კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იშიფრებიან მამაკაცები ღალატის დროს



ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე. არასდროს იცი, რა სიურპრიზს შემოგთავაზებს ხვალ. შეიძლება ის, რაც დღეს ტრაგიკულად გეჩვენება, ხვალ შენს სასიკეთოდ შემობრუნდეს და მიხვდე, რომ ბედმა სულაც არ გაგწირა. ურთიერთობა ორი სქესის ორ წარმომადგენელს შორის იმდენად ინტიმურია, რომ მესამე იქ ზედმეტია. არავის აქვს უნარი, წინასწარ განჭვრიტოს თავისი მომავალი. ვერავინ ვერავის მისცემს ბედნიერების მზა რეცეპტს. რატომ ხდება ისე, რომ ზოგჯერ საკუთარი ხელით ვანადგურებთ იმას, რაც ჩვენთვის ძვირფასია? ფსიქოლოგები ვერ გვიპასუხებენ კითხვაზე, რა არის მიზეზი გაუმართლებელი, ადამიანური შეცდომებისა, რომელთაც გამოუსწორებელი შედეგები ახლავს. თუმცა, არცთუ იშვიათად, შენი შეცდომა სხვისი ბედნიერების საწინდარი შეიძლება აღმოჩნდეს.



თეონა (29 წლის): მე ისეთ გამოუვალ სიტუაციაში ვარ, ალბათ, ყველაზე მაგარი ფსიქოლოგიც ვერაფრით დამეხმარება. მგონი, სხვას მსგავსი არაფერი შემთხვევია. იქნებ, თქვენთან საუბრისას მაინც გამოიძებნოს რამე გამოსავალი. მართლა არ ვიცი, ჩემს შინაგან ხმას მოვუსმინო თუ იმათ, ვინც მეუბნება, რომ, შეიძლება, ძალიან მწარედ ვინანო. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ქმარმა მიღალატა. რა ბანალური ამბავია, ხომ მართალია?! ვისთვის არ უღალატია ქმარს? ზოგი ქალი პატიობს, ზოგიც არა, თუმცა, უმრავლესობა მაინც პატიობს.

– თქვენ ასე ფიქრობთ?

– ასე კი არ ვფიქრობ, ასეა. ქალების უმრავლესობა ცდილობს, საერთოდ არ დადგეს ფაქტის წინაშე და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არ შეიმჩნიოს ქმრის ღალატი. მკითხავთ, როგორ არ უნდა შეიმჩნიოო. ძალიან მარტივად: არ დაინახავ იმას, რისი დანახვაც არ გინდა და მორჩა. მეც ზუსტად ამას ვცდილობდი. არ მინდოდა, სიმართლისთვის თვალებში შემეხედა. გგონიათ, ვერ ვხვდებოდი, რომ მღალატობდა?! რა უნდა მაგის მიხვედრას? არც ერთმა ქალმა არ თქვას, ქმარი მატყუებდაო. რა სისულელეა! რომელ კაცს შეუძლია, დაფაროს ღალატი? მაშინვე იშიფრებიან. ბავშვებივით არიან, საკუთარ დანაშაულს ვერ მალავენ. მაქსიმუმ, ორი-სამი თვე და – სახეზე ეწერებათ, რაც ჩაიდინეს. ჩემი ქმარიც ასე იყო. იცით, რა მალე შეეტყო, რომ სხვა ქალი გაჩნდა მის ცხოვრებაში?!

– შეგიძლიათ, უფრო კონკრეტული იყოთ? მაგალითად, რაში შეეტყო?

