რა შარში გაეხვა ნანუკა ჟორჟოლიანის შვილი და რა მოთხოვნას უყენებს მას დედა
როდესაც სტუდიაში ნანუკა ჟორჟოლიანის შვილი, მარიამ გეგუჩაძე შემოვიდა, მეგონა, მეორე ნანუკა მოვიდა – ისეთივე ენერგიული, სწრაფად მოსაუბრე, მხიარული ადამიანი, რომელიც მაყურებელმა გაიცნო სერიალიდან „გოგონა გარეუბნიდან“. როლი, რომელიც ეპიზოდური უნდა ყოფილიყო, დიდხანს გაგრძელდა. თუმცა, იმან, რომ გადაღებები მოსწონს, მარიამს მსახიობობა ვერ გადააწყვეტინა.
მარიამ გეგუჩაძე: ძალიან დიდი ხანია, მინდოდა, „შუა ქალაქში“ მონაწილეობის მიღება. სულ პატარა რომ ვიყავი, ვოცნებობდი, ელემენტარული როლი მაინც მქონოდა. დედაჩემს ვეხვეწებოდი ქასთინგზე მაინც წამიყვანე-მეთქი. მაგრამ, მეუბნებოდა პატარა ხარ, რა დროს სერიალიაო. მერე უკვე ლამის მარტო რომ წავედი ქასთინგზე, ნანუკამ „გოგონა გარეუბნიდან“ პროდიუსერს, ირაკლი კაკაბაძეს, უთხრა – გთხოვ, უბრალოდ, ქუჩაში გაატარე, რაღაც ელემენტარული გააკეთებინე, რომ თავი დამანებოსო. მეც გავიარე და დამთავრდა. მაგრამ მერე, როგორც ჩანს, მოეწონათ, ჩემი როლი დასჭირდათ და დამტოვეს.
– პირველი გავლა როგორი იყო, ოცნება აგისრულდა?
– ვაიმე, ძალიან მაგარი. იმდენი ხანი ვემზადებოდი, ვფიქრობდი, როგორ უნდა ჩამევლო. უბედნიერესი ვიყავი, რომ გავიარე. ახლაც მომწონს სერიალში თამაში, უბრალოდ, თვითონ ჩემი პერსონაჟი მიშლის ნერვებს. რაღაცნაირი დებილია. სცემენ და არაფერს არ ამბობს, დასცინიან და არაფერს ამბობს. მე რომ ვყოფილიყავი, მინიმუმ, იმ ვიღაცას ვცემდი. მაგრამ, სათამაშოდ, ეს უფრო მომწონს. რომ მგავდეს, საინტერესო არ იქნებოდა. ისე, გადაღების დროს სულ ვამბობ ხოლმე, არ შეიძლება, ამას რამე ვუპასუხო ახლა? ასე ვეტყვი, გავლანძღავ-მეთქი მაგრამ, მიმტკიცებენ, ასე ჯობიაო და ვჩუმდები.
– რეალურადაც ხომ არიან ასეთი ბავშვები – წყნარი, საკუთარი თავის დაცვა რომ არ შეუძლიათ. ასეთები სამეგობროში გყავს?
– ვიცნობ და ვმეგობრობ კიდეც ასეთ ბავშვებთან, სულ წყნარად, თავისთვის რომ არიან, რაც გინდა უთხარი, ხმას არ გაგცემს. ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე, იქნებ, ლაპარაკი არ იცის-მეთქი. სხვათა შორის, ადრე ასე ვიყავი ზუსტად. იმ სკოლაში, სადაც დღეს ვსწავლობ, პირველი კლასიდან არ დავდივარ. „ახალ სკოლაში“ ვსწავლობდი და დედაჩემმა აქ გადმომიყვანა. გადმოვედი თუ არა, დაიწყეს შემოტევა, ხან დამცინოდნენ, ხან რაღაც ცუდებს მეუბნებოდნენ. მაგრამ, მე პირიქით ვიქცეოდი, კი არ ვჩუმდებოდი, უფრო მეტს ვეუბნებოდი და დღეს იმ გოგოებიდან ერთერთი, ვისაც ყველაზე მეტად ვეჩხუბებოდი, ჩემი უახლოესი მეგობარია. ყველაფერი იცვლება.
