17 წლის ბიჭმა საკუთარი მასწავლებელი მოკლა და შემდეგ თითი მოკვეთა
– დეიდა პოლია, სად ხარ? – დაუძახა მართამ დეიდამისს და საძინებელში შეიჭვრიტა, შემდეგ თვალები გაუფართოვდა, ჯერ გაოგნდა, ბოლოს კი აკივლდა.
პოლინა ზარიძე საწოლზე იწვა და სისხლში ცურავდა. ეტყობოდა, რომ ცივი იარაღით იყო მოკლული.
მართა შონია პოლინას დის შვილი იყო და თავის 5 წლის ნოდარს ხშირად უტოვებდა ხოლმე დეიდამისს. იმ დილას მართამ ჯერ ტელეფონზე დაურეკა პოლინას და პასუხი რომ არავინ გასცა, მასთან სახლში მივიდა. მართა დაუბრკოლებლად შევიდა ბინაში, რადგან სათადარიგო გასაღები ჰქონდა.
პოლინა ზარიძე პროფესიით ქიმიკოსი იყო და ერთ-ერთი ინსტიტუტის ლაბორატორიაში მუშაობდა, თან სტუდენტებსაც ამზადებდა.
მოკლულ ქიმიკოსს სხეულზე 25 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული და მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი კი, მოჭრილი აღმოაჩნდა. შემთხვევის ადგილზე არც მკვლელობის იარაღი იყო და არც მოკვეთილი თითი.
52 წლის პოლინა ზარიძის მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა განზრახ მკვლელობის მუხლით, რომელსაც ვანო ბუკიას საგამოძიებო ჯგუფი იძიებდა. ზარიძის მკვლელობიდან მესამე დღეს მილიციამ 17 წლის ერნესტ ზვიაგინი დააკავა და განზრახ მკვლელობის ბრალდება წარუდგინა. ზვიაგინი გლდანში ცხოვრობდა მამასთან და გაუთხოვარ მამიდასთან ერთად. ოპერმუშაკებმა მისი ბინიდან სისხლიანი ხანჯალი ამოიღეს, რომლითაც ზარიძე იყო მოკლული. ზვიაგინი პოლინა ზარიძესთან ემზადებოდა ქიმიაში და მილიციის ყურადღების ცენტრში ამიტომ მოხვდა. ექსპერტიზამ უტყუარად დაამტკიცა, რომ ზვიაგინი ნამდვილად ზარიძის მკვლელი იყო, რასაც ბინაში და ტანსაცმელზე აღმოჩენილი სისხლის ლაქები მოწმობდა. ყველაფერ ამის მიუხედავად, მოკლულის თითი ვერსად იპოვეს და არც ზვიაგინი იძლეოდა ჩვენებას. 17 წლის ერნესტი დუმდა და ვერც მილიციამ და პროკურატურამ შეძლო მისი ალაპარაკება. ვანო ბუკია გამოცდილი გამომძიებელი გახლდათ და მრავალი ჩახლურთული საქმე ჰქონდა გახსნილი, თუმცა ზარიძის მკვლელობის არსში გარკვევა უჭირდა.
ანალოგიური საქმეები
ზარიძის მკვლელობამ დიდი რეზონანსი გამოიწვია. მას გავლენიანი ნათესავები აღმოაჩნდა და გენპროკურორს პირადად დაურეკა მაშინდელმა პირველმა მდივანმა – მჟავანაძემ და სასწრაფოდ საქმის გახსნა მოითხოვა. ზვიაგინი რომ გამოეტეხათ, მილიციამ განსაკუთრებულ ზომებს მიმართა. ელექტროშოკიც გამოიყენა, ფეხებითაც დაკიდეს და სხვაგვარადაც აწამეს, მაგრამ სასურველ შედეგს მაინც ვერ მიაღწიეს. 17 წლის ბიჭი ყველა წამებას უძლებდა და დუმდა.
მილიციის ოპერებისგან განსხვავებით, ბუკია სხვა გზით წავიდა და ცნობილ მოსკოველ ფსიქოანალიტიკოს-კრიმინალისტს, ვალენტინ ვინერს ეწვია. მასაც იურიდიული განათლება ჰქონდა – ბუკიასთან ერთად დაამთავრა „ემგეუ“. ვინერმა ყურადღებით გადახედა ზარიძის მკვლელობის საქმის ირგვლივ შეკრებილ მასალებს და დაასკვნა.
