რა არის ძაღლის ხასიათში აგრესიულობის ჩამოყალიბების მიზეზი და როგორ დავიცვათ ის ამისგან
ამ ბოლო დროს აქტუალურია საკითხი, რომელიც ძაღლების აგრესიას შეეხება. კერძოდ, საკითხი ეხება იმას, აიკრძალოს თუ არა აგრესიული ჯიშების შენახვა. მაგრამ აღნიშნულ საკითხთან ასეთი მიდგომა არასწორია. არ არსებობს საშიში ჯიშების ძაღლები, არსებობენ საშიში პატრონები, რადგან მათი უმეტესობა აყოლილია მოდას და სერიოზულად არ უყურებს ძაღლის აყვანისას, თუ როგორი შრომა სჭირდება ლეკვის აღზრდას. ამ საინტერესო თემის შესახებ ვეტერინარი ზაქრო ბაჯიაშვილი მოგვითხრობს.
ზაქრო ბაჯიაშვილი: ადამიანმა ძაღლი მგლისგან მოიშინაურა. სწორედ ამის შემდეგ განუვითარდა ძალის მახასიათებლები, რაც არ აქვს მის გარეულ წინაპარს. მაგრამ, შინაური ძაღლი რჩება მაინც ხროვის ცხოველად – როგორც მგელი. ეს იმას ნიშნავს, რომ ოჯახი, სადაც ძაღლი ცხოვრობს, მის ხროვად მიიჩნევა და მისი დამოკიდებულება ოჯახის წევრების მიმართ იგივეა, რაც ხროვის წევრების მიმართ. ძაღლის, როგორც მგლის ხროვის ცხოველის ქცევა, გამოიხატება ორ ძირითად ხასიათში – პირველია დედობრივი ინსტინქტი, ანუ მშობელზე დამოკიდებულება, რომელსაც ის ინარჩუნებს მთელი ცხოვრება, მგლისგან განსხვავებით. მეორე კი არის ხროვის ლიდერის ფუნქციის გამოვლინება. ძაღლი, რომელიც დაიბადა და იზრდება 4 თვემდე ძაღლსაშენში, ვოლიერში, ნაკლებად დამოკიდებულია ადამიანზე და აღნიშნულ თვისებებს მცირედ ან საერთოდ არ ავლენს. ის ადვილად ეგუება პატრონის შეცვლასაც.
ძაღლი იკვებება ადამიანის მიერ შერჩეული საკვებით, მაგრამ ხანდახან ხდება ისე, რომ მას სურს, თვითონ შეარჩიოს საკვები და მოიპოვოს. ამ დროს, პატრონმა არ უნდა დაუშვას შეცდომა და არ მისცეს ძაღლს ამის უფლება. უნდა დაუშალოს ცხოველს არასწორი საქციელი, რის შემდეგაც ის არასდროს გაიმეორებს მას. უმეტესობა ძაღლებისა, ამ თვალსაზრისით, საშიშროებას არ წარმოადგენს, მაგრამ არსებობენ ისეთიებიც, რომლებიც დამჯერები რომ გახდნენ, პატრონს მეტი სიმკაცრე და შრომა სჭირდება. ეს დამოკიდებულია არა ჯიშსა და ძაღლის ზომაზე, არამედ მის ინდივიდუალურ ხასიათზე. ცხოველის მიმართ სიმკაცრე, უნდა გამოავლინოთ, მეგობრულ დამოკიდებულებასთან ერთად და თქვენი ოთხფეხა მეგობარი კარგი საქციელის სანაცვლოდ დააჯილდოოთ.
– არის ფაქტები, როცა ძაღლი გაუფრთხილებლად და უმიზეზოდ ესხმის თავს ადამიანს, თუნდაც პატრონს. ამას როგორ ახსნით?
– უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ჯანმრთელი ძაღლი არასდროს დაგვესხმება თავს, გაფრთხილების გარეშე. არსებობს იმის აშკარა ნიშნები, რაც მოასწავებს თავდასხმის გარდაუვალობას. მაგრამ, აგრესიული ძაღლი არ გამოავლენს ყველა აღნიშნულ სიმპტომს. შეიძლება, ვინმეს გაუკვირდეს, მაგრამ არსებული სიმპტომებიდან, ძაღლი რამდენიმეს მაინც გამოავლენს და გაგვაფრთხილებს, მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ.
– რა შეიძლება იყოს აგრესიის ჩამოყალიბების მიზეზი? ამ კითხვაზე პასუხი ძალიან ბევრ პატრონს აინტერესებს.
– აგრესიულობის ჩამოყალიბების მიზეზი ლეკვობაში დაშვებული შეცდომებია. ლეკვი ვერ ხედავს განსხვავებას თამაშსა და თავდასხმას შორის. ბევრი ვერ ახერხებს ამ დროს ცხოველის გაკონტროლებას და ხასიათს უფუჭებს მას. თამაშის დროს, როცა ლეკვი იყეფება და ზურგზე ბეწვი არა აქვს აბურძგნული, საშიში არაფერია. ამ დროს უნდა მოვიქცეთ ისე, რომ ლეკვმა ღრენა და ყეფა შეწყვიტოს და სხვა სახით ითამაშოს ჩვენთან. ხოლო კბენის შემთხვევაში, დაუშალეთ და დატუქსეთ. თამაშის დროს ლეკვი სახესთან არ უნდა მიუშვათ. გასართობად მას სხვადასხვა სათამაშო ან სასუსნავი მიეცით.
– როდის არის საშიში და როდის არა ლეკვის მოქმედება?
– გაითვალისწინეთ, როცა ლეკვი თამაშის დროს იღრინება, იყეფება და ბეწვი ზურგზე აბურძგნული აქვს, ამ დროს ის თავდასხმისთვის ემზადება. გახსოვდეთ, არავითარ შემთხვევაში, არ დაუშვათ, ერთხელ მაინც რომ დაგესხათ ის თავს. ამ დროს ლეკვი უნდა დააწყნაროთ. მოეფეროთ და ეს აგრესიულობა სხვა სახით შეუცვალოთ. მაგალითად, მისცეთ სასუსნავი ან სათამაშო. თუ ლეკვი ხშირად ავლენს აღნიშნული სახის აგრესიას, სასურველია, ის მიიყვანოთ მწვრთნელთან, ანუ სპეციალისტთან, რომელიც დაგეხმარებათ აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში.
– და მაინც, რომელ ძაღლებს უყალიბდებათ უმეტესად აგრესია?
– აგრესია ძირითადად ისეთ ძაღლებს უყალიბდებათ, რომლებიც თავს ხროვის ლიდერად მიიჩნევენ.
უნდა დავიმახსოვროთ, რომ ძაღლი არასდროს განიცდის იმას, რომ პატრონი მასზე ზემოთ დგას, ანუ მისი მბრძანებელია. ასევე, უნდა გვახსოვდეს, რომ ძაღლი პერიოდულად იბრძოლებს იმისთვის, რომ ოჯახში ლიდერობა მოიპოვოს.
სასურველია, ამ აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად მიმართოთ სპეციალისტს, რომელიც ლეკვის ხასიათის სწორ ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ. ლეკვობის პერიოდში დაშვებული შეცდომა შემდგომში შეიძლება, სავალალო გახდეს და ცხოველის ხასიათის ჩამოყალიბებაზე ცუდად იმოქმედოს.