– ანუ, რომ არა ეს დაცინვები, არ დაგიმეგობრდებოდნენ?
– არა. ზოგადად ასეა, რაც უფრო ძლიერი ხარ, რაც უფრო მეტ წინააღმდეგობას ხედავენ შენი მხრიდან, მით უფრო მათიანი ხდები და ცდილობენ, შენთან ახლოს იყვნენ. მერე აღმოჩნდა, რომ ბიძაჩემი და მამამისი ძმაკაცები ყოფილან, დედაჩემი და დედამისი კი – მეგობრები. ამ ყველაფერმა კიდევ უფრო დაგვაახლოვა. რა თქმა უნდა, ჩვენს თაობაში, სკოლებში ისე არ ხდება როგორც ფილმებში – ისეთი სასტიკები არ არიან, მაგრამ ახალგადმოსულ ბავშვთან დამოკიდებულება მაინც ისეთია. მაგალითად, ჩვენ კლასში რომ გადმოვიდეს ვინმე ახალი, მას არ დავცინებ, არ დავამცირებ, მაგრამ დამეგობრებას ვერ შევძლებ. უცებ ვერ მივიღებ. მაგრამ, ნელ-ნელა, ალბათ, გავუგებთ ერთმანეთს. ისე, დღეს თითქმის ყველა ბავშვი თავისი თავის გამოჩენას დაცინვით ცდილობს. ყურადღების დეფიციტი აქვთ, ალბათ. დადგებიან, რაღაც სასაცილოს იტყვიან, ვიღაცას დასცინებენ და ამით ცდილობენ, ყურადღების ცენტრში ყოფნას.
– კარგად სწავლობ?
– (იცინის) ისე რა. ამერიკულ აკადემიაში ჩაბარება მინდა, რისთვისაც ძალიან ბევრი სწავლაა საჭირო და ბევრ საგანში ვემზადები. თავიდან დედაჩემი ლონდონში სწავლის გაგრძელებას მთავაზობდა, უფრო სწორად მეუბნებოდა, სადაც გინდა, მოინდომე და მე წასვლაში დაგეხმარებიო. მაგრამ, არ შემიძლია. ერთი პრობლემა მაქვს, ვერ ვიძინებ მარტო (იცინის). სადმე მარტო წასვლის ძალიან მეშინია. ისე, ამერიკულ აკადემიაში რომ ვაბარებ, ესეც ჩემი ბრალია. მივედი ძალიან ბედნიერი სახლში – დეე, ამერიკულ აკადემიაში ვაბარებ-მეთქი. ნანუკამაც, ეტყობა გაიკითხა, მოეწონა ეს სკოლა და მეორე დღეს მეუბნება – მარიამ, შენ ამერიკულ აკადემიაში ჩააბარებ, თუ არადა, დაგსჯი იმით, რომ ლონდონში, რომელიმე გადაჯიშებულ სკოლას ვიპოვი, ახლოს არავინ რომ არ ცხოვრობს და იქ გაგიშვებ სასწავლებლადო. ცუდად გავხდი. მაგრამ, უკვე სხვა გზა აღარ მქონდა. ახლა მასწავლებლები მყავს თითქმის ყველა საგანში, გაძლიერებულად ვსწავლობ ინგლისურს. მოკლედ, შარში ვარ.
– ანუ, ყველაზე დიდი მოთხოვნა ნანუკას სწავლაზე აქვს.
– კი, ეს არის თემა, რაზეც ნანუკა გიჟდება, ცოფდება.
– რა პროფესიის არჩევა გინდა?
