კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა გარისკა ლელა მებურიშვილმა და რას აკონტროლებს ის 99 პროცენტით











მსახიობი ლელა მებურიშვილი მაყურებელმა ქართულ ტელესივრცეში ყველაზე რეიტინგულ სერიალში – „შუა ქალაქში“ გაიცნო, მოგვიანებით კი ის სრულიად განსხვავებული ჟანრის სერიალ „დეტექტივებში“ ვიხილეთ. მიუხედავად ამისა, ლელას თეატრის მაყურებელი გაცილებით ადრე იცნობდა – ის კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობია და მას ამ თეატრის სცენაზე არაერთ სპექტაკლში აქვს ნათამაშები. ლელა ახალგაზრდა მსახიობთა იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ყოველთვის გადატვირთული სამუშაო გრაფიკით მუშაობს – როგორც ჩანს, ის რეჟისორებისთვის საკმაოდ საინტერესო მსახიობია. ამჯერად გავიგებთ, თუ როგორია ლელას ცხოვრების სტილი და შევიტყობთ მის აზრს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით.





– როგორია შენი ცხოვრების სტილი?

– ჩემი ცხოვრების სტილი მრავალფეროვანი და ყოველთვის აქტიურია. არ მახსოვს პერიოდი, რომ დაკავებული არ ვიყო. როცა ნაკლებად დაკავებული ვარ, მაშინაც ვცდილობ იმ დროის გამოყენებას იმ საქმეში, რასაც სხვა დროს ვერ ვასწრებ. ასე რომ, ყოველთვის აქტიური და დაკავებული ვარ.

– ასეთ აქტიურ ადამიანს თუ შეგიძლია, პასიურ ადამიანებთან იმეგობრო?

– გააჩნია, რაშია პასიური, თუმცა, კონტაქტი ნებისმიერ ადამიანთან შემიძლია. შეიძლება პასიურ ადამიანს ჩემთვის საინტერესო თვისებები ჰქონდეს, რაც შემავსებს. შესაძლოა, ადამიანს პასიურობა საერთოდ არ ჰქონდეს ხასიათში, მაგრამ გარემოების გამო გახდეს ასეთი. საერთოდ, აქტიურ ადამიანებთან უფრო მიჭირს ურთიერთობა, ვიდრე პასიურებთან, რადგან ასეთი ადამიანები ძალიან მღლიან და არ ვიცი ხოლმე, რა გავაკეთო. შეიძლება ადამიანი აქტიური იყოს, მაგრამ მშვიდი. ეს ჩემთვის მისაღებია.

– ადამიანის ამოცნობა შეგიძლია?

– ბავშვობიდან ძალიან ბევრს ვფიქრობ ყველაფერზე. შესაბამისად, მაქსიმალურად ვცდილობ, ყველაში დადებითი ვეძებო, რადგან ამ დროს მიადვილდება მათთან ურთიერთობა. გამომდინარე აქედან, ეს თვისება გამომიმუშავდა და ადამიანებს მხოლოდ კარგი კუთხით ვიცნობ. საბედნიეროდ, არც ჩემ მიმართ ყოფილა ვინმე ცუდად განწყობილი და უარყოფითი დამოკიდებულება არ მიგრძნია.

– მიუხედავად იმისა, რომ ყველა დადებით ადამიანად აღგიქვამს, რაიმე მავნე ჩვევა თუ გაქვს?

– ფრჩხილებს არ ვიკვნეტ, სიგარეტს არ ვეწევი, არც ალკოჰოლური სასმელები მიზიდავს, საერთოდ ვერ ვსვამ ვერაფერს და დაგვიანება არ მიყვარს.

– ესეც მავნე ჩვევაა?

– კი, ნამდვილად მავნე ჩვევაა. მიუხედავად იმისა, რომ დაგვიანება არ მიყვარს, ხანდახან სპეციალურად ვაგვიანებ ხოლმე – ხშირად, როცა მე მივდივარ დათქმულ დროს, იქ არავინ მხვდება, ამიტომ, ვბრაზდები და მერე ვცდილობ, სპეციალურად დავაგვიანო. ხშირ შემთხვევაში არ გამომდის, რადგან, სადაც მივდივარ, პირველი მაინც მე ვარ.

– საკმაოდ კარგ პროექტში ხარ ჩართული – „დეტექტივებს“ ვგულისხმობ.

– გეთანხმები, მართლაც საინტერესო პროექტია. ყველამ ძალიან დიდი ენერგია ჩავდეთ მასში, ძალიან ბევრი ვიშრომეთ და გვიხარია, ხალხს თუ მოსწონს.