– სამსახური გაუტკბა ძალიან. უფრო სწორად, სამსახურში ყოფნა. გვიანობამდე არ მოდიოდა სახლში. დამნაშავის ღიმილით შემოაღებდა კარს და მაშინვე ლოგინისკენ გარბოდა წუწუნით, ძალიან დავიღალეო. თავიდან მართლა მეგონა, რომ ბევრი საქმე ჰქონდა, მაგრამ მერე მისი თანამშრომლის ცოლი შემხვდა შემთხვევით და საუბრისას წამოსცდა, რაც უფროსი უცხოეთში გაუშვეს სტაჟირებაზე, „გულაობენ“, როგორც უნდათ. ალბათ, შენი ქმარიც, ჩემი ქმარივით, 12 საათამდე არ მიდის სამსახურში და გვიანობამდე სძინავსო. ისე ცუდად გავხდი, ლამის მუხლი მომეკვეთა, მაგრამ არ შევიმჩნიე. სახლში მისულმა კი თავი დავიმშვიდე: იქნებ, მისი ქმრია ასეთი და ზარმაცობს-მეთქი. ძალიან კარგად ვხვდებოდი, თავის დამშვიდებას რომ ვცდილობდი ამით, მაგრამ იხტიბარს მაინც არ ვიტეხდი. მალე მეორე ნიშანმაც იჩინა თავი: ჩემმა ქმარმა სარკის წინ ტრიალს უმატა. მანამდე ყოველთვის მე ვურჩევდი, რა უნდა ჩაეცვა, ტანსაცმელსაც მე ვყიდულობდი მისთვის. ბოლო დროს შევნიშნე, რომ ძალიან პრეტენზიული გახდა: „ეს პერანგი არ მიხდება,“ „ეს შარვალი ცუდად არის დაუთოებული,“ „რა ფერია ეს ჟაკეტი, ამ პერანგზე არ მიდის“... საყიდლებზე წავიდა და საგანგებოდ განიახლა გარდერობი. ჭკვიანი ქალი უკვე ამის შემდეგ ატეხდა განგაშს, მაგრამ მე ისევ დავიბრმავე თვალები.

– როგორ ფიქრობთ, რატომ?

– იმიტომ, რომ მიყვარდა ჩემი ქმარი და ისე ვებღაუჭებოდი ამ სიყვარულს, როგორც წყალწაღებული ხავსს. არ ვიცი, რა დავარქვა ამას – სისულელე თუ სხვა რაღაც, მაგრამ, ფაქტია, რომ წელიწადზე მეტხანს ვაძლევდი ჩემით თამაშის საშუალებას. მანამდე არ დაველაპარაკე ჩვენს ურთიერთობაზე, სანამ სხვამ არ დამანახვა ამისი აუცილებლობა.

ყოველთვის არის სხვა, ვიღაც მესამე, რომელიც ორის ურთიერთობაში ერევა. რა თქმა უნდა, შენ რომ თავს იბრმავებ, არ ნიშნავს იმას, რომ სხვაც ბრმაა. არსებობენ მეგობრები, რომლებსაც გული შესტკივათ შენთვის. მე არ ვეთანხმები იმ ადამიანებს, რომლებიც სხვებს აბრალებენ საკუთარ მარცხს პირად ცხოვრებაში. ქმარი რომ გღალატობს, სულ ცოტა თავმოყვარეობა მაინც უნდა გქონდეს, რომ სასაცილოდ არ გაიხადო საქმე. რატომ უნდა ეთქვა ჩემს დაქალს ის, რასაც მეც შესანიშნავად ვხვდებოდი? არც ერთი კაცი არ ღირს იმად, რომ მის გამო საკუთარი „მე“ ფეხქვეშ გათელო. უმრავლესობას საერთოდ არ შეუძლია სიყვარული. ამაში ჩემი ქმრის მაგალითით დავრწმუნდი. თან, კურდღლები არიან და თავები ლომებად მოაქვთ. გღალატობენ და გამბედაობა არ ჰყოფნით, აღიარონ ეს ღალატი. იცდიან, ცოლს როდის უმტყუნებს ნერვები და თვითონ გააგდებს სახლიდან.

– ყველა მამაკაცი ასეთია?

– ყველა არა, მაგრამ უმრავლესობა ნამდვილად ასეთია. ჩემი ქმარიც ამ უმრავლესობაში აღმოჩნდა. თუმცა, ყველაფერი მაინც ჩვენი, ქალების ბრალია. როცა კაცს ყურსაც კი არავინ აუწევს ღალატისთვის, თავისი ნებით იტყვის უარს სიამოვნებაზე?!

– სინდისის ხმაც ხომ არსებობს?

– რომელი სინდისის ხმა, დამცინით? სინდისი რომ ჰქონოდა, ხომ არც მიღალატებდა? ერთი წლის განმავლობაში ქურდივით რომ შემოძვრებოდა და გაძვრებოდა სახლიდან, პირდაპირ მეტყოდა, სხვა შემიყვარდაო და წავიდოდა მასთან.

– გეთანხმებით, მამაკაცებს უჭირთ ოჯახის დანგრევა.

