კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა ბალერონი კარლო საკანდელიძე თეატრისა და კინოს ვარსკვლავი და რომელი სცენა აღმოჩნდა მისთვის სასიკვდილო









„ჭინჭრაქა“, „დარისპანის გასაჭირი“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „ბებერი მეზურნეები“, „კავკასიური ცარცის წრე“, „ესპანელი მღვდელი“, „ყვარყვარე თუთაბერი“, „გვადი ბიგვა“, „დაბრუნება“, „ღვთაებრივი კომედია“, „რიჩარდ მესამე“, „დაკარგული ბარათი“, „სიმღერა შევარდენზე“, „ღვინის ქურდები“, „გზა“, „თედო“, „დათა თუთაშხია“... ეს ის ფილმები და სპექტაკლებია, რომლებშიც კარლო საკანდელიძეს აქვს შესრულებული როლები. ამ ადამიანმა, რომელიც ცხოვრებაში თავმდაბლობითა და სიკეთით გამოირჩეოდა და მთელი ცხოვრება მიაჩნდა, რომ ყველაზე „უშნო“ გარეგნობის იყო, პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი როლებით ყველას უსაზღვროდ შეაყვარა თავი. მისი გარეგნობაც და ყველა ის არაჩვეულებრივი მონაცემიც, რაც ჰქონდა, თეატრისთვის და კინოსთვის სახასიათო იყო. კარლო საკანდელიძის ცხოვრების დღიურიც ისეთივე მოკრძალებულია, როგორიც თავად გახლდათ.

ქალბატონი ია (კარლო საკანდელიძის ქალიშვილი): მამა ვანის რაიონის სოფელ ბზვანში, პედაგოგების ოჯახში დაიბადა. მამამისი, რაღაც პერიოდი, მღვდელმსახურიც ყოფილა. ძალიან კარგი და ტკბილი ოჯახი ჰქონდათ, მაგრამ მოულოდნელად თავს უბედურება დაატყდათ. სამი წლის ასაკში, დედა გარდაეცვალა. ორი და ჰყავდა – 17 და 14 წლით უფროსები. მისი აღზრდა მათ ითავეს. თბილისში ჩამოიყვანეს, სადაც ჯერ სწავლობდნენ, მერე მუშაობდნენ. ფაქტობრივად, ბავშვობა თბილისში, ძერჟინსკის ქუჩაზე გაატარა. როგორც ვიცი, არაჩვეულებრივი სამეზობლო ჰყავდათ. ამ ქუჩაზე დღესაც კი ახსოვთ ჩვენი ოჯახი. უფროსი მამიდა არ გათხოვდა, რათა მამაჩემისთვის ყურადღება არ მოეკლო, დედობა გაუწია. მამა ისხენებდა: ვალენტინა იმდენად მკაცრი იყო, რომ მისი სერიოზულად მეშინოდაო. არც გართობა დააკლეს და არც სწავლა-განათლება. დაჰყავდათ ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, მუსიკაზე, პიონერთა სასახლეში დრამწრეზე. სწორედ იქ ჩაისახა მისი თეატრისადმი სიყვარული, სადაც გაიცნო რამაზ ჩხიკვაძე, გურამ საღარაძე... მეგობრობა მათ ცხოვრების ბოლომდე გაჰყვათ. განსაკუთრებული სიყვარულით იხსენებდა თეატრალურ ინსტიტუტში გატარებულ წლებს. თვითონ ამბობდა, რომ ძალიან არ მოსწონდა თავის გარეგნობა და ამას მთელი სიცოცხლე უსვამდა ხაზს. მაგრამ, მე ვფიქრობდი, რომ პირიქით, საკმაოდ ეფექტური და დასამახსოვრებელი სახე ჰქონდა. ამავდროულად, გარშემო ყველა ამჩნევდა მის არაჩვეულებრივ სამსახიობო ნიჭს.

– მამათქვენს ძალიან კარგი მონაცემები ჰქონდა ქორეოგრაფიაში, სიმღერაში. როგორია შვილის თვალით დანახული კარლო საკანდელიძე?

