რა აერთიანებთ 21 დეკემბერს დაბადებულ იოსებ სტალინს, მიხეილ სააკაშვილსა და ირაკლი ალასანიას და რატომ არის ირაკლი ოქრუაშვილის წარმატების საიდუმლო მის სიჩუმეში
ის, რომ ქართველი პოლიტიკოსები ურთიერთობისას დიდი კონსტრუქციულობით არ გამოირჩევიან, ეს შეუიარაღებელი თვალითაც ნათელია. როგორც ის, რომ დიდხანს ვერც ერთად ძლებენ, ამიტომაც, ლამის წესად იქცა, რომ ყოფილი თანაგუნდელები ერთმანეთს უპირისპირდებიან. შესაბამისად, ქართული პოლიტსცენა არც ლიდერების ნაკლებობას უჩივის და მით უმეტეს, არც პარტიებისას (ბუნებრივია, სხვა თემაა, რამდენად აკმაყოფილებენ ეს ლიდერები ან მათი პარტიები ამ ცნებების კლასიკურ გაგებას, ოღონდ ეს სულ სხვა საუბრის თემაა). რას ამბობენ ვარსკვლავები ჩვენი პოლიტიკური სცენის წამყვანი (გნებავთ, წამყვანობის მსურველი) ფიგურების შესაძლებლობებსა და შეთავსება-შეუთავსებლობაზე? ცხადია, თემაზე ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გვესაუბრება.
– მიხეილ სააკაშვილი, ირაკლი ალასანია და იოსებ სტალინი ერთსა და იმავე დღეს არიან დაბადებულნი. ჰგვანან ერთმანეთს ხასიათითა და შესაძლებლობებით?
– როგორ არ ჰგვანან, მაგრამ შინაგანი ბუნების თვისებებით, რადგან სამივე „მშვილდოსნის“ ზოდიაქოს ქვეშ არის დაბადებული. ამდენად, სამივეს აქვს: ენერგია, ორგანიზატორული მონაცემები, უნარი, რომ ზეგავლენა მოახდინონ სხვა ადამიანებზე და დაარწმუნონ თავიანთი იდეების მართებულობაში, არიან მიზანსწრაფულები, აქვთ შრომისუნარიანობის გამოხატვის შესაძლებლობა და საკუთარი თავის ძლიერი რწმენა. მათ ეს თვისებები საერთო აქვთ, რომლებსაც მზე აძლევს დაბადების მომენტში „მშვილდოსნის“ ბოლო გრადუსში ადგილსამყოფლიდან გამომდინარე, მაგრამ განსხვავებებიც საკმაოდ ბევრი და მნიშვნელოვანია. ყველაზე ახლოს მათგან „მშვილდოსნის“ ფსიქოტიპთან არის ირაკლი ალასანია. მასში უფრო მეტია კლასიკური „მშვილდოსნის“ ელემენტები. გვერდითა ნიშანი „თხის რქა“ განსაკუთრებით ზეგავლენას ახდენდა სტალინზე. „თხის რქა“ სტალინს ანიჭებდა გარეგნულ და შინაგან სიმშვიდეს, სერიოზულ დამოკიდებულებას საქმისადმი, ის ათასჯერ აწონ-დაწონიდა, სანამ რამეს იტყოდა და გააკეთებდა. სწორედ „თხის რქამ“ მისცა მას უნარი იმისა, რომ მოთმინება ჰქონოდა ყველგან და ყველაფერში, რითაც გარშემო მყოფები წონასწორობიდან გამოჰყავდა, მათ შორის ამერიკისა და ბრიტანეთის ხელმძღვანელები. ეს თვისებები არ აქვს სააკაშვილს. რადგან მასზე „მშვილდოსანთან“ ერთად განსაკურებულ ზეგავლენას ახდენს „ვერძის“ ზოდიაქო. „ვერძში“ მას აქვს ამომავალი ზოდიაქოს ნიშანი დაბადების მომენტში, დაბადების საათიდან გამომდინარე, რაც აძლევს მას გარეგნულ აგრესიას, გარეგნულ შემტევ ხასიათს და, ამდენად, სააკაშვილი ხშირად არის „მშვილდოსანი“ აგრესიული ქვეტექსტით და მასში გაძლიერებულია სხვების დამორჩილების უნარი. ალასანიას ეს თვისებები ნაკლებად აქვს გამოხატული. მას „მშვილდოსნის“ უფრო რბილი თვისებები აქვს: კომუნიკაბელურობა, ორატორული მონაცემები. როგორც გითხარით, ის უფრო კლასიკურია. სტალინი იყო „მშვილდოსანი“ „თხის რქისეული“ დიდი ზეგავლენით, ამიტომაც გამოირჩეოდა ორგანიზებულობით, შეუპოვრობით, მოთმინებით, უფრო მეტიც, ყაირათიანობითაც. სააკაშვილთან კი განსაკუთრებით თვალშისაცემია უყაირათობის თვისება, იმიტომ რომ მასში ცეცხლის ორი ნიშანია აგიზგიზებული: „მშვილდოსანი“ და „ვერძი“. შესაბამისად, ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისგან ხასიათით.
– სააკაშვილს, ალასანიას, ნოღაიდელს, ბურჯანაძეს, გაჩეჩილაძეს, ნათელაშვილს, ერთი სიტყვით, პირველობისთვის მებრძოლ ადამიანებს რამდენად აქვთ, მათი ზოდიაქოს ნიშნებიდან გამომდინარე, თანამშრომლობის რესურსი?
– მათ სუფთა ადამიანურ თვისებებთან ერთად, აზარალებთ ასტროლოგიის არცოდნაც. მახსოვს, ერთი გამოჩენილი პიროვნება იყო ზვიად გამსახურდიას პერიოდში და მე მას ვაჩვენე ასტროლოგიურად, თუ რა უნდა გაკეთებულიყო, რომ არ მომხდარიყო განხეთქილება ეროვნულ მოძრაობაში. ზვიად გამსახურდია იყო „ვერძი“, მას გვერდით ჰყავდა მეგობარი მერაბ კოსტავა – „ტყუპები“. ეს ორი ნიშანი ძალიან კარგად უგებს ერთმანეთს. მაგრამ ასპარეზზე გამოჩნდა ირაკლი წერეთელი – „მორიელი“; გიორგი ჭანტურია – „ლომი“, ეს სამი: „ვერძი“, „ლომი“ და „მორიელი“, ძალიან ამბიციური ნიშანია. მათ უყვართ ძალაუფლება, აქვთ დიქტატორული თვისებები და მათ შორის ოდითგანვე ულმობელი ბრძოლაა ძალაუფლებისთვის. ტრადიციულად, ეს სამივე ნიშანი ჯიუტია და უკან არ იხევს, რაც მოხდა კიდეც. ასეთ დროს საჭიროა ხოლმე შუამავალი ნიშანი. მაგალითად, „ტყუპები“ შესანიშნავი შუამავალია და სწორედ ასეთ როლს იღებდა თავის თავზე მერაბ კოსტავა, მაგრამ, როგორც კი ის დაიღუპა, მათი ურთიერთობა გამძაფრდა. საჭირო იყო ახალი შუამავლის პოვნა: ეს ან უნდა ყოფილიყო „ტყუპები“, „სასწორი“ ან „მერწყული“ და მაშინ გაცილებით ნაკლები პრობლემები შეექმნებოდა საქართველოს.
– ზემოჩამოთვლილ პოლიტიკოსებსაც იგივე საფრთხე ემუქრებათ?
