ახლავე დავემშვიდობებით ერთმანეთს, იმიტომ, რომ ნარკომანი პარტნიორი არაფერში მჭირდება! ერთს კი გეტყვი: ძალიან გამიცრუე იმედი, ძალიან... და, კიდევ, აუცილებლად დაიღუპები!..

– მოიცა, მოიცა... რას წამოხტი? ან, რა იყო, როგორ ერთბაშად გამომიტანე განაჩენი?

– მე კი არა, საკუთარ თავს შენ თვითონ გამოუტანე განაჩენი, – ლაშამ უხეშად მოიშორა მისი ხელი, მაგრამ ვახომ არ გაუშვა.

– მოიცადე-მეთქი! რა ნარკომანი, რის „წამალი“! ცხოვრებაში არ გავკარებივარ და სიგარეტსაც ალაგ-ალაგ ვეწევი, გასართობად. თანაც, სიამოვნებაში მირჩევნია ფულის ხარჯვა.

– ეგეც სიამოვნებაა, ყოველ შემთხვევაში, ყველა ნარკომანი ამას ამტკიცებს.

– არაფერი გამიკეთებია-მეთქი, აჰა, ნახე... – ვახომ პერანგის სახელოები აიკეცა...

ლაშა ცოტა დამშვიდდა, გაეღიმა კიდეც:

– აბა, რამ გადაგრია?

ვახოს ეშმაკურად აუციმციმდა თვალები.

– სიყვარულმა!

– რა?! – დაიბნა ლაშა.

– ჰო, რა იყო?... მგონი, შეყვარებული ვარ... მგონი კი არა, ნამდვილად შეყვარებული ვარ, ცხოვრებაში პირველად და, შეიძლება, ამ სიყვარულმა თავიც დამაკარგვინოს.

ლაშამ ამოიოხრა. საჩვენებელი თითი საფეთქელთან მიიტანა და დაატრიალა.

– ოღონდ, ახლა არ დამიწყო შეგონებები, – მაშინვე მიხვდა ვახო, – რა ჩემი ბრალია, თუ შემიყვარდა?

– ვინ შეგიყვარდა, ვინ? სულ გააფრინე?

– თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სიყვარული თავისთავად ცოტა სიგიჟესაც გულისხმობს, რაღაც დოზით მეც შევიშალე, მაგრამ ამაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ.

– სამაგიეროდ, მე ვხედავ! – ლაშამ დაიჯერა, რომ ვახო არ ხუმრობდა და გაცხარდა, – დიახ, მე ვხედავ.

– ვერ გავიგე, რამ გადაგრია? ესეც „წამალი“ ხომ არ არის, ჩვეულებრივი გოგოა!

ლაშამ დაიგმინა.

– ო, ღმერთო, ესღა მაკლდა! ვინ იყო, რომ დამცინოდა? ვინ მარწმუნებდა, სიყვარული სისულელეა, ქორწინება – კიდევ უფრო დიდი სისულელეო? რაღაც, ძალიან მალე დაგავიწყდა!..

– უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები, – ოდნავაც არ სწყენია ვახოს, რა პრობლემაა, ვის არ შეშლია? არ ვიყავი საკითხში გარკვეული და იმიტომ, დღეიდან კი აღარასოდეს ვიტყვი მაგას.

– ბიჭო, წუხელ არაფერი გეტყობოდა და ამ ოთხ საათში რა მოხდა ამისთანა?

– მოხდა, სასწაული მოხდა! ჩემი გული ახლა მას ეკუთვნის. ვიცი, დღისითაც უნდა დავემშვიდობო მოსვენებას და ღამითაც, მაგრამ, ოდნავაც არ ვნანობ, გეფიცები!

– მე ვნანობ... და მეც გეფიცები, ლაშას აშკარად არაკეთილგანწყობილი იერი ჰქონდა.

ვახო მოიღუშა:

– არ მესმის და ვერ ვხვდები, შენ რატომ ნერვიულობ, ასე? საერთოდ არ გეხება ჩემი პირადი ცხოვრება და, მით უმეტეს, რატომ უნდა გაინტერესებდეს, შევიყვარებ ვინმეს თუ არა?

– შენით ვერ ხვდები, ხომ?

