კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აირჩიეს ამერიკელებმა მერად გარდაცვლილი ადამიანი და როგორი იყო ამერიკული არჩევნების კულისები









არჩევნები ამ დიდი ქვეყნისთვის დემოკრატიის მთავარ საზომს წარმოადგენს, შესაბამისად, რა ხდება ამერიკული არჩევნების მთავარ მოედანზე და კულისებს მიღმა, ბევრი ადამიანის ინტერესის საგნად რჩება. ქვეყანამ, რომელიც საკუთარ რჩეულებს ხშირად არაფერს პატიობს და, შეცდომის დაშვების შემთხვევაში, მათ ნაცვლად მკვდრებსაც კი ირჩევს, კონგრესი და სენატი მძაფრი კონკურენციის პირობებში აირჩია და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დემოკრატიის შუქურა იქ კვლავაც ანათებს. ამის თვითმხილველი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ბატონი ზურაბ ხარატიშვილიც აღმოჩნდა, რომელსაც ამერიკული არჩევნების შესახებ გავესაუბრეთ.

ზურაბ ხარატიშვილი: არჩევნებზე დამკვირვებლად არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაცია „აი პი ესის“ მიწვევით ვიყავი. ჩვენ ვაკვირდებოდით არჩევნებს ვაშინგტონსა და ვირჯინიაში. ამ არჩევნების შედეგად ხდებოდა კონგრესის ქვედა პალატის მთლიანი არჩევა, რაც ორ წელიწადში ერთხელ ხდება. პარალელურად ხდებოდა სენატის შუა პერიოდის არჩევნებიც. კონგრესის ქვედა პალატა სრულიად იცვლება ორ წელიწადში ერთხელ, ამ დროს ირჩევენ ზედა პალატის ერთ მესამედსაც. სენატში ყველა შტატიდან ორი წარმომადგენელი ხვდება, ხოლო ქვედა პალატაში კონგრესმენებს ირჩევენ პროპორციულად, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით. ამერიკაში საკმაოდ საინტერესო, ყველაზე დაბალანსებული საარჩევნო სისტემა მუშაობს: ერთი მხრივ, ერთდროულად ყველა შტატი თანაბარ მდგომარეობაში იმყოფება, მეორის მხრივ კი გათვალისწინებულია მოსახლეობის პროპორციები. როცა ტელევიზიებით კანდიდატების განხილვა მიმდინარეობს, აქცენტები მაინც სენატის კანდიდატებზე კეთდება, რადგან მათი რაოდენობა ბევრად ნაკლებია, ვიდრე კონგრესმენების. თითქმის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ხმის მიცემის განსხვავებული წესებია, ყველას თავისი კანონმდებლობა აქვს. ბუშისა და ელგორის არჩევნების დროს, ფლორიდაში კარგა ხანს ვერ ითვლიდნენ ხმებს, რადგან 63 განსხვავებული იურისდიქცია არსებობს. ეს, ერთი მხრივ, სირთულეებს ქმნის, მაგრამ, სწორედ ასეთი მრავალფეროვნებაა ამერიკული საარჩევნო სისტემის სიძლიერე. ვირჯინიაში სრულიად ელექტრონიზებულია ხმის მიცემა – შესაბამისი პროცედურის გავლის შემდეგ, ხელს დააჭერ ღილაკს და მისცემ ხმას სასურველ კანდიდატებს; კოლუმბიის ოლქში საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა შესაძლებელი იყო, როგორც კომპიუტერის მეშვეობით, ასევე ფურცლებითაც, ამ არჩევანს უკვე თავად ამომრჩეველი აკეთებდა. უბნებზე ხმის დათვლა არ ხდება: იქ, სადაც მანქანები დგას, ავტომატურად ხდება ხმის დათვლა, ხოლო, სადაც არჩევნები ფურცლებით ტარდება, იქ საარჩევნო ყუთებზე დაყენებულია სპეციალური სკანერები, რომლებიც ფურცლის ყუთში ჩაგდებისას სკანირებას აკეთებს და ასევე, ავტომატურად ითვლის. არჩევნების დასრულებისთანავე დააჭერენ ხელს ღილაკს და ავტომატურად ხდება დათვლილი ხმების დაფიქსირება. მანქანა ბეჭდავს ქვითარს როგორც არჩევნების დაწყებამდე, ისე არჩევნების დასრულების შემდეგ. ქვითარზე დაფიქსირებულია, რამდენი ხმა არის მიცემული. ვირჯინიაში ორი უბნის შედეგები გაუქმდა, რადგან ავტომატებმა „გაჭედა“ და ხმები დაიკარგა – რამდენჯერ დააჭირეს ღილაკს ხელი, ამის დათვლა ხომ აბსოლუტურად გამორიცხულია. ასეთები იქაც ხდება, მაგრამ, სისტემის მიმართ იმდენად დიდია ნდობა, რომ ამის გამო რევოლუციას არავინ მოაწყობს.