– აქ შეიკრა გუნდი, საიდანაც თითოეულს თავისი ამბიცია აქვს. შალვა ნათელაშვილი „მერწყულია“, მაგრამ მას ხასიათში აქვს „მორიელის“ ძლიერი ელემენტები. ნათელაშვილს დემოკრატიული პროცესების სააკაშვილისგან განსხვავებული ხედვა აქვს. ის ფრიად თავისუფლებისმოყვარე პიროვნებაა, რომელსაც საინტერესო იდეები აქვს სოციალურ საკითხებზე. ქრისტეს თორმეტი მოციქულიდან, რაც თორმეტი ზოდიაქოს ნიშნის პარალელია, თადეოზი იყო „მერწყული“ და სწორედ ის ეხმარებოდა ყველაზე გაჭირვებულ ადამიანებს. შალვა ნათელაშვილთანაც ჩანს, რომ ამ ადამიანისთვის სოციალური თემები წინა პლანზეა.
ლევან გაჩეჩილაძე – „კირჩხიბი“: ის არის ემოციური და მგრძნობიარე ადამიანი, მაგრამ ხასიათცვალებადი. მართალია, ნინო ბურჯანაძეც „კირჩხიბია“, მაგრამ მას „კუროს“ ნიშანი აქვს გაძლიერებული, რაც ცოტათი აწონასწორებს „კირჩხიბის“ მერყეობას. ამიტომ ბურჯანაძე უფრო მყარი და ძლიერია თავისი ხასიათით. ლევან გაჩეჩილაძის ხედვა რადიკალურად განსხვავდება სააკაშვილისა და ალასანიას ხედვისგან. შეიძლება, მათი გაერთიანება მოხდეს ზოგადი ფრაზით, მაგალითად, სამშობლოს სიყვარული, მაგრამ მათი პრინციპები, როგორც ისინი ხედავენ სამშობლოს განვითარებას, ცა და დედამიწასავით განსხვავდება.
– ვინ ვის შეეწყობა იდეალურად?
– კახა შარტავა „მორიელია“. „მორიელი“ და „კირჩხიბი“ კი ძალიან უგებენ ერთმანეთს. მსგავსი შტრიხები აქვთ ხასიათში. ანუ კახა შარტავასა და ლევან გაჩეჩილაძეს შორის უფრო მეტი ურთიერთგაგება იქნებოდა, ვიდრე ლევან გაჩეჩილაძესა და ალასანიას ან თუნდაც, ლევან გაჩეჩილაძესა და შალვა ნათელაშვილს შორის. ამიტომ ცხადია, რომ ამ პოლიტიკოსების გაერთიანებამ დიდხანს ვერ გაძლო. მათ მუშაობის პრინციპებიც განსხვავებული აღმოაჩნდათ და იმდენად დიდი ამბიციები, რომ თითოეულს თავისი იდეების წინა პლანზე წარმოჩენა უნდოდა. ეს უკვე საქართველოს თავისებურებაა, რომელსაც მართავს „ლომის“ ნიშანი და არის ამპარტავანი, ამბიციური, ქედმაღალი, არაპუნქტუალური, უყაირათო, სულსწრაფი, ჯიუტი და დიქტატორი თავისი ხასიათით. ყველა ქართველში ეს თვისებები მეტ-ნაკლებად ჩადებულია დაბადებიდანვე. ამიტომ, როდესაც საუბარია ძალაუფლებაზე, „ლომი“ კი სწორედ ძალაუფლების ნიშანია და ერთმანეთს ხვდებიან ასეთი განსხვავებული ფსიქოტიპის ნიშნები, მათ შორის შეჯახება გარდაუვალია. მათ უძნელდებათ საერთო ენის გამონახვა, რადგან ამისთვის საჭიროა არა მხოლოდ სამშობლოს სიყვარული, არამედ გონიერება და დათმობის ხელოვნება, რაც მათ უმრავლესობას არ აქვს. პოლიტიკა არ არის ნებისმიერი ადამიანების თავყრილობა, ადამიანებისა, რომლებსაც ფულის კეთება უნდათ. თუკი ხელისუფლების ყველა წარმომადგენელს ხელფასს დავუყვანთ პედაგოგის ხელფასამდე და მათ ყველანაირ პრივილეგიებს მოვუხსნით, მაშინ ვინ წავა პოლიტიკაში? ჭეშმარიტი პატრიოტები! პოლიტიკოსი დაბადებით უნდა იყოს პოლიტიკოსი. ის პოლიტიკაში უნდა მიდიოდეს სხვა ადამიანებზე ზრუნვის მრწამსით და არა ფულის საკეთებლად. თორემ როგორ შეიძლება, სამშობლო გიყვარდეს და ვერ დათმო შენი პოზიცია სამშობლოს გამო?! თუ ამას არ აკეთებ, უნიჭო ხარ, იმიტომ რომ პოლიტიკა, უპირველესად, კომპრომისების ხელოვნებაა.
