რას გადაურჩა მაესტრო მორისი და რატომ არის მისი სიყვარული რისკიანი
ზღვის სიღრმეებში ყვინთვა, ანუ, როგორც ახლა უწოდებენ – დაივინგი, ექსტრემის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობაა დღევანდელ მსოფლიოში. გარდა იმისა, რომ ადრენალინი გამოიყოფა, ამ სახეობით გატაცებულები ირწმუნებიან, რომ ოც, ოცდაათ მეტრზე და მეტ სიღრმეში ბუნების საოცარი ქმნილებების ახლოდან თვალიერებას არაფერი სჯობს. კობრი, ვირთევზა, მედუზა და, კიდევ ვინ მოთვლის, რამდენი სახეობაა, რომლებიც უცხოურ საბუნებისმეტყველო თუ კუსტოს გადაცემებში არაერთგზის გვინახავს და აღვფრთოვანებულვართ. საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი მაესტრო მორისი, გარდა იმისა, რომ ცეცხლოვან ცეკვებს ასრულებს, დაივინგითაც არის სერიოზულად გატაცებული და ოცნებობს, მსოფლიოს ყველა ზღვის ფლორა და ფაუნა ნახოს.
– მაესტრო მორის, ალბათ, კარგად ცურავთ – უამისოდ დაივინგი ხომ წარმოუდგენელია...
– დიახ, ცურვა კარგად ვიცი დიდი ხანია. წყალი მაგრად მიყვარს. ძირითადად ბრასითა და კროლით ვცურავ, ბატერფლაი არ ვიცი.
– ტელევიზიით არ უყურებდით ხოლმე „დისქავერიზე“, „ნეშნალ ჯეოგრაფიკზე“, ან რამე ლიტერატურას არ კითხულობდით?
– სხვათა შორის, წაკითხვით არაფერი წამიკითხავს, თუმცა, ალბათ, არის ამის შესახებ სპეციალური ლიტერატურა, როგორ არ იქნება?! ჟაკ ივ კუსტოს გადაცემას კი ვუყურებდი ხოლმე. ერთ პერიოდში ქართულ ბაზრობებზე გამოჩნდა ძველი, საბჭოთა, ყვითელი აკვალანგები და ამან უფრო გამიძლიერა ინტერესი. ეს იყო დაახლოებით რვა წლის წინ. შემდეგ ისე მოხდა, რომ ჩემმა სიძემ მაჩუქა დაივინგისთვის საჭირო სრული კომპლექტი და ამით ძალიან გახარებული ვიყავი. ჩავედი გონიოში, სადაც მაშინ გახსნილი იყო დაივერების პირველი კლუბი – „სოლარი“. ვუთხარი კლუბის წევრებს, რომ მქონდა საკუთარი მოწყობილობა და მინდოდა ჩამეყვინთა შავ ზღვაში.
– პირველი ცდა როგორი იყო, არ გაგიჭირდათ?
– პირველ ჯერზე, რაც უნდა კარგი მოცურავე იყოს, ყველას უჭირს. უპირველესად, ფსიქიკური ბარიერია გადასალახავი. თანაც, ჯერ ერთი, წყალქვეშ სხვაგვარად სუნთქავ, უფრო ინტენსიურად და ეს ცოტათი დისკომფორტს გიქმნის, განსაკუთრებით – თავიდან. მეორე უმთავრესი მომენტია ეგრეთ წოდებული „ყურის გახსნა“. ხომ იცი, წყალქვეშ რაც უფრო დიდ სიღრმეზე ჩადიხარ, წნევა უფრო იმატებს და მთელი ძალით აწვება ყურს. ამ დროს ცხვირზე ხელი უნდა მოიჭირო და მთელი ძალით ჩაჰბერო, რომ ყურები არ დაგუბდეს. საერთოდ, რაც უფრო დიდ სიღრმეზე ჩადიხარ, მით მეტი ძალისხმევა გჭირდება. მაგრამ, თუ ამ მხრივ მითითებებს სწორად შეასრულებ, პრობლემა არ არის.
– დაივერთა კლუბის წევრი თუ ხართ?
– რა თქმა უნდა, ვარ. არის თბილისში ასეთი კლუბი „პოსეიდონი“, სადაც გავიცანი ორი ძალიან საინტერესო ადამიანი – დათო და ამირანი, რომლებიც არა მარტო ყვინთვით არიან გატაცებული, არამედ პროფესიით სპალეოლოგები არიან, ანუ მღვიმეებს, გამოქვაბულებს იკვლევენ. ეს არის მართლა სერიოზული ექსტრემი. ცოტა ხნის წინ ვიყავი წყალტუბოში სადაივეროდ. ჯერ არ გახსნილა, მაგრამ, მალე გაიხსნება ძალიან მაგარი მღვიმე. კიბეები უკვე გაკეთებულია. ამჟამად გერმანელები მუშაობენ განათებაზე. გაგიზიარებთ შთაბეჭდილებას და გეტყვით, რომ ბევრად უფრო მაგარი და საინტერესო მღვიმეა, ვიდრე ცნობილი სათაფლია.
