დეპუტატური ერთსულოვნება
ხელოვნების მოყვარული რჩეულები
რაკი პლასიდო დომინგოს სიდიდისა და სიკაშკაშის ვარსკვლავები ყოველდღე არ ჩამოდიან (თუმცა ბათუმში „პიაცას“ მოწყობას კოჭებშივე ეტყობოდა, რომ სწორედ ამ მიმართულებით უმიზნებდა), სავსებით ბუნებრივია, რომ ამ მოვლენისადმი გულგრილი ვერც საქართველოს პარლამენტი დარჩებოდა. ვერც დარჩებოდა და არც დარჩენილა: ხალხის რჩეულთა პირველკაცის ინიციატივა კოლეგებს გასულ კვირას ბიუროს სხდომაზევე გააცნო. ბ-ნი ბაქრაძე, არც მეტი, არც ნაკლები, 26 ნოემბერს პარლამენტის სხდომის ჩაშლის ინიციატივით გამოვიდა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, „25 ნოემბერს ბათუმში დაგეგმილი კონცერტის გამო დეპუტატთა უმეტესობა თბილისში ჩამოსვლას ვერ მოახერხებს და, შესაბამისად, კვორუმიც ვერ შეიკრიბება.“ თავმჯდომარის ეს არგუმენტები ბიუროს წევრებმა, ბუნებრივია, დაუფიქრებლად გაიზიარეს.
ცხადია, ჩვენ ვერასდროს გავიგებთ დაზუსტებით, ჩვენი 150 დეპუტატიდან რამდენია საოპერო ხელოვნების ჭეშმარიტი მოყვარული, სამაგიეროდ, უკვე ვიცით, რომ პლასიდო დომინგო პუბლიკით მოიხიბლა (ოღონდ, არ ვიცით, დამსწრე 2 000-დან რამდენი იყო ხალხის რჩეული). მაგრამ, როგორც უნდა იყოს, საოპერო ხელოვნების ზეიმი შედგა და, სავარაუდოდ, კიდეც გაგრძელდება. ჯერჯერობით დიდ ხელოვნებას მხოლოდ 2 000 ჩვენი თანამემამულე ეზიარა (საამისოდ დროც ჰქონდათ და ხელფასებიც), თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, სანახაობა სანაქებო გამოვიდა. ერთი სიტყვით, ჩვენი სატკივარი ისევ პურია, თუ, რა თქმა უნდა, დევიზია: „პური და სანახაობა“ და არა „პურის ნაცვლად სანახაობა“!