რისი გადატანა მოუწია ზურაბ ჟვანიას უფროს შვილს ამერიკაში და რით გააოცეს ის კანელებმა
ზურაბ ჟვანიას შვილები – ლიზა, ბუსა და ანჩო ერთი თვეა, წყნეთიდან თბილისში გადმოვიდნენ და ცხოვრების ახალი რეჟიმი ძალიან მოსწონთ. უფროსი ჟვანიები, მთლიანად სწავლაზე არიან გადართულები. არც ზაფხული დაუკარგავთ უქმად და ევროპის საზაფხულო სკოლებში გაატარეს არდადეგები. ნაბოლარა – ანჩო ჟვანია თოჯინებით აღარ თამაშობს, მაგრამ უფროსი და-ძმის კონტროლს და ოჯახის უფროსობისთვის „ბრძოლას“ მშვიდად უყურებს. ფარულ ტალანტებს თავადაც ფლობს, მაგრამ ჯერ არ ამჟღავნებს – ჯერ უფროსების ჯერია. სამი შვილის გაზრდას, გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის მეუღლე თავს მარჯვედ ართმევს – ქალბატონი ნინო ქადაგიძე ბიზნესსაც უძღვება, საქველმოქმედო საქმიანობასაც განაგრძობს და ყველაზე მეტად, შვილებთან გატარებული წუთებით ტკბება.
– ანა, ლიზა, როგორ ხართ, როგორ ცხოვრობთ?
ლიზა: მეც, ანაც და ბუსაც დავდივართ სკოლაში. მე გამოცდებისთვის ვემზადები. მინდა, ამერიკულ უნივერსიტეტში მოვხვდე. ძალიან მიხარია, წყნეთიდან თბილისში რომ გადმოვედით საცხოვრებლად. ასე უფრო მოხერხებულად ვართ. წასვლა-წამოსვლაში მეცადინეობას ვეღარ ვასწრებდი, თან თბილისში ცხოვრებაც მონატრებული მქონდა.
ნინო ქადაგიძე: ჩვეულებრივად მიდის ჩვენი ცხოვრება. ვუვლით წიგნების მაღაზია-კაფეებს, ჩვენი ქსელი გაფართოვდა, ერთი მაღაზია-კაფე გვაქვს ბათუმში, ხუთი კი – თბილისში. საკმაოდ საინტერესო და აზარტული საქმეა ბიზნესი, შემოქმედებით მიდგომას მოითხოვს. ჩვენ ნამდვილად ასე ვუდგებით ამ საკითხს. შესაძლოა, ეს მიდგომა შემოსავლების თვალსაზრისით ძალიან მომგებიანი არ არის, მაგრამ თვითონ საქმიანობა ძალიან საინტერესოა.
– ალბათ, უკვე გაიწაფეთ იმ უნარ-ჩვევებში, რაც ბიზნესის გაძღოლას სჭირდება.
– ეს იყო პირველი ბიზნესსაქმიანობა ჩემს ცხოვრებაში. ბიზნესს სჭირდება თანმიმდევრულობა, ორგანიზებულობა და თავისუფალი აზროვნების უნარი. ბიზნესს აზარტს ის მატებს, რომ შენი კარგად მუშაობა თანხებში აისახება. საბოლოოდ, ეს არის აზარტული თამაში, რომელსაც ძალიან დიდი რისკები ახლავს, რაც მუდმივ სტრესში გამყოფებს. ამას ვერც მე გადავურჩი (იცინის).
