ინტიმური საუბრები
რედაქციაში შემოსული უამრავი
წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.
„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.
ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com
ან მოიტანოთ რედაქციაში
წერილის სახით.
მეშინია, ქმარი არ დავკარგო
მეხუთე კურსზე რომ ვიყავი, შევუყვარდი ბიჭს, რომელიც, არათუ არ მიყვარდა, არამედ, არც კი მომწონდა, მაგრამ არ მომეშვა, – სულ კუდში დამდევდა, ჩემს სამეგობროს დაუახლოვდა და, სადაც არ უნდა წავსულიყავი, ყველგან ის მხვდებოდა. ნამდვილი რომეო იყო – რომანტიკული, გულწრფელი, თავდადებული, სულ ცდილობდა, სიურპრიზები მოეწყო, გავენებივრებინე. მიუხედავად იმისა, რომ გარეგნობით არ ბრწყინავდა, გოგოები მაინც შემომნატროდნენ – ასეთი რაინდები ბუნებაში აღარ არსებობენ და ეს ღვთის წყალობა შეიფერეო. სიმართლე გითხრათ, მისი ყურადღება მსიამოვნებდა და მართობდა, მაგრამ, არანაირი გრძნობა არ გამაჩნდა მის მიმართ. ასეთი გარეგნობის ბიჭები არასდროს მომწონდა. ვერ ვიტყვი, რომ მახინჯი ან უშნო იყო, მაგრამ, მისი ზედმეტად წვრილი და მუხლებში გაღუნული ფეხები, შევარდნილი მკერდი და მუდამ დაუვარცხნელი თმა, საშინლად მაღიზიანებდა. ნოდარს უფრო სიმპათიურიც რომ ყოფილიყო, მაინც ვერ შევიყვარებდი, რადგან სხვა მიყვარდა – ჩემი დაქალის ბიძაშვილი, გოგა, რომელიც ჩემზე ათი წლითაც იყო უფროსი, ცოლგანაშვებიც იყო და, რაც მთავარია, არაფერი იცოდა ჩემი გრძნობების შესახებ. მე კი ვერ ვბედავდი, მეთქვა, რადგან არ ვიცოდი, რა რეაქცია ექნებოდა ამაზე და არ მინდოდა, შეურაცხყოფილი დავრჩენილიყავი. მერე ისე მოხდა, რომ ჩემი დაქალის დაბადების დღეზე გოგა გოგოსთან ერთად მოვიდა, გამოაცხადა, ჩემი საცოლეაო და მეც გამაცნო. თან მკითხა – მოგეწონა თუ არაო. სხვა რა გზა მქონდა, ვუთხარი, მომეწონა-მეთქი. იმ საღამოს დავრწმუნდი, რომ გოგაზე ოცნებასაც კი უნდა დავმშვიდობებოდი და საშინელ დეპრესიაში ჩავვარდი. არ ვიცი, შემთხვევით მოხდა ასე თუ ნოდარმა მომენტი გამოიყენა, იმ პერიოდში განსაკუთრებით გაააქტიურა რეკვები, საჩუქრები, დახვედრები და გადავწყვიტე, ეტყობა, ეს ბიჭია ჩემი ბედი-მეთქი. ამიტომ, ბევრი პრანჭვა აღარ დამიწყია და, როგორც კი მითხრა, ცოლად გამომყევიო, მაშინვე დავთანხმდი. სიმართლე გითხრათ, თვითონაც გაუკვირდა, აღარაფერს ვამბობ, ჩემს დაქალებზე, რომლებიც შოკში ჩავარდნენ, როცა დავურეკე და ვუთხარი, ნოდარზე ვთხოვდები-მეთქი. ყველას ეგონა, რომ, ბოლოს და ბოლოს, მეც გამიჩნდა მის მიმართ გრძნობა, სინამდვილეში კი (ამაში საკუთარ თავსაც მოგვიანებით გამოვუტყდი), გოგას ჯინაზე მოვიქეცი ასე, ჩემი ჭკუით, მას გადავუხადე სამაგიერო.
ქორწილი რასაც ჰქვია, არ გადაგვიხდია. ჯვარი რომ დავიწერეთ და ხელი მოვაწერეთ, სულ ოცკაციანი სუფრა გვქონდა და იმავე საღამოს წავედით საქორწინო მოგზაურობაში. ალბათ, ძნელი წარმოსადგენია, ჩემზე უფრო მოწყენილი და სევდიანი პატარძალი. საწყალი ნოდიკო ტყავიდან ძვრებოდა, აღარ იცოდა, როგორ გავემხიარულებინე. ჩემმა მეჯვარემ ცალკე გამიყვანა და საშინელი დღე მაყარა – ცოტა გონზე მოდი და დააფასე შენი ქმრის სიყვარული, თორემ, იცოდე, ძალიან ინანებ და გვიან იქნებაო. ამ სიტყვებზე ქმრის მიმართ რაღაცნაირი სიბრალული ვიგრძენი და შევეცადე, ცოტა მხიარული იერი მიმეღო.
