კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აქვს ძალიან მაღალი ფასი ქართულ სამხედრო კონტინგენტს ავღანეთში და როდის ჰქონდა აწყობილი სამხედრო მანქანა საქართველოს









მოკავშირეების, კოალიციებისა და ხანდახან დამპყრობლების, ერთი სიტყვით, სხვის ომებში მონაწილეობა არ არის უცხო საქართველოს ისტორიისთვის. ამდენად, სავსებით ბუნებრივია, რომ, სადაც კი კოალიციამ დემოკრატიის დამყარება გადაწყვიტა, ქართული სამხედრო კონტინგენტი მიეშველა. ისიცაა, რომ ამ ბოლო დროს ამერიკელი და ნატოელი მაღალჩინოსნები არც მადლობებს გვამადლიან (ბუნებრივია, დემოკრატიისა და უსაფრთხოებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილის გამო). მეტიც, შეიძლება, ითქვას, რომ ეს ჩვენი და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გადაკვეთის ლამის ერთადერთი წერტილია. თუ გავითვალისწინებთ, რომ გიორგი ბრწყინვალემ, საერთოდაც, სამად დაშლილი და მონღოლების დაქვემდებარებაში მყოფი საქართველო ისე გააერთიანა, ზედაც მონღოლების გაძევებაც მოახერხა, რომ არც ერთი დიდი ბრძოლა არ გადაუტანია (თუმცა აქტიურად იღებდა მონაწილეობას მონღოლთა ლაშქრობებში), ბუნებრივია, იბადება კითხვები: რით შეიძლება, ვიხეიროთ (გნებავთ, ვხეირობთ) მოკავშირეების ომებში მონაწილეობით და გვაძლევს თუ არა ეს საშუალებას, მათ, მხურვალე მადლობების გარდა, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებიც გამოვტყუოთ. ამ კითხვებზე პასუხის გაცემაში სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე დაგვეხმარება.

– მეც შორიდან დავიწყებ, ძალიან კარგი მაგალითია გიორგი ბრწყინვალისა და დავით აღმაშენებლის მიერ შექმნილი სახელმწიფოები. აბსოლუტურად ერთნაირ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა ჰქონდათ სამართავად გიორგი მეორესაც და დავით აღმაშენებელსაც, მაგრამ დავით აღმაშენებელმა მოახერხა, შეექმნა უზარმაზარი იმპერია. გავითვალისწინოთ, როდესაც კავკასიის რეგიონზეა საუბარი, აქ ტერიტორიის სიდიდეს ნაკლები მნიშვნელობა აქვს, რადგან კავკასია ის ადგილია, სადაც მცირე ფართობი მრავალ პოლიტიკურ ასპექტს მოიცავდა და მოიცავს. დავითის იმპერია ერთ-ერთი უძლიერესი იმპერია იყო. მან მოახერხა სხვადასხვა სარწმუნოების ერების ერთად შეკავშირება. გიორგი ბრწყინვალემ რამდენიმე ეფექტური ნაბიჯით კვლავ იმავე საზღვრებში შექმნა ერთ-ერთი უზარმაზარი იმპერია, რომელიც გამოირჩეოდა შიდა ეკონომიკური და ინსტიტუციონალური სიძლიერითაც. აქედან გამომდინარე, თუ პარალელს გავავლებთ, ჩვენი პრობლემა დღეს მხოლოდ საგარეო ფაქტორები არ არის. თუ ჩვენი სახელმწიფო იქნება ძლიერი, ანუ, თუ პრაგმატულად მივუდგებით საკითხს და გავაძლიერებთ სახელმწიფოს იმ ნაწილს, რომელიც დღეს დაგვრჩა, ეტაპობრივად მოვახერხებთ ნებისმიერი პრობლემის გადაჭრას. ხშირად მიკამათია ოპონენტებთან, რომლებიც ამბობენ, რად გვინდა ჯარი, თუ მაინც ამერიკის სატელიტი ვართო. საქართველო, ქართველები ორასი წელია, ჯარის გარეშე ცხოვრობდნენ, რადგან ქართველი ოფიცერი, რომელიც რუსეთის ჯარში მსახურობდა, ის მენტალურად იმ ქვეყნის სამხედრო ხდებოდა და მისთვის რთული იყო, შემდეგ ამის ქართულ რეალობაში გადმოტანა. დღეს კი ჯერჯერობით ჩვენ მაინც სამხედრო მოწყობის უცხოური პრინციპებით ვსარგებლობთ და მაინც უფრო მექანიკური ჯარი გვყავს. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით მწირი კვლევებია, მაგრამ, თუ ლოგიკურად ვიმსჯელებთ, შეუძლებელია, სახელმწიფოს, რომელიც ყოველწლიურად ატარებდა რამდენიმე ბრძოლას, არ ჰქონოდა თავისი სამხედრო თეორია. შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ის გადმოღებული იყო ბიზანტიისგან, ირანისგან, თურქეთისგან, მაგრამ მაშინ ეს არ მისცემდა საშუალებას ამ სახელმწიფოს, ტოლად ებრძოლა მათთან. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ არსებობდა ქართული სამხედრო თეორია და ის ქართველ ჯარისკაცზე იყო მორგებული.