ამ ბიზნესის გარდა, კვლავ განვაგრძობთ საქველმოქმედო პროექტს, ათ წელიწადზე მეტია, ვმუშაობთ შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებთან. ეს პროექტიც ძალიან საინტერესოა, თუმცა ბოლო პერიოდში ცოტა ფორმა იცვალა. თუ ადრე საქმიანობა დავიწყეთ იმით, რომ კასპის ბავშვთა სახლიდან უნდა გადაგვერჩინა ბავშვები და დავიწყეთ იმ მომსახურებათა განვითარება, რაც ამ ბავშვებს სჭირდებოდათ, ახლა უკვე ვმუშაობთ 30 ბავშვთან. გვაქვს დღის ცენტრი, მაგრამ თითქმის მთელ საქართველოში ვატარებთ ტრენინგებს, სხვადასხვა დაწესებულებების თანამშრომლებს ვასწავლით, თუ როგორ უნდა იმუშაონ უნარშეზღუდულ ბავშვებთან. საქმე საკმაოდ ბევრი მაქვს და თავისუფალი დრო ცოტა მრჩება. ვფიქრობ, რომ თუ ადამიანს უნდა, რომ თავი კარგად იგრძნოს, მას არ უნდა ჰქონდეს თავისუფალი დრო. ეს როგორ გამოუვა, უკვე სხვა საკითხია. ჩემი ცხოვრების ყველაზე სასიამოვნო ნაწილი მაინც ჩემს შვილებთან ურთიერთობაა. მათ არანაკლები მუშაობა სჭირდებათ.
– სამი შვილის აღზრდა არაა იოლი.
– კი, მაგრამ ორი ბებია გვყავს, რომლებიც სწავლაში გვეხმარებიან. ჯერ კიდევ გვყავს დაცვა, რომელიც, რომ არ ყოფილიყო, ალბათ, ვერ მოვახერხებდი სამი ბავშვის წაყვანა-წამოყვანას ერთი გაკვეთილიდან მეორეზე. ამ მხრივ ბავშვები დაცვას ჰყავს ჩაბარებული. თუმცა, შვილებზე სასიამოვნო ჩემს ცხოვრებაში არაფერი არ ხდება. ეს არის ყველაზე ნათელი, რაც ვიცი, რომ არ იქნება მუდმივი – ბავშვები გაიზრდებიან, სასწავლებლად წავლენ, თავის გზას მონახავენ. ამიტომ, ვცდილობ, მათთან გატარებული ყოველი წუთით დავტკბე.
– ბავშვებო, დედა მკაცრია?
ანა: მე რადგან პატარა ვარ, ჩემთან მკაცრი არაა.
ლიზა: დედა საკმაოდ მკაცრია, თუმცა ხანდახან სიურპრიზებსაც გვიწყობს. ძალიან ბევრს მოითხოვს ჩვენგან. საშუალო დონეზე ყოფნა არ აკმაყოფილებს. ეს მარტო სწავლას არ ეხება, დედას უნდა, რომ თუ რაღაცას აკეთებ, გააკეთო ძალიან კარგად. ასე, კონკრეტულად, არ გვეუბნება, რა, როგორ უნდა გავაკეთოთ, მაგრამ თვითონ ისეთ მაგალითს გვაძლევს, რომ მერე ჩვენ ვაკეთებთ დასკვნებს, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ.
– ქალბატონო ნინო, თვისებებით მამას ყველაზე მეტად რომელი ჰგავს?
ნინო: სამივე ჰგავს სხვადასხვა თვისებით. ლიზა მამას ჰგავს შინაგანი მორალით. თავის ასაკთან შედარებით, ზურასნაირად ჩამოყალიბებული, სოციალურად ორიენტირებული ხასიათი აქვს, უყვარს სხვებზე ზრუნვა. ზურაც ასეთი იყო, არასდროს მიაყენებდა ტკივილს სხვა ადამიანს. მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, რთული უნდა ყოფილიყო, მაგრამ ზურას სულ შეეძლო ეფიქრა სხვაზე, ეზრუნა მასზე, რომ თავი დაჩაგრულად არ ეგრძნო. ლიზასაც მამის მსგავსად უყვარს ადამიანები, თან ძალიან მიზანდასახულია. ზურას იუმორი ყველაზე მეტად ანჩოს აქვს, მსახიობური მონაცემებით გამოირჩევა, ფარული ტალანტები აქვს – ერთს შემოგხედავს და ისეთს ჩაიქირქილებს (იცინის). ჟესტიკულაციითაც კი ზურას ჰგავს. ხელით ისეთ მოძრაობებს აკეთებს, როგორსაც ზურა აკეთებდა.