– ოჯახის დანგრევა კი არ უჭირთ, ავი ძაღლებივით არიან. ვერ თმობენ იმას, რასაც თავის საკუთრებად მიიჩნევენ. შეიძლება, ცოლი აღარ უნდოდეთ, მაგრამ ის არც სხვამ უნდა მოინდომოს. ხომ გაგიგიათ ანდაზა – „ავი ძაღლი არც თვითონ ჭამს, არც სხვას აჭმევსო“, ზუსტად მათზეა ნათქვამი. მიტოვებული ქალის სტატუსი კი უმძიმესია. თუ თავი მიტოვებულად იგრძენი, დეპრესიამდე ნახევარი ნაბიჯი გრჩება. ვფიქრობ, ძირითადად ამ დეპრესიის შიშია ის, რაც ქალების უმრავლესობას ქმრის ღალატზე თვალის დახუჭვას აიძულებს.

– თქვენც ამიტომ დუმდით?

– დიახ. ქვეცნობიერად მქონდა იმის შიში, რომ მიმატოვებდნენ და მარტო დავიღუპებოდი. ჩემმა დაქალმა რომ მითხრა, შენი ქმარი ცუდად დადისო, შევიცხადე. თუმცა, გულის სიღრმეში ვიცოდი, რომ სიმართლეს ამბობდა, მაგრამ მაინც თავი გამოვიდე – არ მჯერა-მეთქი. დაგიმტკიცებო და ზუსტად ის ნიშნები ჩამოთვალა, რომლებზეც უკვე ვილაპარაკე. სხვები უფრო კარგად ხედავენ, რა ხდება შენს ოჯახში. ჩემმა დაქალმა ისიც მითხრა, ბევრი ვიყოყმანე, სანამ თქმას გადავწყვეტდი, მიყვარხარ და არ მინდა, ყველა შენზე იცინოდეს. დაელაპარაკე შენს უსინდისო ქმარს, შეიძლება, უბრალოდ, ერთობა და, თუ დაემუქრები, რომ ოჯახს დაანგრევ, იქნებ, გონზეც მოვიდესო. იმ საღამოს ჩემი ქმარი ისევ შუაღამისას მოვიდა და უკვე დაზეპირებული სიტყვები გაიმეორა: ბევრი სამუშაო მქონდა და ვერ გამოვძვერიო. მე და შენ სერიოზულად უნდა დავილაპარაკოთ-მეთქი. ისე დაიბღვირა, მივხვდი, არ ესიამოვნა და, შეიძლება, იგრძნო კიდეც, რა იქნებოდა ჩვენი საუბრის თემა. დაღლილი ვარ, სხვა დროს დავილაპარაკოთო. სხვა დრომდე ვეღარ მოვითმენ. ვხედავ, რომ რაღაც ხდება. უნდა ვიცოდე, რა ელის ჩვენს ურთიერთობას და ოჯახს-მეთქი. მეგონა, იტყოდა, არაფერიც არ ხდება, ეგ შენი ფანტაზიის ნაყოფიაო, მაგრამ ჯერ გაჩუმდა, მერე კი თავი დამიქნია – ჰო, თავს მარტო ბავშვის გამო ვიკავებდი, მაგრამ ასე ვეღარ გაგრძელდება. ისევ ბავშვისთვის იქნება ცუდი, თუ ტყუილში ვაცხოვრებთ. შენ არ ინერვიულო, მასზე ძველებურად ვიზრუნებო. ანუ, მარტო მე აღმოვჩნდი თამაშგარე მდგომარეობაში. ის რვა წელიც არაფერი ყოფილა, რომელიც ერთად გავატარეთ. აღარც დარჩენილა ჩემთან, ვუყურებდი, როგორ ალაგებდა ჩემოდანში თავის ტანსაცმელს, ნივთებს და ძარღვებში სისხლი მეყინებოდა. მეგონა, გული გამისკდებოდა. ისე წავიდა, უკან არ მოუხედავს. ორი დღე არ გავსულვარ სახლიდან. ბავშვი დედაჩემს გავატანე და სულ ვტიროდი. ჩემი დაქალი რომ არა, არ ვიცი, რა დამემართებოდა. სხვათა შორის, ინანა, რატომ გითხარი, იქნებ შენთვის იმ სიტუაციაში ცხოვრება ჯობდაო.

– თქვენ როგორ ფიქრობთ, ჯობდა?

