რა წესები უნდა დავიცვათ საკვების მომზადებისას, რომ თავიდან ავიცილოთ ბოტულიზმი
ბოტულიზმი ინფექციური დაავადებაა, რომელიც საკმაოდ ხშირად ლეტალური შედეგით მთავრდება და გავრცელებულია მთელ მსოფლიოში. ამ დაავადების გამომწვევი ფაქტორი ფართოდ გავრცელებული კლოსტრიდიის გვარის მიკროორგანიზმია. ბოტულიზმის კლოსტრიდია ძირითადად გვხვდება ნიადაგში სპორის სახით, სადაც სიცოცხლისუნარიანობას ინარჩუნებს მრავალი წლის განმავლობაში, ამიტომ, პრაქტიკულად, ჩვენი ქვეყნის ნებისმიერ კუთხეში, ნიადაგი დაბინძურებულია ამ მიკროორგანიზმით. ბოტულიზმის გამომწვევი ბაქტერიები ვეგეტატიური, ანუ ცხოველმყოფელობის მდგომარეობაში მყოფი ფორმით, შეიძლება, შეგვხვდეს შინაური და გარეული ძუძუმწოვრების, ფრინველებისა და თევზების კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. თითქმის ყველა საკვები პროდუქტი, რომელიც დაბინძურებულია ნიადაგით ან ზემოთ აღნიშნული ცხოველების განავლოვანი გამონაყოფით, შესაძლოა შეიცავდეს ბოტულიზმის კლოსტრიდიის სპორას ან ვეგეტატიურ ფორმას. ერთი შეხედვით, ხიფათი ზედმიწევნით დიდი და გავრცელებული უნდა იყოს, მაგრამ, საბედნიეროდ, დაავადება ვითარდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი საკვებად მოიხმარს პროდუქტებს, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ინახება უჟანგბადო გარემოში ან მომზადების დროს თერმულად არასაკმარისად დამუშავდა. ჰერმეტულ გარემოში ბოტულიზმის კლოსტრიდიები იწყებენ ბოტულოტოქსინის გამომუშავებას, რომელიც 375 000-ჯერ უფრო ტოქსიკურია, ვიდრე გველგესლას შხამი და, შესაბამისად, იწვევს დაავადებული ადამიანის ყველა კუნთის დამბლას. ამ დაავადების გავრცელების თვალსაზრისით, სახიფათო საკვებს ძირითადად მიეკუთვნება სახლში დამზადებული კონსერვები და შებოლილი პროდუქტები, რომელშიც კარგი პირობებია ბოტულიზმის გამომწვევი ვეგეტატიური ფორმების ან ტოქსინების წარმოქმნისათვის. შემთხვევათა 95 პროცენტში დაავადებას იწვევს სახლის პირობებში დამზადებული კონსერვი, რომელიც არასაკმარისადაა თერმულად დამუშავებული და ვერ მოხდა საჭირო სტერილურობის მიღწევა. დალუქულ კონსერვში ბოტულოტოქსინი გროვდება ბუდეების სახით – ტოქსიკური გროვები გაფანტულია მთელ ქილაში მცირე ზომის ჯგუფების სახით, ამიტომ, შესაძლოა, ერთი და იმავე ქილიდან ამოღებული საკვებით კვებისას ერთი ადამიანი დაავადდეს, მეორე კი – არა.
