კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ ჰქონდა ბარაკ ობამას მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის გარდა სხვა გზა და რა მიზნით შეხვდნენ ერთმანეთს საქართველოს პრეზიდენტი და მედვედევის დამფინანსებელი









რაკი მთელი ჩვენი ყურადღება ნატოს სამიტისა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ჩვენი პრეზიდენტის გამოვლისკენ იყო მიპყრობილი, თითქმის გამოგვრჩა რფ-ის პრეზიდენტის ბაქოში ვიზიტის დეტალები, არადა ამასწინანდელი ვიზიტისას, მედვედევმა ალიევს მშვენიერი საჩუქარი გაუკეთა (ტერიტორიის მცირე, მაგრამ მაინც ნაწილი დაუთმო). რატომ გააქტიურდა რუსეთის ფორმალურად პირველი პირი სამხრეთ კავკასიის მიმართულებით, რა კავშირი აქვს ამას საქართველოს ჩრდილოეთ კავკასიის მიმართ გააქტიურებასა, სამხრეთ კავკასიაში კი ირან-თურქეთის ანალოგიურ ქმედებასთან, ცხადია, იმ ფონის გათვალისწინებით, რომ საქართველოს პრეზიდენტის წყალობით სიტყვა „კავკასია“ სულ უფრო და უფრო ხშირად ისმის საერთაშორისო ტრიბუნებიდან. საკითხის გარკვევას, კავკასიის საკითხებში ექსპერტთან, მამუკა არეშიძესთან, ერთად შევეცდებით.

– რატომ გახდა უეცრად კავკასია ასეთი აქტუალური ჩვენი პრეზიდენტის გამოსვლებში?

– სამწუხაროდ, არ ვიცი, კერძოდ, ვინ მუშაობს სააკაშვილის გუნდში ფიარზე, მხოლოდ ის ვიცი, რომ ისინი ამერიკელები არიან, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ძალიან ძლიერი ჯგუფია. ძალიან პროდუქტიულად მუშაობენ და მათი მუშაობის ერთ-ერთი ძირითადი სტრატეგიული ამოცანა, სავარაუდოდ, არის ის, რომ საქართველოს აღუდგინონ ის მდგომარეობა, რომელიც ჰქონდა აგვისტოს ომამდე, ოღონდ განსხვავებულ კონტექსტში. თუკი აგვისტოს ომამდე საქართველო მიიჩნეოდა ევროპული ღირებულებების განსაკუთრებულ მატარებლად, იყო „დემოკრატიის შუქურა“ კავკასიაში და ჩვენი აზერბაიჯანელი და სომეხი კოლეგების შეფასებით, ლოკომოტივი ამ ორი ქვეყნის ევროპაში გასაყვანად, დღეს ეს მიდგომა შეიცვალა. დღეს საქართველოს ამოცანაა, იქცეს კავკასიის გეოპოლიტიკურ ცენტრად, რომელიც დააბალანსებს სიტუაციას აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ამის საფუძველს მაძლევს ის, რომ აბსოლუტურად პარადოქსულ ნაბიჯებს დგამს ქვეყნის პრეზიდენტი და ერთდროულად ამყარებს ურთიერთობას ევროკავშირთანაც და მის შეურიგებელ მტერ ირანთანაც.

– მსგავსი მცდელობები, თუ საქართველოს ისტორიას გადავხედავთ, ყოველთვის კრახით მთავრდებოდა საქართველოსთვის.

– მაგრამ მოკლევადიან პერსპექტივაში ამას არაერთხელ მოუტანია საქართველოსთვის წარმატება. მეტიც, ამავდროულად ინარჩუნებს განსაკუთრებულ ურთიერთობებს თურქეთთან. ლაპარაკი აღარ მაქვს სომხეთსა და აზერბაიჯანზე. ამ ფიარჯგუფმა მოახერხა ისიც, რომ გადაკვეთა საქართველოსა და რუსეთის ლიდერების ინტერესები, ოღონდ ამის თაობაზე მოგვიანებით ვიტყვი, ამჟამად მათი მუშაობის პოზიტივზე ვისაუბრებ. ამდენად, არ უნდა გაგვიკვირდეს კავკასიური პოლიტიკის გააქტიურება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. აქ ბევრი საინტერესო ნიუანსია, მაგრამ მინდა, განსაკუთრებით გავამახვილო ყურადღება ერთ ფიარტექნოლოგიურ სვლაზე, რომელიც, ეტყობა, ამ ჯგუფის მიერაა მოფიქრებული: ეს არის ობამასკენ სააკაშვილის სვლის გზა. ჩვენ ვიცით, რომ ობამა ყოველნაირად არიდებდა თავს სააკაშვილთან შეხვედრას და დიდი წვალების შემდეგ ივარაუდებოდა, რომ ასეთი შეხვედრა შეიძლებოდა, შემდგარიყო ასტანაში და ისიც საკმაოდ უხერხული საუბარი უნდა გამართულიყო ამ ორ ლიდერს შორის. მაგრამ ამ ფიარჯგუფმა იმდენი მოახერხა, რომ შეხვედრა შედგა სხვა დროსა და ვითარებაში.