– ირაკლი ოქრუაშვილმა შემოგვითვალა, თუ არ გავაკეთე, რაც ჩავიფიქრე, ეს ქვეყანა დაიღუპებაო?
– ოქრუაშვილი ბევრჯერ გავაფრთხილე და ახლაც ვეუბნები: ძალიან ფრთხილად იყოს ჟურნალისტების მიმართ, რადგან მისი შავი მთვარე „ტყუპების“ ზოდიაქოში იმყოფება. ასტროლოგიურ ენაზე ეს ნიშნავს შემდეგს: მას აქვს ცდუნებები, ამიტომ ვურჩიე, ზურაბ ადეიშვილივით, ჟურნალისტებთან კონტაქტი ან საერთოდ არ ჰქონდეს, ან ჰქონდეს მინიმალური. ზედმიწევნით აწონოს თითოეული ფრაზა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოუვა ის, რაც ერთხელ უკვე მოუვიდა, ცხინვალში რომ აპირებდა ახალი წლის შეხვედრას და ჯვარს აცვეს ამ ფრაზის გამო. ოქრუაშვილი „მორიელია“, ძლიერია შინაგანად და მე მას კიდევ ერთხელ ვურჩევ: ნაკლები ილაპარაკოს, რაც მეტად დაიცავს თავის საიდუმლოს, მით მეტად იქნება მისკენ წარმატება.
– კახა შარტავაც „მორიელი“ ყოფილა, მაგრამ არ ჰგავს ოქრუაშვილს მოქმედებებით?
– „მორიელია“, ოღონდ უფრო რბილი ნიშნებით, რადგან მასში ბევრია „სასწორის“ თვისებები, ამიტომ დიპლომატიის მეტი უნარი აქვს, თუმცა მაინც „მორიელია“. ოქრუაშვილში უფრო კლასიკური „მორიელი“ ჩანს თავისი კლასიკური აგრესიულ-შემტევი ენერგიებით. შარტავა უფრო დიპლომატიურია, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ კახა შარტავას ახასიათებს „სასწორის“ ცვალებადობა. ამის გამო ხშირად დროულად ვერ იყენებს იმ შესაძლებლობებს, რომლებიც ეძლევა. მის მერყეობას შეიძლება, ეშველოს, რადგან გვერდით გუბაზ სანიკიძე ჰყავს, რომელიც დაეხმარება დროული არჩევნის გაკეთებაში, მაგრამ შარტავას აქვს ერთი სერიოზული პრობლემა. არის ერთი დეტალი, რომელიც „ლომისთვის“, ანუ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია: ქარიზმა, რომელიც უნდა ჰქონდეს ყველა პოლიტიკოსს. კახა შარტავას ეს არ აქვს.
– ანუ შეიძლება, ითქვას, ქარიზმა ჩვენი გენეტიკის დაკვეთაა?
