პლანეტის ყველაზე ცნობილი პრეზიდენტებისა და
პრემიერ-მინისტრების ყველაზე ცნობილი საყვარლები
მათ შესახებ ყველაზე მეტს ლაპარაკობენ, მიუხედავად იმისა, რომ მათ არანაირი ოფიციალური სტატუსი არ ჰქონიათ. ისინი არც პოლიტიკურად აქტიური ფიგურები არიან და არც რაიმე თანამდებობა აქვთ, თუმცა მრავალი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება მათი უშუალო ჩარევით ხორციელდებოდა. ისინი პლანეტის ყველაზე საიდუმლო მასალების შესახებ ფლობდნენ ინფორმაციას და იმავდროულად ამ ინფორმაციის ნაწილი თავადვე იყვნენ. ისინი ყველაზე ცნობილი სახელმწიფო მმართველთა ყველაზე ცნობილი საყვარლები არიან და სწორედ მათ შესახებ გვექნება საუბარი ამჯერად.
ყველაზე სახიფათო
მერლინ მონროსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯონ კენედის რომანი დიდი ხნის განმავლობაში განიხილებოდა, როგორც ამერიკის უსაფრთხოების უმთავრესი საიდუმლო დოკუმენტი, უცხოპლანეტელების დედამიწაზე დაშვებისა და კენედის მკვლელობის გამოძიებასთან ერთად. ფაქტებიდან მერლინ მონრო მართლაც, ყველაზე სახიფათო და საშიში საყვარლის სტატუსს ატარებდა.
ჯონ კენედიმ და მერლინ მონრომ ერთმანეთი 1960 წელს გაიცნეს, როცა კენედი ტახოს ტბაზე ისვენებდა. თუმცა, თავდაპირველად, მონროს მიმართ ინტერესი არა ჯონს, არამედ მის უმცროს ძმას, რობერტ კენედის გაუჩნდა. რომანის დაწყების თარიღად 1961 წლის ოქტომბერი სახელდება. კენედი უკვე პრეზიდენტი იყო, ხოლო მონრო აღიარებული სექს-სიმბოლო. ამ რომანის შესახებ მხოლოდ პრეზიდენტის პირადმა დაცვამ და „ეფბიაის“ დირექტორმა, ედგარ ჰუვერმა იცოდნენ. ჰუვერის განკარგულებით, მონროზე 24-საათიანი თვალთვალი ხორციელდებოდა და მისი ყველა სატელეფონო ზარი ისმინებოდა. მერლინი ოფიციალური ვიზიტებით თეთრი სახლის სტუმარიც გახლდათ ხოლმე. ჰუვერის აზრით, მონრო ამერიკის უსაფრთხოებას უქმნიდა სირთულეებს და როდესაც, 1962 წლის 4 აგვისტოს ვარსკვლავი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, მაშინვე გაჩნდა ვერსია, რომ მონრო კენედისთან კავშირს შეეწირა – მიუხედავად იმისა, რომ გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიად თვითმკვლელობა სახელდება. „მან ძალიან ბევრი რამ იცოდა და იყო სრულიად უმართავი. რა თქმა უნდა, ის უქმნიდა საფრთხეს ამერიკას“ წერდა მონროს ერთ-ერთი ბიოგრაფი.
ყველაზე ოფიციალური
პრეზიდენტების არც ერთი საყვარელი არ მოქმედებდა ასე ღიად, როგორც ამას ლეგენდარული ეროტიკული ფილმის, „ემანუელას“ ვარსკლავი – სილვია კრისტელი აკეთებდა, ის, ასე ვთქვათ, ოფიციალური სტატუსით გახლდათ საფრანგეთის პრეზიდენტის ვალერი ჟისკარ დ’ესტენის საყვარელი.
ვალერის და სილვიას რომანი 1974 წელს, დ’ესტენის გაპრეზიდენტებამდე დაიწყო. თანამდებობაზე არჩევის შემდეგაც კი, მათ ურთიერთობაში არაფერი შეცვლილა. მართალია, სილვია არ ცხოვრობდა ელისეს სასახლეში, თუმცა ყველა ოფიციალური მიღების მონაწილე იყო და სისტემატურად მოგზაურობდა დ’ესტენთან ერთად საგარეო ვიზიტების დროს. საინტერესოა, რომ სილვიას და ვალერის რომანი ჟურნალისტებისთვის დიდად საინტერესო არ აღმოჩნდა – მათი ურთიერთობის შესახებ პრესის ფურცლებზე თითქმის არ დაბეჭდილა.