საქორწინო მოგზაურობის პერიოდში ნოდარმა თავისი ჯენტლმენობის ზენიტს მიაღწია და იმ ორ კვირაში მართლა ბედნიერ ქალად მაქცია. თბილისში რომ დავბრუნდით, ყურებამდე ვიყავი ქმარზე შეყვარებული და ერთმანეთს თვალებში შევციცინებდით. რამდენიმე თვის შემდეგ კი, ქუჩაში შემთხვევით შევხვდი გოგას. რატომღაც არ მესიამოვნა მისი დანახვა, აშკარად ნასვამი იყო და ვიღაც ორ ბიჭთან ერთად იდგა. რომ დამინახა, ისეთი ოვაციით შემხვდა, მთელმა ქუჩამ ჩვენ შემოგვხედა. მიკითხვა-მოკითხვის შემდეგ, სრულიად მოულოდნელად გამომიცხადა, რომ თურმე რამდენიმე წელია, ვუყვარვარ და რადგან ჯერ კიდევ ბავშვი ვეგონე, თქმას ვერ მიბედავდა. ის გოგოც ჩემს გასაღიზიანებლად თუ გამოსაფხიზლებლად მოუყვანია მაშინ ჩემი დაქალის დაბადების დღეზე. „შენ კი ვერ მიმიხვდი და ერთ თვეში ვიღაც ჩმორს გაჰყევიო“, – ზუსტად ასე მითხრა. ნოდარის ასე უდიერად და უზრდელად ხსენება ვერ ვაპატიე და სილა გავაწანი. ეს ისე მოულოდნელად მოხდა, რომ ჯერ გაოგნდა, მერე კი გამექაჩა, თავისი ძმაკაცები რომ არ ყოფილიყვნენ შეიძლება, გაერტყა კიდეც, მაგრამ იმათ გააჩერეს და წაიყვანეს.
სახლში აკანკალებული დავბრუნდი. რა თქმა უნდა, გოგას მიმართ ჩემს ძველ სიყვარულს აღარ გაუღვიძია, პირიქით, თუკი რიმე ნამცეცი მქონდა დარჩენილი ამ გრძნობიდან, მისმა საქციელმა ისიც გააქრო, მაგრამ მთელი უბედურება ისაა, რომ იმ დღის შემდეგ მოსვენებას არ მაძლევს: ჯერ სამსახურში დამირეკა და ბოდიშები მიხადა, რაც მისი მხრიდან ნორმალურ საქციელად ჩავთვალე და მივიღე მისი ბოდიში. მაგრამ, იმ დღიდან აღარ მეშვება – ხან მირეკავს, ხან ქუჩაში მხვდება და, პრაქტიკულად, საყვარლობას მთავაზობს. გული მისკდება, ნოდარმა არ გაიგოს, თორემ, არ ვიცი, რა მოხდება. ჩემს დაქალს დავურეკე და ვთხოვე, შენი ბიძაშვილი მომაშორე, ოჯახს მინგრევს-მეთქი, მაგრამ ვერც ის მოერია. ამხელა კაცს მეტი ჭკუა რომ არ ექნება, რა უნდა ელაპარაკო. აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე. თან, ორსულადაც ვარ და ისე მანერვიულებს, მეშინია, რამე არ დამემართოს. ამ რამდენიმე დღის წინ იძულებული გავხდი, დედაჩემისთვის მეთქვა ყველაფერი. ქალი კინაღამ გადაირია, მაგრამ, შემპირდა, მე მოვაგვარებ მაგ საქმესო. მეგონა, თვითონ მოახერხებდა რამეს, ის კი ადგა და მამაჩემს უამბო, რაც ხდებოდა. ამასაც ხომ მეტი არ უნდოდა, დახვედრია სადარბაზოსთან და ჯერ დალაპარაკებია, მერე კი, ეტყობა, გოგამ რაღაც ისეთი თქვა, რაც მამაჩემს არ მოეწონა და, ისე უცემია, ძლივს გამოუგლეჯიათ ხელიდან. ამ ჩხუბზე გოგას მამა და ძმა ჩამოსულან და მამაჩემს გაექაჩნენ თურმე. მაგრამ, მამას უთქვამს, თქვენს ნაბიჭვარს მიხედეთ და უთხარით, ჩემს შვილს თავი დაანებოს, თორემ მთელ ოჯახს აგაორთქლებთო. ისინიც მიმხვდარან, რომ ეს ჩვეულებრივი ჩხუბი არ ყოფილა, წაუთრევიათ სახლში ეს ნაცემი ვაჟბატონი და იმის მერე გოგას აღარც დაურეკავს და აღარც შემხვედრია. თითქოს ეს პრობლემა ისე მოგვარდა, რომ ქმარმა ვერაფერი გაიგო და ცოტა დავმშვიდდი, მაგრამ მაინც მეშინია – რა ვიცი, იმ არანორმალურს როდის რა მოუფრიკინებს. მეშინია, ჩემი ქმარი რამე შარში არ გახვიოს, ან, სულაც, ქმარი არ დავკარგო.
