ამერიკელებმა ევროპა კოლუმბამდე 500 წლით ადრე ნახეს
„ამერიკის კონტინენტის ძირძველმა მოსახლეობამ, ეგრეთ წოდებულმა ინდიელებმა, კოლუმბის მიერ მათ აღმოჩენამდე 500 წლით ადრე „აღმოაჩინეს“ ევროპა“, – ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ესპანელი მეცნიერები, რომლებმაც ანალიზი გაუკეთეს ისლანდიაში არქეოლოგიური გათხრებით ნაპოვნ მასალებს. ნამარხი ნაშთები მეათე საუკუნეს მიეკუთვნება. მკვლევრების აზრით, სწორედ მაშინ მივიდნენ ევროპაში პირველი ინდიელები. კოლუმბმა კი „ახალი სამყარო“ მხოლოდ 1492 წელს ნახა. მოკლედ, გაცილებით ადრე ამერიკაში ვიკინგები ჩავიდნენ. სავარაუდოა, სწორედ მათ ჩამოიყვანეს უკანა გზაზე ინდიელები, რომლებიც საცხოვრებლად იქვე დარჩნენ. ცნობილია, რომ 1710 წლამდე ისლანდიის სამხრეთში, მყინვარ ვატნაიკიულის რაიონში, ცხოვრობდა ხალხი, რომლებიც აზიიდან ჩამოსულებად ითვლებოდნენ, თუმცა, „რადგან კუნძული მეათე საუკუნიდან იზოლირებული იყო სხვა სამყაროსგან, სიმართლესთან ყველაზე ახლოს უნდა იყოს ჰიპოთეზა, რომ ეს ხალხი 1000 წელს ვიკინგების მიერ ჩამოყვანილი ქალების შთამომავლები უნდა იყვნენ“, – განაცხადა პომპეუ ფობრის უნივერსიტეტის თანამშრომელმა კარლეს ლალუეზა-ფოქსმა. მეცნიერები შეეცდებიან, დააზუსტონ, როდის ჩამოვიდნენ პირველად ამერიკაში ამერიკელი ინდიელების გენის მატარებლები და დაადგინონ მათი ნათესაობა ამერიკაში მცხოვრებ თანამედროვე ინდიელებთან.