– ამერიკული არჩევნები მართლაც ისეთი დემოკრატიულია, როგორც ლეგენდები დადის?

– აქ არის ორი მნიშვნელოვანი მომენტი: არჩევნების ორგანიზება და ნდობა სისტემის მიმართ. ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე გეტყვით, რომ არჩევნების ორგანიზების თვალსაზრისით, ამერიკელებზე უკეთესადაც კი „გამოვიყურებით“. მაგრამ, საზოგადოების ნდობა არჩევნების მიმართ, იქ, რა თქმა უნდა, ძალიან მაღალია, რაც ბევრ რამეს აიოლებს. მარტივ მაგალითს მოგიყვანთ: ხმის მიცემისთვის ვირჯინიაში მოითხოვენ პირადობის მოწმობის წარდგენას; ვაშინგტონში შეგიძლია, არ წარადგინო პირადობის მოწმობა, თქვა, რომ ხარ ჯონ სმიტი, ცხოვრობ აქა და აქ და მისცე ხმა; ზოგიერთ უბანზე ხმის მიცემა შესაძლებელია გაზისა და ელექტროენერგიის ქვითრებით, თქვენი ამონაწერით ბანკიდან, ნებისმიერი ფურცლით, სადაც კი თქვენი სახელი და გვარი წერია. ვაშინგტონში ისიც იყო დაშვებული, რომ, თუ ადამიანს არ ჰქონდა არანაირი საბუთი, მას შეეძლო პირობითი ხმის მიცემა. ასეთ შემთხვევებში, ამომრჩეველი ხმას კი აძლევს, მაგრამ მერე კომისიამ უნდა გადაწყვიტოს, რა უყონ იმ ხმებს, რომლებიც „აიდის“ გარეშეა მიცემული. გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად იღებს საუბნო კომისია. რეგისტრატორებმა გვითხრეს, სახელს, გვარსა და მისამართს თუ ამბობ, პრაქტიკულად, იდენტიფიკაცია მოხდენილიაო.

– ასეთ სიტუაციაში „კარუსელის“ დატრიალება რა იოლი იქნებოდა!

