სად გადადგა ნიკა ხომასურიძემ არასწორი ნაბიჯი და როგორ ჩაიგდო მან სიცოცხლე საფრთხეში შეგრძნებების გამო
მას შემდეგ, რაც ფილმმეიკერმა ნიკა ხომასურიძემ ლოს-ანჯელესის კინოსკოლა დაამთავრა, თბილისში ჩამოვიდა და აქტიურად დაიწყო ფილმების გადაღება. ის დიდი შემოქმედებითი ენერგიითა და ახალ-ახალი იდეებით გამოირჩევა და, რაც მთავარია, დასახულ მიზანს ყოველთვის აღწევს, ამისთვის კი სწორ გზებსა და შესაბამის დროს ირჩევს. სულ ახლახან მან ერთ უწყვეტ დუბლად გადაიღო ფილმი „დავიწყებული მეფე“ და, არა მხოლოდ საინტერესო ისტორიული პასაჟები გააცოცხლა, არამედ, მსოფლიო რეკორდიც მოხსნა.
ნიკა ხომასურიძე: ორი უწყვეტი დუბლი გადავიღე: ერთი 105-წუთიანი და მეორე – 110-წუთიანი. 105-წუთიანი ჯობია, ამიტომ, მას დავტოვებთ. მანამდე გადაღებული უწყვეტი კადრებიდან ყველაზე დიდი 90-წუთიანია, ალექსანდრე სოკოლოვის „რუსული კიდობანი“. სირთულე ის იყო, რომ მოქმედება იწყებოდა სასტუმრო „ტიფლის პალასიდან“, რომელიც მდებარეობს ორთაჭალაში, შემდეგ იყო 11-კილომეტრიანი გზა და უკვე გადაღება გაგრძელდა დიღომში, „ქართული ფილმის“ პავილიონში. შესაბამისად, ეს სამი ლოკაცია ერთმანეთს უნდა დაკავშირებოდა. პავილიონში სამ კვირაში ავაშენეთ სხვადასხვა ეპოქის 14 სცენა, კამერისთვის სპეციალური გზა გაკეთდა. ყველა სცენაში სხვადასხვა ისტორია ხდება, სხვადასხვა კოსტიუმებია. ჩვენ შევქმენით დავიწყებული მეფის სამყარო. მსახიობებს ასეთ ფილმზე არასდროს უმუშავიათ, ამიტომ ყველას ჰქონდა შიში, ჩემს სცენაში ისეთი არაფერი მოხდეს, არ გაფუჭდეს, რომ თავიდან გახდეს ყველაფერი გასაკეთებელიო. მაგრამ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ყველამ თავისი როლი ითამაშა ისე, როგორც საჭირო იყო.
– როგორც ვიცი, „დავიწყებული მეფის“ საერთაშორისო კინოფესტივალებზე წაღებას აპირებ?
– თებერვალში ბერლინის კინოფესტივალზე გავალთ და პირველად იქ მოხდება საერთაშორისო ფესტივალზე ამის გაჟღერება. მერე კანის ფესტივალზეც მინდა, წავიდეთ. ახლა ფილმს დავარეგისტრირებთ. ფიარ-კამპანიას ახლო მომავალში დავიწყებთ, ლოს-ანჯელესიდან ჩაირთვება ფიარის ერთი ჯგუფი. „თრეილერი“ დავამზადეთ და უფრო აქტიურად დავიწყებთ ყველაფრის გაკეთებას. ფილმი ბერლინის ფესტივალზე უკვე დარეგისტრირებული გვაქვს, ახლა ფილმი უნდა გავგზავნოთ და კომისია გადაწყვეტს, ჩასვამს თუ არა მას პროგრამაში. მე მივდივარ ბერლინში – ევროპული ფილმების ბაზრობა იმართება და ჩემი ფილმები მიმაქვს. ჩემი აზრით, „დავიწყებული მეფე“ ყველა ფილმმეიკერმა უნდა ნახოს, იმიტომ, რომ 105 წუთი ერთ დუბლში მანამდე არ ყოფილა და, როგორც მე ვნახავდი სხვის ასეთ ფილმს, ესეც, წესით, უნდა ნახონ.
– „დავიწყებული მეფე“ მალე, ალბათ, შენი სავიზიტო ბარათი გახდება.
– სავიზიტო ბარათია და, თან, ძალიან სერიოზული. ლოს-ანჯელესშიც პირველი პრემიერა ჩვენთან, სკოლაში გაიმართება და მას კინოინდუსტრიის 450 წარმომადგენელი დაესწრება.