– ახლა ეს მითხარით, პირველ ჯერზე რამდენ მეტრზე ჩაყვინთეთ და რამდენ ხანს დაყავით წყალში?
– პირველად ჩავყვინთე დაახლოებით შვიდ-რვა მეტრზე და 45 წუთს გავძელი. საერთოდ, ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად პროფესიონალურად სუნთქავ და როგორ იცავ დაივინგისთვის სავალდებულო წესებს. მაგალითად, სარფში 20 მეტრზე ვყვინთავდი – ამაზე უფრო ღრმა ადგილები არ არის, წყალქვეშა რიფები ოც მეტრს ქვევით მთავრდება, მერე უკვე ქვიშა და უდაბნო იწყება, ამიტომ იქ დასათვალიერებელი აღარაფერია. თავიდან, როცა არ ხარ მიჩვეული, ინტენსიურად სუნთქავ და ბევრ ჟანგბადს ხარჯავ, ამიტომ წყალქვეშ დიდხანს ვერ გაჩერდები. დაივინგს მშვიდი სუნთქვა სჭირდება, რაც თავიდან წარმოუდგენელია, შიშის და ნერვიულობის მომენტი მაინც არის, უცხო სამყაროა, უჩვეულო.
– შავ ზღვაში რა დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად? იქ ხომ 200 მეტრს ქვევით გოგირდწყალბადია, თანაც, ამბობენ, რომ შავი ზღვა წყალქვეშა სიმდიდრით ვერ დაიკვეხნის.
– 200 მეტრზე და ამის ქვევით ჩასვლა არარეალურია. სულ რამდენიმე ადამიანი ჩასულა რეკორდის დამყარების მიზნით, დაახლოებით სამას მეტრზე, რასაც „ტექნიკური დაივინგი“ ჰქვია, მაგრამ, ჩვეულებრივი მოყვარული ამას ვერ შეძლებს, თანაც, იმ სიღრმიდან ამოსვლას 6-7 საათი მაინც უნდა და, გარდა ამისა, უამრავი ჟანგბადის ბალონი. ამოსვლასაც თავისი წესები აქვს – უცებ ამოყვინთვა არ შეიძლება, რადგან შეიძლება კისონური ავადმყოფობა დაგემართოს; ანუ, იმ დროს ფილტვები ჟანგბადის ბუშტუკებითაა სავსე, სწრაფად ამოყვინთვის შემთხვევაში კი ისინი დიდდება და, შეიძლება, ფილტვები დახეთქოს.
– ესე იგი, სიკვდილის საშიშროებაც არის?
– ცხადია არის. არსებობს სპეციალური ტექნიკური საშუალება, რომელიც დაივერს ცნობას აწვდის, რამდენ ხანს უნდა გაჩერდეს ამა თუ იმ სიღრმეზე და როგორ ამოყვინთოს.
– აღჭურვილობის ხარისხში არის რაიმე სხვაობა?
– ყველაზე კარგი ხარისხისაა ფრანგული და იტალიური ფირმების ნაწარმი. ამერიკული და იაპონურიც კარგია. აკვალანგები ერთმანეთისგან განსხვავდება, აგრეთვე, მოცულობით. კარგი აღჭურვილობის ფასი დაახლოებით 1 500 ევროა.
– ყველანაირი სპორტი და ექსტრემი რისკებთანაა დაკავშირებული. დაივინგი ძალიან საშიშია?
– თუ წესებს სრულად იცავ, საშიში არ არის. თუმცა, ზოგიერთი ავადმყოფობის დროს, მაგალითად, გულით დაავადებულთათვის, ჩაყვინთვა არ შეიძლება. თუმცა, ზოგიერთი დაავადებისგან პირიქით, შეიძლება, ადამიანი გამოჯანმრთელდეს კიდეც, თუ დიდი ინტერესი და სწრაფვა აქვს. ძირითადი საშიშროებებია ზოგიერთი დაავადება, ზღვის მტაცებლები და, ასევე, დინება – შეიძლება, ძალიან ძლიერ დინებაში მოხვდე და ნაკადმა შუა ზღვაში გაგიტაცოს – რამდენიმე მყვინთავი დაიღუპა ასე.
– რომელ ზღვებში ჩაგიყვინთავთ?
– მხოლოდ შავსა და წითელ ზღვებში. სხვაგან ვერ მოვახერხე, დიდი ხანია, არსად გავსულვარ „შარმ ელ შეიხში“ ჩავყვინთე წითელ ზღვაში, საოცრება იყო. იქ ისე არ დაგრთავენ ჩაყვინთვის ნებას, თუ დაივინგ-სერტიფიკატი არ გაქვს. შავ ზღვაში უფრო კვარიათსა და სარფში ვყვინთავდი.