– არა, არა და არა! როგორ შეიძლება, ტყუილში ცხოვრება ჯობდეს? ჯერ ერთი, ასე დიდხანს მაინც არ გაგრძელდება, სირაქლემის პოზაში დიდხანს მაინც ვერ იქნები. მოღალატე ქმარი, ადრე თუ გვიან, დადგება არჩევანის წინაშე: ან საყვარლისკენ გადაიხრება ან...

– ისევ ცოლს დაუბრუნდება.

– შეიძლება, მაგრამ მერე ისევ სხვისკენ გაუწევს გული. მოღალატე მამაკაცის გამოსწორება ფანტასტიკის სფეროა. უნდა გაუშვა კი არა, უნდა გააგდო, თანაც, კინწისკვრით, ისე, რომ უკან ვეღარ მოიხედოს. საკუთარი გამოცდილებით ვამბობ ამას. მართალია, ძალიან ცუდად ვიყავი, როცა ქმარი ჩემგან წავიდა, მაგრამ გადავიტანე და მორჩა. დაავადებასავით არის. ცუდად ხარ, ძალიან ცუდად. არავის დანახვა არ გინდა. ფიზიკურ ტკივილსაც განიცდი, მაგრამ ერთხელ მოიხდი სახადივით და მორჩა, მერე უკვე ახალი ცხოვრება იწყება.

– გეთანხმებით, მაგრამ როგორი ცხოვრება?

– თუ მოინდომებ – უკეთესი. მხოლოდ შენზეა დამოკიდებული, როგორი გექნება მომავალი. თუკი მიხვდები, რომ შენი პირადი ღირსება ყველაფერზე მაღლა დგას და ქმართან განშორებით ცხოვრება არ მთავრდება, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება. მე ახლა ვამბობ ამას. იმიტომ რომ, ეს ყველაფერი გავიარე. თუმცა, მთავარი უცნაურობა ჩემს ამბავში სხვა რამეა: ჩემი ქმრის წასვლიდან თვე-ნახევარიც არ იქნებოდა გასული, რომ ჩემთან უცნობი მამაკაცი მოვიდა. კარს არ ვუღებდი, შემეშინდა. აუცილებელი საქმე მაქვს, არც გიჟი ვარ, არც ქურდი და არც მანიაკი. მე და თქვენ იმაზე მეტი გვაქვს საერთო, ვიდრე წარმოგიდგენიათ. აქედან ვერ გეტყვით ჩემს სათქმელსო. ასე გავიცანი ჩემი ქმრის საყვარლის მეუღლე. იმდენად გამაოგნებელი იყო მისი ვიზიტი, რომ კარგა ხანს არ ვიცოდი, რა მეთქვა. დებილივით ვუსმენდი.

– რა გითხრათ, რატომ მოვედიო?

– მაინტერესებდა იმ ქალის ნახვა, ვისმა ქმარმაც ცოლი წამართვაო. ეტყობა, მეც ძალიან მინდოდა ვინმესთვის გული გადამეშალა. ერთი ბოთლი ღვინო მქონდა. მოვიტანე, დავსხედით, ვსვამდით და ვლაპარაკობდით. საკმაოდ სიმპათიური პიროვნება აღმოჩნდა. ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. რომ მიდიოდა, მითხრა, იდიოტი ყოფილა შენი ქმარიო. ორი დღის შემდეგ კი დამირეკა. გამიკვირდა. კინოში მეპატიჟებოდა. უარი ვუთხარი. კიდევ დამირეკა. ამჯერად თეატრში დამპატიჟა, პრემიერაზე. ჩემმა დაქალმა მაიძულა, გავყოლოდი. ამის შემდეგ ზარები გახშირდა. ხან კაფეში მეპატიჟებოდა, ხან სასეირნოდ, ხან ისევ თეატრში ან კინოში. ძალიან მსიამოვნებდა მის საზოგადოებაში ყოფნა. ჩემი დაქალიც მირჩევდა, უარი არ მეთქვა ამ სიამოვნებაზე.

– ხომ არ იყო თქვენი შეხვედრების მიზეზი შურისძიების გრძნობა?