– 95 პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ თითი ჯერ კიდევ არაა განადგურებული და თუ კარგად მოძებნით, აღმოაჩენთ კიდეც. მეტსაც გეტყვით, შესაძლოა, რომ ამ საქმის ბოლომდე გახსნით სხვა, უფრო საზარელი საქმეების გახსნა გახდეს შესაძლებელი. ვიმეორებ, საქმეში საკმაო სამხილებია და ის გახსნილია, თუმცა მისი არსი არაა ცნობილი.
– გეთანხმები, – უთხრა ვინერს ბუკიამ, – მაგრამ ყმაწვილი დუმს და, თუ არაფერი თქვა, საქმის არსს როგორ შევიტყობთ?
– უნდა ავალაპარაკოთ, – თქვა ვინერმა.
– ვცადეთ. მილიციამ მას ლამის ტყავი გააძრო, მაგრამ უშედეგოდ, – მიუგო ბუკიამ.
– ამ ტიპის დამნაშავეებზე ფიზიკური ტკივილი არ მოქმედებს. თუ მათ სულში არ ჩასწვდი, ისე ვერაფერს გაიგებ. ამ ყმაწვილის დაწვრილებითი ბიოგრაფია დამიდგინე და პარალელურად, ზარიძის მკვლელობის მსგავსი საქმეები მოიძიე მთელი კავშირის მასშტაბით, ამ ბოლო 10 წლის განმავლობაში, – უთხრა ვინერმა ბუკიას და ისინი დროებით დაშორდნენ ერთმანეთს.
ვანო ბუკიამ ხელახლა დაკითხა ზვიაგინის მამა, მამიდა, მათი მეზობლები, ნათესავები და ყველა ის ადამიანი, ვინც ზვიაგინებს იცნობდა. შემდეგ ერნესტის ბიოგრაფიული ქრონოლოგია შეადგინა და კვლავ ვინერს ეწვია. პარალელურად კი, ანალოგიური საქმეებიც ამოიღო არქივიდან. ბოლო 10 წლის განმავლობაში 12 ანალოგიური საქმე აღმოაჩინა.
ფსიქოანალიზი
ვანო ბუკიას მიერ შეკრებილი ინფორმაციით ასეთი სურათი შედგა: ერნესტ ზვიაგინი 7 წლის ასაკამდე დედ-მამასთან ერთად იზრდებოდა. მას შემდეგ კი, რაც ზვიაგინებთან მისი მამიდა, შინაბერა ემა ჩამოვიდა და ჩასახლდა, ცოლ-ქმრის ცხოვრება აირია. 8 წლის იყო ერნესტი, დედა სახლიდან რომ გაიქცა და რუსეთში გადასახლდა. მას შემდეგ ერნესტს დედა არ უნახავს. თუმცა, სულ მის ხსენებაში იყო, რასაც ზვიაგინის მეზობლებიც ადასტურებდნენ.
„ერნესტი ნორმალური ბავშვი გახლდათ და სანამ მასთან დედამისი – ალა იყო, ცუდი არაფერი შემიმჩნევია, – წერდა თავის ჩვენებაში ზვიაგინების ერთ-ერთი მეზობელი, – ხოლო ალას გაქცევიდან ერთი წლის შემდეგ, ბავშვი რადიკალურად შეიცვალა. გულჩათხრობილი გახდა და მხოლოდ დედის ხსენებაზე ებადრებოდა სახე“. ერნესტის მამისა და მამიდის თქმით კი, ალა ქმრის ერთგული არ იყო და მათი ოჯახის დანგრევის მიზეზად სწორედ ეს დასახელდა.
ბუკიას მიერ მოპოვებულ ინფორმაციებში გაკვრით ფიგურირებდა ვინმე სტას მარკელოვი, რომელიც ზვიაგინის ერთ-ერთი მეზობლის თქმით, თურმე ემა ზვიაგინას საქმრო იყო. „ის კაცი ორი თვის განმავლობაში ცხოვრობდა ზვიაგინებთან და შემდეგ სადღაც გაემგზავრა“, – ამბობდა მარკელოვზე ზვიაგინების მეზობელი.
როცა ფსიქოანალიტიკოს-კრიმინალისტმა ვინერმა ბუკიას მიერ შეგროვებული ინფორმაციები წაიკითხა, ერთმნიშვნელოვნად დაასკვნა:
– ამ საქმეში მთავარი ეს უცნაური სუბიექტია.
– ვინ? – ვერ მიხვდა ბუკია.