– ცნობილია, რომ ძლიერების პერიოდში და შემდეგაც, ინერციით, ქართული ლაშქარი შედგებოდა ოთხი სადროშოსგან, რომელშიც ყველა კუთხის წარმომადგენელს თავისი კონკრეტული ადგილი ჰქონდა და ეს განლაგება იმეორებდა საქართველოს რუკას. ანუ იმ ერთ ბრძოლის ველზეც კი თითქოს მთელი საქართველო იდგა.

– ჯერ კიდევ ფარნავაზის დროიდან ეყრდნობოდა ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა სახელმწიფოს სამხედრო მოწყობას. მაშინ კი, როდესაც შუა საუკუნეების ევროპას კრიზისები აწუხებდა და მხოლოდ ფეოდალურ ომებს აწარმოებდა, საქართველოს აწყობილი სამხედრო მანქანა ჰქონდა. ჯარი არ არის მხოლოდ ერთად მოწყობილი ადამიანების გარკვეული რაოდენობა. პრუსია მხოლოდ მეთექვსმეტე საუკუნის ბოლოს იწყებს სამხედრო-ადმინისტრაციულ დაყოფას, სამხედრო მანქანის ჩამოაყალიბებას, საქართველოს კი ეს ყველაფერი უკვე ჰქონდა. იმის თქმა მინდა, რომ გარდა ბრძოლების ისტორიისა, ქართველებმა მოვახერხეთ ძლიერი სამხედრო მანქანის შექმნა. ხრიდოლელები მუშაობენ სხვადასხვა წყაროებზე და ისინი აგროვებენ ინფორმაციას, როგორ ამზადებდნენ ქართველ მებრძოლებს. ფაქტია, რომ ერთი ქართველი მეომარი გაცილებით ძლიერად იყო მომზადებული, ვიდრე ერთი არაბი ან ერთი სპარსი მებრძოლი. თავისთავად, ეს იყო ჩვენი ადათების, წესებისა და რიტუალების შედეგი და ეს არ იყო ერთჯერადი აქტი.

– ლაშქრის შეკრების ძალიან მოწესრიგებული და საინტერესო წესი იყო ფეოდალურ საქართველოში. ყველა სოციალური ფენის წარმომადგენელს: გლეხს, აზნაურს, თავადსა და მეფეს, თავისი მოვალეობა ჰქონდა.