– ვერა, – გაჯიუტდა ვახო.

– წესით, უკვე მიხვედრილი უნდა იყო, მაგრამ, არ გინდა, გამოტყდე. არა უშავს, არ არის პრობლემა. მოთმინების ფიალა ჯერ არ ამვსებია. შევეცდები, გაგაგებინო. მოკლედ გეტყვი: თუ გახსოვს, რა გითხარი, ამას წინათ, ვიღაც ნაშასთან რომ წაგასწარი?

– ის ჩემი ნაცნობი იყო, – პირდაპირ პასუხს თავი აარიდა ვახომ.

– ესე იგი, გახსოვს.

– რა, თავზე რომ წამოგვადექი? რა თქმა უნდა, მახსოვს. აბა, მაგის დავიწყება იქნება?

– მორჩი, არ გეხუმრები!

– მეც არ ვარ, ხუმრობის გუნებაზე. რა გინდა ჩემგან? რადგან შენ ცოლს გაშორდი და ასე ვთქვათ, სიყვარულში მარცხი განიცადე, ამიტომ, მეც უარი უნდა ვთქვა ამ ბედნიერებაზე, თანაც, რომ იტყვიან, ციდან ჩამოვარდნილზე?

– რა იცი, რომ ბედნიერი იქნები? – სარკასტული ღიმილით ჰკითხა ლაშამ.

– ახლა ბედნიერი ვარ. ხვალ და ზეგ რა იქნება, ფეხებზე მკიდია, – ვალში არ დარჩა ვახოც.

ლაშამ გაიცინა:

– აი, ახლა მივადექით ყველაზე მთავარს.

– რა მთავარს, ამით რისი თქმა გინდა?

– დამაცადე, ახლავე მოგახსენებ. სიყვარული ისეთი რამეა, ძალიან ადვილად გაკარგვინებს კონტროლს საკუთარ თავზე. თუ სიტყვების არ გჯერა, შეგიძლია, ჩემი პირადი მაგალითი გაითვალისწინო. თანაც, არ დაგავიწყდეს, რომ ჩემი სიყვარული სტაჟიანია, შენი კი მხოლოდ ახლა იწყება, როგორც თავად ბრძანე.

– ნუ აფრენ, სიყვარული სიყვარულია! რა სტაჟი, რას იგონებ!

– როგორ გეკადრებათ! სტაჟი ამ საქმეშიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. მაგალითად, – თუ არ მატყუებ და მართლა ასე გადაგრია იმ გოგომ და, სხვათა შორის, ძალიან მაინტერესებს, ვინ არის, საღად აზროვნების უნარი ძალიან დაგიქვეითდება – ამაზე ორი აზრი არ არსებობს; კიდევ უარესი – შენ ყველანაირად შეეცდები, მასზე შთაბეჭდილება მოახდინო და, მარტო საკუთარ თავს კი არა, მეც დამღუპავ.

– დაგღუპავ?

– გიმეორებ: მარტო მე კი არა, ორივეს დაგვღუპავ! წარმოიდგინე, რა მოხდება, ყველაფერს რომ მოუყვები.

– რას მოვუყვები, რა უნდა მოვუყვე?

– მაგალითად, საიდან გაქვს ფული. ჰო, მართლა, დღეს უკვე მოასწარი მისი სადმე დაპატიჟება?

ვახომ დამნაშავესავით გაიღიმა:

– ჰო, კაფეში ვიყავით.

– აი, ხომ ხედავ. რამდენი დახარჯე?

ვახო აწრიალდა:

– რა მნიშვნელიბა აქვს ამას? დავუშვათ, იმაზე მეტი, ვიდრე გათვალისწინებული მქონდა.

– მაინც?

– რას ჩამაცივდი? ხომ გითხარი, ბევრი-მეთქი, საკმაოდ ბევრი! ჯანდაბა, იმ კაფეში ისეთი ფასები იყო...

– გასაგებია, აღარ გეკითხები, რომელ კაფეში იყავით. ისედაც ვხვდები, რომ ვიღაცამ ყურებით დაგიჭირა.

– ის „ვიღაც “ არ არის და, ძალიან გთხოვ, ასე ნუ ლაპარაკობ: – წამოენთო ვახო, – ჯერ ხომ არ გინახავს? შენ არაფერიც არ იცი მის შესახებ.