– როცა „დეტექტივების” სცენარი წაიკითხე, მიხვდი, რომ გაამართლებდა?

– ერთადერთი, რატომაც დავთანხმდი ამ პროექტში მონაწილეობას, ის არის, რომ განსხვავებული პროექტი და ჟანრი იყო, ჩემი გმირიც წინა პერსონაჟებისგან აბსოლუტურად განსხვავებული ტიპაჟია. დამაინტერესა და ვიფიქრე, რომ ეს უნდა გამეკეთებინა. მიუხედავად ამისა, მაინც ძალიან ვნერვიულობდი, რადგან წინასწარ არ ვიცოდი რა გამოვიდოდა. ფაქტობრივად, გავრისკე და მიმაჩნია, რომ მსახიობის პროფესია ყოველთვის რისკია.

– ამ სერიოზულ სახემდე მაყურებელმა მიგიღო, როგორც მხიარული და უწყინარი გოგონა, რომელიც სერიალ „შუა ქალაქში” თიკას ასახიერებდა.

– ზუსტად ეს იყო სანერვიულო. როცა ერთ ამპლუაში და ერთი სტილის პერსონაჟს თამაშობ და ის მაყურებელს უყვარს და მოსწონს, არ არსებობს პროტესტი არ გაუჩნდეს, ამის შემდეგ აბსოლუტურად განსხვავებულ ტიპაჟს თუ ითამაშებ. დარწმუნებული ვარ ვიღაცას არ მოვეწონებოდი, ვიღაცა შეეჩვია და ახლა მოსწონს, რის გამოც ბევრ კარგს მეუბნებიან. შეიძლება, ისეთებიც არიან, რომელთათვისაც დღესაც მიუღებელია ჩემი გმირი. პირადად ჩემთვის ეს პროექტი აუცილებელი და საჭირო იყო. ეს რომ არა, დღესაც „თიკა“ ვიქნებოდი. ეს ცუდი კი არ იქნებოდა, მაგრამ, წინ უნდა წავსულიყავი და რაღაც შემეცვალა.

– „შუა ქალაქიდან” შენ წამოხვედი თუ ეს შენზე არ ყოფილა დამოკიდებული?

– ერთი წლის განმავლობაში ვიყავი „შუა ქალაქში,” მერე დათო გოგიჩაიშვილმა მთხოვა, ახალ სერიალში – „გოგონა გარეუბნიდან” – გადამენაცვლებინა, რომლის გადაღებები მალე უნდა დაწყებულიყო. რა თქმა უნდა, დავთანხმდი. ის პროექტი დიდი ხნის განმავლობაში ვერ განხორციელდა. იმ პერიოდში მქონდა რამდენიმე შემოთავაზება, რომლებზეც უარი ვთქვი, რადგან სერიალს „გოგონა გარეუბნიდან” ველოდებოდი. ბოლოს, იმ დონეზე გაიჭიმა, რომ დათოსთან მივედი და ვუთხარი, ახალი შემოთავაზება მაქვს და, თუ ვიწყებთ ამ პროექტს, შემოთავაზებაზე უარს ვიტყვი-მეთქი. მიპასუხეს, ჯერ კიდევ არ ვიცითო და, ამიტომ, „დეტექტივებს” დავთანხმდი.

– როგორ ფიქრობ, სწორი არჩევანი გააკეთე?

– „გოგონა გარეუბნიდან” მართლა კარგი სერიალია, მაგრამ, მართლა გამიმართლა, ყველაფერი ასე რომ მოხდა და „დეტექტივებში” რომ ვარ.

– მას შემდეგ, რაც ეკას როლი განასახიერე, ალბათ, მიხვდი, რა რთული ცხოვრება აქვთ ქალ დეტექტივებს.

– კი, ძალიან დიდი შრომაა ქალისთვის დეტექტივობა და ძალიან რთულია. ეს ყველაფერი ადამიანს ცვლის და, ამიტომ, ისინი ჩემგან და თქვენგან განსხვავებულები არიან. როცა ამით ცხოვრობ, არ არსებობს ჩვეულებრივი იყო, უფრო ძლიერი ხდები და ბევრ რამეს იოლად იღებ.

– შენს შემთხვევაში როგორ ხდება – ჩვეულებრივი არაჩვეულებრივი გახდა?

– ვცდილობ, რომ გახდეს, მაგრამ ჯერჯერობით არ გახდა და, ალბათ, კარგა ხანს არც გახდება. ამისთვის ამ სფეროში უნდა იმუშაო.