– სტას მარკელოვი, თუ, რა თქმა უნდა, ეს გვარი ნამდვილია, – თქვა ვინერმა, – სწორედ ისაა ამ ყველაფრის სულისჩამდგმელი და არა მარტო ამ საქმის, ანუ ზარიძის მკვლელობას ვგულისხმობ. სასწრაფოდ ძებნა უნდა გამოცხადდეს მასზე და არ დაგავიწყდეთ, მისი დაწვრილებითი სიტყვიერი პორტრეტის შედგენა. დარწმუნებული ვარ, საქმე უაღრესად საშიშ ბოროტმოქმედთან გვაქვს. ზვიაგინს ისევ აწამებენ? – იკითხა ბოლოს ვინერმა.
– სამწუხაროდ, კი, – მიუგო ბუკიამ.
– შეწყვიტონ წამება. შენთან ერთად მოვფრინავ და მე ავალაპარაკებ მას, – თქვა ვინერმა და თბილისში გასამგზავრებლად გაემზადა.
როგორც ვინერმა ივარაუდა, სტას მარკელოვი მოგონილი სახელი იყო და ემას საქმროს ძებნა მისი აღწერილობით დაიწყეს.
ზვიაგინის ნაამბობი
პროკურატურასა და მილიციასთან შეთანხმებით, ვინერს ზვიაგინი მარტო უნდა დაეკითხა. ის პირობას იძლეოდა, რომ მკვლელს უეჭველად აალაპარაკებდა.
– დაკითხვის გეგმა მაქვს შემუშავებული და ჩემმა მეთოდმა უნდა გაჭრას, – ამბობდა ვინერი.
ზვიაგინი საკნიდან გამოიყვანეს და გენპროკურორის სპეციალურ ოთახში შეიყვანეს, რომელსაც დაკითხვისთვის იყენებდნენ. ოთახს მუქი ფანჯარა ჰქონდა და მეორე ოთახიდან ყველაფერი ჩანდა.
– ერნესტ ზვიაგინი, ხომ? – ჰკითხა ხელბორკილდადებულ ბიჭს ვინერმა, როდესაც ისინი მარტონი დარჩნენ.
ბიჭს ხმა არ ამოუღია. ის, როგორც ყოველთვის, დუმდა.
– ახალგაზრდავ, – განაგრძო ვინერმა, – მე არც მილიციელი ვარ და არც პროკურორი. ექიმი ვარ. მინდა, დაგეხმარო და დედას შეგახვედრო.
ბიჭმა ყურები ცქვიტა, მაგრამ კვლავ დუმდა. თუმცა, აშკარა იყო, რომ ვინერი მისი სულის უფაქიზეს სიმს შეეხო.
– მხოლოდ დაადასტურე ან უარყავი სიტყვები, – უთხრა ვინერმა ზვიაგინს, – თუ საუბარი არ გინდა მკვლელობაზე, მაშინ მე მოგიყვები, ოღონდ შენ ჟესტებით მიმანიშნე, ვცდები თუ მართალი ვარ?
ბიჭს კვლავ არაფერი უთქვამს.
– რაც დედაშენს დაშორდი, შენ ის ყოველწუთს გენატრებოდა და მასთან შესახვედრად ემზადებოდი. მამაშენი და მამიდაშენი გეუბნებოდნენ, რომ დედაშენმა მიგატოვა, თუმცა შენ მაინც დედა გენატრებოდა. მართალს ვამბობ?
ბიჭმა თავი დაუქნია ვინერს.
– შენ გითხრეს, რომ დედაშენი პეტროზავოდსკში ცხოვრობს და მასთან რომ ყოფილიყავი ახლოს, პეტროზავოდსკის მეტალურგიულ ინსტიტუტში გადაწყვიტე სწავლა. ამისთვის კი, ქიმიის ცოდნა იყო საჭირო. ქიმიაში შენ სუსტად ერკვეოდი და ამიტომ პოლინა ზარიძესთან დაიწყე მომზადება. ხომ არაფერი შემეშალა?
ბიჭმა თავი დაუქნია და ანიშნა, რომ ვინერი სიმართლეს ამბობდა.
– ახლა კი იმას გეტყვი, რატომ მოკალი შენ ზარიძე. შენ ქიმიის ათვისება გიჭირდა. პოლინა ზარიძე, ცოტა არ იყოს, უხეში ქალი იყო და სავარაუდოდ, გითხრა, ასეთი ცოდნით ინსტიტუტში ვერ მოხვდებიო და ალბათ, თითი დაგიქნია.
ზვიაგინი თვალსა და ხელს შუა იცვლებოდა, ხოლო გვერდით ოთახში მყოფი ძალოვნები კი, მკვლელზე არანაკლებად გაოცებულები უსმენდნენ ვინერს.