– ჯერ არ მომიფიქრებია. ძალიან ბევრჯერ შემეცვალა აზრი. მთელი ბავშვობა მინდოდა პედიატრობა. ვგიჟდები ბავშვებზე. ახლაც მთელ დროს ჩემს ბიძაშვილთან ვატარებ, რომელიც სამი კვირისაა. ბიცოლაჩემიც ბედნიერია, რომ ვეხმარები და მეც. ვეთამაშები დედაშვილობანას, ვითომ ჩემი შვილია და, რაღაცეებს ვაცმევ, ვითომ სადღაც მიმყავს. მაგრად ვერთობი. სათამაშოებზე ვგიჟდები, დღემდე მათთან ერთად მძინავს. ერთი სათამაშო მაქვს, ლონდონში ვიყიდე, რომელსაც საბაჟოზე არ მატანდნენ. სათამაშოს აქვს პასპორტი, დაბადების მოწმობა, ჩემოდანი ტანსაცმლით სავსე. პატარა სათამაშოა, არ არის დიდი, მაგრამ მაინც არ მატანდნენ. ბებიაჩემი გადაირია, დატოვე ეგ სათამაშო, ნუ გაგვაგიჟეო. ისე, თან ვერც გავიგე რა არის, კატას ჰგავს. ბუსუნა ჰქვია. ხუთ თოჯინასთან ერთად მძინავს – მიკი მაუსი, მინი მაუსი, ეს თოჯინა, ერთი დათუნია ძალიან მსუქანი და პატარა და კიდევ ერთი პანკი თახვია – იროკეზული წითელი ვარცხნილობა აქვს.
– ნანუკას მოსწონს ჯერ კიდევ სათამაშოებთან რომ გძინავს?
– აი, არ იცის, მოეწონოს თუ შეეშინდეს. ხან ვეუბნები, რომ დიდი ვარ, ამას მე თვითონ ვიზამ-მეთქი, თან შემიძლია, ვიტირო ჩემს თოჯინას თუ ცუდად მოექცევა, სადმე მიაგდებს. ვდგავარ და ვეჩხუბები, რა უქენი ჩემ ძმას-მეთქი. მეორე დღეს კი შეიძლება, გამოვუცხადო – დე, იცი ვინ მომწონს?! და სულ გადაირია, როცა გინდა დიდი ხარ, როცა გინდა პატარაო. არადა, მარტივადაა ყველაფერი. დიდი ვარ, უბრალოდ ესენი ჩემი მეგობრები არიან.
– ესე იგი გიწევს, სახლში იმის მტკიცება, რომ დიდი გოგო ხარ.
– კი. ძირითადად ბებიასთან. დედაჩემი ხვდება იმას, რომ უკვე დიდი ვარ. ჩემზე ორი-სამი წლით დიდი იყო, როდესაც გათხოვდა. ყველაზე მკაცრად მთხოვს, რომ ოცდახუთ წლამდე არ გავთხოვდე, თორემ ნანუკა თმით მითრევს. (იცინის). ბავშვობიდან ვიცი ეს. სულ პატარაობიდან, ზღაპრებს რომ მიყვებოდა, იქ ჩართავდა ხოლმე კონკიაც კი არ გათხოვილა ოცდახუთ წლამდეო. რამდენი შეყვარებულიც მინდა, იმდენი შემიძლია, მყავდეს, ოღონდ არ უნდა გავთხოვდე. თავისუფლებას მაძლევს. მთელი ზაფხული შემეძლო, ჩემს მეგობრებთან ერთად დამესვენა. ვიღაცამ შეიძლება, იფიქროს, რომ სათამაშოებთან მძინავს და არ ვარ დამოუკიდებელი, მაგრამ პირიქით, რამდენი წელია, უკვე სულ დამოუკიდებლად დავდივარ. დედამ იცის, სადაც არ უნდა გამიშვას, ცუდად არ მოვიქცევი, პირიქით. უბრალოდ, დღის გრაფიკი მაქვს ხოლმე ცუდი. დილის ექვსზე ვიძინებდი და შუადღის შემდეგ ვიღვიძებდი. ერთხელ „ფეისბუქზე“ იყო შემოსული შუაღამისას და მეც მეგობარს ბედნიერად რაღაცეებს ვწერდი. გაგიჟდა, ამ დროს აქ რა გინდაო. ბებიაჩემი საშინელი წინააღმდეგი იყო ჩემი ასეთი გრაფიკისა და სულ მეჩხუბებოდა.