– ჩემი თუ მისი მხრიდან? თავიდან ვფიქრობდი, რომ ამას ჩემი ქმრის ჯიბრით ვაკეთებდი, მაგრამ მერე ჩემი ქმარი საერთოდ „ამოვარდა“ თამაშიდან. აღარც კი ვფიქრობდი მასზე. ჩემი დაქალიც მაგულიანებდა, მეუბნებოდა, რომ ცუდს არაფერს ვაკეთებდი. მერე უცებ დავფიქრდი მასზე, თუ რა ამოძრავებდა ვახოს. რომ წარმოვიდგინე, შეიძლებოდა, ცოლზე შურის საძიებლად ვჭირდებოდი, ძალიან შევწუხდი. ისე ვინერვიულე, მთელი ღამე არ მძინებია.

– ვახომ მოგცათ ამ ფიქრის საფუძველი? შემოგთავაზათ, რომ მისი საყვარელი გამხდარიყავით?

– არა, მაგრამ იქნებ სწორედ ამისკენ მიდიოდა. თავს შემაჩვევდა, შემაყვარებდა და მოსახდენიც ბუნებრივად, თავისთავად მოხდებოდა. ძალიან დავფეთდი. ჩემს დაქალს ვუთხარი, აღარ შევხვდები-მეთქი. რატომ არ უნდა შეხვდე, პირიქით, შეხვდი და დაელაპარაკეო. მაინც ვყოყმანობდი. როგორ მეკითხა კაცისთვის, შენ ჩემი გამოყენება და მიგდება გინდა-მეთქი?! საბედნიეროდ, ძალიან მიხვედრილი აღმოჩნდა და თვითონვე მითხრა, რასაც ვფიქრობდი. არ დაუმალავს, რომ ჩემთან შეხვედრამდე მართლა ჰქონდა ასეთი განზრახვა. თუმცა, მე რა შუაში ვიყავი, ვერ ვხვდებოდი. ეტყობა, ჩემი ყოფილი ქმრის გამწარება უნდოდა.

– თქვენი ქმრისთვის სულერთი არ იყო, ვისთან იქნებოდით?

– როგორც ჩანს, კაცებს უკეთესად გესმით ერთმანეთის-მეთქი, ვუპასუხე. ვახომ ბოდიში მომიხადა და მითხრა, არ ვიცი რა მემართება, მაგრამ მგონი შეყვარებული ვარო. ველოდი, ამას რომ მეტყოდა, მაგრამ მაინც შოკის მომგვრელი იყო ჩემთვის. ახლა ისეთი გაორებული ვარ, ვერ გადმოგცემთ. ორი კვირის წინ, მოულოდნელად, სრულიად გაუთვალისწინებელ სიტუაციაში, ყოფილ ქმარს შევხვდი. ვახომ დამპატიჟა თავისი სამსახურის წვეულებაზე.

– ანუ, თქვენი ურთიერთობა სერიოზულ ფაზაში შევიდა?

– მეტ-ნაკლებად. ხომ ვაღიარე, რომ მსიამოვნებს ამ ადამიანის გვერდით ყოფნა-მეთქი. რაღაც გრძნობა მის მიმართ მეც გამიჩნდა.

– რაღაც გრძნობა და არა სიყვარული?

– დიახ. ისე მარტივად არ ხდება, რომ უცებ ადგე და შეიყვარო. მით უმეტეს, როცა ერთხელ უკვე განცდილი გაქვს სიყვარულში მარცხი... ნდობის დაბრუნებას დრო სჭირდება. წვეულებაზე წასვლა მაინც გადავწყვიტე და ახალი კაბის საყიდლადაც წავედი. ერთი კაბა რომ მოვისინჯე და გასახდელიდან გამოვედი, ჩემი ქმარი დავინახე თავის საყვარელთან ერთად. იდგა და გაშტერებული მიყურებდა. სასწრაფოდ გადავიხადე ფული და გამოვედი მაღაზიიდან. ის კი არც განძრეულა, ისევ ისე იდგა. ორი დღის შემდეგ კი დამირეკა – მივხვდი, რომ შენ გარეშე ცხოვრება არ შემიძლია და შემირიგდიო.

– იცის, მისი საყვარლის ქმარს რომ ხვდებით?

– ალბათ, იცის, მაგრამ მე ეს არ მაინტერესებს. ზუსტად ვიცი, რომ ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდა და უკან აღარ მივიღებ. შეიძლება, მე და ვახოს არც არაფერი გამოგვივიდეს, მაგრამ სიტუაციას ვერც ეს შეცვლის. ჩემი მოღალატე ქმარი პატიებას ვერ ეღირსება.

დალი მიქელაძე


скачать dle 11.3