– გამომდინარე იქიდან, რომ დედა გენატრებოდა, ხოლო ინსტიტუტში მოწყობა კი დედაშენთან ყოფნის ერთადერთი შანსი იყო, ზარიძის სიტყვებმა შენ ეს ყველაფერი წამში დაგინგრია. ყოველივე ამას შენი გაღიზიანებაც დაერთო და შურისძიება გადაწყვიტე. ზარიძის კუთვნილი ხანჯლით, რომელიც მის ოთახში კედელზე ეკიდა ქალს 25 ჭრილობა მიაყენე. ბოლოს კი თითი მოჰკვეთე, რითაც შენი უარყოფითი ემოციის საბოლოოდ წაშლა სცადე. ეს იმიტომ ჩაიდინე, რომ დედასთან შეხვედრის ოცნება მაინც დარჩენილიყო შენში. ახლა კი ის მითხარი, რა იქნა ზარიძის მოკვეთილი საჩვენებელი თითი?
– მარკელოვმა წაიღო, – თქვა ზვიაგინმა და თავი ჩაღუნა.
ორიოდე საათის შემდეგ ზვიაგინი თავის ჩვენებაში წერდა: „სტას მარკელოვი მამიდაჩემმა მოიყვანა ჩვენს სახლში და ის ორ თვეს ჩვენთან ცხოვრობდა. ამ ხნის განმავლობაში მე სტასი დამიახლოვდა და დედასთან წაყვანას მპირდებოდა, თან მუდმივად მელაპარაკებოდა ხოლმე „ზეკაცთა საძმოზე“, რომლის წევრებიც არაფრის წინაშე უკან არ იხევენ. ის მპირდებოდა, რომ გამაცნობდა უშიშარ ძმებს და მათთან შემაკავშირებდა. როდესაც მე ზარიძე მოვკალი და თითი წამოვიღე, რათა კანალიზაციაში ჩამეგდო, სტასმა გამომართვა და მითხრა, არავისთვის მომეყოლა მკვლელობის ამბავი. იმავე საღამოს სტასი გაქრა. ძალიან გთხოვთ, დედასთან შემახვედროთ“.
ჩახლართული საქმე
სტას მარკელოვი, სინამდვილეში, სამჯერ ნასამართლევი, ვინმე იური მანინი იყო. ის თაღლითობისთვის, წვრილმანი ქურდობისა და ძარცვაში თანამონაწილეობისთვის იყო ნასამართლევი. ემა ზვიაგინა მან ციხეში გაიცნო და დაუახლოვდა. ზვიაგინა ზედამხედველად მუშაობდა როსტოვის საპყრობილეში, ხოლო სტასი იქ მესამე სასჯელს იხდიდა. სტასი უდიპლომო ექიმი იყო და ფსიქოლოგიას სწავლობდა. მან საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქში მოზარდებისგან ორგანიზებული დაჯგუფებები შექმნა. მათ ის ჯერ ფსიქოლოგიურად ამუშავებდა, შემდეგ მათთან ერთად ძარცვავდა, ყაჩაღობდა და ბინიდან გამოსვლისას მსხვერპლის მოჭრილი თითი, ყური ან სხვა ნაწილი მიჰქონდა. ამ ნაწილებს მისი მცირეწლოვანი პარტნიორები აჭრიდნენ თავიანთ მსხვერპლს, ხოლო ის კი მოჭრილ ორგანოებს ბავშვების კომპრომეტაციის მიზნით ინახავდა.
ჯერ კიდევ როსტოვის ციხეში ყოფნისას, გაიგო სტასმა, რომ ემა ზვიაგინას ინტიმური კავშირი ჰქონდა საკუთარ ძმასთან. მან ისიც შეიტყო, რომ მათ თურმე ალამ შეუსწრო და და-ძმამ ქალი მოკლა. შემდეგ დაანაწევრეს და ხუდადოვის ტყეში დამარხეს.
ამგვარად, როდესაც სტასი, იგივე იური მანინი თბილისში ჩამოვიდა, მან ეს ყველაფერი იცოდა და თავის დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩაითრია ემა, მისი ძმა ბორისი და ერნესტ ზვიაგინი.
იური მანინი მოსკოვში მილიციასთან შეტაკებისას მოკლეს. და-ძმა ზვიაგინები დახვრიტეს, ხოლო ერნესტი კი დღემდე ფსიქიატრიულ კლინიკაში წევს.