რა სურვილზე ეუბნება უარს ნათია დუმბაძეს 4 წლის განმავლობაში მეუღლე და რატომ ვერ გახდა ის ქმრის მუზა
ჯეოსტარელი ნათია დუმბაძე ძალიან მხიარული და ენერგიული გოგონაა, რომელსაც მოსიყვარულე მეუღლე და ძალიან საყვარელი შვილი ჰყავს. ნათიას „ჯეოსტარმა“ ცოტა აურია ცხოვრების სტილი, შვილსაც ძალიან ენატრება, მაგრამ მას ამ კონკურსში მონაწილეობა ძალიან სიამოვნებს და დიდ სტიმულს აძლევს.
ნათია: გაწამაწიაში ვარ – ძალიან დატვირთული, მაგრამ მსიამოვნებს ცხოვრების ასეთი სტილი. რომ მახსენდება, ყველაფერი უნდა დამთავრდეს, უკვე ვნერვიულობ. ალბათ, თუ დავტოვებ პროექტს, მომენატრება „ჯეოსტარი“, ეს სიტუაცია.
– ჯეოსტარელები ძირითადად ტურიდან ტურში იზრდებიან. ამას თუ ამჩნევ საკუთარ თავს?
– კვირიდან კვირამდე ძალიან ბევრს ვმეცადინეობთ. მანანა მორჩილაძე ძალიან კარგად, მაღალ დონეზე გვამეცადინებს. მისი მადლობელი და კმაყოფილი ვარ. მინდა, მადლობა გადავუხადო, აშკარად ვიზრდები ტურიდან ტურამდე. თან, ძალიან საინტერესოა, სხვადასხვა ჟანრში სიმღერა და ცოტ-ცოტა ყველა გამომივიდა.
– სიმღერის გარდა, კიდევ რა გამოგდის კარგად?
– სიყვარული გამომდის ყველაზე მაგრად – ჩემი შვილის, ჩემი მეუღლის, მშობლების, მეგობრების.
– როგორ რეაგირებ კრიტიკაზე?
– რაც „ჯეოსტარში“ ვარ. კრიტიკა არ მიმიღია, მხოლოდ ერთხელ მომცეს შენიშვნა, ჯაზს არ უხდება გაპრანჭვაო. ჯაზი არასდროს მიმღერია, ამიტომ ეს შენიშვნა მივიღე და გავითვალისწინებ აუცილებლად. არ მწყინს კრიტიკა. ზოგადად, ისეთი ადამიანი ვარ, არაფერი მწყინს.
– მარინა ბერიძემ ერთ-ერთი კონცერტის შემდეგ გითხრა „ჟულიკი“ მომღერალი ხარო.
– ეს ჩემთვის ძალიან კარგი შეფასება იყო. როდესაც ადამიანს აქვს იმის ნიჭი, რაღაც ხარვეზი სხვა რამით დაფაროს, ეს უკვე დიდი პლუსია.
– ცხოვრებაშიც ხარ „ჟულიკი“?
– ცოტათი, ალბათ, ვარ „ჟულიკი“. იცი, როგორი ვარ, როცა რაღაც შეცდომას დავუშვებ, მაშინვე გადავფარავ ხოლმე, ან ორ წუთში მავიწყდება, გულში არ ვიტოვებ. თუ რამე შემეშლება ან რამე ცუდს გავაკეთებ, უცებ სხვა თემაზე გადამაქვს საუბარი. მოკლედ, ადვილად საურთიერთობო ადამიანი ვარ.
– როდესაც ასეთ პროექტში იღებ მონაწილეობას, საკმაოდ დაკავებული ხარ და ალბათ მეუღლისთვის, მეგობრებისთვის დიდი დრო აღარ გრჩება, ამას არ აპროტესტებენ?