– რა თქმა უნდა, მაგრამ, ნდობა იმდენად მაღალია, რომ, კაცი რომ ამბობს, ვარ ჯონ სმიტიო, სჯერათ, რომ ის მართლა ჯონ სმიტია, თვითონ ჯონიც დარწმუნებულია, რომ მისი ხმა არ გაყალბდება. „კარუსელზე“ ვიღაც ხომ უნდა ატარო? იქაც ახლა მეზობელმა არ გიცნოს საარჩევნო უბანში, ან, აქცენტი გაუკვირდებათ თუ რა, მაგრამ, ხომ უნდა მოძებნო 30 კაცი, ვინც ამაზე დაგთანხმდება და თავს გატარებინებს?! მეორე დღეს იმ 30 კაციდან 25 პოლიციაში დაწერს განცხადებას. რომც ატარო 50 კაცი აქეთ-იქით, ეს იმხელა ქვეყანაში არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს. გაყალბებაზე როცა საუბრობენ, გაყალბებასაც ძალიან დიდი ორგანიზაცია, რესურსი, თავისი ტექნოლოგია და მენეჯმენტი სჭირდება, რაც დიდ ქვეყანაში პრაქტიკულად შეუძლებელია, მით უმეტეს, თუ ამას მენტალიტეტსა და ტრადიციასაც დავუმატებთ. როცა ნდობა ასე მაღალია, რა თქმა უნდა, აღარაა საჭირო აღარც მარკირება და არც სხვა ტექნიკური დეტალები, ვფიქრობ, რომ მარკირება მომავალ არჩევნებზე აღარც ჩვენთან იქნება, რადგან ეს პროცესი, ცოტა არ იყოს, დამამცირებელიც არის. ყუთები, სადაც ბიულეტენები უნდა ჩავარდეს, არათუ გამჭვირვალე, ბოლომდე დახურული სეიფებია, არადა წესით, უნდა ჩანდეს, სად აგდებს ამომრჩეველი ბიულეტენს.

– ეს ის პრეცედენტია, როცა ქართული არჩევნები ამერიკულს სჯობია?

– იქ იოლადაა ბევრი საკითხი, რეგისტრაცია, იდენტიფიკაცია... თუმცა, სიებში მკვდარი სულებიც კი ჰყავთ. უფრო მეტიც, გაზაფხულის არჩევნებზე ამომრჩევლებმა გარდაცვლილი კანდიდატიც კი აირჩიეს – მინესოტას ერთ-ერთ პატარა დასახლებაში იმდენად არ მოსწონდათ მოქმედი მერი, რომ მეორე კანდიდატი აირჩიეს, რომელიც უკვე გარდაცვლილი იყო. რაც შეეხება მკვდარ სულებს სიებში, ესეც მარტივადაა: არ მოვიდა ადამიანი, არ მისცა ხმა და ამით მთავრდება ყველაფერი. პრობლემა მკვდარ სულთან დაკავშირებით ხომ მხოლოდ ისაა, რომ მის მაგივრად ვიღაც სხვა მოდის და ის აძლევს ხმას. ამერიკაში ესეც ნდობის ფაქტორით რეგულირდება – სწორედ ეს არის მთავარი განმასხვავებელი ფაქტორი, რაც ამერიკულ არჩევნებს ყველასგან განასხვავებს. მოსახლეობის რეესტრი სხვადასხვა მეთოდით ხდება – ავტომფლობელების სიიდან, სადაზღვევო სამსახურიდან. მოსახლეობის ერთიანი ამერიკული ბაზა არ არსებობს, ახლა დაიწყეს ამის გაკეთება შტატების მიხედვით.

