რატომ ხდება სიცივე ავტომობილის არდაქოქვის მიზეზი
დაქოქვის პრობლემა მძღოლებსა და განსაკუთრებით ქალბატონ მძღოლებს ყველაზე მეტად რომ აწუხებთ, ეს რედაქციაში შემოსული უამრავი კითხვიდანაც ჩანს. სტარტერისა და აკუმულატორის პრობლემა ჩვენს რუბრიკაში ასე თუ ისე განვიხილეთ, დღეს კი დაქოქვის დროს წარმოქმნილ სხვა პრობლემებზე მევლუდ მელაძესთან ვისაუბრებთ და მათი გადაჭრის გზებსაც ის გვასწავლის: იმ შემთხვევაში, თუ დილით მიხვედით ავტომობილთან, გადასწიეთ გასაღები, ძრავა თითქოს ამუშავდა, მაგრამ ძალიან ნელა და დაქოქვას ვერ ახერხებს, შეიძლება აკუმულატორი დასუსტდა და იმდენად ნელა აბრუნებს ძრავას, რომ მას დაქოქვა უჭირს. მაგრამ, მეორე მიზეზი შეიძლება, სტარტერიც იყოს. მისი მბრუნავი ღერძი რომელიმე კედელს ედება და მის მუშაობას ამუხრუჭებს. ეს დეტალი ძრავას სწრაფად დატრიალებას ვერ ახერხებს და ამის გამო ავტომობილი არ იქოქება. ნუ შეგეშინდებათ, არ იფიქროთ, რომ ძრავას რაიმე კატასტროფული პრობლემა აქვს და მისი რემონტი ან გამოცვლა მოგიწევთ. აქ საშიში არაფერია. არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც სტარტერი ძალიან სწრაფად ტრიალებს, მაგრამ ავტომობილი არ იქოქება. ამ შემთხვევაში მიზეზი შეიძლება, რამდენიმე იყოს. პირველი – სპეციალურ ხელსაწყოებს, ძრავაში ნაპერწკლის წარმოქმნას რომ იწვევს, დენი არ მიეწოდება; მეორე – ძრავას არ მიეწოდება ბენზინი, ანუ საწვავის სისტემაშია პრობლემა. პირველ შემთხვევაში, თუ ნაპერწკალი არ წარმოიქმნება, ეს ნიშნავს, რომ „ბაბინას“, „ტრამლიორს“ ან კომპიუტერს, დენი არ მიეწოდება. ამის შემოწმება ძალიან მარტივია. ერთ-ერთ სანთლამდე, ანუ ეგრეთ წოდებულ „სვეჩამდე“ მიმავალი სადენი უნდა ჩახსნათ. შემდეგ შეგიძლიათ, მოხსნათ „სვეჩი“, შეამოწმოთ მისი მუშაობა, ან სხვა იშოვოთ და ძრავას კორპუსზე გვერდულად დაადოთ. საჭიროა, იქ მივიღოთ მინუსი, რომ ნაპეწკლის გადახტომა მოხდეს. თუ ძრავის შეუღებავ კორპუსზე სანთელი დაადეთ მინუსის ასაღებად, დენი მიერთებულია, გასაღებს ატრიალებთ და ნაპერწკალს არ ისვრის, ეს ნიშნავს, რომ სადღაც კონტაქტია დაკარგული. ამ დროს ხდება ის, რაც მეორე მიზეზში ავხსენით. ანუ „ტრამლიორს“ არ მიეწოდება დენი, ან მასში რაღაცაა დაზიანებული, რაც იწვევს ელექტროობის უქონლობას. ესე იგი პრობლემა გვაქვს ელექტროობაში.
– შეიძლება მოხდეს ისე, რომ ნაპერწკალი აინთოს, მაგრამ ავტომობილი მაინც არ დაიქოქოს?
– ამ დროს, ერთმნიშვნელოვნად, საწვავის მიწოდების პრობლემაა, რომელიც შეიძლება სხვადასხვაგვარად იყოს გამოხატული. გააჩნია, რა სტილის ავტომობილია. უპირველესად, მაინც მცველი უნდა გადაამოწმოთ, განსაკუთრებით, ბენზინის ელექტროძრავების შემთხვევაში, ანუ უფრო თანამედროვე მოდელებში. ვგულისხმობ, არა კარბურატორიან ავტომობილებს, სადაც, უპირველეს ყოვლისა მცველს ვამოწმებთ. ამ ტიპის ავტომობილებში, ბენზინის ავზში განთავსებულ ძრავას აქვს სპეციალური მცველი, რომელიც უზრუნველყოფს წინ – საწვავის სისტემაში ბენზინის მიწოდებას. თუ პრობლემა მცველია, ხომ კარგი, მაგრამ თუ ბენზინი მაინც არ მიეწოდება, მაშინ ან საწვავის მიმწოდებელი ძრავაა დამწვარი, ან ბენზინის ფილტრია გაჭედილი. ამ შემთხვევაში, თუ ოდნავ მაინც ერკვევით ავტომობილში, ძრავასთან მიმავალ ბენზინის მილს ხსნით და ატრიალებთ გასაღებს, ისე რომ წითელი აინთოს. თუ ბენზინი გამოვიდა, ეს ნიშნავს, რომ მის მიწოდებას უზრუნველყოფს ბენზინის ძრავაში განთავსებული სპეციალური პომპა. თუ არ წამოვიდა ბენზინი, სწორედ საწვავის ავზში განთავსებულ იმ პატარა ძრავას აქვს პრობლემა. სწორედ ის ვერ უზრუნველყოფს ბენზინის მიწოდებას. ამ დროს უნდა ჩახსნათ ეგრეთ წოდებული „აბრატნი შლანგი“, ანუ სისტემიდან უკან, ავზში მიმავალი მილი. თუ თავად ვერ მოახერხეთ ამ პრობლემის აღმოფხვრა, მაშინ მიმართეთ ეგრეთ წოდებულ „ინჟექტორის“ ხელოსანს. ის იოლად გამოასწორებს პრობლემას. თუ კარბურატორიანი ავტომობილი გყავთ, ანუ ის არ არის ელექტრული სისტემებით აღჭურვილი, მაშინ პრობლების მიზეზის დადგენაც და მისი გამოსწორებაც ძალიან იოლია. ეს შეიძლება იყოს „ბენზონასოსი“ – მოხსნით იმ მილს, რომელიც კარბურატორისკენ მიდის და ნახავთ, ბენზინი შედის თუ არა. თუ შედის, მაშინ ამოწმებთ, უკან გამომავალ მილს და ის იქნება დაზიანებული. კარბურატორს ოდნავ მიუკაკუნებთ, შიგნით სისტემა იქნება გაჭედილი და ასე მარტივად შეძლებთ პრობლების აღმოფხვრას.