– ხანდახან მეუღლე მეუბნება, რა არის, აღარ გცალიაო, მაგრამ თავს იმით იმშვიდებს, რომ დამთავრდება „ჯეოსტარი“, მერე ხომ არ იქნები ასეო. ისე, ჩემი მეუღლე ისეთი ადამიანია, ყველაფერში ხელს მიწყობს. ახლაც ასეა, მაგრამ ხანდახან, ძალიან რომ მოაწვება, მეუბნება, მე იმდენ ყურადღებას აღარ მაქცევო. ცოტას წუწუნებს. მეგობრები არ მეწუწუნებიან, მხარში მიდგანან.
– მაინც, რატომ გადაწყვიტე „ჯეოსტარში“ მონაწილეობა?
– 16 წლის ვიყავი, „ჯეოსტარში“ რომ მინდოდა მონაწილეობა. დედაჩემმა მითხრა, ჯერ არ გინდა – „ნუცას სკოლაში“ გამოდიო და მეც მივედი. მერე „იმედის ტალღაზე“ დავრჩი. 19 წლის ასაკში გავთხოვდი. აღარ მეცალა „ჯეოსტარისთვის“. მერე ბავშვი გავაჩინე და სამი წლის შემდეგ, როგორც იქნა, მოვიცალე „ჯეოსტარისთვის“. თან, „ჯეოსტარში“ ჯერ ჩემი ერთი მეგობარი მონაწილეობდა – თიკა მახალდიანი, მეორე წელს – სალომე ბაკურაძე, მესამე წელს დაქალებს შორის ჩავარდნა მქონდა და მეოთხე წელს უკვე მე მივედი.
– ირინა ონაშვილიც ხომ მონაწილეობდა? მოკლედ, დაიპყარით მეგობრებმა „ჯეოსტარი“.
– კი. ირინა ძალიან ადრე მონაწილეობდა, მასაც ვგულშემატკივრობდი.
– თუ გინანია, ადრე გათხოვების გამო?
– არასდროს. ძალიან ბედნიერი ვარ. უბრალოდ მქონდა ჩავარდნა, იმიტომ, რომ გათხოვების დროს სიზარმაცემ იჩინა თავი, მერე უკვე ორსულობამ, თან ძალიან რთული ფეხმძიმობა მქონდა. რაც მთავარია, ოჯახისგან ძალიან დიდი ხელშეწყობა მაქვს. ჩემს მეუღლეს რომ არ ესმოდეს ჩემი საქმის, გვერდში რომ არ მედგას, დაკა-დაკა გვექნებოდა.
– ყოფილა ისეთი საკითხი, რაზეც ვერ შეთანხმებულხართ?
– წვრილმანებზე. სერიოზული რამ არასდროს მომხდარა. იყო სირთულეები, მაგრამ როდესაც სიყვარულია, ადამიანი ყველაფერს გადალახავს. ორივეს დამთმობი ხასიათი გვაქვს. დამთმობები თუ არ ვიქნებით, მაშინ ერთმანეთს ვერც გავუგებთ. რაც მთავარია, ძალიან ყურადღებიანია, ხშირად მირეკავს, აინტერესებს ჩემი ამბები. რომ არ დამირეკოს, გავგიჟდები. თუ დაკავებული ვარ, გადარბენები მაქვს და ისე ხშირად არ დამირეკავს, ალბათ, ძალიან არ იმოქმედებს, მაგრამ თუ სახლში ვარ მარტო, მაშინვე მახსენდება – უი, არ დაურეკავს. გართულება არ მაქვს, ხანდახან უფრო გამოვხატავ, ეგრევე ვურეკავ და ვეკითხები – დუ, სად ხარ?
– როგორი მეუღლე ხარ?
– ძალიან კარგი მეუღლე ვარ, თბილი და ამიტომაც შევუყვარდი. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ მაგარი დიასახლისი ვარ. ცალკე რომ ვცხოვრობდეთ, ვიქნებოდი.
– ანუ, დედამთილი გაზარმაცებს?