– და მიხეილ სააკაშვილმა ისეთი რამ შესთავაზა ბარაკ ობამას, რაზეც ის უარს ვერ იტყოდა?

– გეტყვით. ამ ჯგუფმა მოახერხა ის, რომ სააკაშვილი ობამას შეხვდა სააკაშვილისთვის მომგებიან ვითარებაში და მე გეტყვით, რა ტექნოლოგიით მოხდა ეს: საქართველო, რომელიც არ არის ნატოს წევრი, მესამე ქვეყანაა წარმომადგენლობის რაოდენობით ავღანეთში, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის კონტინგენტების შემდეგ. საქართველოს ასეთი აქტიურობა და რაოდენობა უხერხულ მდგომარეობაში აყენებს ნატოს დანარჩენ ქვეყნებს, რადგან ეს მათი მოვალეობაა და არა საქართველოსი. გარდა ამისა, საქართველოს აქვს დანაკარგი ავღანეთში. სულ ახლახან გამჟღავნდა, რომ, თურმე, გერმანიაში უფეხებოდ და უხელოდ დარჩენილი სამხედრო მკურნალობს და ჩვენ ვიცით, რომ ზოგმა მხედველობაც დაკარგა და დახეიბრდა საერთაშორისო მისიების შესრულებისას. ეს სამწუხარო ამბავია, მაგრამ ეს საკითხიც გამოიყენეს ფიარტექნოლოგიური თვალსაზრისით, რომ დასავლეთისთვის ეთქვათ: ჩვენ ხელს ვკრავთ ქვეყანას და მის ლიდერს, რომელიც ამხელა დახმარებას უწევს ნატოს ავღანეთში. როგორც ჩანს, ობამა უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, უკვე აღარ შეიძლებოდა, რომ ნატოს სამიტის ფონზე ასეთი ქვეყნის ლიდერს არ შეხვედროდა. ეს ძალიან კარგად გათვლილი ნაბიჯი იყო. ცინიკურად ჟღერს, რასაც ვამბობ, მაგრამ პოლიტიკა, სამწუხაროდ, ცინიკურია. სწორედ ამ ტექნოლოგიის წყალობით შეხვდნენ ერთმანეთს სააკაშვილი და ობამა და ეს ნაყოფიერი შეხვედრა იყო. საინფორმაციო საშუალებებიდან ვიცით, რომ მათ ისაუბრეს ავღანეთზე, რაც ბუნებრივია, თუმცა, დარწმუნებული ვარ, სხვა თემებსაც განიხილავდნენ. ვიმეორებ, მე ვლაპარაკობ ამ ფიარჯგუფის მუშაობის პოზიტივზე, ეტყობათ, რომ ძალიან ყოჩაღები არიან.

– ნეგატივი?

– ვერანაირი ფიარტექნოლოგია ვერ შეცვლის იმ მდგომარეობას, რომ ქვეყანას დიდი შიდა პრობლემები აქვს: მომავალი წლიდან ვიწყებთ საგარეო ვალის დაფარვას; ქვეყანას აქვს ინვესტიციების პრობლემა და ეს ფაქტია, რაც არ უნდა თქვას ხელისუფლებამ; ძალიან ცუდად იმოქმედა ამაზე ებრაელი ბიზნესმენების დაკავებამ და თურქი ინვესტორებისთვის შექმნილმა პრობლემებმა. იგივე მდგომარეობაა აზერბაიჯანელების მიმართაც. პარტნიორული ურთიერთობა მათთანაც ჭირს, უბრალოდ აზერბაიჯანელები სხვა სტრატეგიას მიმართავენ: ისინი თურქებისა და ებრაელების მსგავსად, ინვესტიციებს კი არ ამცირებენ, არამედ თავიანთი ინტერესებით ხელმძღვანელობენ მხოლოდ. გამოჩნდნენ ახალი ინვესტორები სომხების სახით, მაგრამ ამას მნიშვნელოვნად ვერ აღვიქვამთ, რადგან სომხეთი თავადაა კატასტროფულ ეკონომიკურ მდგომარეობაში. ერთი სიტყვით, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის ნიშნები აშკარაა, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია ვერ ყოჩაღობს. მე ვიცი უამრავი მსხვილი ქართველი ბიზნესმენი, რომლებმაც თავისი ბიზნესის საქართველოდან გატანა დაიწყეს, ძირითადად, უკრაინაში. ეტყობა, ფიარტექნოლოგების საქმიანობა ამას ვეღარ გასწვდა ან ისინი ასეთ პრობლემებზე ყურადღებას არ ამახვილებენ. ასეა თუ ისე, უნდა ვაღიაროთ, რომ შიდა პოლიტიკაში წარუმატებლობის მიუხედავად, საერთაშორისო არენაზე აი, ამ ფიარჯგუფმა და, აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებამ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია.