– გეხმარება ის, რომ ნანუკას შვილი ხარ?
– ნანუკას შვილი, რომ ვარ ძალიან გამიმართლა და არა იმიტომ, რომ ეს გადაცემა აქვს. „ნანუკას შოუც“ რომ არ იყოს, და საერთოდ, დედაჩემი ჟურნალისტი კი არა, თუნდაც პედიატრი იყოს, ზუსტად იგივენაირად დამიდგებოდა გვერდში, დამეხმარებოდა და ისეთივე დედა იქნებოდა როგორიც დღესაა.
– არ გინდა, რომ ოდესმე ნანუკაზე თქვან, მარიამის დედააო.
– კი, ყველაზე მეტად ეს მინდა. ამიტომაც ძალიან ბევრი უნდა ვისწავლო, რომ ჩემით იამაყოს. უბრალოდ, გადაწყვეტილებებს ვიცვლი ძალიან ხშირად. პედიატრობის შემდეგ, ჟურნალისტობა მინდოდა, პოლიტიკოსობაც, ოღონდ ზუსტად ერთი კვირა, მერე საშინლად არ მომეწონა. მინდოდა მსახიობობა და დღესაც მინდა. მომღერლობაც მინდოდა, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ ნიჭი არ მაქვს. დედაჩემი კი ამბობს, რომ ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, კარგი დიპლომატი დადგებოდიო. ახლა გადავწყვიტე, რომ ბიზნესი და მართვა კარგი პროფესიაა ჩემთვის. მე რასაც მინდა, მივაღწევ და როგორი ცხოვრებაც მინდა რომ მქონდეს, ამ პროფესიით გამომივა. იმედია, მალე მოხსნიან მეთორმეტე კლასს, ამ საშინელებას და უფრო მალე მოვახერხებ ჩაბარებას.
– დიდი სამეგობრო გყავს?
– ძალიან დიდი. ყველაზე ახლო დაქალი მყავს – ორი, რომლებმაც ჩემზე ყველაფერი იციან და ყველაზე მეტად მიყვარს. საიდუმლოებები გვაქვს. მე ერთადერთი საიდუმლო მაქვს – ვინც მიყვარს. რამდენიმე წელია უკვე, ერთი და იგივე ბიჭი მიყვარს. ხან ერთი მომწონს, ხან – მეორე, ხან – მესამე, მერე ისევ ის პირველი. სულ ვიღაც მომწონს, მაგრამ არასდროს მიყვარს ვინმე, მის გარდა. საშინელებაა, როცა ვიღაც მომწონს და ვცდილობ, გავეპრანჭო. გაპრანჭვას ვცდილობდი ერთ ბიჭთან და რატომღაც რაგბი ვეთამაშე. ის ბიჭი ამის მერე აღარ მესალმებოდა (იცინის). მართალია, ახლა მესალმება, მაგრამ აშკარად ეშინია ჩემი, ისეთები ვუქენი. არ გამომდის გაპრანჭვა. როდესაც მიყვარს, მას არასდროს მოვწონვარ. ვინც არ მომწონს, ვისთანაც ბუნებრივად და თავისუფლად ვარ, იმას მოვწონვარ. თუ გავიგე, რომ ვინმეს მოვწონვარ, მას ვუმეგობრდები, თავს არ ვიფასებ. მოკლედ, ის ერთი მიყვარს და მიყვარს. ის კიდევ ვერ ხვდება, სუფთა იდიოტია, ნერვებს მიშლის (იცინის). მოკლედ, სამეგობრო ძალიან დიდი მყავს და სანამ აცივდებოდა, ყველა „ლუკა პოლარესთან“ ვიკრიბებოდით. ეს არის ჩვენი ყველაზე მაგარი გასართობი.