კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ხშირია თუ არა პარაზიტული ჭიებით ავადობა და როგორ ამოვიცნოთ ეს პათოლოგიები









პარაზიტული ჭიები ფართოდაა გავრცელებული მთელ მსოფლიოში. მაგალითად, მაღალგანვითარებულ ევროპაში ჰელმინთები პარაზიტობენ ყოველ მესამე ადამიანში. ამ დროისათვის დაახლოებით 300 ტიპის ჭიაა აღწერილი, რომელიც ადამიანის ორგანიზმში პარაზიტობს. ჰელმინთებს თითქმის ყველა ორგანოში შეუძლიათ ცხოველმყოფელობა, ამიტომ, გადავწყვიტეთ, პრობლემის შესახებ გავსაუბრებოდით თერაპევტ თათია მორჩილაძეს.

– ცხოვრების ხარისხის ამაღლების მიუხედავად, სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე ვასკვნით, რომ პარაზიტული დაავადებები ხელახალ გავრცელებას ჰპოვებენ და უფრო სახიფათონი ხდებიან, ვიდრე ადრე. რა განაპირობებს აღნიშნულ მოვლენას?

– ძირითადი მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ თანამედროვე ადამიანის დამცველობითი ძალები ბევრად უფრო სუსტია, ვიდრე მისი წინაპრების, რომლებიც 50 და მეტი წლის წინათ ცხოვრობდნენ. ამგვარად, „ძველი“ პარაზიტების ინვაზიამ თანამედროვე ადამიანებში შეიძლება გამოიწვიოს ბევრად უფრო მძიმე შედეგები, ვიდრე ეს პარაზიტები იწვევდნენ წარსულში. მეორე მიზეზი იმაში იმალება, რომ პარაზიტები იბრძვიან სიცოცხლისთვის და მათი ქმედებები ჩვენი ორგანიზმის წინააღმდეგ ხდება უფრო და უფრო სრულყოფილი და შეთანხმებული. მიკროორგანიზმებს ძალუძთ, შექმნან კოლონიები და თავისი ქმედებების სინქრონიზაცია მოახდინონ გადარჩენისა და შემდგომი გამრავლების მიზნით. ადამიანის პარაზიტებს შორის ყველაზე ნაკლებად შესწავლილია ჰელმინთები, ან, როგორც ხალხში უწოდებენ – ჭიები. ჰელმინთური ინფექციების ეპიდემიოლოგია დღეისათვის საკმაოდ შეიცვალა: აღინიშნება ახალი ჰელმინთური ინფექციების აღმოცენება და გავრცელება, რაც განპირობებულია მიგრაციული პროცესების გაძლიერებით როგორც ქვეყნის ფარგლებს შიგნით, ასევე უცხო ქვეყნიდან; ეკოლოგიური და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუარესებით, კლიმატის შეცვლით და ასე შემდეგ.

– რა არის ჰელმინთები?