– „ლომი“ მსახიობია, უყვარს პომპეზურობა, ეფექტის მოხდენა, მათ შორის გარეგნულისაც. ჩვენთან პანაშვიდებიც კი სპექტაკლია. რატომ ავირჩიეთ თავის დროზე სააკაშვილი? იმ პოლიტიკოსებიდან, რომლებიც იმ დროს იყვნენ, ყველაზე ქარიზმატული იყო სააკაშვილი. მით უმეტეს, როდესაც პოლიტიკოსებს არ იცნობ, კარგად ვერ ერკვევი პოლიტიკაში და ასარჩევი გაქვს, ირჩევ ყველაზე ქარიზმატულს. ეს ქართული ხასიათია: ჩვენ ვაქცევთ ყურადღებას, რა მანქანა გვყავს, რა გვაცვია, რამდენად არის ნაყიდი.
– რის თქმა გინდათ, გენეტიკურად სნობები და მეშჩანები ვართ?!
– ლაპარაკია იმაზე, რომ ჩვენ წავედით „ლომის“ უარყოფითი თვისებების გაძლიერებისკენ, რომელშიც შედის ადამიანისადმი მეშჩანური დამოკიდებულება. ამიტომაც გაძლიერდა ჩვენთან ყვითელი პრესა არნახულად, ეს ჭორების ქვეყანაა. რადგან სულიერება უკანა პლანზეა და წინ მოდის შოუ, ჩვენც პოლიტიკოსებს შორის ვეძებთ ქარიზმატულ ფიგურებს. შეიძლება, ბევრი არ დამეთანხმოს.
– მე არ გეთანხმებით.
– მაგრამ უმრავლესობა ასე აფასებს. მეც არ მომწონს, რადგან ეს ერის დაღუპვის ერთ-ერთი კრიტერიუმია. მაგრამ ეს მუშაობს, მათ შორის პოლიტიკაშიც. თუმცა „ლომს“ მეორე მომენტიც აქვს: ის მაქსიმალისტია, ამიტომ ჩვენ გვინდა, რომ გვყავდეს პრეზიდენტი, რომელიც ჭკვიანიც იქნება, ლამაზიც, ქარიზმატულიც, თავის ერზე შეყვარებულიც, ერთგულიც, ასეთები კი უბრალოდ არ დადიან ამქვეყნად, ამიტომ ილუზიებში ვართ, თუმცა მალე მივხვდებით, რომ ქარიზმა არ არის ყველაფერი.
– ქარიზმა არაფერი არ არის, რადგან მთავარია, რას აკეთებ და არა ის, როგორ აელვარებ თვალებს და იცქირები დაჩრდილული წამწამებიდან?!
– ჩვენ ვსაუბრობთ, როგორ ირჩევს უმრავლესობა პრეზიდენტს. გარწმუნებთ, ეს ასეა.
– მჯერა. გიორგი თარგამაძეზე რას გვეტყვით? ქარიზმაში ისიც მოიკოჭლებს, აქვს პირველკაცობის პოტენციალი?
– ის „მორიელია“ და მას დიდი ხანია, ვიცნობ. მას აქვს „მორიელის“ მიზანსწრაფულობა, ნებისყოფა, შეუპოვრობა, მაგრამ მას ხელს უშლის ის მითქმა-მოთქმა, რომელიც მის ირგვლივ ტელეკომპანია „იმედთან“ დაკავშირებით დაიწყო. ეს ვითარება ბნელითაა მოცული და, სანამ ეს არ გაირკვევა, მის მიმართ ბოლომდე ნდობა არ იქნება. ის შეიძლება, წინ წავიდეს თავის პოლიტიკურ კარიერაში, მაგრამ ბოლომდე საზოგადოების ნდობა არც აქვს და არც ექნება, სანამ არ გაირკვევა, რომ ის არ არის გარეული იმ ბნელით მოსილ საქმეში. ჩვენთან ყოველთვის აქცევდნენ დიდ ყურადღებას ფარულ ინფორმაციებს.