– მედვედევისა და სააკაშვილის ინტერესებმა გადაკვეთეს ერთმანეთიო. სად?

– გამოიკვეთა ასეთი მდგომარეობა: სააკაშვილსა და მედვედევს ჰყავთ ერთი მტერი-მოწინააღმდეგე – პუტინი.

– იმან, რომ დასავლეთმა დაიწყო მედვედევის წახალისება პუტინთან საჭიდაოდ, სააკაშვილი მომგებიან ვითარებაში ჩააყენა?

– რასაკვირველია. თუ ატყობთ, სააკაშვილი სიტყვა „მედვედევს“ ან ნეიტრალურ, ან დადებით კონტექსტში ახსენებს.

– არც მედვედევი ახსენებს მას, მაინცდამაინც, აგრესიულად?

– ადრე ამბობდა, რომ არ არის ნორმალური, მასთან არ შეიძლება ლაპარაკი, არის პოლიტიკური გვამიო, მაგრამ ამ ბოლო დროს აღარც მედვედევი ახსენებს სააკაშვილს, გარდა იმისა, რომ ამბობს, არ დაველაპარაკებიო. ეს ცუდია, მაგრამ მაინც დიპლომატიური ნათქვამია. საქმე ის არის, რომ დასავლეთს მედვედევზე მეტად უნდა, რომ მედვედევი იყოს პრეზიდენტი. რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკური ღვარძლიანობიდან გამომდინარე, პუტინი არავითარ შემთხვევაში არ ჩავიდოდა ისეთ სამიტზე, რომლის საპარლამენტო ასამბლეამაც რუსეთი ოკუპანტად გამოაცხადა, მაგრამ მედვედევი ჩავიდა და ეს არც შეუმჩნევია. მე ვიცი, რომ დასავლეთი მედვედევს ჰპირდება შეღავათიანი პირობებით ტექნოლოგიების გადაცემას, რაც ასე ძალიან სჭირდება რუსეთს; ჰპირდება ეკონომიკურ მხარდაჭერას და სხვა ტიპის გვერდში დგომასაც, თუ მედვედევს დასჭირდება. თუ ატყობთ, მედვედევი მაქსიმალურად ცდილობს, განერიდოს კავკასიის საკითხებს, რადგან კავკასია მძიმე თემაა და ის სოჭის ოლიმპიადიანად გადაბარებული აქვს პუტინს. აი, სწორედ აქ გადაიკვეთა მედვედევისა და სააკაშვილის ინტერესები. ამიტომაც გაიმართა შეხვედრა მედვედევის ერთ-ერთ უმთავრეს თანაგუნდელთან, მილიარდერ ანისიმოვთან, ყოფილ პუტინისტთან, რომელიც ახლა მედვედევის ბანაკშია გადმობარგებული. ის უმიზეზოდ სააკაშვილს არ შეხვდებოდა. არადა, როგორც ჩემთვის ცნობილია, მათ შორის ხანგრძლივი საუბარი გაიმართა. არანაირი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, ვისი ინიციატივით შეხვდნენ ისინი ერთმანეთს, უნდა გითხრათ, რომ თავის დროზე ანისიმოვი იყო ბადრი პატარკაციშვილის ბიზნესპარტნიორი და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყოველთვის იყო ბორის ბერეზოვსკის ბიზნესპარტნიორი. ამდენად, არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ ბორის ბერეზოვსკის მეშვეობით გაიმართა ეს შეხვედრა. სხვათა შორის, ბერეზოვსკი ყოველთვის აღნიშნავს, რომ პუტინის მტერია. ასევე, ნუ დაგვავიწყდება, რომ ბორის ბერეზოვსკი ჩვენი პოლიტელიტის ზოგიერთ წარმომადგენელთან ძალიან ახლოსაა.

– მარტივად ვიკითხავ: მედვედევის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება?

