ენდე, მაგრამ...
გრძნობას აქვს იმის უნარი, ნებისმიერი დაბრკოლება წაშალოს და ყველა წინააღმდეგობა დაგაძლევნოთ. გრძნობა თავისთავად ითვალისწინებს ნდობასაც, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ჰარმონიული ურთიერთობა – ისეთი, რომელიც სიხარულსა და ბედნიერებას მოგანიჭებთ. „ენდე, მაგრამ შეამოწმე“, – სრულიად გაუმართლებელია მაშინ, როცა საქმე სიყვარულს ეხება. თანაც ეს „შემოწმების” საკითხი განსაკუთრებით აღიზიანებს მამაკაცებს. თუ თქვენ ამერიკელ ფსიქოლოგებსა და სოციოლოგებს ენდობით, გაითვალისწინეთ მათი რჩევაც.
გაინტერესებთ, რა აღიზიანებს 25-დან 45 წლამდე ასაკის მამაკაცს ქალის საქციელში ყველაზე მეტად? – პირველ ადგილზე სწორედ „შემოწმება-გადამოწმება” გავიდა. ანუ, არასოდეს მოუწყოთ საყვარელ მამაკაცს დაკითხვა. ნურც პროვოკაციულ სცენას გაითამაშებთ. მით უფრო, თუ მსახიობის ნიჭი საერთოდ არ გაგაჩნიათ.
მეორე გამაღიზიანებელი ფაქტორია, მისი თანდასწრებით ფლირტი სხვა მამაკაცთან. ან მისი თანდასწრებით არა, მაგრამ მერე ამ ყველაფერზე საუბარი.
მესამე გამაღიზიანებელი ფაქტორი ზედმეტად გამომწვევი ტანსაცმელი და უმიზეზო მხიარულებაა. აქვეა, უმიზეზო მოწყენა და შეკრული წარბი.
მეოთხე, რაც მამაკაცს აღიზიანებს არის ის, რასაც უყურადღებობა, გულგრილობა და წუწუნი ჰქვია. მხოლოდ ამ ყველაფრის მერე, აღიზიანებს კაცს თქვენგან ტელეფონზე უსაზღვრო და უვადო ლაპარაკი. გაუგებარი (მისთვის გაუგებარი) მინიშნებებით, საჩუქრების დაუსრულებელი მოთხოვნითა და იმის მტკიცებით, რომ თქვენ მასზე ჭკვიანი ხართ.