უცნაური რამ სახილველი
ქსენოპოტამის ბერს მამა ალოპის ძალიან უყვარდა იესოს ლოცვა. როცა ლოცულობდა, სული მისი ზეციური, აღუწერელი სიხარულით ხარობდა, მაგრამ უცებ უცნაური რამ დაემართა: ლოცვას დაიწყებდა თუ არა, კანკალი უვარდებოდა. ღვთისმსახურებისას, როცა იგი ლოცვას წარმოთქვამდა, მასთან ერთად ტაძარში მყოფნიც ცახცახებდნენ. ხოლო, როცა თავისთვის ლოცულობდა, მისი სენაკი ვეზუვივით ირყეოდა. მრავალმა მოძღვარმა ულოცა ეშმას განდევნის ლოცვა, მაგრამ ამაოდ.
მდგომარეობა ტრაგიკული ხდებოდა, რადგან ბერს უკვე აღარ შეეძლო ლოცვის დატევება, არც სენაკში, არც ტაძარსა თუ სატრაპეზოში. ამიტომ მის გარშემო ყველა და ყველაფერი ირხეოდა.
და აი, ერთხელაც, მამა ალოპი კატუნაკის მონასტერს ეწვია. მამა დანიელმა მასთან საუბარი მოისურვა. „მამა ალოპი, – უთხრა მან, – თუმცა შენი მოძღვარი არ ვარ, მინდა ვიცოდე ყველა დეტალი შენი სულიერი ცხოვრებისა. მინდა, შენგან მოვისმინო აღსარება. მითხარი, პირველად როდის აცახცახდი ლოცვისას?!“
„იმ ღამეს სკვნილზე ვლოცულობდი, – დაიწყო თხრობა მამა ალოპიმ, – სამრეკლოში ვიყავი, მონასტრის ახლოს, ვენახში რომ დგას. უეცრად კარის ურდული გაჯახუნდა. შემეშინდა და ერთიანად ავკანკალდი. ურდული მოძრაობდა, ადი-ჩადიოდა. მერე რამდენჯერმე დააბრახუნეს. კართან მივედი, მაგრამ იქ არავინ დამხვდა. მივხვდი, რომ ეშმაკის ხრიკები იყო, შევეცადე, ხმაურისთვის ყურადღება არ მიმექცია და მელოცა. მაგრამ ბრახაბრუხი უფრო გაძლიერდა და ჯერ კარმა, მერე სამრეკლომაც დაიწყო რყევა. მას აქეთ, შევწყვეტ თუ არა ლოცვას, რყევაც შეწყდება, განვაგრძობ და განახლდება“. მამა დანიელი ჩაფიქრდა. მცირე ხნის შემდეგ კი ჰკითხა: „მამა ალოპი, როცა პირველად გაიგე კარზე ბრახუნი და მიხვდი, რომ ეშმაკისგან იყო, რა იფიქრე, რა გრძნობები მეფობდა შენს სულში?“ მამა ალოპიმ უპასუხა: „ვფიქრობდი – დაე, აკაკუნონ და აბრახუნონ რამდენიც უნდათ, ლოცვაში ხელს ვერ შემიშლიან; განა იგივე არ დაემართა ანტონი დიდს, ვის დარადაც ვმოღვაწეობ? მადლისგან ცახცახებს ახლა ჩემი სხეული თუ ეშმაკის შურისგან, მე მაინც ბოლო ამოსუნთქვამდე ვილოცებ და ეშმაკებს დავამარცხებ-მეთქი.“
მამა დანიელმა ურჩია, სიმდაბლით, სინანულით აღმოეთქვა იესოს ლოცვა და ჭეშმარიტად ეგრძნო, რომ ცოდვილი იყო. იცოდე, შენს სხეულს ეშმაკები აკანკალებენ: თუ ასეთი რამ კიდევ გაგრძელდება, მაცხოვარს სთხოვე ხსნა, მხოლოდ ასე მოიპოვებ ღვთიურ მოწყალებასო, უთხრა.
მამა ალოპი განიკურნა და უფრო მხურვალედ დაიწყო მოღვაწეობა. მოიპოვა ღვთიური მოწყალებაც – ნიჭი ეშმაკეულთა განკურნებისა.