– საქართველოს ვერც ერთი მეფე ვერ იქნებოდა მარტო, თანამოაზრეების გარეშე და თანამოაზრეები არ ნიშნავს ძმაკაცებს. თუ ამ ყველაფერს ჩავუღრმავდებით, აშკარაა, რომ ჩვენ გვჭირდება სამხედრო მანქანა, რომელიც თავისთავად იარსებებს. ამის შემდგომ უკვე საზოგადოებამ უნდა მოიყვანოს ის პოლიტიკოსები, რომლებიც მოახერხებენ ამ ძლიერი მანქანის გამოყენებას. საქართველოს პრობლემა ის კი არ არის, რომ ქართველი ვერ იბრძოლებს ან ტყვია-წამალს ვერ ვიშოვით, არამედ ის, რომ სამხედრო ინსტიტუტი ვერ შევქმენით. ამის გამო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მთავარი აქცენტი გადავიტანეთ უცხო ფაქტორებზე. რადგან ჩვენი ტერიტორია მნიშვნელოვან როლს შეასრულებს კავკასიასა და შუა აზიაში, ამ პოტენციური საჭიროების საფასურად ვიღებთ უსაფრთხოების გარანტიას. თუმცა ეს უსაფრთხოების გარანტია არის თავდაცვითი, მას არ შეუძლია ჩვენთვის ტერიტორიების დაბრუნება ან, თუ კრიტიკულ ზღვარს გადავა ეს პროცესები, მათი შეჩერება. ნებისმიერი სახელმწიფო თვითონ იბრძვის და სხვები მას მხოლოდ ამის შემდეგ ეხმარებიან. მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ინგლისი და საფრანგეთი პოლონეთისთვის დამცავი მექანიზმი იყო, მაგრამ, როდესაც პოლონეთ-გერმანიის დაპირისპირება კრიტიკულ ზღვარს გადასცდა, ამ ფარმა აღარ იმუშავა. ჰიტლერი დარწმუნებული იყო, თუ ომს დაიწყებდა, ინგლისისა და გერმანიის განცხადებები მხოლოდ განცხადებებად დარჩებოდა.

– შორს ნუ მივდივართ, ჩვენც გამოვცადეთ უკვე ჩვენი დამცავი ფარის მოქმედების მაქსიმუმი – სამხედრო გემი ბათუმის პორტში. ისიც იმიტომ ბათუმში, რომ თითქოს თურქეთმა მოითხოვა რუსეთისგან, ხელი არ ეხლო აჭარისთვის?

– მაგრამ ვერავინ დაგიცავს ლოკალური კონფლიქტების, საზღვრებზე კონფლიქტებისას, ეს ჩვენი გასაკეთებელია. ავღანეთში მისია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ საქართველო შეიქმნა, როგორც ფაქტორი, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი შეჰქონდა ერაყში და შეაქვს ავღანეთში.

– დავაკონკრეტებ: კოალიციის სამხედრო ამოცანების შესრულებაში.

– მივალთ ამ საკითხამდეც. ჯერ რიცხოვნობაზე ვისაუბროთ. ჩვენი მისია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სამხედრო პერსონალი ნამდვილად უჭირთ ევროპულ სახელმწიფოებს, თავიანთი პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე. ამა თუ იმ ქვეყნის ავღანეთში გასაგზავნი სამხედრო კონტინგენტის სიდიდე ყოველთვის არის შიდა პოლიტიკური დაპირისპირების საგანი, რადგან იმ ქვეყნებში არსებობს ჯანსაღი დემოკრატია, პაციფისტური განწყობები კი ევროპაში ძალიან ძლიერია. ამდენად, საქართველო თავისი კონტინგენტით საშუალებას აძლევს ევროპელებს, რომ შეამცირონ თავიანთი კონტინგენტი და ეს ფაქტორია. ისევე, როგორც ინდოელი და ავსტრალიელი ჯარისკაცები, მიუხედავად იმისა, რომ ერთი კოლონია იყო, მეორეს კი არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა, ეკონომიკური და პოლიტიკური პირობების გამო, დიდი რაოდენობით იყვნენ ბრიტანეთის შეაირაღებულ ძალებში პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროს.

– ალბათ, ისიცაა, რომ გაცილებით რთულია, უზრუნველყო ჭეშმარიტად თავისუფალი და დემოკრატიული სასამართლო, ვიდრე შეაგროვო 1 000, თუნდაც, 5 000 ქართველი, რომელთაგანაც კარგ ჯარისკაცებს გამოზრდი და ისინი თავს გაწირავენ იდეალების ან ხელფასის გამო?