– საფრთხე ემუქრება ნებისმიერი იმ პოლიტიკოსის სიცოცხლეს, რომელიც ქმნის ახალ პოლიტიკას როგორც რეგიონულს, ისე გეოპოლიტიკურს.

– უფრო დავაკონკრეტებ: შეიძლება, რომ პუტინმა ის უბრალოდ თავიდან მოიშოროს? პუტინიც ხომ ხვდება იმას, რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ?

– მეკითხებით, ემუქრება თუ არა საფრთხე მედვედევის სოცოცხლეს? ემუქრება! ემუქრება თუ არა კავკასიას ახალი ომის საფრთხე? ემუქრება! შეიძლება, თუ არა, რომ შეიცვალოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა და საქართველო გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან? შეიძლება!

– ამის ერთადერთი ვარიანტი ამ ეტაპზე კონფედერაციაა, რაც უარესია, ვიდრე დღევანდელი მდგომარეობა?

– მე არ მითქვამს, გადაწყდება, მე ვთქვი, შეიძლება, შეიცვალოს-მეთქი. თქვენი ჟურნალის მკითხველმა ცალსახად უნდა იცოდეს, რომ საქართველოს ნატოში ვერ მიიღებენ, სანამ ეს პრობლემა არ მოგვარდება.

– გასულ კვირას თქვა სარკოზიმ დაუფარავად: ჩვენ ვერ მოვახდენთ ნატოში პრობლემების იმპორტსო?

– საქართველოში იყო აზრი, რომ საქართველოს უფრო იოლად მიიღებდნენ ამ ორი რეგიონის გარეშე, მაგრამ ეს ამბავი არ გამოვა და ეს საქართველოს ხელისუფლებამაც იცის და ჩვენმა პარტნიორებმაც. ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც ამ ორი რეგიონის დათმობას აპირებს, ის ოკუპირებულად კი არ უნდა გამოაცხადოს, არამედ აღიაროს. მიუხედავად ამ პრობლემის ვითომ ჩამოცილებისა, სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანება უდიდესი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, იმიტომ რომ სერბეთმა არ აღიარა კოსოვოს დამოუკიდებლობა. ესე იგი, საქართველოს ნატოში გაწევრიანებაც არ გამოვა, სანამ ეს პრობლემა არ მოგვარდება, ამიტომაც გაჩნდა სხვა მიდგომები და სწორედ ამ მიდგომების შედეგია ის, რაც ბოლო დროს მოხდა.

– მედვედევმა რატომ მოუხშირა სამხრეთ კავკასიაში ვიზიტებს? ბაქოში უკვე მეორედ იყო ამ მცირე ხნის განმავლობაში.

– მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა აზერბაიჯანს დაუთმო, რაც შეეძლო: ტერიტორიაც, გაზის ფასიც, შეიარაღებაც გადასცა, აზერბაიჯანის ხელისუფლება მაინც ჯიუტი ბავშვივით ყარაბაღის ომზე ლაპარაკობს. აზერბაიჯანი ის ქვეყანა არ არის, სადაც საზოგადოება კატეგორიულად მოითხოვს ყარაბაღის დაბრუნებას, ამიტომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას ეს პრობლემა არ აქვს, მაგრამ აქვს თავმოყვარეობის პრობლემა. მას უნდა, რომ გახდეს რეგიონული ლიდერი. შესაბამისად, მედვედევის პროგრამა-მაქსიმუმია, არ დაუშვას ომის განახლება და, რაც ყველაზე მთავარია, რუსეთმა და პირადად მან შეასრულონ შუამავლის როლი სამშვიდობო პროცესში. აი, ამიტომ უწევს მედვედევს ალიევის დაწყნარება და მუდმივი ვიზიტები ბაქოში. სხვათა შორის, საქართველოს ხელისუფლების რიტორიკაც, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მკვეთრი ნაბიჯები გადადგა რუსეთის წინააღმდეგ: ჩერქეზების გენოციდი, ჩრდილოკავკასიელებისთვის საზღვრის გახსნა, დღეს შერბილებულია. დღეს აღარ ლაპარაკობენ ჩერქეზების გენოციდზე, ლაპარაკია ჩერქეზების ტრაგედიაზე. ეს ჩემი მოთხოვნაც იყო, თუმცა მე არ მჯერა, რომ ხელისუფლებამ ჩემი მოთხოვნა შეისმინა, უბრალოდ ამ ფიარჯგუფთან ერთად მივიდნენ ამ დასკვნამდე. სხვათა შორის, 2003 წელს რუსეთმა ზუსტად ასეთი რეჟიმი შემოიღო აჭარის მოსახლეობის მიმართ და ჩვენ გვაქვს ამონარიდი, თუ როგორ აცხადებს სააკაშვილი 2003 წლის დეკემბერში, საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომ, თუ რუსეთი არ შეცვლის ასეთ მიდგომებს საქართველოს ცალკეული ტერიტორიების მიმართ, საქართველო რუსეთთან ურთიერთობას ვერ ააწყობსო. ახლა საქართველომ იგივე გააკეთა ჩრდილო კავკასიის მიმართ. მეტიც, დღეს ბევრად უფრო აქტიურად იყენებენ სიტყვა „მშვიდობას“ სხვადასხვა კონტექსტში: სამშვიდობო ინიციატივა, მშვიდობიანი კავკასია, მშვიდობიანი მიდგომა, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ცალმხრივი გადაწყვეტილება, რომელიც ევროპარლამენტის სხდომაზე თქვა სააკაშვილმა. ამით მან თავი დაიზღვია, რადგან უკვე აღარ მოუწევს ცეცხლის განუახლებლობის დოკუმენტზე ხელმოწერა არა მხოლოდ სეპარატისტული რეგიონების ხელმძღვანელებთან, არამედ რუსეთთანაც კი, იმიტომ რომ პირდაპირ ევროკავშირთან დადებს ამ ხელშეკრულებას.

