ჩატარდება თუ არა კიდევ თბილისის მოდის კვირეული და რა იყო მისი სუსტი რგოლი
მართალია, თბილისის მოდის კვირეული რობერტო კავალის ვიდეომიმართვით გაიხსნა, რადგან იგია ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური ფიგურა მოდის სფეროში, მაგრამ დასაწყისშივე, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ქართველი დიზაინერებიდან ძალიან ბევრს, კავალიზე გაცილებით, სადა, ლამაზი და მიმზიდველი კოლექცია ჰქონდა წარმოდგენილი. თუმცა, ფაქტი, რომ ამ დონის პიროვნება არ იშურებს დროს და სიტყვებს ჩვენი დიზაინერების გასამხნევებლად, მაინც სასიამოვნოა. თავიდანვე მინდა, ჩემი ერთი, როგორც რიგითი ჟურნალისტის სურვილი გაგანდოთ – სიამოვნებით ვნახავდი თბილისში სეზონზე მხოლოდ ერთ მოდის კვირეულს, სადაც წარმოდგენილი იქნებოდა ისეთი გემოვნებიანი და დახვეწილი კოლექციები, როგორიც თბილისის მოდის კვირეულზე იყო. მას კი ნახავდნენ ისეთი კომპეტენტური და გავლენიანი ადამიანები მსოფლიო მოდის სამყაროდან, როგორებიც „ჯორჯიან ფეშენ ვიქს” ესწრებოდნენ. ფაქტია, რომ შემფასებლების, ბაიერებისა და ჟურნალისტების თვალსაზრისით, წლევანდელი მოდის კვირეული შედარებით სუსტი იყო. დამსწრე საზოგადოებასაც ოდნავი გადაღლა ეტყობოდათ, საერთო მოდური ისტერიისა და ამდენი ჩვენების გამო, რომელსაც ერთი და იგივე ადამიანები უკვე ოქტომბრიდან ესწრებიან. აღსანიშნავია, რომ თბილისის მოდის კვირეულის ძალიან ბევრ ჩვენებას დაესწო ავთანდილი, რომელიც თავად არ იყო ღონისძიების მონაწილე. არადა, ცნობილია, რომ ის სხვა დიზაინერის ჩვენებას ძალიან იშვიათად, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, ესწრება. როგორც ჩანს, ავთომ სტილი შეიცვალა და არც ობიექტური შეფასებების გაკეთებას ერიდებოდა.
კვირეულის ყოველ დღეს კრიტიკული განწყობით ვიყავი მისული, თუმცა ჩვენებებში გასაკრიტიკებელი ბევრი ვერაფერი ვნახე. იდეალური იყო „გრატო”, სივრცე სადაც ჩვენებები მიმდინარეობდა. უამრავ დიზაინერს საინტერესო, თბილისური კოლექციები ჰქონდა წარმოდგენილი – სამოსი ტენდენციურ ფერებში, რომელსაც აუცილებლად ჩაიცვამენ თბილისში და არც ის მგონია, რომ მაინცდამაინც სეზონს – 2011 წლის გაზაფხულ-ზაფხულს დაელოდონ. კოლექციებში ჭარბობდა თამბაქოსფერისა და კრემისფერის სხვადასხვა გრადაციები, შავი, აქტუალურია წითელი და ლურჯიც. გამორჩეული იყო თემატური ჩვენებები. დათუნა სულიკაშვილმა თემატიკად კათოლიკე მონაზვნის ჩაცმულობა გამოიყენა. მონაზვნის ქუდები, თეთრსაყელოიანი შავი პერანგები და გრძელი ქვედაკაბები, ქრისტიანული მორალის ჩარჩოებს არ სცილდებოდა. დათუნას ჩვენება ჯიჯი რეჯინის ფოტოარტით გაიხსნა. აქტუალურ თემაზე იყო ბიჭოლას კოლექცია. მსოფლიო შიდსის წინააღმდეგ იბრძვის და ეს საკუთარ კოლექციაში ახალგაზრდა დიზაინერმაც აჩვენა. თხელი, „უფერო” კაბები და შიდსი – წარმოდგენილი საოცრად ლამაზი წითელი კაბით, უცნაურ და საინტერესო სანახაობად იქცა მაყურებლის თვალწინ. ნაზი, ქალური, დახვეწილი ხაზებითა და კონსტრუქციებით იყო შექმნილი თამუნა ინგოროყვას კოლექცია. დიზაინერს, რომელსაც უკვე კარგად ჩამოყალიბებული ხელწერა აქვს, წილად ხვდა პატივი, დაეხურა კვირეული. თუმცა, ისევ ტენდენციურ კრემისფერზე მეტად გაზაფხულის სურნელი და ზაფხულის ნოსტალგია „ატელიე 10ა-ს” ჩვენებამ მოიტანა. თეონა თავართქილაძისა და იკა ბობოხიძის მოცისფრო, მომწვანო, მუქი მწვანე და მსგავსი ფერები, საოცრად უხდებოდა მათ ქალურ, რომანტიკულ კოლექციას. მოდელებიც კი მცენარეებსა და ყვავილებს ჰგავდნენ მწვანედ დახატული თვალებით. ყველა დიზაინერის კოლექციის მიმოხილვას უკვე 2011 წლის გაზაფხულიდან უფრო ვრცლად ნახავთ ჩვენს ჟურნალში.
ჩუბიკამ, რომლის კოლექციასაც ასე ელოდა მაყურებელი, სასიამოვნოდ გაგვაოცა ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში მისული საზოგადოება. კარადებში გაკეთებული ინსტალაციების ფონზე, ნიკა მაჩაიძისა და ტუსია ბერიძის მუსიკა, მისტიკურ გარემოს ქმნიდა. ჩუბიკამ, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც შეძლო თბილისი საკუთარ ნიჭზე აელაპარაკებინა და როგორც მხატვარს კიდევ ერთი აღიარება მოეპოვებინა.
ერთი სიტყვით, თბილისის მოდის კვირეული შედგა თავისი სირთულეებით, ახალი სახეების აღმოჩენით, ძველების კიდევ ერთხელ დაფასებითა და შეფასებით. კულისებში იმაზე უფრო საუბრობდნენ, რომ თაკო ჩხეიძესა და მოდის კვირეულის სხვა ორგანიზატორებს, თანხების მოძიება ძალიან უჭირთ, ვინაიდან სპონსორებისთვისაც ძნელია ორ ერთმანეთის მსგავს ღონისძიებაში თანხის ჩადება. იმასაც შიშობდნენ, რომ შესაძლოა, თაკომ მომდევნო სეზონზე, ასეთი მწირი შემოსავლებით, კვირეული ვეღარ ჩაატაროს. მინდა, ეს მხოლოდ შიში იყოს და რეალურად, ასეთი სილამაზე კიდევ მრავალჯერ ვნახოთ.