– ასე ვთქვათ: ჩვენ რომ ჩამოყალიბებული საზოგადოება გვყავდეს, მას ექნებოდა ასეთი ამოცანა – მოვიგოთ რამდენიმე მშვიდობიანი წელიწადი, გავაძლიეროთ ჩვენი შეიარაღებული ძალები და ამის შემდეგ განვახორციელოთ გაცილებით აგრესიული და ხისტი პოლიტიკა, რომ რუსეთი წამოვიდეს დათმობებზე. ამ შემთხვევაში ავღანეთში მონაწილეობა უნდა გამოგვეყენებინა შემდეგისთვის: ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას, თქვენ მოგვეცით ტექნოლოგიები, დროებით შეგვიქმენით დამცავი ფარი, რომ რუსეთი არ დაგვესხას თავს. ამ დისკუსიაში უნდა შესულიყო საქართველოს მთავრობა ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან. ამერიკა მზად არის დახმარებისთვის, მაგრამ, თუ პოლიტიკოსების განცხადებებს კარგად დავუკვირდებით, ისინი ამბობენ: დღეს საქართველო მზად არ არის ტექნოლოგიების ასათვისებლად. საერთოდ, სამხედრო მანქანის შენახვა ყველაზე ძვირი ჯდება, მაგრამ ავღანეთის მისია გვაძლევს საშუალებას, უფასოდ მივიღოთ ისეთი ტექნოლოგიები, რომლებსაც პარტნიორები ისე არ გვაძლევენ. ამით ჩვენ საკმაო რესურსი გვეზოგება, მაგრამ ვნახოთ, რამდენად ადეკვატურები ვართ ჩვენ ამ მისიის შესრულებაში. ავღანეთში საერთო ჯამში გვყავს 1 000-მდე ადამიანი, თავისი მომსახურე პერსონალით. ეს არის ერთი საბრძოლო ქვედანაყოფის თვითკმარი კონტინგენტი. ეს კონტინგენტი გონივრულია. ოფიციალურად ჩვენ გვყავს 37 000-იანი ჯარი, მისიაში კი დაკავებულია, საერთო ჯამში, 3 000 სამხედრო მოსამსახურე: 1 000 კაცი მისიაშია, 1 000 ემზადება წასასვლელად, ხოლო 1 000-ის ფსიქოლოგიური გადამზადება ხდება მისიის შემდეგ. ეს 3 000 კაცი, რომლებიც მისიით არიან დაკავებული, მთელ შეიარაღებულ ძალებს პრობლემას არ უქმნის. თუმცა ისაა, რომ ჩვენ ოფიცრების შეზღუდული რაოდენობა გვყავს და კიდევ უფრო ნაკლები გვყავს ხარისხიანი ოფიცრები, არადა, რაც მაღალია მართვის ხარისხი, მით დაბალია რისკები. ასე რომ, ჩვენს ხელისუფლებას შეგვიძლია, ვუსაყვედუროთ შემდეგი: ის რისკავს მისიაში მყოფი ჯარისკაცების სიცოცხლით იმის გამო, რომ არ დაადგა საშველი ოფიცრების მომზადებას. ანუ რაოდენობა კი არ უნდა იყოს კრიტიკის ობიექტი, არამედ ის, რომ კვალიფიციური ოფიცრები არ გვყავს. კვალიფიციური ოფიცრების შეზღუდული რაოდენობა ნიშნავს იმას, რომ მუდმივად ერთსა და იმავე ოფიცრებს მოუწევთ მისიაში ყოფნა ან იქნებიან სხვადასხვა ოფიცრები, მაგრამ მათი მომზადების ხარისხი იქნება დაბალი. მეორე თემა ის არის, რომ ეს კონტინგენტი თავის წვენში იხარშება: ფინანსურად კარგია პირადად ამ ჯარისკაცებისთვის, მაგრამ გამოდის, რომ ახლა ავღანეთშია ის ჯარისკაცი, რომელიც ნამყოფია კოსოვოში და რამდენჯერმე – ერაყში.

– რისკი?