– შენ? შენ თვითონ რა იცი მის შესახებ?

– რაც საჭიროა, ვიცი, – გაჯიუტდა ვახო.

– მაგალითად, სახელს გეტყოდა აუცილებლად. კიდევ, მობილურის ნომერს, – დასცინა ლაშამ, – რომ კიდევ ერთხელ დაგაპატიჟებინოს თავი კაფეში, შეიძლება – რამდენჯერმეც, გააჩნია, თუ არ იძუნწებ...

– დაიბოღმე, არა?

– მე? გაუკვირდა ლაშას, – საიდან მოიტანე?

– აბა, რა არის? გეუბნები, მგონი, ჩემი ცხოვრების ქალს შევხვდი-მეთქი, შენ კი თავგამოდებით ცდილობ, მისგან ურჩხული დახატო. რატომ – ვერ გავიგე. თუ ამის მიზეზი მხოლოდ ის არის, რომ გეშინია, შენ შესახებ რამე არ ვუთხრა, სულ ტყულად ნერვიულობ – ჯერ წესიერად არ გავუცვნივარ და არავითარი სურვილი არ მაქვს, გიჟი ვეგონო. არავის გავუმხელ შენი სასწაულმოქმედი დივანის ამბავს, შეგიძლია, მენდო.

– მაინც ძალიან უდროოდ მეჩვენება ახლა შენი რომანი.

– რატომ, არასრულწლოვანი ვარ? – ყასიდად გაიოცა ვახომ.

– მგონი, აღარ ღირს ამ თემაზე შენთან ლაპარაკი. იმედი მაქვს, შენი სიყვარულით დამატებით პრობლემებს არ შემიქმნი.

ვახომ მაშინვე არ უპასუხა. ცოტა ხანს თავდახრილი იჯდა და მერე თქვა:

– იცი, რატომღაც, მგონია, რომ შეგშურდა ჩემი...

ლაშამ ისე შეხედა, ვახოს ლამის შერცხვა თავისი სიტყვების, მაგრამ უკან არ დაიხია. გაბრაზებული იყო, ლაშამ, მისი სიხარულის გაზიარების ნაცვლად, საყვედურებით რომ აიკლო.

– მე წავალ...

– მოიცა, სად წახვალ? ასე არ გამოვა, ჩემო ძმაო, თუ ერთად ვართ, ბოლომდე ერთად უნდა ვიყოთ! აღარც იმაზე დაგიწყებ ლაპარაკს, რომ ძალიან ფრთხილად უნდა იყო. მგონი, თავადაც გესმის, რომ ზედმეტი არაფერი არ უნდა წამოგცდეს. ჩვენ განსაკუთრებული სიტუაცია გვაქვს და... პატარა არ ხარ, ეს არ გესმოდეს...

– მესმის. ყველაფერი კარგად იქნება. იცი, რა მაგარი გოგოა? – ვახოს სიამოვნებისგან გაეღიმა.

– და, კიდევ: როცა საქმეზე ვიქნებით, ნაკლები იფიქრე მაგ გოგოზე.

– კარგი, რა! საქმეზე ვიქნებითო, ისე ამბობ, თითქოს ბანკს ვძარცვავდეთ.

– რა მნიშვნელობა აქვს, კაზინოს ხომ ვძარცვავთ?

– რატომ ვძარცვავთ? სულაც არ ვძარცვავთ, პატიოსნად ვთამაშობთ და გვიმართლებს.

– ჰო, გვიმართლებს, მაგრამ, ძალიან კონკრეტული მიზეზის გამო. სადღაც, სინდისიც კი მაწუხებს.

– აუუ, ეს გამაგიჟებს! სინდისი მაგათ უნდა აწუხებდეთ, ყოველდღე ამდენ ხალხს რომ ატყავებენ. შენს საქციელში მე კრიმინალს ვერ ვხედავ.

– შენი აზრი ამ შემთხვევაში ნაკლებად მნიშვნელოვანია.

– გეუბნები, ტყულად განიცდი. ეგეც კომპლექსია და გაივლის. მანქანა გაიფორმე?