ლიზა: როგორც რემა ბებია ამბობს, ზურას სულით ბუსა ჰგავს. ძალიან ყურადღებიანია, განსაკუთრებით ანჩოზე ზრუნავს და იცავს. ცოტა ცელქი კი არის, მაგრამ ბიჭი ასეთიც უნდა იყოს.
– ოჯახის უფროსის როლის მორგებას ხომ არ ცდილობს?
– ცდილობს, მაგრამ არ გამოსდის, მე მასზე უფროსი ვარ (იცინის).
ნინო: ბუსა ზურას იმით ჰგავს, რომ შინაგანად ძალიან ექსტრემალია. როცა ბუსა პატარა იყო, ეზოში რკინის დიდი საქანელა გვქონდა. ამ საქანელას რომ გააქანებდა, ყველაზე დიდი სიმაღლიდან ხტებოდა ხოლმე. ერთხელ ვკითხე: ამას რატომ აკეთებ-მეთქი და მიპასუხა: ეს მსიამოვნებსო. მაშინ მივხვდი, სპორტის ისეთი სახეობა უნდა შეგვერჩია, რომ ბუსას ძალისხმევა სწორად დახარჯულიყო. ამიტომაც წყალში ხტომაზე მივიყვანეთ. თხილამურებით სრიალის დროს, არასდროს უხვევს, მთელი სიჩქარით წინ მიჰქრის. ზურა არ იყო ასე სპორტულად ექსტრემალი, თუმცა ექსტრემალური ხასიათი ნამდვილად ჰქონდა. ამ თვისებიდან გამომდინარე, ბუსას შევთავაზე: ექიმობაზე ხომ არ იფიქრებდი-მეთქი? ჩემი აზრით, ქირურგია მედიცინის ყველაზე ექსტრემალური დარგია, ბუსას მოეწონა ეს აზრი. წელს ერთი კვირა ქუთაისში იყო. დილით ცხრის ნახევარზე დგებოდა და საავადმყოფოში მიდიოდა. მამაჩემის მეგობარი მუშაობს იქ, მთავარი ქირურგია და რამდენჯერმე ბუსა საოპერაციოშიც შეიყვანა. როგორც ჩანს, მოსწონს მას ეს ყველაფერი.
ლიზა: ბუსა სალტოებს სახლშიც აკეთებს. ო, თან როგორს, ძალაზე მოვიდა. (იცინის). პატარა ველოსიპედი აქვს და ხანდახან სკოლაშიც ველოსიპედით მიდის.
ნინო: თუ დილით გაღვიძებისას ვუთხარით, ბუსა, გაიღვიძე, სკოლაში წასვლის დროაო, ბუსა ნელა იღვიძებს. თუ ვუთხარით – ბუსა, აბა, მოახტი ველოსიპედსო, უნდა ნახოთ, რა ტემპით დგება.
– გოგონებს აკონტროლებს?
– ცდილობს, თუმცა ჩვენი ყველაზე დიდი კონტროლი არის ლიზა. მეც კი მაკონტროლებს, სულ დიეტის დაცვას მთხოვს.
– ბავშვებო, დედასთან ხშირად მიდიხართ კაფეში?
ლიზა: მე კი, იქაურობა ისე მომწონს, დედას კაფე რომ არ იყოს, მაინც ვივლიდი.
ანა: მე სულ სახლში ვარ. აქ, ჩემთვის ვთამაშობ კომპიუტერში, წიგნებსაც ვკითხულობ. იშვიათად დედას თეატრში მივყავარ, „მაკდონალდსშიც“.
