ვინ არის ჟურნალისტი, რომელსაც ძეგლი მწვრთნელობის გამო დაუდგეს
ალბათ, არცთუ იშვიათად გაგიგიათ, რომ ჟურნალისტებს პოლიტიკოსები, სპორტსმენები, საზოგადო მოღვაწეები... მოკლედ, ყველა აკრიტიკებს. ჩვენს კოლეგებს ბრალს არაპროფესიონალიზმში სდებენ და ეს უმთავრესად, მაშინ ხდება, როცა ესა თუ ის ჟურნალისტი ვინმეზე კრიტიკულ სტატიას დაწერს. არადა, ქართული რეალობა რომ ავიღოთ, რომელი სფერო არ არის კრიტიკის ღირსი – სპორტი, პოლიტიკა თუ საზოგადოების ის ფენა, ელიტა რომ ჰქვიათ თუ დაირქვეს. ისტორია, რომელსაც ქვემოთ გიამბობთ, ერთ რიგით ჟურნალისტს ეხება, რომელმაც პატარა სასწაული მოახდინა, მაგრამ ბოლომდე არც მას აცადეს.
ჟოან ალვეშ ჟობნი სალდანია ბრაზილიაში 1917 წლის 3 აპრილს, ანუ მაშინ დაიბადა, როცა ქვეყანაში ძალიან დიდი გაჭირვება იყო და იმის მიუხედავად, რომ იგი ადვოკატის შვილი გახლდათ, დალხენილი ცხოვრება არც მას ჰქონდა. 6 წლის ასაკში პატარა ჟოანმა, მეგობრებთან ერთად, ბრაზილია-პარაგვაის საზღვარზე იარაღის უკანონოდ გადატანა დაიწყო. ეს სქემა მაშინდელმა კრიმინალებმა მოიფიქრეს და ბავშვები ჩართეს. პატარებს მესაზღვრეები არ ჩხრეკდნენ და ამ სქემამ რამდენიმე თვე იმუშავა. 14 წლის ჟოანი მშობლებთან ერთად საცხოვრებლად რიოში გადავიდა და კრიმინალურ სამყაროს მთლიანად ჩამოშორდა. სამი წლის შემდეგ ის სტუდენტი გახდა და სტუდენტთა კომუნისტურ მოძრაობას ჩაუდგა სათავეში. სიცოცხლის ბოლომდე სალდანია მგზნებარე კომუნისტი იყო და სოციალისტურ იდეებს ბოლომდე იცავდა.
სტუდენტობის პარალელურად, როგორც ყველა ბრაზილიელი, სალდანიაც ბურთს დასდევდა და ჯერ „კოპაკაბანაში“ ითამაშა, მერე – „იპანემაში“. მისი კარიერის პიკი კი „ბოტაფოგო“ იყო. ფეხბურთის პარალელურად, ჟოანი კალათბურთსაც თამაშობდა და იმის გამო, რომ მალევე მიხვდა, დიდ წარმატებას ვერც ერთ სახეობაში ვერ მიაღწევდა, ორივეს შეეშვა და ხელი სპორტულ ჟურნალისტობას მიჰყო. პარალელურად, ის არც კომუნისტურ მოძრაობას აკლდებოდა და ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან აქტიურად თანამშრომლობდა. უცხოეთში გამართულ კომუნისტურ შეკრებებს ძირითადად ყალბი საბუთებით ესწრებოდა, რადგან ბრაზილიიდან არ უშვებდნენ ხოლმე.
სალდანიას სტატიები ძირითადად კრიტიკული იყო, ამიტომ მასთან ურთიერთობას სპორტის ნებისმიერი სახეობის წარმომადგენლები ერიდებოდნენ. სპორტსმენებს იგი სძულდათ, მწვრთნელები კი ამბობდნენ, რომ წაგებული შეხვედრისა და სალდანიას შეფასების წაკითხვის შემდეგ, თავის მოკვლა უნდოდათ. ამის მიუხედავად, სალდანიას პოპულარობა დღითიდღე იზრდებოდა და ეს სხვა ჟურნალისტებსაც უბიძგებდა იმისკენ, რომ მწვავე კრიტიკაზე გადასულიყვნენ. ბოლოს კი, ამ ყველაფერმა ასეთი სახე მიიღო – ჟურნალისტებს არ მოსწონდათ არავინ და არაფერი, აკრიტიკებდნენ ნებისმიერ რამეს და ნეგატიური განწყობა გულშემატკივრებსაც გადაედოთ. სტადიონზე მისული გულშემატკივრები შეხვედრას სტვენით იწყებდნენ და სტვენით ამთავრებდნენ. საშველი თითქოს არსაიდან ჩანდა, მაგრამ...