– ჰო, სანამ შენ იმ ნაშას აბამდი, თუ, პირიქით, ის გაბამდა, მე ეგ საქმე მოვასწარი.

ვახო გაწითლდა:

– ნაშა არ არის, ჩემი შეყვარებულია.

– მოიცა, თუ ტელეფონის ნომერი არ მოუცია, სახლი არ იცი, სად ცხოვრობს და, შეიძლება, სახელიც არ ჰქვია ის, რაც შენ გითხრა, როგორ უნდა იპოვო?

– ჩემი მობილურის ნომერი აქვს.

ლაშამ გაოცებით შეხედა თვალებაციმციმებულ ვახოს და ხმამაღლა გაიცინა:

– შენ მართლა რა გულუბრყვილო ყოფილხარ, ბიჭო! დარწმუნებული ხარ, რომ დაგირეკავს?

– ვითომ, რატომ არ უნდა დამირეკოს? გულწრფელად ეწყინა ვახოს.

– რა ვიცი, ძალიან უცნაური ამბავია. რადგან შენი ნომერი გამოგართვა, თავისი კი არ გითხრა, ეს იმას ნიშნავს, რომ თამაშის წესებს თავად გიკარნახებს, – ლაშამ თავი გადააქნია, – შენს ადგილას, მე ფრთხილად ვიქნებოდი. სად გაიცანი?

– ჩემს სახლთან. კინაღამ დავამტვრიე.

– მოტოციკლით დაეჯახე?

– არა, მოტოციკლამდე ვინ მივიდა! კიბეზე ჩამოვრბოდი, ბოლო რამდენიმე საფეხურს გადავახტი და ლამის შევასკდი. ისე, მაგრად კი დავაფეთე.

– მეზობელი შეგიყვარდა?

ვახომ წაუსტვინა:

– არა, ტო, რა მეზობელი, ეგეთ გოგოს ჩვენს სადარბაზოში რა უნდა! ეტყობა, ვიღაცასთან მოვიდა. მართლა, სულ გადამავიწყდა, მეკითხა, ვისთან იყო.

– ჰმ, და, შენ გგონია, გეტყოდა? მართლა შეყვარებული ხარ. ქალმა თავისი ტელეფონის ნომერი არ მოგცა და ანგარიშს ჩაგაბარებდა? ცუდად არის შენი საქმე. ეგ მაგარი შებერტყილი ვინმე ჩანს. კარგად დაიხსომე, რასაც გეუბნები.

– მივხედავ როგორმე, – გაიბღინძა ვახო და ხელი ისე აიქნია, ლაშა მიახვედრა, ეს თემა ამოწურულია და, მოდი, საქმეზე გადავიდეთო.

– დღეს ვისვენებთ, – მიუხვდა ლაშა.

– რატომ? – გაიოცა ვახომ.

– აბა, თუ მიხვდები? მაგრამ, შენი მიხვედრილობის ამბავი ახლახან გავარკვიე და, ამიტომ, პირდაპირ გეუბნები: დღეს რომ ვითამაშო, წავაგებ.

– ვერ გავიგე, რატომ წააგებ? – პირი დააღო ვახომ.

– ეე... მაგ თავიდან სიყვარული ცოტა გამოიბერტყე და იაზროვნე. არ გაგიგია მაინც? – ჯერ ძილო, მერე სიზმაროო.

– დაგეძინა მერე, ვინ გიშლიდა? – გაცხარდა ვახო.

– დაგეძინა კარგია. არ დამეძინა. ასე შეკვეთით არ ხდება, თავისით უნდა მოვიდეს.

– შენ ამბობ მაგას?! შენ არ მიმტკიცებ, შეკვეთით არ ხდებაო? სულ შეკვეთით არ იღებ ფულს?!

– ის სხვა რამეა და ნუ ურევ! მოკლედ, დღეს არაფერი გამოვა, საღამო თავისუფალი გაქვს. მაგრამ, იცი, რა ვიფიქრე? კვალის არევის მიზნით, ხომ არ წაგვეგო?

ლაშას შეეტყო, რომ ეს აზრი იმ წუთას მოუვიდა თავში. ვახო დაიჭყანა.

– მაგით ვითომ რა შეიცვლება?