ბოტულიზმის სიმპტომები
ბოტულიზმის ინკუბაციური პერიოდი ძირითადად 24 საათის განმავლობაში გრძელდება, ზოგჯერ კი – 2-3 დღე, ხოლო ძალზე იშვიათად, გამონაკლის შემთხვევებში – 9-12 დღე-ღამე. მცირე ინკუბაციური პერიოდის დროს, როგორც წესი, აღინიშნება უფრო მძიმე ხარისხის ინტოქსიკაცია, რადგან სიმპტომების სწრაფი განვითარება განპირობებულია მომწამლავი ტოქსინების დიდი კონცენტრაციით. ბოტულიზმის მთავარი კლინიკური სიმპტომია სხვადასხვა გამოვლინების მქონე ნევროლოგიური დარღვევა, რომლის ხარისხისა და სიხშირის მერყეობის ამპლიტუდა საკმაოდ დიდია. ყოველ მეორე შემთხვევაში დაავადება იწყება მწვავე გასტროენტერიტით: ადამიანს აწუხებს მუცლის საშინელი ტკივილი, ჭრა-დასერვის შეგრძნება ძირითადად ეპიგასტრიუმის არეში. ამას თან სდევს ხშირი ღებინება და თხევადი ფაღარათი, სიხშირით – დღე-ღამეში 5-10-ჯერ. დაავადებულს აღენიშნება თავის ტკივილი, ზოგადი სისუსტე, სხეულის ტემპერატურა აღწევს 39-40 გრადუსს. რამდენიმე დღის შემდეგ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჰიპერმოტორიკა იცვლება ატონიით, სხეულის ტემპერატურა ნორმალიზდება და გამოვლინდება ძირითადი ნევროლოგიური სიმპტომები. ბოტულიზმის საკმაოდ გავრცელებული სიმპტომებია მხედველობის გაუარესება, პირის სიმშრალე და სისუსტე კუნთებში. აღინიშნება მხედველობის გაორება ან დაბინდვა, ზედა ქუთუთოს შესიება სხვადასხვა ხარისხით. ადამიანს უჭირს მხედველობის კონცენტრირება ცალკეულ საგანზე. დაავადების დასრულების შემდეგ, შესაძლოა, ჩამოუყალიბდეს სიელმე. დაავადებულს, ზემოთ აღნიშნული კუნთოვანი ატონიის გამო, თითქმის ყოველთვის აღენიშნება მეტყველებისა და ყლაპვის ფუნქციის დარღვევა. პირის ღრუსა და საყლაპავის ლორწოვანი გარსი გამომშრალია. აღინიშნება რბილი სასის, საყლაპავი კუნთებისა და ხორხ-სარქველის დამბლა. ხორხში გროვდება ბლანტი სითხე, რომელიც აწვება მბგერავ იოგებს. თუკი ადამიანი შეეცდება საკვებისა და სასმლის მიღებას, ხშირად ის ცხვირიდან გადმოსდის. ამ დროს დგება ასპირაციული პნევმონიის განვითარების საშიშროება, ამიტომ დიდი ყურადღებაა საჭირო. კუნთების შეკუმშვის უნარის დაქვეითების გამო ადამიანი ნაკლებად მოძრავი ხდება. პაციენტის სახის გამომეტყველება, მონოტონურ ნიღაბს წააგავს; ზერელე სუნთქვა და მეტყველების უუნარობა კი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ადამიანს ცნობიერება დაბინდული აქვს. საშუალო და მძიმე ხარისხის ბოტულიზმის დროს გულისცემის სიხშირე იმატებს, არტერიული წნევა იკლებს ან იმატებს სუნთქვის კუნთების დამბლის გამო, თუ არ აღმოვაჩენთ პირველად დახმარებას, შესაძლოა, შედეგი ლეტალური აღმოჩნდეს.