– ახლო მომავალში „ჯინსების თაობის“ გადაღებასაც აპირებ?
– მალე დავიწყებთ ქასთინგს, გადაღება გაზაფხულზე დაიყება. ფაქტი, ისტორია ძალიან საინტერესოა და მსოფლიო ბაზარზეც არის მის მიმართ ინტერესი. თანაც, როდესაც დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა“ წავიკითხე, ძალიან მომეწონა და დათოსგან შევიძინეთ უფლება. ფილმი ინგლისურ ენაზე იქნება, მხოლოდ რამდენიმე სცენას გადავიღებ ქართულ ენაზე. ცნობილი მსახიობები მიიღებენ მონაწილეობას. თუ თვითმფრინავი საქართველოში ვიშოვეთ, მაშინ, შეიძლება, მთელი გადაღებები აქ ჩატარდეს, მაგრამ, თუ არ გვექნება ამის საშუალება, მაშინ ნაწილს აქ გადავიღებთ, ნაწილს – ლოს-ანჯელესში.
– კინოსკოლაში, ალბათ, ყველანაირი პირობაა შექმნილი გადაღებისთვის.
– ყველაფერი გარშემო არასდროს გაქვს, როდესაც პირველ ნაბიჯებს დგამ, ძალიან წვალობ. გარედან, შეიძლება, ყველაფერი ლამაზად ჩანს, მაგრამ შიგნით ძალიან ბევრი სირთულეა და მე ეს ძალიან მსიამოვნებს. კარგია წვალება, რთული მომენტები, უძილო ღამეები, ადრენალინური სიტუაციები. პირველ ეტაპზე ბევრი შრომა და დიდი ნებისყოფა გჭირდება, რომ ამ სტრესულ სიტუაციას გაუძლო და, თუ გაუძლებ, წარმატებას მიაღწევ. კინოსკოლაში 40 ადამიანმა დავიწყეთ სწავლა, 30-მა დავამთავრეთ კლასი და ამ საქმეში დღეს 10-12 კაცია ჩართული.
– როგორც ვიცი, გინდა, რომ „ჯინსების თაობაში“ მთავარი როლები ლეონარდო დიკაპრიომ და მილა იოვოვიჩმა ითამაშონ. რა ეტაპზეა მათთან მოლაპარაკება?
– ძალიან მინდა, რომ ლეონარდო დიკაპრიო და მილა იოვოვიჩი ჩაერთონ ამ ფილმში. „დავიწყებული მეფის“ თრილერი უკვე დავამზადეთ, გავუგზავნი სცენართან ერთად. ჩემი გადმოსახედიდან, „ჯინსების თაობას“ სჭირდება ისეთი მსახიობები, რომლებიც სახის მიმიკებით ძალიან კარგად თამაშობენ. ჩემი აზრით, მილა იოვოვიჩი და ლეონარდო დიკაპრიო ამ მხრივ საუკეთესოები არიან. იმის პერსპექტივა არის, რომ, შეიძლება, ამ პროექტში ჩაერთონ. ახლა ვიწყებ ურთიერთობას, სცენარი მთავრდება და მომავალ კვირაში დავეკონტაქტები – მოლაპარაკება დაიწყება.
– გიყვარს ისტორიული ჟანრი?
– სამყაროს შექმნაც მიყვარს და ისტორიაც. თან, საინტერესოა, რომ არ გინახავს და შენი გადასახედიდან ფიქრობ, როგორ იყო. რომ ააწყობ, მერე ყველაფერი ჩანს. ნელ-ნელა „დიდგორამდე“ მივალთ, „დიდგორის ბრძოლაში“ ვერთვებით, მერე იქნება „მამლუქი“, „ვეფხისტყაოსანი“ – ამის დროც მოვა. ეს, დაახლოებით, სამი-ოთხი წლის შემდგომი პერიოდის საქმეა, როცა უფრო მეტი გამოცდილება და სახელიც გვექნება და ბიუჯეტიც.
– სხვადასხვა ქვეყანაში გეგმავ ფილმ „ექსტრემალური სიყვარულის“ გადაღებას, რომელიც უკვე გადაიღე ლოს-ანჯელესში...