საკმაოდ საინტერესო თემაა არჩევნების ბიულეტენები. საერთოდ, ამერიკაში, ერთდროულად ყოველთვის რამდენიმე არჩევნები ტარდება, რასაც ხარჯების დაზოგვის მიზნით აკეთებენ. საპრეზიდენტო და კონგრესის არჩევნების გარდა, უამრავი საარჩევნო პროცედურა ხდება, დაწყებული შტატის გუბერნატორიდან, დამთავრებული შერიფისა და სკოლის თვითმმართველობის ხელმძღვანელის არჩევნებით. ერთ-ერთმა კონსულტანტმა, რომელიც თვითონ კალიფორნიელი ამომრჩეველი იყო გვითხრა: 56-კითხვიანი საარჩევნო ბიულეტენის შევსება მომიწიაო. სხვადასხვა საარჩევნო უბანში სხვადასხვა ტიპის კითხვარი შეიძლება იყოს, გააჩნია, ვინ ჰყავთ ასარჩევი. ასეთი ბიულეტენი, რა თქმა უნდა, წარმოშობს სხვა ტიპის პრობლემებს – ძალიან ძნელია, 56 ადამიანზე შენი, ჩამოყალიბებული აზრი გქონდეს, ამიტომაც, ყველა საარჩევნო უბნის წინ დგანან პოლიტიკური პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების წარმომადგენლები, რომლებიც ამომრჩეველს აძლევენ ნიმუშს, რომელშიც შემოხაზულია ის კანდიდატურები, ვინც მათ აწყობთ. ამით ისინი ამომრჩეველს უიოლებენ ამორჩევის პროცესს. ეს, რა თქმა უნდა, არ ითვლება ამომრჩევლის გადაბირებად, თუმცა, ამ ადამიანებს გამყოფი ხაზის იქით, საარჩევნო პუნქტიდან 40 იარდის მანძილზე მიახლოვების უფლება არ აქვთ. გამყოფი ხაზის იქითაც საკმაოდ ბევრი ასეთი ფუნქციის მატარებელი ადამიანი დასეირნობდა, მაგრამ ისინი ამის გამო არავის შენიშვნას არ იღებდნენ – იქ ასეთ წვრილმან საკითხებს ყურადღებას არავინ აქცევს. ყველანაირად ცდილობენ, რომ პოლიცია საარჩევნო უბნებთან ახლოს არ გამოჩნდეს, საარჩევნო უბნებზე სრული სიმშვიდეა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები არჩევნებს თითქმის არ აკვირდებიან. ერთ უბანზე ვნახე ერთი დამკვირვებელი, ისიც თავისთვის წყნარად იჯდა მისთვის გამოყოფილ ადგილზე. საარჩევნო კომისიები ყველგან სხვადასხვანაირად არის დაკომპლექტებული: ზოგან გუბერნატორი ნიშნავს კომისიის წევრებს, ზოგან კი ერთ კაცს ნიშნავენ, რომელიც უკეთებს ორგანიზებას საარჩევნო პროცესს. კომისიაში ძირითადად მუშაობენ მოხალისე პენსიონერები, მხცოვანი ამერიკელები, 35 წლამდე ასაკის ადამიანი კომისიებში თითქმის არ მინახავს.

– კანდიდატები წესების დაცვით „ებრძოდნენ“ ერთმანეთს?

–. როგორც ამბობენ, ეს არჩევნები იყო უპრეცედენტო ორი თვალსაზრისით: არასდროს დახარჯულა ამდენი ფული სატელევიზიო რეკლამებზე და გამოირჩეოდა კანდიდატების უხეში და არაკორექტული მიმართვებით: კანდიდატები მაგრად აგინებდნენ ერთმანეთს, დიდი მუჯლუგუნები იყო – მიდიოდა უხეში ბრძოლა წესების დაცვით (იცინის). თუ ადრე დემოკრატიულ პარტიას მიჰყავდა როგორც სენატი, ასევე კონგრესი, რესპუბლიკელებმა იგრძნეს, რომ იყო მომენტი, როცა მათ შეეძლოთ, დაებრუნებინათ დაკარგული პოზიციები. მათ მოიგეს კიდეც საკმაოდ დიდი უპირატესობით ქვედა პალატა; ზედა პალატაში დამატებით ექვსი ადგილი მოიგეს, მაგრამ 4 ადგილი დააკლდათ უმრავლესობის შესანარჩუნებლად, დემოკრატებმა შეძლეს სენატის შენარჩუნება. მათ გარდა არჩევნებზე მონაწილეობას იღებდა პარტიების n რაოდენობა, ასევე, დამოუკიდებელი კანდიდატები, თუმცა, ძირითადი ბრძოლა, რა თქმა უნდა, ორ პარტიას შორის მიდიოდა, მათ თავის საფარველში მოაქციეს სხვა პარტიებიც. ძირითადი მუშაობა მიდიოდა მერყევ ამომრჩეველზე, მოქრთამვა და მოსყიდვის პატარ-პატარა სკანდალები იქაცაა, მაგრამ ეს სკანდალურ ქმედებებამდე არ მიდის. თუ კანდიდატს რაღაც სერიოზული შეეშალა, ამომრჩეველი მაშინვე „ბრაკავს“, იმდენად მაღალია მათი მოქალაქეობრივი კულტურა.




скачать dle 11.3