პირველადი დახმარება
ექიმები გვირჩევენ, რომ ინტოქსიკაციის პირველი სიმპტომების გაჩენისთანავე მივმართოთ კლინიკას. ბოტულიზმის მძიმე მიმდინარეობის დროს აუცილებელია სწრაფი მკურნალობა, პირველ ყოვლისა კი ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია, რომელიც ზოგჯერ საჭიროა რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში გაგრძელდეს. უმეტეს წილად ანტიბიოტიკები არ გამოიყენება, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც დაავადება განვითარდა ტრავმის შედეგად, რის გამოც, გარდა მომწამლავი ტოქსინებისა, სისხლის საშუალებით ორგანიზმში ცირკულირებს ტოქსინების გამომყოფი მიკროორგანიზმიც, რომელთა მოკვდინებაც დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს. შემუშავებულია ბოტულიზმის სამკურნალო ვაქცინა, თუმცა ის მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში გამოიყენება, რადგან მისი მოქმედება არ არის საკმარისად განსაზღვრული და იწვევს საკმაოდ სერიოზულ გვერდით მოვლენებს, ვინაიდან ნივთიერება, რომელიც ესოდენ ძლიერ შხამს ანეიტრალებს, თეორიულადაც კი ვერ იქნება უსაფრთხო ცოცხალი უჯრედისთვის.
საკმაოდ მნიშვნელოვანია და საუკეთესო გამოსავალია ბოტულიზმის პროფილაქტიკა. ეს ძირითადად ემყარება საკვები პროდუქტების სწორ მომზადებასა და შენახვას, ასევე საკვების მიღების წესების ზედმიწევნით დაცვას. ბოტულიზმის განვითარებას გამორიცხავს საკვების, განსაკუთრებით კი კონსერვების მაღალ ტემპერატურაზე დამუშავება, რადგან ეს ანადგურებს საკვებზე არსებული ბაქტერიის სპორებს. საკვები პროდუქტის პოლიეთილენში გახვევა და მისი ჰერმეტულ ჭურჭელში მოთავსება ვერ დაიცავს მას ბაქტერიებით დაბინძურებისაგან, თუმცა საკვების სისუფთავე დამყარებული უნდა იყოს ტოქსინების გამომუშავების პროფილაქტიკაზე. დაბალი ტემპერატურა, მარილის მაღალი კონცენტრაცია მჟავე გარემოში, როგორც წესი, აჩერებს ტოქსინების გამომუშავებას. თუ არის ეჭვი, რომ ადამიანი იმყოფებოდა გარემოში, რომელიც შეიცავს შხამებს, ან სუნთქავდა ჰაერს, სადაც ტოქსინებია, მისი ტანსაცმელი სასწრაფოდ უნდა მოიცილოთ, ხოლო მან თავად უნდა მიიღოს მადეზინფიცირებელი შრატი. აუცილებელია დაუყოვნებლივ სინჯის აღება იმ საკვებიდან თუ სასმლიდან, რომელსაც მოიხმარდა დაავადებული და მათი ლაბორატორიაში გადაგზავნა, რათა თავიდან ავიცილოთ შემდგომი დასნებოვნება. საქართველოში ბოტულიზმის შემთხვევათა უმეტესობა დაკავშირებულია დამარილებულ, ჰერმეტულად შენახულ ბოსტნეულთან და ისეთ კონსერვირებულ საკვებთან, რომელთაც შემდგომი თერმული დამუშავების გარეშე მივირთმევთ. ამის მიზეზი კონსერვირების დროს დაშვებული შეცდომაა, რის გამოც ვერ მოხერხდა ბაქტერიების სპორების სრული მოსპობა. გადარჩენილ ბაქტერიებს საკმაო დრო აქვთ ზამთრამდე, რათა გამოიმუშაონ ტოქსინების მომწამლავი რაოდენობა, ბოტულიზმის გამომწვევი ტოქსინების გამომუშავება კი მხოლოდ ჰერმეტულ, ანუ უჟანგბადო გარემოში ხდება. ამ პრობლემით დაკავებული სპეციალისტები გვირჩევენ, რომ სახლის პირობებში დამზადებული კონსერვირებული საკვებიდან მივიღოთ მხოლოდ ის, რომელსაც თერმული დამუშავება ესაჭიროება. საკვების მიღების წინ მისი მაღალ ტემპერატურაზე დამუშავებისას ჩვენ თავს დავიზღვევთ ნებისმიერი ტოქსიკური ნივთიერებისგან.
ერეკლე ასპანიძე