– მაშინ ასე გკითხავთ, ზოდიაქოს რომელი ნიშანია იდეალური „ლომის“ გავლენის ქვეშ მყოფი საქართველოს სამართავად?
– იაპონელები ძალიან კარგად იყენებენ ასტროლოგიის პრაქტიკულ წყაროს და ისინი ასახელებენ ნიშნებს, რომლებსაც აქვთ კარგი ორგანიზატორული მონაცემები. ესენია: „ვერძი“, „მშვილდოსანი“, „კურო“, „კირჩხიბი“, „მორიელი“ და „თხის რქა“, მაგრამ იმასაც გვასწავლიან, რომ „ვერძი“, „ლომი“ და „მშვილდოსანი“ – სამივე, ცეცხლის სტიქიას წარმოადგენს. ეს ნიშნებია, რომლებსაც შეუძლიათ ნებისმიერი საქმის ფეხზე დაყენება და მართვა, მაგრამ, მაგალითად, დავით აღმაშენებელი, რომელიც კარგად ერკვეოდა ასტროლოგიაში, არასდროს ნიშნავდა „ვერძს“ მხედართმთავრად, რადგან ისინი ძალიან ხშირად ვერ ზომავენ და გადადიან მეორე უკიდურესობაში – ხდებიან დიქტატორები. სტატისტიკით, დიქტატორები ყველაზე ხშირად ცეცხლის სტიქიის ნიშნის ქვეშ იბადებიან, ამიტომ არის ხიფათი, რომ ცეცხლის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი გახდება დიქტატორი და ავტორიტარი. სწორედ ამის გამო ასტროლოგები გვაფრთხილებენ: უმჯობესია, ეს ნიშნები ამუშაოთ ქვედა პლანზე, მინისტრებად და არა პრეზიდენტებად, რომ სრული ძალაუფლება არ მიეცეთ. ცეცხლის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ვერც ხვდებიან, რომ დიქტატორები არიან, რადგან მათი შინაგანი პრინციპი ასეთია: მე ყოველთვის მართალი ვარ. მეტიც, თუ ამ ნიშნის წარმომადგენლებს აქვთ რაღაც კომპლექსები, ძალაუფლების მიღების შემთხვევაში, ეს კომპლექსები უფრო გაძლიერდება. ამდენად, არჩევნების წინ ფსიქოლოგები აქტიურად უნდა მუშაობდნენ და ამომრჩევლებს უხსნიდნენ, თუ ვინ რომელი ფსიქოტიპია. დარჩენილი ნიშნებიდან პირადად მე საუკეთესო კანდიდატურად მეგულება „თხის რქა“, მაგრამ ასეთი ჯერჯერობით არ გვყავს. „თხის რქა“ არის ყველაზე მშვიდი, სტაბილური, თან პოლიტიკის ნიშანი, ორგანიზებული, დისციპლინირებული, მიზანსწრაფული, რომელიც ქვეყანას ფუტკარივით ამუშავებს. ეს ნიშანი შრომით აღწევს ყველაფერს და არა პროტექციით, ამიტომ „თხის რქის“ მმართველობის პერიოდში არანაირი უმუშევრობა არ იქნება. ამის შემდეგ არჩევანს შევაჩერებდი „მორიელზე“, თუ არ აქვს ცხოვრებისეული პრობლემები და „კუროზე“. „მორიელი“ ძალიან სექსუალური ნიშანია და, თუ არ აქვს სექსუალური გადახრები, ის გამოდგება. სხვათა შორის, დავით აღმაშენებელი მთავარ მხედართმთავრად ან „თხის რქას“ ნიშნავდა, ან „მორიელს“. ორივეს აქვს ინტუიცია, წინდახედულობა, მოთმინება, პრაქტიკული ანალიზის უნარი და ორგანიზატორული მონაცემები.