– დედამთილი მაზარმაცებს, მასთან ერთად ვცხოვრობ. მე და ჩემი მეუღლე თვეობით ვყოფილვართ წყნეთში აგარაკზე, სახლიც დამილაგებია, საჭმელიც გამიკეთებია და ყველაფერი. ანუ, როგორც კი ამის საჭიროება იქნება, აუცილებლად ვიქნები კარგი დიასახლისი. სხვათა შორის, ჩემი მომზადებული კერძები მოსწონს. რამდენიმე გვაქვს არჩეული, რომელიც ძალიან უყვარს და ხშირად მიკვეთავს. ძირითადად, გარეთ უწევს ჭამა, მაგრამ კვირაში ოთხჯერ ვაკეთებ მის საყვარელ ჩახეხილ პომიდორს თავისი ყველაფრით.
– ანებივრებ მეუღლეს. სიურპრიზების გაკეთებაც გეხერხება?
– ვანებივრებ. სიურპრიზების გაკეთება მეხერხება, იმას კი წელიწადში ერთხელ ახსენდება. შეყვარებულობის დროს უფრო რომანტიკული იყო, ახლა – აღარ. ისეთი სამსახური აქვს, სულ გარეთ არის და დროც აღარ რჩება. შეყვარებულობის პერიოდი ხანდახან ძალიან მენატრება. 6 თვე ვიყავით შეყვარებულები, ყველაფერი თავისთავად და უცებ გადაწყდა, ისე, რომ ვერც მივხვდით. უკვე 4 წელი შეგვისრულდა 4 ნოემბერს.
– შენს მეუღლეს არ ავიწყდება დაბადების დღის ქორწინებისა და ასეთი თარიღების მოლოცვა?
– ერთხელ კინოში ვიყავით. ახალი ჩამოსულები ვიყავით საფრანგეთიდან და ერთად ყოფნის პერიოდში ჩემი პირველი დაბადების დღე იყო. კინოში, 12 საათს რომ გადასცდა, დაავიწყდა მოლოცვა. ისეთი ამბავი ავტეხე, ძალიან მეწყინა.
– როგორი დედა ხარ?
– ბოლო დროს ძალიან უყურადღებო, მაგრამ როგორც კი „ჯეოსტარი“ დამთავრდება, მაშინვე მიმყავს ბაკურიანში, უნდა ჩავისიამტკბილო. ჩაცმული, ვცდილობ, არ დავენახო. არ მინდა მიხვდეს, რომ მივდივარ. მაგრამ თუ დამინახავს, მეუბნება – „გაიხადე, დოზე გაიხადე, არ წახიდე, მეც წამიყანე“. სიმღერის ნიჭი აქვს, ყველა სიმღერას მღერის. ჯერ პატარაა და მერე მივიყვან უშიკიშვილთან.
– რისი ნიჭი აქვს შენს მეუღლეს?
– ხატვის. სამხატვრო აკადემია აქვს დამთავრებული, ძალიან კარგად ხატავს. 4 წელია, ვეხვეწები, დამხატე-მეთქი და არ მხატავს. შენი დახატვის მუზა არ მომივიდაო. სამაგიეროდ, ჩემი სიმღერა ძალიან მოსწონს. „ჯეოსტარზე“ ძირითადად სულ მოსწონს ჩემი შესრულებული ყველა სიმღერა. გაკვირვებულია, ამდენი თუ შეგეძლო, არ მეგონა, სულ გამღერებდიო.
– ყოველთვის ამჩნევს შენს ახალ ვარცხნილობას, სამოსს?
– ხანდახან. ზოგჯერ გამოეპარება, „ჯეოსტარზე“ რომ გამოვდივარ, სულ მეუბნება, რა ლამაზი იყავი, რა ლამაზი კაბა გეცვაო. თვითონაც, სანამ სამსახურში წავა, ნახევარი საათის განმავლობაში სარკის წინ დგას.