– მას ყველა ის მონაცემი ჰქონდა, რაც ბალეტს სჭირდება. უბრალოდ, ბალეტს არ გაჰყვა. არ მოსწონდა ის გარემო. არჩევნის წინაშე დადგა – თეატრალური თუ ქორეოგრაფია? – თეატრალური აირჩია. 1945 წელს, ჯერ კიდევ მოსწავლე იყო, როცა ჭაბუკიანთან სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა. რასაკვირველია, ეს შემდგომში გამოადგა თავის პროფესიაში, რადგან მსახიობის ოსტატობა, წარმოუდგენელია ამ უნარების გარეშე. ამით დაიმკვიდრა თავი თეატრშიც და კინოშიც. ბუნებით იყო დაჯილდოებული კარგი სმენითა და ლამაზი ხმის ტემბრით. ჩვენს ოჯახში ყველა მღეროდა. აღსანიშნავია, რომ მამას როგორც თავისი, ასევე თავისზე უფროსი თაობის არაჩვეულებრივ მსახიობებთან მოუწია ყოფნა. დიდი პროფესიონალები იდგნენ მის გვერდით – სერგო ზაქარიაძე, აკაკი ვასაძე, აკაკი ხორავა... სწორედ მათ შენიშნეს პირველად ის და მათი რეკომენდაციით მოხვდა თეატრში. თუმცა, ერთი უცნაური შემთხვევა იყო: რუსთაველის თეატრში მიიღეს თუ არა, ჯარში გაიწვიეს. ამაზეც ამბობდა – ძალიან გამომადგა ჩემს პროფესიაშიო. ამ ცხოვრებისეულ გამოცდილებებს კარგად იყენებდა სცენაზე. საერთოდ, მარჯანიშვილის თეატრისკენ უწევდა გული. ფიქრობდა, რომ ის პატარა სცენა უფრო შეეფერებოდა, მაგრამ უთხრეს, შენ უფრო რუსთაველის თეატრის მსახიობი ხარო. სიცოცხლის ბოლომდე ამ თეატრის ერთგული დარჩა, რომლის სცენაზეც ბევრი საინტერესო სახე შექმნა.

– მიუხედავად იმისა, რომ ბატონი კარლოს მიერ განსახიერებული როლები მაყურებლისთვის ერთნაირად საინტერესოა, „მაგდანას ლურჯაში“ ნათამაშები – მენახშირე ბიჭის როლი დღემდე ყველასთვის გამორჩეულია. აღსანიშნავია ისიც, რომ ფილმში თავად მღერის. რას გვიამბობთ ამ ფილმზე?



– „მაგდანას ლურჯა“ მამას პირველი ფილმია და ძალიან ბედნიერი იყო, რომ მას შემდეგ ყოველთვის ეძახდნენ კინოში. საერთოდ, ჰქონდა როგორც პატარა, ისე მთავარი როლები. კინოსტუდიაში თითქმის ყოველდღე დადიოდა. სნაიპერებს ეძახდნენ მას და მის მეგობრებს, იმიტომ რომ არაჩვეულებრივად სწრაფად და მთელი სიზუსტით ახმოვანებდნენ ფილმებს. იქნებოდა ეს მხატვრული თუ ანიმაციური. „მაგდანას ლურჯა“ რომ გადაიღეს, იმ წელიწადს გავჩნდი. ცოტა რომ წამოვიზარდე და ფილმს ვუყურებდი, საშინლად მაღიზიანებდა ერთი სცენა, სადაც კაკო კვანტალიანი მამას ხან თავში წამოარტყამს, ხან პანჩურს ამოარტყამს, ხანაც მუჯლუგუნებს წაჰკრავს. ამას ძალიან განვიცდიდი. მერე მამამ გამაცნო კვანტალიანი და როგორც მიყვებოდნენ, თურმე ძალიან გავუბრაზდი – მამას რატომ ურტყამ-მეთქი.

„თედოს“ გადაღების დროს სიმაღლიდან ხტებოდა. ქვემოთ დაჭიმული ბადე ეჭირათ, ყოველი შემთხვევისთვის. მაგრამ, რომ ხტებოდა, ისე გაერთნენ მის ყურებაში, რომ დამიზნება სულ დაავიწყდათ და ბადეს აცდა. ეს ფილმი ერთ მოხუც ქართლელ კაცზეა, რომელიც კრივის გულშემატკივარია. სულ ეჩვენება, რომ მსაჯი არ არის ობიექტური, არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს და ედავება. საავადმყოფოში დააწვენენ რაღაც ჩივილების გამო, იქიდან გამოიპარება, რათა კიდევ ერთხელ დაესწროს სანახაობას. სახურავზე ადის და იქიდან დაიყვირებს – არ ხართ სწორი! რასაკვირველია, ეს არ უნდა ყოფილიყო სასიკვდილო სცენა. ასე არ იყო ჩაფიქრებული. ხუთი მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა და ხერხემალი დაიზიანა. მერე იმკურნალა და ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა.

