რისთვის ქმნის ანგელოზებს ირმა ქააძე და რამდენი ნაკეთობაა მის კოლექციაში თავმოყრილი
თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში დგას ასევე ძველი სახლი. რკინის დახვეული კიბეები კი, მხატვარ ირმა ქააძის სახელოსნომდე მიგაცილებთ. ეს სახელოსნო ამავე დროს მხატვრისთვის საცხოვრებლის ფუნქციასაც ასრულებს. ამ „სახლ-სახელოსნოში” ულამაზესი, მრავლისმთქმელი და მაღალი გემოვნებით შესრულებული მარიონეტებისა და სტატიკური ფიგურების კოლექცია ინახება, რომლის ავტორიც თავად ქალბატონი ირმა გახლავთ. დღესდღეობით ამ კოლექციაში ათასამდე, ან კიდევ უფრო მეტი ნამუშევარია თავმოყრილი. თუ რა ინტერესები დევს ამ კოლექციაში, რამდენი წლის წინ დაიწყო ჩვენმა რესპონდენტმა მისი შექმნა და როგორ ათავსებს იგი სასიამოვნოს სასარგებლოსთან, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
ირმა ქააძე: პატარა რომ ვიყავი, მარიონეტებს ვხედავდი სიზმარში, ოღონდ მაშინ არ ვიცოდი, ეს რა იყო. ამ სიზმრებში ყოველთვის მჩუქნიდნენ ორ თოჯინას – ბიჭსა და გოგოს. ცოტა რომ წამოვიზარდე, ეს სიზმარი ასე ავხსენი – რომ გავთხოვდებოდი, ვაჟისა და გოგონას დედა გავხდებოდი. ჩემი ახსნილი სიზმარი მცდარი აღმოჩნდა და ბავშვური ზმანებები პირდაპირი მნიშვნელობით ამიხდა, რითიც ძალიან კმაყოფილი ვარ. დღეს, ჩემს კოლექციაში ბევრი მარიონეტი ინახება.
– ეს მარიონეტები ხელნაკეთია?
– არა მარტო მარიონეტები, არამედ სტატიკური ფიგურებიც ჩემი ხელითაა გაკეთებული, პაპიემაშესა და ფაიფურისაგან.
– როგორ და როდის დაიწყეთ ამ კოლექციაზე მუშაობა?
– არც მახსოვს, ეს ყველაფერი დაიწყო ძალიან ადრე. მიტაცებდა მხატვრობა, ფერწერა, დიზაინი, ძერწვა, ქანდაკება და ვფიქრობ, რომ ჩემს ნაკეთობებში ეს ყველაფერი ერთადაა ჩადებული.
– რა პროფესიის ბრძანდებით?
– პროფესიით მხატვარი ვარ. თავის დროზე ვმუშაობდი რეზო გაბრიაძის თეატრში, ბორჯომის მარიონეტების თეატრში, შემდეგ 4 წლით მიწვეული ვიყავი ბაქოს მარიონეტების თეატრშიც. თეატრალური სარდაფის სპექტაკლებშიც მაქვს ჩემი პატარა წვლილი შეტანილი. ამჟამადაც, ჩემი საქმიანობის ერთგული ვარ, განვაგრძობ ჩემი ფანტაზიის რეალიზებას და საკუთარი კოლექციის შევსებას, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
– დღეისთვის რამდენი ნამუშევრის ავტორი ხართ?
– არ დამითვლია, რამდენი ნამუშევარია ამ კოლექციაში თავმოყრილი, ათასზე ნაკლები არ იქნება, თუ მეტი არა.
– რომელ მათგანს გამოყოფდით და რა ნიშნით?
– გამოვყოფდი აღმოსავლურ თემატიკას და ოჯახის თემას, მეომრებიც ძალიან მიყვარს. საერთოდ, რაც მომწონს, ყველა ნამუშევარი ჩემი კოლექციის ნაწილი ხდება.
– გაყიდვა ან გაჩუქება თუ შეგიძლიათ?
– ნამუშევრების გაყიდვა არ მიყვარს. არასოდეს არ ვქმნი იმიტომ, რომ გავყიდო. თუმცა, ხანდახან მაინც მიწევს არსებობის მიზნით, რაღაც-რაღაცეებთან შელევა. შეიძლება ითქვას, ანგელოზებით ვარსებობ.
– რას გულისხმობთ?
– თავდაპირველად, ანგელოზები გავაკეთე ჩემთვის, მაგრამ არც ერთი არ დამრჩა, ბევრი გავაჩუქე, ბევრიც გაიყიდა. როგორ შეიძლება, უარი უთხრა ანგელოზზე მას, ვისაც მიაჩნია, რომ ანგელოზი საუკეთესო საჩუქარია?!
– რა რეაქცია აქვთ, როდესაც თქვენს ნამუშევრებს ნახულობენ?
– სხვადასხვანაირი, უმრავლესობა აღფრთოვანებულია. თუმცა, ყველა თავისებურად აღიქვამს მათ.
– რა მასალისგან იქმნება ეს ნაკეთობები თქვენი კოლექციისთვის?
– პაპიემაშე, მაქმანი, მავთული, მძივი, ბისერი, ფაიფურის თიხა და კიდევ ათასი წვრილმანი.
– მოსწავლეები თუ გყავთ?
– არა, მოსწავლეები არ მყავს, რადგან არ მიმაჩნია, რომ ამ საქმეში ყველაფერი ამომწურავად, თავიდან ბოლომდე ვიცი.
– რას ნიშნავს თქვენთვის ეს კოლექცია?
– მე ადამიანთა იმ კატეგორიას მივეკუთვნები, სასიამოვნოს სასარგებლოსთან რომ ათავსებს. სხვანაირად თავს ვერ დავაღწევთ იმ გარემოს, რომელშიც ვცხოვრობთ და იმ სირთულეებს, ჩვენს ცხოვრებას რომ ახლავს. ამიტომ, ვცდილობთ, ეს ყოფა მსუბუქი თუ არა, შინაარსიანი და ლამაზი მაინც გავხადოთ.
მუშაობის, ძიების პროცესი ძალიან საინტერესოა და საშუალებას მაძლევს, საკუთარი შესაძლებლობები გამოვავლინო. მომინდა ცხოველის გაკეთება – გავაკეთე, შემდეგ – ბავშვი, შემდეგ კიდევ რაღაცა და ასე ვიხარჯები, თან სასიამოვნოდ.