როგორ შევიმოსოთ ზამთარში
ორი ახალგაზრდა, იდეებით სავსე ადამიანის ერთობლივი ნამუშევარი, რომლებიც ერთნაირად აზროვნებენ, ერთნაირი გემოვნება აქვთ და ერთმანეთს ნახევარი სიტყვითაც უგებენ, ყოველთვის შთამბეჭდავი გამოდის. ლელა ელოშვილისა და თეონა გარდაფხაძის პირველი კოლექცია მარტში გამართულ „ჯორჯიან ფეშენ-ვიქზე“: იყო წარმოდგენილი. ფერადი, ყოველდღიური, მაგრამ განსხვავებული სამოსი ნამდვილად გამოირჩეოდა კვირეულზე წარმოდგენილი საყოველთაო კოლექციებიდან, რომელსაც პირდაპირ ჩვენების შემდეგ მოირგებდი, ჩაიცვამდი, გაივლიდი თბილისის ქუჩებში და ნებისმიერი გამვლელი თვალს გამოგაყოლებდათ. თავზე რომ არ მოგახვიოთ ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულება და სიმპათია „ატელიე ინფორმალის“ მიმართ, გაგაცნობთ ფრანგი ჟურნალისტის, მარჩელო ელ ჯონსის შეფასებას, რომელიც ჩვენებიდან სულ რამდენიმე ხანში გამოჩნდა თავის ინტერნეტ-ჟურნალში „ფეშენ ინსაიდერ“:
„ატელიე ინფორმალმა“ ქალების დიდებული კოლექცია წარმოადგინა. 2010-2011 წლების შემოდგომა-ზამთრის კოლექცია შეიძლება, შეფასდეს ორი სიტყვით – „კარგი გემოვნება“ ან – „ქალური, ცოცხალი, თანამედროვე, მაგრამ არა ზედმეტად გადაპრანჭული!“
მოკლე შავი კაბები, მაღალმხრებიანი ღია ფერის ბლეიზერები და კიდევ ბევრი ახალი იდეა, რომელიც ამ გოგონებმა წარმოადგინეს, საყოველთაო მოწონების ობიექტებად იქცა. თხელი, გრძელსახელოებიანი, სხვადასხვა ფერის ბლუზები თქვენ ყოველდღიურ ჩაცმულობას განსაკუთრებულ იერს მისცემს.
მოდის კრიტიკოსების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ანსამბლმა, რომელშიც წარმოდგენილი იყო ოქროსფერი „ლეგინსები“, რომელზეც მოდელს უცნაურად აჭრილი მოყვითალო-მომწვანო კაბის სტილის პალტო ეცვა, რომელსაც, ისევე, როგორც წარმოდგენილი სამოსის დიდ ნაწილს, მაღალი, სწორკუთხოვანი მხრები ჰქონდა. უნდა აღინიშნოს, რომ მაღალი მხრები უკვე ორი სეზონია, არ ჩამოდის პოდიუმიდან, წამყვანი მოდის სახლებიც კი მის ტენდენციურობას აღიარებენ. მართალია, შემოდგომაზე გამართულ მოდის კვირეულებზე წარმოდგენილ გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებში მხრები ოდნავ მორბილდა, მათ შორის „ატელიე ინფორმალის“ ახალ კოლექციაშიც, მაგრამ მისი აქტუალურობა არ შენელებულა, მიუხედავად იმისა, რომ ჯეკსონის გარდაცვალებიდან საკმაოდ დიდი დრო გავიდა.
უკვე დიდი ხანია, რაც აღნიშნული კოლექცია ქართველი დიზაინერების მაღაზია „ეფლაბორში“ იყიდება, თუმცა, ლელა და თეონა შეკვეთებსაც იღებენ და ნებისმიერ კოსტიუმს მოარგებენ ყველაზე გემოვნებიანი ქალბატონის სხეულს.
რაც შეეხება ფეხსაცმელსა და აქსესუარებს, დიზაინერები აქცენტს კოჭამდე შუზებზე აკეთებენ. ეგრეთ წოდებული „ბატილიონები“ სუპერმოდურია და ძალიან უხდება როგორც „ლეგინსებს“, ისე მუხლამდე კაბასა და კოჭებამდე შარვალსაც კი. ოქტომბერში გამართულ მოდის კვირეულზე დიზაინერებმა გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარმოადგინეს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ამ ჩვენებაზე წარმოდგენილი აქსესუარები ზამთარშიც ხაზს გაუსვამს თქვენს განსაკუთრებულობას და დახვეწილ გემოვნებას. ვერცხლში შესრულებული ნახევრად ძვირფასი ქვები, როგორიცაა აქატი, ამეთვისტო, პირიტი და ქალცედონი, ერთნაირად მოუხდება სხვადასხვა ფერის შალსაც და აბრეშუმის ჰაეროვან პერანგებსაც.