– რისკი ძალიან დიდი არ არის. ერთი ჯარისკაცის სიცოცხლეც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ავღანეთში ჩვენი მსხვერპლი დიდი არ არის, რადგან, მაგალითად, საბჭოთა კავშირში ჩვეულებრივი სწავლებების დროს 4 სამხედროს დაღუპვა ნორმალურ სტატისტიკად მიიჩნეოდა. ანუ გამოდის, რომ ჩვენ გამოცდილებას ვაგროვებთ ერთსა და იმავე ადამიანებში. ჩვენ რომ გვქონდეს საშუალება, მუდმივად ახალ-ახალი შემადგენლობა მიდიოდეს საერთაშორისო მისიებში, ძალიან მოკლე ხანში გვეყოლება კარგად მომზადებული და გამოცდილი კონტინგენტი. თუ გვინდა, კარგი შეიარაღებული ძალები გვყავდეს, უნდა შევქმნათ ჩვენი, ქართული სამხედრო ტრადიცია. ამისთვის საჭიროა, რომ ბევრმა ადამიანმა მიიღოს მისიაში მონაწილეობა და შემდგომ უკვე ცხოვრება თავისთავად მოგვცემს საშუალებას, ეს ყველაფერი განზოგადდეს და ქართულ ტრადიციად ჩამოყალიბდეს. საერთოდ, კრიტიკულ სიტუაციაში სხვადასხვა ქვეყნის ჯარი თავისებურად მოქმედებს. ეს არც ერთ წიგნში არ წერია. ეს არის ის გამოცდილება, რომელიც პრაქტიკაში მოდის. ამ მხრივ, ავღანეთის გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია, თუ სამხედრო მანქანის შექმნა გვინდა. მე მინდა, რომ საქართველოს ძალიან ძლიერი სამხედრო მანქანა ჰყავდეს, მაგრამ აქ პრობლემაა ის, რომ ხელისუფლებისთვის მთავარია ფიარი, თავისი თავის განდიდება, საერთაშორისო გარანტიების მიღება. ისევ ისტორიულ მაგალითებს მოვიშველიებ: გიორგი ბრწყინვალის პოლიტიკის იარაღი რა იყო? მან შექმნა ისეთი ინსტიტუტი, რომელსაც ვეღარ გაუბედეს შებრძოლება. მას არ დასჭირვებია დიდი ბრძოლების გამართვა, იმიტომ რომ ვერ გაუბედეს. ანუ, თუ ჩვენ გვეყოლებოდა ძლიერი ჯარი, შეგვეძლო, უბრალოდ დაგვეკავებინა ცხინვალის რეგიონი და გვეთქვა, ეს ჩვენი ტერიტორიააო. მაშინ მოწინააღმდეგე აუცილებლად დაფიქრდებოდა, დაეწყო თუ არა საბრძოლო მოქმედებები ჩვენ წინააღმდეგ. მაგრამ, თუკი კუთხეში მიიმწყვდევ, ის იძულებული გახდება, ვა-ბანკზე წამოვიდეს. თუ ჩვენს პოტენციალს გავითვალისწინებთ, შეგვეძლო წარმატების მოპოვება 2008 წელს, მაგრამ სისტემამ ვერ იმუშავა და აღმოვჩნდით იმ დღეში, რაშიც აღმოვჩნდით. ჭადრაკის ორივე მოთამაშეს ერთნაირი ფიგურები აქვს, ოღონდ იგებს ის, ვინც თავისი ფიგურის შესაძლებლობებს ძალიან კარგად იყენებს. ომშიც ასეა. ბრძოლა უნდა გათვალო და იქ შემთხვევითი ფაქტორები არ არსებობს, გარდა იმ შემთხვევისა, თუკი სამხედრო ხელმძღვანელობაში არიან შემთხვევითი ადამიანები. საქართველო უნდა იყოს აქტიური ყველა იმ მიმართულებით, სადაც კი რამე სამხედრო აქტიურობა იქნება, ეს კარგია საქართველოს საგარეო ავტორიტეტისთვისაც და შეიარაღებული ძალებისთვისაც, მაგრამ საზოგადოებამ მუდმივი წნეხის ქვეშ უნდა ამყოფოს ხელისუფლება, რომ ის დავიდენდები, რომელიც მოდის ქვეყნის ამ აქტიურობით, გამოიყენონ ქვეყნის ინტერესებისთვის.

– კარგად მსახურობს მისიებში ჩვენი კონტინგენტი?

