სიბრძნე მინიატურებში
სავსე ქილა
ფილოსოფიის ლექტორმა მთელი აუდიტორიის წინაშე აიღო ხუთლიტრიანი ქილა, დაახლოებით სამსანტიმეტრიანი დიამეტრის მქონე ქვებით გაავსო და სტუდენტებს ჰკითხა, ქილა სავსეა თუ არა? უპასუხეს, – სავსეაო.
ამის შემდეგ მან გახსნა ცერცვის ქილა, დააპირქვავა დიდ ქილაში და შეანჯღრია. ცერცვმა ქვებს შორის დარჩენილი სიცარიელე ამოავსო. პროფესორმა კიდევ ერთხელ ჰკითხა სტუდენტებს, ქილა სავსეა თუ არაო? კვლავ უპასუხეს, – სავსეაო.
მაშინ პროფესორმა აიღო ქვიშით სავსე კოლოფი და ქილაში ჩაყარა, ბუნებრივია, ქვიშამ შეავსო დარჩენილი ადგილი. პროფესორმა კიდევ ერთხელ გაიმეორა იგივე კითხვა, ქილა სავსეა თუ არაო? უპასუხეს, – ახლა კი ერთმნიშვნელოვნად, სავსეაო.
მაშინ ლექტორმა მაგიდის ქვემოდან წყლით სავსე ტოლჩა გამოიღო და ქილაში ჩაცალა. სტუდენტებს გაეცინათ.
– ახლა კი მინდა გაიგოთ, რომ ეს ქილა – თქვენი ცხოვრებაა, ქვები – ის არის, რაც უმნიშვნელოვანესია თქვენს ცხოვრებაში: ოჯახი, ჯანმრთელობა, შვილები, ანუ ყველაფერი, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ რაც უნდა მოხდეს, თქვენი ცხოვრება სავსე იყოს მაშინაც კი, თუ სხვას ყველაფერს დაკარგავთ. ცერცვი ის საგნებია, რომლებიც პირადად თქვენთვის იქცა მნიშვნელოვნად: საქმე, სახლი, მანქანა. ქვიშა კი ცხოვრებისეული წვრილმანია. თავდაპირველად ქილაში თუ ქვიშა ჩაიყრება, ცერცვისა და ქვებისთვის ადგილი აღარ დარჩება. ასევე მოხდება თქვენს ცხოვრებაში, თუ მთელ დროსა და ენერგიას წვრილმანებზე დახარჯავთ, მნიშვნელოვანი რამ გვერდზე დაგრჩებათ. დაიხარჯეთ ისეთი რაღაცეებისთვის, რასაც თქვენთვის ბედნიერება მოაქვს – ეთამაშეთ შვილებს, დაუთმეთ დრო მეუღლეს, შეხვდით მეგობრებს! იმის დრო ყოველთვის გექნებათ, რომ იმუშაოთ, სახლი დაალაგოთ, შეაკეთოთ და გარეცხოთ მანქანა. განსაკუთრებული ყვრადღება მიაქციეთ ქვებს, ანუ თქვენი ცხოვრების მთავარ საკითხებს; განსაზღვრეთ, რა არის მთავარი, პრიორიტეტული. სხვა დანარჩენი ქვიშაა. ამ დროს სტუდენტმა გოგონამ ხელი აიწია და პროფესორს ჰკითხა: წყალს რაღა მნიშვნელობა ენიჭება? პროფესორს გაეღიმა.
– მიხარია, რომ ამის შესახებ მკითხეთ! ქილაში წყალი იმიტომ ჩავასხი, რომ თქვენთვის დამემტკიცებინა, როგორი დაკავებულიც უნდა გქონდეთ ცხოვრება, ყოველთვის მოიძებნება მცირე ადგილი უსაქმურობისთვის.