– ფილმი გადავიღეთ ლოს-ანჯელესში და ეს არის პროექტი, რომელიც, მინდა, სხვადასხვა ქალაქში გარდავსახო. ყველა ქალაქს თავისი ტურისტული მიმართულება და ექსტრემალური სპორტი აქვს. მინდა, გმირი იყოს ქართველი ბიჭი, რომელიც ჩადის სხვადასხვა ქალაქში და იქ ნახულობს თავის ექსტრემალურ სიყვარულს, ბოლოს კი ყველანი იკრიბებიან ბორჯომში და აწყობენ ჩემპიონატს ექსტრემალურ სპორტში. მოკლედ, ამ პროექტს სხვადასხვა ქალაქს შევთავაზებთ.
– შენი მაგალითიდან გამომდინარე, როგორც ვხვდები, ფილმმეიკერისთვის კარგი ფიზიკური მომზადებაც აუცილებელია?
– რაც უფრო კარგ სპორტულ ფორმაში ხარ, მით უფრო კარგად გრძნობ თავს. ჩემი თავი ამ ფილმის მეომრად მიმაჩნია და, მეომარი თუ ხარ, მაშინ, ფორმაშიც უნდა იყო. ჩვენ გარშემო ყველანი ვვარჯიშობთ, არც სიგარეტი უნდა მოსწიო, არც ბევრი უნდა დალიო და კარგ ფიზიკურ კონდიციაში უნდა იყო, იმიტომ, რომ ღამის გათენებაც გიწევს, ექსტრემალურ ადგილებში პროწიალიც, მოკლედ, ყველაფერი. მე ჯომარდობით ვარ დაკავებული და ციხესიმაგრეებზე, კლდეებზე ძრომიალიც მიყვარს.
– ამის გამო ხიფათში გახვეულხარ?
– სიცოცხლე ადამიანისთვის ძალიან ძვირფასია, უნდა იცოდე, რა ღირს შენი სიცოცხლე, რომ ის მერე საფრთხეში ჩააგდო. სიცოცხლეს ძალიან ძვირი ფასი აქვს, არანაირი ექსტრემი არ ღირს ამის ფასად, მხოლოდ სამშობლო, ოჯახი და სარწმუნოება. ახლახან ერთ დიდ კლდეზე ავედი და მაგარი ფოტოები გადავიღე. მერე მივხვდი, რომ არასწორი ნაბიჯი გადავდგი, რადგან ძალიან რთულ მონაკვეთზე ვიყავი ასული: ერთმანეთზე იდო ქვები და ერთიც რომ გამოსცლოდა, 500 მეტრი სიღრმის ხევში ჩავვარდებოდი. თუმცა, ფოტო ძალიან კარგი გამოვიდა. თან, შეგრძნებების გამო წავედი და მართლა სამოთხეში მოვხვდი: გუდაურის გზაზე გადასახედია, იქ უნდა ჩახვიდე, მერე კიდევ ქვემოთ და, დიდ ქვაზე გადიხარ. რომ გავშალე ხელები, მივხვდი, დედამიწის სამოთხეში ვიყავი, იქ რომ ფოტო არ გადამეღო, არ შეიძლებოდა.
– როგორც ვიცი, სამაჯური გაქვს, რომელიც დროში შენს მოგზაურობას უზრუნველყოფს...
– ეს სამაჯური სპეციალურად „დავიწყებული მეფისთვის“ გავაკეთეთ და მისი მეშვეობით შეგვიძლია დროში ვიმოგზაუროთ, ოღონდ 2011 წლის 11 ნოემბერი უნდა იყოს. ანუ 11-11-11 რომ არის (წელი, თვე და რიცხვი), მაშინ მივდივართ წარსულში. ასეთი სამაჯური სულ ხუთ კაცს გვაქვს: ერთი ჩემია, დანარჩენი კი, ფილმში ჩართულმა ადამიანებმა გადაინაწილეს. ფილმში ეს სამაჯური ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს. მოვიფიქრეთ, როგორი უნდა ყოფილიყო, მერე ბუდაპეშტში ჩვენი კოსტიუმების დიზაინერს, თამარა ბარნოფს გადავუგზავნეთ, მანაც თავისი ვერსია გადმოგვიგზავნა, დავხვეწეთ და გავაკეთეთ. სამაჯური სპეციალური შემადგენლობის ლითონისგან მზადდება, რომელიც იმის საშუალებას გაძლევს, რომ დროში იმოგზაურო. რომ გიკეთია, იმუხტები, იმუხტები და 11 ნოემბერს მზად იქნები სამოგზაუროდ. დიდგორის ომში მეომრად წავიდოდი დიდი სიამოვნებით, დავითის არმიაში დავდგებოდი პირველ რიგებში – ასეთ დროს თავის გაწირვა ნამდვილად ღირს.