კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სტალინმა ველურ რუსეთში კულტურული ტრადიციები დაამკვიდრა








რუს მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს, სერგეი ვლადიმირის ძე მიხალკოვს, ბელადი გამორჩეულად სწყალობდა. ის სამჯერ გახდა სტალინური პრემიის ლაურეატი (1941,1942 და 1950 წლებში), მან სომეხ მწერალ ელ-რეგისტანთან ერთად საბჭოთა კავშირის ჰიმნის ტექსტი დაწერა. ათეულობით წარმოდგენილ ნამუშევარში სტალინმა სწორედ მათი პროექტი მოიწონა. მსგავსი ისტორია აქვს გრიგორი ალექსანდროვის მიერ შექმნილ ჰიმნის მელოდიასაც. პატრონმა ეს ადამიანები დიდი თეატრის სახელმწიფო ლოჟაში მიიწვია და ახლად მიღებული ჰიმნის „დასველება“ შესთავაზა. სუფრასთან პარტიისა და მთავრობის მაღალჩინოსნებიც ისხდნენ. სტალინი მიხალკოვს და ელ-რეგისტანს შუაში ჩაუჯდა და გულთბილი საუბარი წამოიწყო. მიხალკოვმა რამდენიმე თავისი ლექსიც წაიკითხა. მოულოდნელად, ბელადი მიუტრიალდა მას და ჰკითხა, პარტიის წევრი ხარ თუ არაო და როცა გაიგო, რომ – არა, დაინტერესდა, რატომო. ამაზე არასდროს მიფიქრიაო, უპასუხა მწერალმა და შენიშვნა დაიმსახურა: არ შეიძლება კაცმა საბჭოთა კავშირის ჰიმნი შექმნას და უპარტიო იყოსო. თუმცა, სტალინმა მალევე შეიცვალა ტონი და დაამშვიდა: როცა მე ვწერდი ლექსებს, მეც უპარტიო ვიყავიო. საუბრის დროს ელ-რეგისტანი ცდილობდა, პატრონთან თავი გამოეჩინა, მომსახურებოდა, თეფშზე ღორის ხორცის ნაჭერიც კი დაუდო, რაზეც კატეგორიული უარი მიიღო. სტალინმა ჰკითხა, რა ეროვნების ხარო. უცნაური გვარის მიუხედავად, აღმოჩნდა, რომ ელ-რეგისტანი სომეხია და როგორც თვითონ თქვა, კათოლიკოსს ემორჩილება და არა – მუფტის. წინსართ ელ-ის გამო მეგონა, მუსლიმანი იყავი, თუ სომეხი კაცი ხარ უნდა იცოდე, რომ აქ მასპინძელი მე ვარ და მე უნდა მოგემსახუროო, – უთხრა სტალინმა. გულთბილი ურთიერთობით გათამამებულმა სტუმარმა სადღეგრძელოს თქმა მოითხოვა, სასმისი ასწია და წარმოთქვა იმ ადამიანების სადღეგრძელო, რომლებიც მათთან ერთად მუშაობდნენ: ვოროშილოვის, მოლოტოვისა და ბოლოს, თავად სტალინის. შერბაკოვმა (უშიშროების ხელმძღვანელი) სიტყვა შეაწყვეტინა და უთხრა, სტალინიდან უნდა დაგეწყოო. რეგისტანი თავის მართლებას ეცადა, მაგრამ პატრონმა შეაჩერა და რეპლიკის სახით, ჩეხოვის მოთხრობიდან ეპიზოდი მოყვა: ერთმა მდიდარმა ვაჭარმა ყველაზე დიდი თანხა გაიღო ტაძრის მშენებლობისთვის, თუმცა მისი გვარი ბოლოს მოიხსენიეს, რაზეც ვაჭარი ძალიან განაწყენებულა. მე კი ვაჭარი არ ვარ და არაფერი მწყენიაო, – თქვა სტალინმა. მერე ჰიმნის მელოდიის ავტორს, ალექსანდროვს დიდი მადლობა გადაუხადა. სახელმწიფო ორკესტრის მიერ შესრულებული ნაწარმოების შემდეგ კი, დასძინა – ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ერთთვიან შვებულებაში ვიყავიო.