– ერაყშიც, კოსოვოშიც და ავღანეთშიც ისინი გამოირჩეოდნენ და გამოირჩევიან დისციპლინის მაღალი დონით. სხვათა შორის, როდესაც აფხაზეთის ომი იწყებოდა, ჩემი პირველი ასეულის ჯარისკაცები თვე-ნახევრით ადრე მივიღე, მათ მხოლოდ მცირეხნიანი სწავლება ჰქონდათ გავლილი „ალექსეევკაში“, ვატყობდი, რამდენად ზუსტად ასრულებდნენ ბრძანებას. მოხალისეებიც კი, რომლებსაც არანაირი გამოცდილება არ ჰქონდათ, შინაგანად ახდენდნენ თვითორგანიზებას. ეს, ალბათ, გენეტიკურია. სხვათა შორის, იმ ასეულიდან თითქმის ყველას აქვს მიღებული ჭრილობები, მაგრამ არავინ დაღუპულა, დაიღუპნენ მოხალისეები, რადგან არ ჰქონდათ გამოცდილება.

– შესაძლოა, რომ ჩვენი პარტნიორ-მოკავშირეები ყასიდად გვაქებდნენ?

– არა, ათასკაციანი ბალასტი მათ არ სჭირდებათ. ავღანეთში ერთი ბალასტი ქართველი ნიშნავს, რომ რისკის ქვეშ დგება ასი ამერიკელის სიცოცხლე, ასე რომ, ბალასტს იქ არავინ დატოვებს. სწორედ იმიტომ არის ასეთი რეზონანსი, რომ ჩვენი კონტინგენტის ხარისხი მაღალია. იგივე იყო ერაყშიც. ჩვენს კონტინგენტს არც მოსახლეობასთან ჰქონია პრობლემა. არ ყოფილა არც სადიზმის და არც ძალადობის შემთხვევები. იცით, რომ ამერიკელი და სხვა ქვეყნის ჯარისკაცები ჩადიოდნენ სამხედრო დანაშაულს. ჩვენთანაც არის ქურდობის შემთხვევები, მაგრამ ეს არ არის ქართული კონტინგენტის ზოგადი მახასიათებელი. თუ შევაჯამებთ ყველაფერს: დადებითი გამოხმაურებაა, ერთი მხრივ, მისიის შესრულების ხარისხის მხრივ და, მეორე მხრივ, ადაპტაციის თვალსაზრისით. მოკლედ რომ ვთქვა, ჯანმრთელი კონტინგენტია და ზედმეტ პრობლემებს არ ქმნის. ზოგი მთას ვერ ეგუება, ზოგი – სიცხეს, მაგრამ ჩვენი კონტინგენტი არ მოითხოვს დამატებით უზრუნველყოფას. ამერიკელ ჯარისკაცს, რომ აბრძოლო, საჭიროზე მეტი კომფორტი უნდა შეუქმნა, ქართველ ჯარისკაცს კი ეს არ სჭირდება. ის ფსიქოლოგიური სტრესების გარეშე ახერხებს მისიის შესრულებას. გინახავთ, მოჩხუბარი ან გალოთებული ქართველი ჯარისკაცი, რომელიც აწუხებს ქალაქს?! მით უმეტეს, რომ ჩვენ არ გვაქვს შესაბამისი ტრენინგ-ცენტრები. ეს იმის გამო ხდება, რომ ჩვენი ფსიქიკა ძალიან მდგრადია გენეტიკურად.

– მდგრადი იქნება, აბა, რა, ვისაც არ ეზარებოდა და ძალა ერჩოდა, საუკუნეების განმავლობაში სისხლს გვწოვდა?

– თითქმის ყველა ქვეყნის კონტინგენტს აქვს პრობლემა. მაგალითად, იცით, რა პრობლემა ჰქონდა გერმანულ კონტინგენტს კოსოვოში, მიუხედავად იმისა, რომ გერმანია და კოსოვო ლამის გვერდიგვერდაა?! მათ შეყვარებულები სცილდებოდნენ, იმიტომ რომ ექვსი თვის განმავლობაში ვერ ხვდებოდნენ ერთმანეთს და გერმანია იძულებული გახდა, დაეშვა მობილური ტელეფონები, გამოეყო დრო შეხვედრებისთვის. ამ პრობლემაზე ბუნდესვერი მუშაობდა. გაგიგიათ, საქართველოს კონტინგენტს ცოლების ან შეყვარებულების გამო პრობლემა შექმნოდათ?! ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ძალიან მაღალი ფასი აქვს ჩვენს კონტინგენტს. სხვათა შორის, თუ ჩვენ დღეს რუსები ისე არ გვაწუხებენ, ამ კონტინგენტის დამსახურებაცაა.


скачать dle 11.3