როგორ აქცია „შანელმა“ უსახლკარო გოგონა ნამდვილ ლედად
ძალიან დიდი ხნის წინ, კოკო შანელის მიერ დაარსებული მოდის სახლი, მსოფლიოს მაღალი მოდის სამყაროში დღესაც ყველაზე მსხვილ და გავლენიან სახლად მიიჩნევა. მისი ოტ-კუტიური – ყველასგან გამორჩეულია, მისი შიკი და გლამური ყველასთვის სასურველი. „შანელის“ ძალიან მდიდრული და ძვირად ღირებული ნივთები იმდენად პოპულარულია, რომ მსოფლიოში ყველაზე ცნობად ლეიბლად ჩამოყალიბდა. ჟურნალ „ფორბსის“ მიხედვით, „შანელის“ მოდის სახლს ძმები ალან და ჟერარდ ვეიტერმანები ფლობენ. ისინი კოკო შანელის პირველი პარტნიორის – პიერ ვეიტერმანის შვილიშვილები არიან. „შანელის“ სახე მსოფლიოს უამრავი ცნობილი ქალბატონი ყოფილა – კატრინ დენევი, ნიკოლ ქიდმანი, ოდრი ტატუ, მერლინ მონრო – ყველა მათგანი სხვადასხვა დროს სუნამო „შანელ ¹5-ს“ უწევდნენ რეკლამირებას.
სეზონზე, როდესაც პალტოები, სქელი პიჯაკები და ქურთუკები კარადის წინა, ან, უფრო იოლად ხელმისაწვდომ ადგილებზე გადმოდის, „შანელმა“ მოდით „მოწამლული“, მომხიბვლელი და ძალიან ქალური კოლექცია წარმოადგინა. კარლ ლაგერფელდმა, რომელიც ამჟამად „შანელის“ სახლის კრეატიული დირექტორია, წარმოადგინა სამოსი, რომელშიც ყველა ქალი თავს არაჩვეულებრივად იგრძნობს: თეთრი, ნაზი სუპერქალური საყელო მეცხრამეტე საუკუნის სტილში, ჟაბოებიანი სახელოები, შიფონის კამელიები, ფრანგული „აბორკები“... კარლ ლაგერფელდმა კერვის მართლაც უმაღლესი ხელოვნება აჩვენა. ულამაზესი თეთრი ელემენტებით გაწყობილი შავი სამოსი საოცრად დახვეწილ სილუეტს ქმნიდა. კარლ ლაგერფელდმა შეძლო, ძალიან ჭკვიანურად დაებალანსებინა ქალური და თინეიჯერულ-ახალგაზრდული სული. ამ თეორიის განსამტკიცებლად ისიც კმარა, რომ „შანელის“ ჩვენება სუპერმოდელმა კარენ ელსონმა გახსნა, რომლის წითური თმა ერთგვარი ციმციმასავით ჩანდა შავ-თეთრ კოლექციაში. პოდიუმზე ის იყო 30 წელს მიტანებული ულამაზესი, არაჩვეულებრივად ჩაცმული ქალბატონი და არა ვიღაც უსახლკარო, „ჩამოძონძილი“ გოგონა, როგორსაც ძირითადად ხედავენ ხოლმე კარენს.
კარლ ლაგერფელდმა კოლექციას „ბელ ბრუმელი“ დაარქვა, რითაც მან მსუბუქი მინიშნება გააკეთდა ინგლისელ დენდიზე, რომელიც ძალიან უცნაურ მამაკაცურ მოდას ქმნიდა. სიტყვების, თემებისა და ფერების თამაშმა „შანელს“ საშუალება მისცა, რომ ეს ძალიან კლასიკური, შავ-თეთრ ფერებში გადაწყვეტილი ჩვენება, რომლის ყველაზე გამორჩეული დეტალი ჟაბოიანი პერანგი იყო, მაინც მრავალფეროვანი გამოსულიყო. მაგრამ, აბა, ვის წარმოუდგენია კარლ ლაგერფელდი თავისი ცნობილი ტყავის შარვლის გარეშე?! ამ სეზონზე დიზაინერმა მისი საყვარელი ტყავის შარვლები პოდიუმზეც გადმოიტანა და ქალბატონებს ჩააცვა. ძალიან რომ მოგენდომებინა და ტყავის შარვლები ლითონის დეტალებითა და ჯაჭვებით გაგეფორმებინა, მათ როკერის შარვლის იარლიყს ვერ მიაკერებდი. „შანელის“ ტყავის შარვალი მაინც ძალიან ქალურია და არაჩვეულებრივად ეხამება თხელ პერანგს.
ასეთი კონტრასტული ფერებიდან და ხასიათიდან, ძალიან მოულოდნელი იყო საბავშვო ვარდისფერსა და ბაც მწვანეში გადასვლა. მსგავსი ფერებით, ხელოვნური ბეწვის ქუდებითა და ქალური ფეხსაცმელებით, კარლ ლაგერფელდმა ძალიან თბილი და საშემოდგომო განწყობა შექმნა პოდიუმზე.
მიუხედავად იმისა, რომ „მოდური“ პრესა ძალიან კმაყოფილი არ იყო ამ ჩვენებით და წერდა, რომ „შანელისგან“ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო კოლექციები და, ზოგადად, ეპოქები ახსოვთ, ფაქტი ერთია: ეს სამოსი აუცილებლად გამოგადგებათ ამ შემოდგომაზე.
ანა სარალიძე