ბრილიანტისა და ღვინის რეკორდულმა ფასმა მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისის დასასრული ამცნო
ჟენევაში ჩატარებულ აუქციონზე ერთბაშად ორმა რეკორდულმა ფასმა დაამტკიცა ბოლო დროის პროგნოზი, რომ ფუფუნების საგნების ბაზარი მაშინ ცოცხლდება, როდესაც მსოფლიო ფინანსური ეკონომიკური კრიზისი უკანა პლანზე გადადის.
აუქციონის მთავარი მოვლენაა (თუ ბრილიანტს ვიგულისხმებთ – ათწლეულებისაც) ბრიტანული სააუქციონო სახლის – „სოთბის“ მიერ ორგანიზებულ ვაჭრობაზე ვარდისფერი, 24,78-კარატიანი ბრილიანტის 46,2 მილიონ დოლარად (41,3 – „მყიდველის პრემიის“ გარეშე) გაყიდვა. ეს თანხა ორჯერ მეტია, ვიდრე წინა რეკორდი, რომელიც 2008 წელს დამყარდა. მაშინ „სოთბის“ ძირითადმა კონკურენტმა „კრისტიმ“ 35,56-კარატიანი ცისფერი ბრილიანტი „ვიტელსბახ-გრაფი“ 24,3 მილიონ დოლარად გაყიდა. მისი მფლობელი ბრიტანელი იუველირი მილიარდერი ლორენს გრაფი გახდა. წელსაც ჟენევაში სწორედ მან შეიძინა ვარდისფერი ბრილიანტიც. ეს ბრილიანტი იშვიათ ტიპს მიეკუთვნება, რომელიც მსოფლიოში მოპოვებული საიუველირო ალმასის მხოლოდ 2 პროცენტია. ძვირფასი ქვა 60 წლის განმავლობაში კერძო პირთან ინახებოდა.
ჟენევაში ამავე დღეს „კრისტიმ“ ელიტური ღვინის ათასამდე ბოთლი 3,6 მილიონ დოლარად გაყიდა. რა თქმა უნდა, ეს თანხა რეკორდსმენი ბრილიანტის ფასს ვერც კი შეედრება, მაგრამ, ისიც თავისებურად რეკორდულია. 304,7 ათას დოლარად გაიყიდა 1947 წლის მოსავლის ცნობილი ფრანგი ღვინის მწარმოებლის მიერ ჩამოსხმული ერთი ბოთლი წითელი „პრემიერ გრან კრიუ“. იშვიათი, „იმპერიალის“ ფორმატის ექვსლიტრიანი ბოთლით ფრანგული წითელი ღვინო ანონიმმა კერძო კოლექციონერმა შეიძინა. ფასმა თვით აუქციონის ორგანიზატორების მოლოდინსაც კი გადააჭარბა.