– როგორია ბატონი კარლოს და დედათქვენის შეუღლების ისტორია, როგორი ადამიანი იყო ის ცხოვრებაში?

– პირველად, როცა დაქორწინდა ოცდაცხრა წლის იყო. ერთმანეთი საერთო მეგობრის ოჯახში გაიცნეს. მერე მე და ჩემი ძმა – კახაბერი გავჩნდით. სათუთი და მგრძნობიარე მამა იყო. ყოველ შაბათ-კვირას დავყავდით თეატრში. შაბათ-კვირას, ფაქტობრივად, მამას გვერდით ვატარებდით, რათა დედას სახლის საქმეებისთვის მიეხედა. დედა – ჟორჟეტა კობახიძე ფრანგული ენის სპეციალისტი იყო და სკოლაში მუშაობდა. უცნაური, ფრანგული ელფერის სახელი ჰქონდა, რადგან პარიზში დაიბადა. ემიგრანტების ოჯახი იყო, რომელიც შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. მამას ხშირად მოჰყავდა თავისი მეგობრები და ჩვენი სახლიდან სულ სიმღერისა და მხიარულების ხმა ისმოდა. ერთ დღესაც დედა დაავადდა და გარდაიცვალა. ერთად სულ ოცდახუთი წელი იცხოვრეს. დედას მერე მამა ღმერთმა ასეთივე კარგი ადამიანით დააჯილდოვა. ცხოვრების ბოლომდე კარგი მეგობარი შეიძინა – ლამარა. ამ ქალბატონმა დიდი ამაგი დასდო. ისეთ ასაკში მოუწიათ ერთად ყოფნა, როცა მამა ავადმყოფობდა. მამას მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოედგინა.

ახლობელი ადამიანების დაკარგვა იყო მისი ყველაზე დიდი ტკივილი – დედა, მამა, დები, დისშვილები. თეატრიდანაც ბევრი მისი საყვარელი კოლეგა წავიდა. სხვა რა გითხრათ. შეიძლება, მსახიობს რაღაც როლის თამაში უნდოდეს და ვერ ითამაშოს. მას არ ჰქონდა ისეთი საოცნებო როლი, რომელიც არ მისცეს. ყველას ერთნაირად კარგად თამაშობდა. გული მხოლოდ იმაზე წყდებოდა, რომ „მოხუც ჯამბაზებზე“ რეპეტიციებზე იარა, მზად იყო და ბოლოს უარი თქვა. თავს ვერ გრძნობდა კარგად. სპექტაკლის დროს რამე არ დამავიწყდეს, ან ცუდად არ გავხდე და ჩემი პარტნიორები უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავაგდო, სპექტაკლი არ გავაფუჭოო. არ გარისკა, თუმცა პრემიერას დაესწრო. მართალია, ამბობდა, რად მინდაო, მაგრამ ძალიან ბედნიერი იყო, ოთხმოცი წლის იუბილეზე ვარსკვლავი რომ გაუხსნეს, მიუხედავად იმისა, რომ მაშინაც ცუდად გრძნობდა თავს, ლაპარაკი არ უყვარდა, სულ თავის მოგონებებში იყო. ბოლო ხანებშიც ცოტას ლაპარაკობდა.

– თქვენზეც გვიამბეთ ცოტა რამ.

– თეატრშიც ვმუშაობ და ტელევიზიაშიც, საპატრიარქოს არხზე. კონსერვატორია მაქვს დამთავრებული. ჩემმა ძმამ უნივერსიტეტი, უცხოეთის ქვეყნების ეკონომიკური გეოგრაფიის ფაკულტეტი დაამთავრა. ერთი პერიოდი, მეც მინდოდა მსახიობობა, სკოლას რომ ვამთავრებდი, მაგრამ მამაჩემი არ დაეთანხმა ჩემს არჩევანს და სწორიც იყო. ეტყობა, დამჯერი შვილი ვიყავი და არ ჩავაბარე.


скачать dle 11.3