– ეს ყველაფერი შესანიშნავია, მაგრამ, როგორც საქართველოს რიგით მოქალაქეს, მაინტერესებს: იმ ეგრეთ წოდებულ საზღვართან ოკუპანტებმა და მათმა სეპარატისტმა მოკავშირეებმა ჩვენს მოსახლეობას რომ ცეცხლი გაუხსნან, ჩვენ აქედან მხოლოდ თეთრი მტრედები უნდა გავაფრინოთ?

– დიახ… ახლახან ვახსენეთ ავღანეთი: ჩვენი ხელისუფლება ხშირად თავისი მოქალაქეების ჯანმრთელობის რისკით დგამს ხოლმე პოლიტიკურ ნაბიჯებს. საერთოდ, ასეთი რამ ცივილიზებულ სამყაროში არ ხდება და, თუ ხდება, ამას საშინელი რეაქციები მოჰყვება ხოლმე იმ საზოგადოების მხრიდან. დავუშვათ, ჩვენ ჯერ არ ვართ ჩამოყალიბებული ქვეყანა და პოლიტიკურ პროცესებში ბევრ შეცდომას ვუშვებთ, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ქართველმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ მას, მოვალეობების გარდა, მცირე საგადასახადო შეცდომაზე უზარმაზარ ჯარიმებს რომ უწესებენ, აქვს უფლებებიც და იმ უფლებებში შედის იმის მოთხოვნა, რომ მათი სამოქალაქო და სოციალური მოთხოვნები იყოს გათვალისწინებული. როდესაც ნანა ფიფია თავს იწვავს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წინ, ამას შეფასება უნდა მისცეს არა მხოლოდ ხელისუფლებამ, არამედ საზოგადოებამ. მე ვიცნობ იმ ოჯახს და ვიცი, რომ კანტიკუნტად მივიდნენ მის პანაშვიდზე პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები, თუმცა ვიცი, რომ მისი დაკრძალვის ხარჯები გადაიხადა აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრომ.

– ეს ტრადიცია შევარდნაძის პერიოდიდან მოდის: ჩვენი სახელმწიფო ხელგაშლილია, როდესაც საქმე დასაფლავების ხარჯებს ეხება.

– იმდენი თანხა გამოყო დასავლეთმა დევნილებისთვის, რომ ისინი ბევრად უფრო ნორმალურ პირობებში უნდა ცხოვრობდნენ, არადა ხშირად ამ ადამიანებს ტოტალურად იგდებენ აბუჩად. რატომ მოიქცა ნანა ფიფია ასე? მათ შორის იმიტომ, რომ მინისტრის მოადგილე ტუღუშმა მას უთხრა, ბალახი მოძოვეო. ეს ტუღუში ისევ ადგილზე დარჩა... ერთი სიტყვით, ჩვენი მოქალაქეების უფლებებისა და მდგომარეობის ხარჯზე ხშირად იდგმება ხოლმე გარკვეული პოლიტიკური ნაბიჯები, მაგრამ, მე, როგორც ადამიანმა, რომელსაც კარგის დანახვაც შეუძლია, უნდა ვთქვა, რომ ის პოლიტიკური ნაბიჯები, რომლებიც ამ ბოლო დროს გადაიდგა, ეფექტურია, ოღონდ შიდა პოლიტიკასაც უნდა მიხედვა.


скачать dle 11.3