კულტურა სტალინურ ეპოქაში

კულტურულმა რევოლუციამ უდიდესი როლი შეასრულა საბჭოთა კავშირის ხალხების ცნობიერებისა და სულიერების განვითარებაში. სტალინური ხუთწლედების, თითქმის ყოველთვის გადაჭარბებით შესრულების პირობებში, აშკარა იყო მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის შეუქცევადი განვითარების პროცესი, რასაც მოსახლეობის მატერიალური და კულტურული წინსვლა მოჰყვა. ცარიზმის დროს რუსეთის ევროპული ნაწილისა და ტრადიციული კულტურების მქონე ხალხების (ბალტიისპირეთი, უკრაინა, საქართველო, სომხეთი) გარდა, მოსახლეობის უმრავლესობა იყო წერა-კითხვის უცოდინარი და, ფაქტობრივად, განვითარებით ველური ადამიანების დონეს უახლოვდებოდნენ. ამიტომ სტალინმა ქვეყანაში, უპირველესად, საყოველთაო-სავალდებულო დაწყებითი განათლების მიღება დანერგა. გეომეტრიული პროგრესით გაიზარდა სკოლების რაოდენობა, უმაღლესი სასწავლებლების ქსელი. ჩამოყალიბდა საზეიმო ღონისძიებების ჩატარების ტრადიცია, რომელიც ეძღვნებოდა გამოჩენილი ეროვნული მოღვაწეების ხსოვნას. მოსკოვში ტარდებოდა სხვადასხვა რესპუბლიკის კულტურის დეკადები; იმართებოდა წამყვანი თეატრების სპექტაკლები; ხელოვნების მუშაკებს მიღებაზე იწვევდნენ კრემლში. სტალინმა დასავლეთი ერთგვარ კულტურულ შეჯიბრებაშიც კი გამოიწვია. მისი აზრით, დასავლეთში პოპულარული მუსიკა მოწყვეტილი იყო ეროვნულ ფესვებს და მას „მუსიკალური ნარკომანიაც“ კი უწოდა, რომლის გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანები, ნათელ მიზნებზე აღარ ფიქრობდნენ. კულტურის სფეროში დაუცხრომელი მოღვაწეობის შედეგად, ჩამოყალიბდა ახალი ინტელიგენცია, რომელიც ინტელექტუალური განვითარების დონით, აღემატებოდა ევროპული ქვეყნების ინტელიგენციას. ამ ფენის ერთ-ერთი უთვალსაჩინოესი წარმომადგენელი – კონსტანტინე სიმონოვი, ირწმუნება, რომ სტალინს თავისი კულტურის თეატრი ჰქონდა. რეჟისორიც ის იყო და სცენარის ავტორიც. სიმონოვი პოლიტბიუროს იმ სხდომებზე დასწრების უფლებით სარგებლობდა, სადაც სტალინურ პრემიაზე წარდგენილ კანდიდატურებს იხილავდნენ და ამტკიცებდნენ. ერთ-ერთი ასეთი სხდომა 1952 წლის მარტის შუა რიცხვებშიც ჩატარდა, რომელმაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა გენიალურ რუს მწერალსა და საზოგადო მოღვაწეზე.