ნინო: ვცდილობ ხოლმე, რომ კლასიკური მუსიკის კონცერტზე წავიყვანო, მაგრამ არ მომყვება. წელს ბუსა ლონდონში იყო, საზაფხულო სკოლაში. მე და ანჩოც ჩავედით ლონდონში ათი დღით. კლასიკური მუსიკის კონცერტზე წავიყვანე, ანჩომ გმირულად გადაიტანა ის კონცერტი. დირიჟორი ჩემი მეგობარია, კონცერტის მერე მინდოდა, მივსულიყავი და მიმელოცა, მაგრამ ანჩომ ძალიან გააპროტესტა. პატარა ბინა ვიქირავეთ. ჩვენთვის ეს მოხერხებული იყო, რადგან სასტუმროსთან შედარებით ნაქირავებ ბინაში ცხოვრება იაფია. ვცხოვრობდით მუზეუმების ტერიტორიაზე და სახლიდან რომ გამოვდიოდით, შორს წასვლა არ გვჭირდებოდა – პირდაპირ მუზეუმში ვიყავით. მაგრამ, ბავშვებს ყველაზე მეტად მაინც ატრაქციონები მოეწონათ. ერთხელ მოვახერხეთ და წავედით ატრაქციონებზე.
ანა: საათ-ნახევარი ვიდექით რიგში, მაგრამ ისე მინდოდა, რომ გავუძელი.
– ლიზა რატომ არ წაიყვანეთ ლონდონში?
ლიზა: მე კანში ვიყავი საზაფხულო სკოლაში, ძალიან კარგი იყო. სამი ქართველი ვიყავით სკოლაში და კარგი დრო გავატარეთ. ძალიან პატარა ქალაქია კანი, ზუსტად იმ დროს ჯაზ-ფესტივალი იყო. საქართველოში სულ სხვანაირად არის. იქ კი ხალხი კონცერტზე შლოპანცებით მიდიოდა. ძალიან გაოცებული დავრჩი ამით. ადრე ამერიკაშიც ვიყავი ერთი კვირა. მაშინ ძალიან გამიჭირდა, ქართულად რომ არავინ მელაპარაკებოდა, რთულად გადავიტანე ის პერიოდი. კანში მეგობრებიც რომ იყვნენ ჩემთან ერთად, ძალიან კარგი იყო.
ნინო: ლიზა დიდი და ჭკვიანი გოგოა, შეიძლება მისი მარტო გაშვება.
– ლიზა, როცა გაიზრდები დედის ბიზნესში ხომ არ აპირებ ჩართვას?
ნინო: ლიზას შესაძლებლობების პატრონი, იმედი მაქვს, რომ უფრო მასშტაბურ ბიზნესს წამოიწყებს.
– ლიზა, მოგწონს პოპულარული ოჯახის შვილი რომ ხარ?
ლიზა: იმ წრეში, რომელშიც მე ვტრიალებ, ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ჩემთვისაა ძალიან ღირებული, ის, რომ განსხვავებული მშობლები მყავს. მე ვიცი, ძალიან რთულია, პოლიტიკაში რაღაც კარგი გააკეთო, მაგრამ მამამ ეს შეძლო. მე ძალიან მეამაყება, რომ მამა ყველაზე წინ თავის ქვეყანას აყენებდა.
– მამას ყველაზე მეტად რა გახსენებს?
– როცა დიღომში ვართ, იქ ყველაზე მეტად ვგრძნობ, რომ მამა ჩვენი ცოცხალი ნაწილია. მამას ძალიან უყვარდა ის სახლი, შესაბამისად, იქ ყველაფერი მას გვახსენებს.
ნინო: ჩვენს ოჯახში ყოველი დღე მამის დღეა, ზუსტად დღეს დილით ვუთხარი ანჩოს: ხომ გრძნობ, რომ ზურა სულ ჩვენთან ერთად არის-მეთქი. თუმცა, ანჩო პატარა იყო და მამასთან დაკავშირებით ბევრი რამ არ ახსოვს. შინაგანად გრძნობენ, რომ ზურა მათი ნაწილია. ხანდახან, როცა ტელევიზორს ვუყურებთ, ვეუბნები ხოლმე ბავშვებს: ზურა ამას არასდროს გააკეთებდა. თვითონაც გაიზარდნენ და ხვდებიან. თუმცა, ყველაზე საინტერესო მაინც ბუსას დამოკიდებულებაა მამისადმი, სულ თუხთუხებს და განცდებშია, ასაკი ჯერ არ უწყობს ხელს, მაგრამ უკვე კაცია. ამით ყველაზე მეტად ვგრძნობ მის კავშირს ზურასთან.