სალდანია „ბოტაფოგოში“ თარჯიმნად მუშაობდა და სულ გუნდთან ერთად იყო. ერთ დღეს გუნდს მთავარი მწვრთნელი გაექცა და ფინანსური კრიზისის გამო, ხელმძღვანელობას ახალი სპეციალისტის მოყვანა არ შეეძლო. მთავარი მწვრთნელის პოსტი სალდანიას შესთავაზეს. პირველივე ვარჯიშზე სალდანიამ ფეხბურთელებს საინტერესო რამ უთხრა.
„თუ მატჩის მიმდინარეობის დროს მიხვდებით, რომ ჩემი სქემა არ ამართლებს და მე მაინც ჯიუტად ვცდილობ, გაგაკეთებინოთ ის, რაც არასწორია, არ მომისმინოთ, შეცვალეთ სქემა და ითამაშეთ ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლით“, – ეს იყო გამწვრთნელებული ჟურნალისტის პირველი სიტყვები.
იმ წელს „ბოტაფოგომ“ შტატის ჩემპიონატი მოიგო, მაგრამ სალდანიას ურთიერთობა ჯერ ხელმძღვანელობასთან დაეძაბა, მერე ფეხბურთელებთან და მომავალი სეზონი ჩააგდო. მას შემდეგ კი, რაც „ბოტაფოგომ“ გუნდის ლიდერი – დიდი გაყიდა, სალდანიამ თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვა და კვლავ სპორტულ ჟურნალისტიკას დაუბრუნდა. ათი წელი მწვრთნელი სალდანია არავის გახსენებია, ათი წლის შემდეგ კი...
„ბოლო რამდენიმე წელია, ჟურნალისტები ნაკრების კრიტიკის მეტს არაფერს აკეთებთ. ყველა პროფესორობთ, სქემებს არჩევთ, ფეხბურთელების შერჩევისას მწვრთნელებს აკრიტიკებთ. თქვენ, ალბათ, ეს ადვილი სამსახური გგონიათ. ამიტომ, გადავწყვიტე, რომ ნაკრების მთავარ მწვრთნელად ჟურნალისტი დავნიშნო და არჩევანი ჟოან სალდანიაზე შევაჩერე. იმედია, ის უარს არ მეტყვის და ყველა დავინახავთ, რა შეუძლიათ ჟურნალისტებს წერის გარდა“, – ეს განცხადება 1968 წელს ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის ლეგენდარულმა პრეზიდენტმა, ჟოაო აველანჟიმ გააკეთა.
სალდანიას უარი არ უთქვამს და მისი დანიშვნის ოფიციალური ცერემონია ბრაზილიაში წლის მთავარი მოვლენა იყო. პრესკონფერენციაზე, რომელზეც ის მთავარ მწვრთნელად წარადგინეს, ჟოანმა ჯიბიდან რაღაც ქაღალდი ამოიღო, რომელზეც 22 ფეხბურთელის გვარი ეწერა.
„ამ 22 ფეხბურთელიდან 11 ძირითადი მოთამაშეა, 11 კი – სათადარიგო. სწორედ ამ გუნდით ვაპირებ მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონატის მოგებას“, – განაცხადა სალდანიამ და ყველა შოკში ჩააგდო. როგორც წესი, მსოფლიოს ჩემპიონატზე წასაყვანი ნაკრები ერთი თვით ადრე სახელდება. სალდანიამ კი ეს ორი წლით ადრე გააკეთა. მის ასეთ თავხედობაზე პროფესიონალმა მწვრთნელებმა ძალიან ბევრი იცინეს. ბევრი იცინა თავად აველანჟიმაც და ისიც თქვა, 1970 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე დიდი სირცხვილი გველის, მაგრამ ჟურნალისტებმა უნდა გაიგონ, რომ ეს მარტივი არ არისო.