ეკა, 23 წლის.
ჩემს ყოფილ ქმარს თავისი შვილი არასდროს უნახავს
ათი წლის წინ გავთხოვდი. მანამდე თითქმის მთელი წელი ვხვდებოდით ერთმანეთს. რომ გითხრათ, რომეო და ჯულიეტა ვიყავით-მეთქი, ტყუილი იქნება, მაგრამ, სიმპათიები და რაღაც სიყვარულის მაგვარი ორივეს გვქონდა. რეზო სულ იმას მეუბნებოდა, შენთან თავს მშვიდად და კომფორტულად ვგრძნობ, იმიტომ, რომ პრეტენზიული არ ხარო. თავიდან ვერ ვიგებდი, რას გულისხმობდა პრეტენზიულობაში, მხოლოდ წლების შემდეგ მივხვდი: არასდროს არაფერს ვითხოვდი მისგან – არც საჩუქრებს, არც სიურპრიზებს, არც ზედმეტ ყურადღებას ან სადმე გაყოლ-გამოყოლას, ერთი სიტყვით, არაფრით ვაწუხებდი.
რეზო ჩემზე ათი წლით უფროსია. 19 წლის ვიყავი, რომ გავიცანი და მეორე დღესვე პაემანი დამინიშნა. ხომ გითხარით, მთელი წელი ვხვდებოდით ერთმანეთს და ამ ხნის განმავლობაში ყვავილიც კი არ მოურთმევია ჩემთვის. რამდენჯერმე აქვს ნათქვამი, ვერ ვიტან, კაცები თაიგულებით ხელში რომ დადიანო. მეც შეგუებული ვიყავი ამას, უფრო სწორად, თავიდანვე თავის ჭკუაზე გადამრთო და თითქოს ჰიპნოზი გამიკეთა – რასაც ის ამბობდა და როგორც მექცეოდა, ყველაფერი გამართლებული მეგონა. 19 წლის გოგო ვიყავი და, რა გასაკვირი იყო, მისგან ელემენტარული ყურადღება, თუნდაც დაბადების დღის მოლოცვა ან 8 მარტს სადმე დაპატიჟება გამხარებოდა, ან, თუნდაც, ჩემს რომელიმე მეგობართან წამომყოლოდა რაიმე დღესასწაულზე. მაგრამ, რადგან ეს პატარა სურვილები თავიდანვე ჩამიხშო, მეც მეგონა, რომ ასე იყო საჭირო და შევეგუე ასეთ უცნაურ ურთიერთობას.