– ის შეიცვლება, რომ წაუგებლის იმიჯი აღარ მექნება. ესე იგი, ვეღარც აფერაში დაგვადანაშაულებენ.

ვახომ თავი გააქნია:

– ძალიან იაფასიანი ტრიუკია, მაგას ვინ ჭამს! თანაც, მე ფული აღარ მაქვს რამდენის წაგებას აპირებ?

ლაშამ მხრები აიჩეჩა:

– რა ვიცი, რამდენიც მაქვს იმდენის. მოიცა, ვნახავ, – ლაშამ საწერი მაგიდის უჯრა გამოწია და ჩაიხედა, – ათას დოლარამდე დამრჩენია. გაფორმებამაც ბევრი წაიღო – განსაბაჟებელი აღმოჩნდა.

– ჰოდა, წააგებ მაგ ათას დოლარს და მერე ელოდე, კიდევ როდის გაგიმართლებს.

– როდის და – ხვალ.

– ისე დარწმუნებით ამბობ, თითქოს ვიღაცას გარანტია მოეცეს.

– გარანტიები არ არსებობს, მით უფრო – ასეთ საქმეში. თუ ცხოვრებამ მართლა მომცა შანსი, კიდევ გამიმართლებს, თუ არა და...

– თუ არა და?.. – გაიმეორა ვახომ.

– გავყიდი მანქანას, შევურიგდები ცოლს და ვიცხოვრებ ძველებურად. ვალი ხომ მაინც აღარ მაქვს.

– შეურიგდები, თორემ, გიჟდება, ისე ელოდება, როდის შესთავაზებ – მოდი, ყველაფერი თავიდან დავიწყოთო. დავინახავ, მაგ მანქანის ფულსაც რომ დახარჯავ და ისევ ისეთი მათხოვარი იქნები, როგორიც აქამდე იყავი.

– მარტო მე ვიყავი მათხოვარი?! – გაეცინა ლაშას.

– კარგი, თუ ეს დაგამშვიდებს, მეც მათხოვარი ვიყავი. მით უმეტეს, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს. თან, ახლა ძალიან მჭირდება ფული.

– გჭირდება: აბა რა! ძვირფას კაფე-რესტორნებში ხომ უნდა ატარო შენი დულცინეა! ვარდების თაიგულებიც ფეხქვეშ უნდა გაუშალო. მაგრამ ათასი დოლარი აქეთ, ათასი – იქით, ბევრი არაფერი იცვლება, ალიბი კი აუცილებელია.

ვახო ჩაფიქრდა.

– ჯანდაბას, – ჩაიქნია ბოლოს ხელი, – წავაგოთ. შეიძლება, მართალიც ხარ.

– მართალი ვარ თუ არა არ ვიცი, მაგრამ, რაღაც მკარნახობს, რომ ეს უნდა გავაკეთო.

ვახომ ამოიოხრა:

– შენ მალე ყავაზეც დაიწყებ მკითხაობას.

... ანდრომ აწკრიალებულ მობილურს ცალი თვალით გახედა.

– უპასუხე, იქნებ ვინ გირეკავს, – თქვა ლიკამ და მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა – ეს კაცი ჯერ ისევ უცხო იყო მისთვის. ასეთი ფამილარული ტონი, ალბათ, ზედმეტად აახლოვებდა მასთან. მიხვდა და შეცდომის გამოსწორება მაშინვე სცადა:

– უკაცრავად, მგონი, ეს ჩემი საქმე არ არის.

კაცმა გაიღიმა:

– არა უშავს, მგონი, მე და შენ რაღაც ბარიერები უკვე გადავლახეთ. მნიშვნელოვანი არაფერია, მერე დავურეკავ. ახლა ის უფრო მაინტერესებს, რა პრობლემა გაქვს, ასე რომ გთრგუნავს. მაგრამ, ჯერ გეჭამა რამე, ხელი თითქმის არაფრისთვის გიხლია...

– არ მშია. როცა ვნერვიულობ ვერ ვჭამ.

– შენც, ნუ ნერვიულობ, – გაუღიმა ანდრომ და ხელზე მოეფერა, – დამშვიდდი და მომიყევი, რა გაწუხებს. ერთად უფრო მალე ვიპოვით გამოსავალს...

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3