– მაინტერესებს, გადაღების მოედანი თუ არის შენთვის ის ადგილი, სადაც ბოლომდე იხარჯები?

– ბოლომდე, მგონია, რომ ვერ ვიხარჯები. ძალიან ვიღლები, ვცდილობ, ყველაფერი გავაკეთო, მაგრამ, ძალიან ბევრი გადაღება გვაქვს, მერე რეპეტიციაზე გავრბივარ თეატრში, მერე ჩქარ-ჩქარა ისევ გადაღებაზე მოვრბივარ, ან საღამოს სპექტაკლი უნდა ვითამაშო. ასეთი გრაფიკი არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ ბოლომდე დავფიქრდე და ბოლომდე დავიხარჯო რაღაცეებში. ამიტომ, თითქოს ინსტინქტურად ვაკეთებ ყველაფერს.

– გამომდინარე „დეტექტივების” სერიალიდან, ალბათ, კრიმინალს უკვე სხვა თვალით უყურებ.

– დიახ, ასეა და, პრინციპში, რაღაც დონეზე ამ პროფესიას დავეუფლეთ.

– მარჯანიშვილის თეატრიდან სამი მსახიობი მონაწილეობთ „დეტექტივებში.” შენ, დიმა ტატიშვილს და ზაზა იაკაშვილს ერთ სცენაზე არაერთი სპექტაკლიც გითამაშიათ. ეს, ალბათ, ხელს გიწყობთ გადასაღებ მოედანზე მუშაობაშიც.

– ჩემთვის დიმა და ზაზა უკვე ძალიან ახლობელი ადამიანები არიან. მათთან მუშაობა მიადვილდება და, თან, სასიამოვნოც არის, რადგან მთელ დღეს ატარებ იმ ადამიანებთან ერთად, ვისთანაც კარგად ხარ და გიყვარს.

– როგორ ფირობ, რა არის ლელა მებურიშვილის მთავარი ხიბლი?

– მართლა არ ვიცი. მე თვითონ ადამიანში ძალიან ვაფასებ უბრალოებას. ჩემი აზრით, როცა ადამიანი ურთიერთობებში ბუნებრივად უბრალოა, ეს არის ყველაზე მომხიბვლელი. უბრალოება ყველაფერში მიყვარს და ასეთ ადამიანებთან მარტივად ვურთიერთობ.

– ყურადღებიანი ადამიანი ხარ?

– დიახ, ძალიან ყურადღებიანი ვარ და ასევე ვითხოვ ყველასგან. თუ ვინმეს ყურადღება რაღაც დოზით დავაკელი, უხერხული და უსიამოვნო შეგრძნება მაქვს ხოლმე.

– სად გრძნობ თავს ისე, როგორც თევზი წყალში?

– ალბათ, მეგობრებთან, ოჯახში... სიმართლე გითხრათ, თუ დაძაბული გადაღება არ არის და ყველაფერი მშვიდად და წყნარად მიდის, იქაც ძალიან კარგად და თავისუფლად ვგრძნობ თავს. პრინციპში, თუ სიმშვიდეა და ადამიანები არ არიან აღელვებული, ყველგან კარგად ვგრძნობ თავს.

– რაზე არ იტყვი არასდროს უარს?

– საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნა არასდროს მომბეზრდება და მათზე არასდროს ვიტყვი უარს.

– საკუთარ თავს ყოველთვის აკონტროლებ?

– საკუთარ თავს მაქსიმალურად 99 პროცენტით ვაკონტროლებ.

– საკმაოდ მშვიდი ადამიანი ხარ. საინტერესოა, რას ან ვის შეუძლია შენი წყობიდან გამოყვანა?

– როგორ მინდა, რომ არასდროს არაფერს არ გამოვყავდე წყობიდან, მაგრამ... საკუთარ თავზე მაქსიმალურად ვმუშაობ, რომ არც ერთ სიტუაციაში არ გამოვიდე მდგომარეობიდან. ასეთი რამ მომხდარა, მაგრამ, ეს ყვირილსა და ჩხუბს არ ნიშნავს. უბრალოდ, ის გამიკეთებია რისი გაკეთებაც არ მიყვარს, ანუ, მკაცრად და უხეშად მითქვამს რაღაც. ასეთ დროს ძალიან პირდაპირი ვხდები, ვიტყვი და მერე, შეიძლება, ვიტირო – ეს რა გავაკეთე, ნეტავ არ მეთქვა-მეთქი. ეს ძალიან იშვიათად ხდება, მაგრამ, ძალიან ვერ ვიტან, როცა მდგომარეობიდან გამოვდივარ.


скачать dle 11.3