– ჰელმინთები პარაზიტული ჭიებია, რომლებიც ცხოვრობენ ადამიანების, ცხოველებისა და მცენარეების ორგანიზმებში და იწვევენ ჰელმინთოზებს. ეს პარაზიტები მიეკუთვნებიან ცხოველთა სამეფოს ოთხ ძირითად ტიპს: ბრტყელი ჭიები, მრგვალი ჭიები, მახვილთავიანი და ბეჭდისებრი ჭიები. ადამიანებში ძირითადად გვხვდება პირველი ორი ტიპი, რომლებიც დაახლოებით 150 სახეობას მოიცავს. აღწერილია 270 სახეობის ჰელმინთი, რომლებიც ადამიანებში პარაზიტობს, თუმცა აქედან მხოლოდ 40 არის ობლიგატური პარაზიტი, დანარჩენები ადამიანს შემთხვევით აზიანებს. დომინირებს აზრი, რომ ჭიები „დაუბანელი ხელების“ დაავადებაა, რომელიც ძირითადად ბავშვთა ასაკში ან უკიდურესი ანტისანიტარიის პირობებში გვხვდება. ხალხს მიაჩნია, რომ ნორმალურ პირობებში ჰელმინთებით ინვაზია თავისით გაივლის, რაიმე მკურნალობის გარეშე. თუმცა, როგორც მეცნიერული კვლევები ამტკიცებს, ამგვარი შეხედულება მცდარია. ჰელმინთური ინფექციები გავრცელებულია მთელ მსოფლიოში, ყველაზე ფართოდ კი ტროპიკული და სუბტროპიკული კლიმატის ქვეყნებში გვხვდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, პლანეტაზე ყოველწლიურად დაახლოებით ყოველი მეორე ადამიანი ავადდება ჰელმინთების სამი ძირითადი ტიპიდან ერთ-ერთით და უვითარდებათ ასკარიდოზი, ანკილოსტომოზი ან ტრიქოცეფალოზი. ჭიებით ინვაზია ხდება კონტაქტური ან კვებისმიერი გზით. კონტაქტური გადაცემის გზა ახასიათებთ ანკილოსტომებს, რომლებიც აზიანებენ სხეულის გარეთა საფარველს; საკვებისმიერი გზით გადაეცემა მაგალითად ასკარიდები, რომლებიც ორგანიზმში ხვდებიან ჭიის კვერცხებით ან ლავრებით, დაბინძურებული წყლით ან საკვებით. უკანასკნელ წლებში ხდება ჰელმინთოზების იშვიათი სახეების დიაგნოსტირება, რაც დაკავშირებულია გაფართოებული კონტაქტით განსხვავებული კლიმატის ქვეყნებთან, სადაც საკვებად ფართოდ გამოიყენება ზღვის პროდუქტები. ჰელმინთოზებს ახასიათებს ენდემიურობა – სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელებულია სხვადასხვა პარაზიტი.

– რომელი ჰელმინთია შედარებით გავრცელებული?

– ჰელმინთებით გამოწვეულ დაავადებათა ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი არის ასკარიდა. ასკარიდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი პარაზიტული ჭიაა და მიეკუთვნება მრგვალი ჭიების ტიპს. 2,5-3 თვის განმავლობაში მდედრი ჭია აღწევს 24-44 სანტიმეტრს. მათ აქვთ კუდის მსგავსი დაბოლოება და ორი დიდი დვრილი სხეულის შიგნითა ზედაპირზე. მდედრი ასკარიდა ადამიანის ნაწლავში ყოველდღიურად 240 000 კვერცხს დებს, რომლეთა აღმოჩენაც განავალში შეიძლება. მამრი ჭიები დაახლოებით 15-25 სანტიმეტრს აღწევენ. კლასიკური წარმოდგენის თანახმად, ინვაზიური ლავრა, მოხვდება რა ნაწლავებში, თავისუფლდება კვერცხებისგან, კბილის მსგავსი წანაზარდების საშუალებით აღწევს ნაწლავის კედელში და შემდეგ ნაწლავების ვენებში. ნაწლავების ვენებიდან ლავრები ხვდებიან კარის ვენაში და მისი საშუალებით _ ღვიძლში. ქვემო ღრუ ვენის საშუალებით ლავრები ხვდებიან გულში და შემდეგ, სისხლის მიმოქცევის მცირე სისტემის საშუალებით – სასუნთქ სისტემაში. ტრაქეიდან ლავრები ხვდებიან პირის ღრუში, რაც ძირითადად ღამით ხდება; ლავრების ნახევარი ნერწყვით გამოიყოფა და ჰაერზე იღუპება, ნახევარი კი გადაიყლაპება და ისევ ნაწლავში ხვდება, სადაც მწიფდებიან. ადამიანში, შეიძლება, პარაზიტობდეს ერთიდან რამდენიმე ასეულ ასკარიდამდე. ადამიანის ორგანიზმში ასკარიდის სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით ერთი წელია. თუმცა, განმეორებადი ინფიცირების შემთხვევაში, ინვაზია შეიძლება წლობით გაგრძელდეს. ლავრების ადამიანის ორგანიზმში მიგრაციის პირველი 5 დღე-ღამის განმავლობაში, ისინი იკვებებიან საკუთარი მარაგის საშუალებით, ხოლო შემდეგ – „მასპინძლის“ სისხლით. ასკარიდების რაოდენობის მიხედვით, მათ შეუძლიათ, ადამიანს დღე-ღამეში 0,5 ლიტრამდე სისხლი „შეუჭამონ“ და შესაბამისი რაოდენობით გამოყონ ცხოველქმედების პროდუქტები. თავიანთი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში ასკარიდები საგრძნობლად იზრდებიან სიგრძეში. ზემოთ აღწერილი მიგრაციული ციკლის განმავლობაში ასკარიდები აღწევენ იმ ქსოვილებში, რომელთაც გაივლიან, აზიანებენ ჯირკვლებსა და სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოებს.