შევიწყალოთ თუ არა

პირველი ხარისხის სტალინური პრემიის ლაურეატთა სიაში მწერალი სტეფანე ზლობინიც იყო, რომელმაც ისტორიული რომანი – „სტეფანე რაზინი“ დაწერა. სტალინი ყოველთვის ყველა ნაწარმოებს კითხულობდა, რომელსაც პრემიაზე წარადგენდნენ. აღნიშნული რომანი მას ძალიან მოსწონებია და უთქვამს, ის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოებიაო. ასეთ შეფასებას ბელადი იშვიათად აკეთებდა. მას შემდეგ, რაც სტალინი ათი წუთის განმავლობაში აქებდა რომანს, ყველა მიხვდა, რომ ზლობინი სტალინურ პრემიას მიიღებდა, მაგრამ მოულოდნელად, მალენკოვმა, რომელიც სხდომას თავმჯდომარეობდა, სიტყვა მოითხოვა. მან თქვა, რომ ზლობინზე უტყუარი ინფორმაცია აქვს, საკონცენტრაციო ბანაკში ყოფნის დროს, ძალიან ცუდად იქცეოდა და ცუდ მაგალითს აძლევდა საბჭოთა ტყვეებსო. როგორც წესი, პრემიის მინიჭების დროს ყოველთვის მზა მასალები მიეწოდებოდა კომისიას. ამიტომ, მალენკოვის რეპლიკა მოწმენდილ ცაზე მეხის ჩამოვარდნას ჰგავდა. საერთოდ, კანდიდატურის მაკომპრომეტირებელი ინფორმაციის მოპოვებაზე სპეციალური ორგანოები მუშაობდნენ და არასდროს ყოფილა ამაზე ხმამაღლა საუბარი. ამჯერად, რეჟისორმა და სცენარის ავტორმა, მსახიობის როლიც ბრწყინვალედ შეასრულა: ჩვეულებისამებრ, დიდხანს იარა ოთახში, მაგრამ სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით, ხმა არ ამოუღია. პოლიტბიუროს სხდომათა დარბაზში სამარისებური სიჩუმე იდგა, როცა სტალინმა თავისთვის ჩაილაპარაკა – „ვაპატიოთ თუ არა“?! დაძაბულობამ პიკს მიაღწია. კონსტანტინე სიმონოვი იხსენებს, რომ ეშინოდა ყველას, მათ შორის, მასაც, ვისაც აღნიშნულ საკითხთან შეხება არ ჰქონდა. ცოტა ხნის შემდეგ სტალინმა იგივე, უფრო მკაცრი ინტონაციით გაიმეორა, მერე ზლობინს გაუყარა თვალი თვალში, მაგრამ მწერლის გაფითრებული და გაუბედურებული სახე რომ დაინახა, ხმამაღლა თქვა: „შევიწყალოთ!“ რატომ მოიქცა სტალინი ასე? თავიდან სიმონოვისთვის ეს გამოცანა იყო. თუმცა შემდგომში, როცა გაარკვია, რომ ზლობინი არაფერში დამნაშავე არ იყო, პირიქით, საკონცენტრაციო ფაშისტურ ბანაკში საოცარი ვაჟკაცობა გამოუჩენია, ასეთი დასკვნა გააკეთა: სტალინმა სხდომამდე იცოდა, რომ მწერალზე ცრუ ინფორმაცია გაკეთდებოდა და აღნიშნულის ინსცენირება ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა – კერძოდ, სხდომას ინტელიგენციის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომელთაც უნდა სცოდნოდათ, თუ ვინ იღებს საბჭოთა კავშირში გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად. „ვაპატიოთ, თუ არა“ – ერთი მხრივ, პირველი ხარისხის სტალინურ პრემიას ნიშნავდა, მეორე მხრივ – სიკვდილს, უკეთეს შემთხვევაში კი – ციხეს.

P.S კონსტანტინე სიმონოვი გააოცა სტალინმა და აღიარა: რომ ასეთი დიდი დრამატურგის მიერ შექმნილი პიესა არასდროს უნახავს. ის მთელ თავს უძღვნის თავის მოგონებებში სტალინს, როგორც ბრწყინვალე, უბადლო ხელოვანს, დრამატურგს, რეჟისორს, მსახიობს, რომელსაც პირადი თეატრი ჰქონდა. ხაზს უსვამს მის ამოუცნობ ინტუიციას, რადგან მრავალთა შორის ბელადმა სწორედ სიმონოვი ამოირჩია – თითი ტუჩთან მიიტანა და ანიშნა, ხმა არ ამოიღოო.


скачать dle 11.3