არც ქორწილში გაუგიჟებია თავი. კაბაც და ფეხსაცმელიც ჩემმა მშობლებმა მიყიდეს. საქორწინო მოგზაურობაშიც არ უნდოდა წამოსვლა, ხან რას იმიზეზებდა და ხან – რას. მერე აღმოჩნდა, რომ ის ფული, რაც ახლობლებმა და მეგობრებმა ქორწილში აჩუქეს, იმ დღესვე დასჭირვებია მის ძმას და მთლიანად გამოურთმევია (მხოლოდ 200 ლარი დაუტოვა). გული რომ არ დამწყვეტოდა, მამაჩემმა საკმაოდ სოლიდური თანხა მომცა და მითხრა, ეს ფული მთელი თვე გეყოფათ, თუ მთლად ამერიკაში არ მოინდომეთ წასვლაო. თან გამაფრთხილა, ფული რეზოს ჩააბარე, რომ შეურაცხყოფილად არ იგრძნოს თავიო. მინდა გითხრათ, რომ სიამოვნებით გამომართვა და არანაირი შეურაცხყოფა არ უგრძნია. ის კი არა, მამაჩემის მოცემული ფულიდან ერთი ბეჭედიც კი არ უყიდია. ათ დღეში ჩამოვედით – სამსახურს ვეღარ გავაცდენო. მეც ყველაფერი მჯეროდა და ყველაფერში ვემორჩილებოდი. მართლა მეგონა, რომ სამსახურში პრობლემები შეექმნებოდა, მაგრამ ძალიან გვიან მივხვდი, რომ, თურმე, მამაჩემის მოცემული ფულიდან თანხის „მოჟოჟკვა“ უნდოდა. თბილისში რომ დავბრუნდით, ცხოვრება ჩვეულებრივად გაგრძელდა: მე ლექციებზე დავდიოდი, ის – სამსახურში. არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა. თითქოს ყველაფერი ნორმალურად იყო, მაგრამ, ერთ რამეს ვერ ვიგებდი და შინაგანად ვერ ვეგუებოდი (თუმცა არასდროს ხმა არ ამომიღია ამაზე): ყოველ დილით, ინსტიტუტში წასვლის წინ, თვითონ მაძლევდა 1 ლარს, ანუ „მარშრუტკის“ ფულს. არც ერთხელ მეტი არ მოუცია. ორი თვის შემდეგ დავფეხმძიმდი. საკმაოდ მიზეზიანი ორსულობა მქონდა და ძალიან მიჭირდა გადაჭედილი სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა, ამიტომ, ერთხელ ვთხოვე, ან შენ უნდა მატარო მანქანით, ან ტაქსის ფული უნდა მომცე ხოლმე-მეთქი. ისეთი გაოცებით შემომხედა, თითქოს ეიფელის კოშკი ვთხოვე. შენ, რაღაც, თანდათან ემსგავსები შენ ტოლ თავქარიან გოგოებს – ამ ბოლო დროს გატყობ, პრეტენზიები გაწუხებსო. ისე მეწყინა, მთელი ღამე ტირილში გავატარე, ოღონდ, მისთვის არ მიგრძნობინებია. მეორე დღეს დედაჩემს დავურეკე და ასი ლარი ვთხოვე. ნამდვილ მიზეზს ხომ ვერ ვეტყოდი (ქმრის დამცირება და უსიამოვნებები არ მინდოდა), ამიტომ რაღაც სისულელე მოვიგონე. დედამ, რა თქმა უნდა, ულაპარაკოდ მომცა ფული, რომელიც მე დავმალე და თითქმის მთელ თვეს ვიზოგავდი, რომ ტაქსით მევლო ლექციებზე. თან, ეტყობა, ფეხმძიმობის გამო, არანორმალურად მშივდებოდა ხოლმე და იძულებული ვხდებოდი, ბუფეტში რამე მეჭამა. არ ვიცი, დედაჩემი რამეს მიხვდა თუ, უბრალოდ, უნდოდა ჩემთვის ესიამოვნებინა, ყოველთვის, როცა თვითონ მოდიოდა ჩემთან ან მე მივდიოდი მასთან, ჩუმად ჩამიდებდა ხოლმე ჯიბეში ხან 20 ლარს, ხან 50-ს. მამაჩემმა კი, მიუხედავად იმისა, რომ მართლა არ იყო აზრზე, რა ხდებოდა, პრაქტიკულად, ხელფასი დამინიშნა – კვირაში 100-150 ლარს მაძლევდა და მეუბნებოდა, შენს გემოზე დახარჯეო. ერთი სიტყვით, თვის განმავლობაში საკმაოდ სოლიდური თანხა მიგროვდებოდა და ცოტ-ცოტა გადანახვასაც ვახერხებდი. ძალიან მინდოდა, ბაჯაღლოს საქორწინო რგოლი მეყიდა (დედამთილმა ყველაზე დაბალი ხარისხის ოქროს ბეჭედი მომართვა, თან, სულ დაკაწრული და გახეხილი).