– როგორია ჰელმინთოზების სიმპტომები?

– ჰელმინთოზების სიმპტომები კონკრეტულ გამომწვევზეა დამოკიდებული, თუმცა, შეიძლება ყველა ჰელმინთოზისთვის დამახასიათებელი არასპეციფიკური სიმპტომების გამოყოფა: წონის დაკარგვა, თავბრუსხვევა, გაღიზიანებადობა, საერთო სისუსტე. პარაზიტული ჭიების არსებობისას ნაწლავებში ვითარდება ფაღარათი, გულისრევა, ღებინება; სხვა სისტემების მხრივ, შესაძლოა, განვითარდეს სიყვითლე, ხველა, სურდო. ჰელმინთოზით დაავადებულ ბავშვებში ხშირად აღინიშნება სიმაღლესა და განვითარებაში ჩამორჩენა, მეხსიერების დარღვევები. ჰელმინთები აზიანებენ ერთდროულად მთელ ორგანიზმს, ამიტომ, ამ დაავადებებს პოლიორგანული ხასიათი აქვთ. როგორც წესი, ჰელმინთოზების დიაგნოსტიკა მარტივად ხდება კლინიკური მონაცემებისა და სხვადასხვა ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული ანალიზის საფუძველზე. თუმცა, სიმპტომების არასპეციფიკურობის გამო, ეს დაავადებები ხშირად კლინიკური გამოვლინებებით ემსგავსება სხვადასხვა ინფექციურ და არაინფექციურ დაავადებებს, რაც ართულებს მათ დიაგნოსტიკას, უკვე არსებული დაავადების მიმდინარეობას და ხელს უწყობს დაავადების ქრონიზაციას.

– რაში მდგომარეობს ჰელმინთოზების პროფილაქტიკა და მკურნალობა?

– ჰელმინთოზების პროფილაქტიკა გულისხმობს ხელების დაბანას ჭამის წინ, ხილისა და ბოსტნეულის, საკვებში უმად გამოსაყენებული პროდუქტების საფუძვლიან გარეცხვას, საკვების თერმულ დამუშავებას; არ შეიძლება წყლისა და ნიადაგის ფეკალიებით დაბინძურება; უმჯობესია ადუღებული წყლის მიღება; საკვები უნდა დავიცვათ ბუზებისგან. ჰელმინთოზზე ეჭვის გაჩენისას მიმართეთ ექიმს. ჰელმინთოზების მკურნალობის ძირითადი მეთოდი ფარმაკოლოგიურია – პაციენტი იღებს წამლებს, რომელთა საშუალებითაც ორგანიზმში ჭიებისათვის არახელსაყრელი პირობები იქმნება. როგორც წესი, მკურნალობა გრძელდება ერთი თვიდან ერთ წლამდე.


скачать dle 11.3