ყველაზე უბედური
პირველი და ერთადერთი სკანდალი, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტისა და მისი საყვარლის სახელს უკავშირდება 1995 წელს განვითარდა. ჟაკ შირაკის ერთ-ერთი პირველი განკარგულება ელისეს სასახლიდან ან პენჟოსა და მისი ქალიშვილის, მაზარინის გასახლებას ეხებოდა. საქმე ისაა, რომ ან პენჟო ფრანსუა მიტერანის, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ოფიციალური საყვარელი გახლდათ, ხოლო მაზარინი – მისი ქალიშვილი. ჟურნალისტები, ყოველგვარი ინტერესის გარეშე, ადევნებდნენ თვალს პენჟოსა და მიტერანის ურთიერთობას. თუმცა, მას შემდეგ, რაც მიტერანმა პენჟოს უფასო აპარტამენტები გამოუყო ელისეს რეზიდენციაში, პრესა ახმაურდა. საქმემ საერთაშორისო სკანდალის სახე მიიღო, რადგან მიტერანის ოფიციალური მეუღლის, დანიელ გიზუს მეზობლად, მისივე საყვარელი ცხოვრობდა. 1996 წელს, მიტერანის გარდაცვალების შემდეგ, პენჟოს, მიტერანის ოჯახის თხოვნით, აეკრძალა დაკრძალვის ცერემონიალზე დასწრება. მხოლოდ საზოგადოების ზეწოლით, მიეცა მას უფლება, ცერემონიაზე ქალიშვილთან ერთად მისულიყო. ამჟამად, მადმუაზელ პენჟოს მიმართ ინტერესი განელდა. იგი პარიზის ერთ-ერთ მუზეუმში მუშაობს და მდინარე სენას მარცხენა სანაპიროზე ცხოვრობს.
ყველაზე სკანდალური
ყველაზე სკანდალური და ამავე დროს ყველაზე წარმატებული საყვარელი, აშკარად, პრეზიდენტ ბილ კლინტონის საყვარელი – მონიკა ლევინსკია. რომელთანაც რომანი სულ რამდენიმე თვის განმავლობაში ჰქონდა ბილს, თუმცა ამით მონიკამ მთელი ცხოვრება აიწყო და სახალხოდ გაითქვა სახელი.
მონიკამ და ბილმა ერთმანეთი პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიის დროს გაიცნეს. 1995 წელს მონიკა თეთრ სახლში სტაჟიორად მუშაობდა და მას ხშირად ხედავდნენ ოვალური კაბინეტიდან გამომავალს, სადაც, წესით, მას შესვლის უფლება არ ჰქონდა. ამ ფაქტის გახმაურებისთანავე ალაპარაკდნენ კლინტონის ღალატზე და მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა საჯაროდ დაიფიცა, რომ ლევინსკისთან სექსი არ ჰქონია, საქმე იმპიჩმენტამდე მივიდა. კლინტონი ტყუილის თქმაში ამხილეს და პრეზიდენტის სავარძლის დაკარგვის საშიშროება დადგა. თუმცა, გულახდილი აღიარების შემდეგ, კლინტონმა შეინარჩუნა პრეზიდენტობა, ხოლო მონიკამ სახელი გაითქვა. მოგვიანებით, მონიკა ლევინსკიმ კლინტონთან რომანის შესახებ წიგნი გამოსცა, რომელიც მსოფლიო ბესტსელერად იქნა აღიარებული.
ყველაზე ბედნიერი
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის ბობ ჰოუკის და მწერალ ბლანშ დაპულჟეს რომანი ბანალურად დაიწყო. ბლანშმა იმ მიზნით, რომ პრემიერის შესახებ წიგნი დაეწერა, ჰოუკს ინტერვიუზე შეუთანხმდა. ამის შემდეგ მათ შორის ფლირტი წარმოიშვა, რომელიც რომანში გადაიზარდა და პრემიერის საყვარლის შესახებ, ავსტრალიის მოსახლეობა საქმის კურსში იყო. ის, რომ პრემიერი არ ცხოვრობდა თავის კანონიერ მეუღლესთან, ყველამ იცოდა და მხარს უჭერდნენ ჰოუკის რომანტიკულ განწყობას. საინტერესოა, რომ ბლანში არ დაჰყვებოდა ჰოუკს საგარეო ვიზიტების დროს. ერთობლივი დასვენების დროს კი ქალი თავის ხარჯებს თვითონ ანაზღაურებდა. წყვილი, მიუხედავად რომანის ღიად დაფიქსირებისა, ერთად არ ცხოვრობდა და არც ბლანში აძალებდა ჰოუკს განქორწინებას. ის საერთოდ არ იღებდა ხმას ურთიერთობისთვის ოფიციალური სახის მიცემასთან დაკავშირებით, რადგან მიაჩნდა, რომ პრემიერ-მინისტრის მოცდენა სახელმწიფოებრივი საქმიანობიდან პირადი ცხოვრების სასარგებლოდ, ავსტრალიის ღალატი იქნებოდა.