ძალიან მაინტერესებს ხმელთაშუა ზღვა, მარმარილოს ზღვა, ოკეანე... მეგობრებისგან გამიგია, რომ ოკეანეში დაივინგი სულ სხვა რამ არის, ნამდვილი ფანტასტიკაა, დიდი, უზარმაზარი თევზები და წყლის ბინადრები გხვდება, მაგალითად, ექვსმეტრიანი თევზები უშველებელი ფარფლებით, ეგზოტიკური წყალმცენარეები და სხვა. მინდა, კარიბის ზღვაც ვნახო – ყველა ზღვა მაინტერესებს.
– ვიცი, რომ წითელი ზღვა ძალიან ლამაზია. სამწუხაროდ, თავად ვერ ჩავყვინთე, ცურვა არ ვიცი.
– დიახ, ულამაზესია. წითელ ზღვაში ერთ დღეში ორჯერ ჩავყვინთე. მარილის შემცველობაა ძალიან დიდი. გარდა ამისა, მრავალფეროვანი პლანქტონი ჰყავს და თან, ათასნაირი თევზია: ზოლიანი, მანათობელი, ბრტყელი, ეგზოტიკური ჯიშები, წყლის კუები. არ გიფრთხიან – ჩანს, უკვე შეეჩვივნენ დაივერებს. ახლოსაც მოდიან. ვიღებდი და ვიღებდი სურათებს. ვნახე ძალიან ლამაზი თევზი – სკაროსი – ხაკისფერი, ლურჯი წინწკლებით. საკმაოდ ახლოს მივედი, მაგრამ, გამაფრთხილეს, რომ ძალიან მიახლოება არ შეიძლება, რადგანაც კუდით საკმაოდ მძლავრ ელექტროძაბვას გამოსცემს.
– მედუზას თუ შეხებიხართ ხელით?
– მედუზა ძალიან ლამაზი სანახავია, მაგრამ, ინსტრუქტორის მკაცრი გაფრთხილების თანახმად, ხელით არ უნდა შეეხო, რადგანაც საშინლად სუსხავს. ზოგიერთი იმდენად შხამიანია, რომ, შეიძლება, პარალიზებაც გამოიწვიოს, რაც ყვინთვისას ძალიან საშიშია.
წითელ ზღვაში ოთხი მეტრის დაშორებით, ანუ საკმაოდ ახლოდან ვნახე ზვიგენი. ამ სახეობას ლონგიმანუსი ჰქვია და დაახლოებით 2 მეტრი და 40 სანტიმეტრია. ცოტა არ იყოს, შეგვეშინდა, მაგრამ, გადავრჩით. როგორც ვიცი, ზვიგენი ძალიან ხშირად არ ესხმის დაივერებს თავს, ანუ, მხოლოდ მაშინ, როცა მშიერია, როგორც ჩანს, მაძღარი იყო (იცინის). ჩვეულებრივი ზვიგენი ისეთი საშიში მტაცებელი არ არის, როგორც თეთრი ზვიგენი. მთავარია, ჭრილობა არ გქონდეს – სისხლის სუნი ზვიგენს იზიდავს.
წითელ ზღვაში მარჯნის რიფები და ზღვის ვარსკვლავებია ძალიან ლამაზი.
– წითელ ზღვაში ძალიან ბევრი მარჯანია. თავადაც მინახავს, ძალიან ლამაზია. რომელიმე ზღვის ფსკერიდან რაიმე წამოგიღიათ? მე ვიცი, რომ ეს ეგვიპტეში აკრძალულია და 800 დოლარით ჯარიმდება.
– უამრავი საინტერესო ნივთია, მაგრამ მე უფრო ნიჟარები და რაღაც ეგეთები მომქონდა. მარჯნის წამოღება არ შეიძლება იქაური კანონით ისჯება. ცოცხალი მარჯანია საოცარი სანახავი, ათასნაირი ფერია: ლურჯი, თეთრი, წითელი, იისფერი და, თან, ძალიან ბევრია. ამ ზღვაში აგრეთვე აკრძალულია როგორც სარეწაო, ასევე სხვა თევზის მოპოვება-რეალიზაცია, რომ ზღვის ბუნებრივი მრავალფეროვნება არ დაირღვეს.
– ჩაძირული გემები, არტეფაქტები, წყალქვეშა მუზეუმები... რამე ასეთი გინახავთ?
– დიახ. ზუსტად წითელ ზღვაში ვნახე. 33 მეტრ სირღმეზე ჩავყვინთე და იქ ვნახე ჩაძირული ინგლისური სამხედრო გემი, 120 მეტრი სიგრძის, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელებმა ჩაძირეს. რამდენადაც ვიცი, გემი საკმაოდ კარგად არის შემონახული. მოტოციკლეტები, სამხედრო ტექნიკა, სხვა არტეფაქტები. ძალიან საინტერესო იყო. როგორც ვიცი, ერთი კაცის მეტი არ დაღუპულა მისი ეკიპაჟიდან. განძი არ მიპოვია არსად. შავ ზღვაშიც ვნახე, ოღონდ, სამხედრო გემი არ იყო. საბჭოთა ფლოტმა ჩაძირა საწვრთნელი მანევრებისას.