საქორწინო მოგზაურობიდან რომ ჩამოვედით, ჩემი მამამთილის ძმაკაცები მოვიდნენ ჩვენს სანახავად, კონვერტით 5 000 დოლარი დაგვიდეს მე და რეზოს და გვითხრეს, ამ თანხით ჩვენს სახელზე რამე სერიოზული იყიდეთ, რაც ყველაზე მეტად გჭირდებათო. წასულები არ იყვნენ, რომ ჩემმა დედამთილმა ის კონვერტი აიღო და თავის ოთახში გაიტანა – ამას მე შეგინახავთ, თორემ, თქვენი (ანუ ჩემი) ამბავი რომ ვიცი, ერთ კვირაში გამოუყვანთ წირვასო. რეზო მაშინვე დაეთანხმა, მამამთილმა იუხერხულა, მაგრამ ვეღარაფერი უთხრა, მე კი ისე გავოგნდი, რომ ხმა ვერ ამოვიღე, თუმცა, მერე გულში გავიფიქრე, ალბათ, ასე ჯობია-მეთქი. მაგრამ, იმ წუთიდან როგორც თქვენ არ გინახავთ ის ფული, ისე – მე. დედამთილი ამბობდა, რეზო მართმევდა ხოლმე და გამოილიაო. მივხვდი, რომ ჩაძიებას აზრი არ ჰქონდა და გავჩუმდი. სამაგიეროდ, ძალიან მალე ჩემი მაზლის ცოლი ახალ მანქანაზე მომჯდარი შემხვდა ქუჩაში. ქმარმა დაბადების დღეზე მიყიდაო – ნიშნის მოგებით მითხრა. თავიდან ეჭვიც კი არ გამჩენია, რამდენიმე თვის შემდეგ კი სრულიად შემთხვევით გაირკვა, რომ ის მანქანა ჩვენი ფულით იყო ნაყიდი. ეს კი ვეღარ მოვითმინე და ჩემს ქმარს ვუთხარი, მე ტაქსის ფულს არ მაძლევ, შენი რძალი კი ჩვენი ფულით ნაყიდი მანქანით დაგრიალებს-მეთქი. ის კი მომიბრუნდა და მითხრა, ის ფული მამაჩემის მეგობრებმა მოიტანეს, ამიტომ, ჩემი იყო და, ვისაც მინდოდა, იმას მივცემდი, შენ საერთოდ რა გესაქმება ჩვენი ოჯახის ფულთანო. ცრემლი წამომივიდა – რა, მე შენი ოჯახი არ ვარ-მეთქი? თუ ამდენი პრეტენზია გექნება, ჩემთან ვერ იქნები და, საერთოდ, ოჯახში არაფერი შემოგაქვს, საჭმელს ჩვენ გაჭმევთ, გადასახადებს არ გახდევინებთ და მადლობის მაგიერიაო? მაშინ მივხვდი, ვისთან მქონია საქმე. იმავე საღამოს ჩავალაგე ჩემი ნივთები, ტაქსი გამოვიძახე და ჩემს მშობლებს შუაღამისას დავადექი თავზე. იძულებული გავხდი, ყველაფერი მომეყოლა. დედაჩემმა ხვეწნა დამიწყო, ფულის გამო ოჯახს ნუ დაანგრევო, მაგრამ მამა დამეთანხმა: შენი ქმარი კაცი არ ყოფილა და ასეთს რაც დროზე მოიშორებ, უკეთესი იქნება. მასთან რომ დარჩე, მთელი ცხოვრება გაწამებული იქნებიო.
მეორე დღეს ჩემი დედამთილი მოვარდა ჩვენთან. ჯერ მეხვეწა, დაბრუნდიო. მამაჩემმა ჰკითხა, რეზო სად არის, ცოლი და ოჯახი თუ უნდა, რატომ თვითონ არ მობრძანდაო. დედამთილი დაიბნა და რაღაცეების მიკიბვ-მოკიბვა დაიწყო, მერე წამოაყრანტალა, ისე ძალიან განიცადა შენი გაქცევა, ბიჭებმა გულის გადასაყოლებლად სათევზაოდ წაიყვანესო. რაღა უნდა გვეთქვა. მამამ უთხრა, მიხარია, რომ ჩემმა შვილმა დროულად მიიღო გადაწყვეტილება და თქვენს საჯიჯგნად არ გაიხადა თავი. დღეიდან ჩვენი არსებობა და მისამართი დაივიწყეთ, თორემ პირადად თქვენს შვილს ბევრს ვანანებო. ისე აგიხდათ ყველაფერი კარგი, როგორც იმათ მამაჩემის სიტყვა შეასრულეს. მართალია, ჩემი მზითევი და იქ დარჩენილი ნივთები სრულიად დამიბრუნეს (თვითონ მოაცუნცულეს), მაგრამ, იმ დღის შემდეგ ისე დაივიწყეს ჩემი გზა და კვალი, რომ აგერ უკვე 9 წლის ხდება ჩემი შვილი და არც ერთს არც ერთხელ არ უნახავს, გარდა ბაბუამისისა, ისიც ჩუმად აკითხავს სკოლაში და შორიდან უყურებს ცრემლიანი თვალებით – ჩვენთან მოსვლა რცხვენია.
ელენე, 30 წლის.