„ბრაზილიაში 80 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და მათ რომ ნაკრების შემადგენლობა ჩამოვაწერინო, 80 მილიონი ვარიანტი მექნება. ამიტომ, ჩემეულ ვარიანტს ყველა უნდა შეეგუოს და იცოდეს, რომ ეს შემადგენლობა არ შეიცვლება. პასუხისმგებელი მე ვარ და მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩემი გუნდი ითამაშებს“, – ჯიუტად განაცხადა სალდანიამ და საქმეს შეუდგა.
პირველი, რაც ჟურნალისტმა შეცვალა, სათამაშო სქემა იყო და იგი 4-2-4-ზე გადავიდა. ამან შესაძლებლობა მისცა, მოედანზე ერთბაშად ჰყოლოდა პელე, დირსეუ ლოპესი, ჟერსონი, ტოსტაო და ჟაირზინიო. ამ ხუთეულს სალდანიამ „მტაცებლები“ დაარქვა. 1969 წელს სალდანიას გაწვრთნილმა ბრაზილიის ნაკრებმა ექვსი შეხვედრა ჩაატარა, ექვსივე მოიგო და თან, მშრალი ანგარიშით – ამ შეხვედრებში ბრაზილიელებმა 23 გოლი გაიტანეს და ერთიც არ გაუშვიათ. ამის მიუხედავად, ჟოანი „ფლამენგოს“ თავკაცმა – დრივალ უსტრიჩმა სასტიკად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ჟურნალისტი დიდი მწვრთნელი ვერასდროს გახდებოდა. მას, უბრალოდ, უმართლებდა. ამან სალდანია ისე გააბრაზა, რომ უსტრიჩს იარაღით მიუვარდა და კინაღამ მოკლა. მსოფლიოს ჩემპიონატი ახლოვდებოდა. სალდანიას გუნდის ანგარიშზე უკვე 13 გამართული და ამდენივე მოგებული შეხვედრა იყო, გოლების შეფარდება – კი 50:9-სთან.
მოგეხსენებათ, მწვრთნელობის პარალელურად სალდანია კომუნისტურ პარტიას არ ეშვებოდა და ეს მაშინ, როცა ქვეყნის სათავეში პროფაშისტური ლიდერი, ემილიუ გარასტაზუ იდგა. ქვეყნის პრეზიდენტი მიხვდა, რომ თუ მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდს სალდანია გაუძღვებოდა და ოქროს მედლებს მოიპოვებდა, მისი პოპულარობა ძალიან გაიზრდებოდა. ეს კი კომუნისტთა პოპულარობის გაზრდას ნიშნავდა. სალდანიას წარმატებებმა აველანჟიც დააფიქრა, რადგან ისიც მიხვდა, რომ ჟურნალისტები სალდანიას წარმატებას სათავისოდ გამოიყენებდნენ და მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ათი დღით ადრე, იგი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გულშემატკივრებმა ეს მძიმედ აღიქვეს და კატეგორიულად მოითხოვეს, რომ ახალ მთავარ მწვრთნელს, მარიო ზაგალოს მსოფლიოზე სალდანიას რჩეული გუნდი წაეყვანა – სწორედ ის 22 ფეხბურთელი, რომელიც ჟურნალისტმა 1968 წელს დაასახელა. საბოლოოდ, ასეც მოხდა და 1970 წლის მუნდიალზე ბრაზილიელები მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ და უფრო მეტიც – ეს გუნდი მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე საუკეთესო გუნდად არის აღიარებული. რაც შეეხება სალდანიას, იგი კვლავ სპორტულ ჟურნალისტიკას დაუბრუნდა და 1990 წელს, რომში, მაშინ გარდაიცვალა, როცა მსოფლიოს ჩემპიონატის გასაშუქებლად იყო ჩასული. შარშან „მარაკანას“ სტადიონის შესასვლელთან სალდანიას პატივსაცემად ბრინჯაოს ქანდაკება დადგეს.