რამდენი მილიონით გაიზარდა ემა უოტსონის ჰონორარი „ჰარი პოტერის“ ბოლო სერიისთვის და რა არის მისი მთავარი ღირსება
ის იყო ყველაზე გამოუცდელი ბავშვი მსახიობი „ჰარი პოტერის“ სამი მთავარი გმირის როლის შემსრულებელ კანდიდატებს შორის. თუმცა, კინოკრიტიკოსების აზრით, სწორედ მან „მოპარა შოუ“ დენიელ რედკლიფს, რუპერტ გრინტსა და დანარჩენებს. ყველაზე ცნობილი საბავშვო ზღაპრის კინოეკრანიზაციის დაწყებიდან, ათი წლის თავზე ემა უოტსონი იქცა ნამდვილ ვარსკვლავად, ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ და მოდურ ახალგაზრდა მსახიობად.
უპირველეს ყოვლისა, „ჰარი პოტერი“ ბიჭების ზღაპარია, სადაც გოგონებს მეორეხარისხოვანი ადგილი უკავიათ, თუმცა, ჰერმიონა გრეინჯერი სხვაა. ის არის წიგნის ავტორის, ჯოან როულინგის საყვარელი პერსონაჟი და ალტერ ეგო. გონებამახვილობა და დამოუკიდებლობა მისი მთავარი ღირსებაა, ხოლო სწორი გადაწყვეტილების მიღების ნიჭი – მთავარი იარაღი. ემას და ჯოანს საინტერესო ურთიერთობა აქვთ. როულინგმა პირადად მოიწონა 9 წლის ემას კანდიდატურა როლზე დამტკიცებისას, რადგან პატარა გოგონაში მან საკუთარი თავი ამოიცნო. თუმცა, „საკუთარ ასლთან“ შეხვედრას, როულინგი მუდამ გაურბოდა. ემა ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებდა: „მე სულ ერთხელ მყავს ნანახი ჯოან როულინგი, ინგლისის დედოფალთან მიღებაზე. მაშინ, როდესაც, რუპერტს და დენიელს იგი მუდმივად ეკონტაქტება. ამის მიუხედავად, ემა სულაც არ არის ნაწყენი ჯოანზე და საერთოდ მის ხასიათში, წყენას ადგილი არ აქვს. ცნობილი, ფაქტია, რომ ემა უოტსონი, როგორც ინგლისური ლიტერატურის უბადლო მცოდნე, ჯოან როულინგს სულაც არ მიიჩნევს საუკეთესო ავტორად. მისი აზრით, ბრიტანეთში მოღვაწეობდნენ მწერლები, რომლებიც სიდიდით ბევრად აღემატებოდნენ როულინგს.
ემა შარლოტა დიუერე უოტსონი, ჰერმიონა გრეინჯერივით არისტოკრატული წარმომავლობის არ გახლავთ. იგი პარიზში დაიბადა, სადაც მისი მშობლები, პროფესიით იურისტები, ხანგრძლივ მივლინებაში იმყოფებოდნენ. ხუთი წლის შემდეგ, უოტსონების ოჯახი დაინგრა და ემა დედასთან ერთად ინგლისში დაბრუნდა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ მის მშობლებს დღემდე ახლო ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან და „ჰარი პოტერის“ სერიების პრემიერებზე ერთად დადიან.
მომხიბვლელ და ჭკვიან ემას უდარდელი ბავშვობა ჰქონდა. იგი კერძო სკოლაში, უმაღლეს ქულებზე სწავლობდა. ასევე, მონაწილეობდა სასკოლო თვითშემოქმედებაში და არაერთხელ გაუმარჯვია პოეტურ კონკურსებში. „ჰარი პოტერის“ ქასთინგზე ემა, მისი დრამატული წრის ხელმძღვანელმა წაიყვანა. მისი მხარდაჭერით ემამ ქასთინგის რვა ურთულესი რაუნდი გაიარა, სანამ როლზე დაამტკიცებდნენ.
უნდა აღინიშნოს, რომ სხვა ბავშვი მსახიობების მსგავსად, ემა უოტსონს სულაც არ გასჩენია ვარსკვლავური სენი. იგი ერთი ჩვეულებრივი თინეიჯერი იყო, რომელსაც არც ვარსკვლავობის ამბიცია ჰქონდა და არც უჩვეულო მოთხოვნები. თუმცა, თავის ფასი იცოდა და როდესაც მეექვსე სერიის გადაღება დასრულდა, ემამ პროექტიდან წასვლის სურვილი გამოთქვა, რათა უმაღლესი პროფესიული განათლება მიეღო. პროდიუსერებმა მისი ჰონორარი უმალვე 2 მილიონი გირვანქა სტერლინგით გაზარდეს, რაზეც ემამ უარი აღარ თქვა, თუმცა დაამატა, რომ გადაღებებისთვის მხოლოდ არდადეგების პერიოდში მოიცლიდა.
ბრწყინვალე მონაცემების მქონე ემას ოქსფორდისა და ჰარვარდის უნივერსიტეტებში ელოდებოდნენ. თუმცა, მან ნაკლებპრესტიჟული ამერიკული, ბრაუნის უნივერსიტეტი ამჯობინა. იქ იოლად დაემალებოდა პაპარაცებს და თავს ჩვეულებრივი სტუდენტივით იგრძნობდა. როდესაც ემამ დენიელ რედკლიფს უამბო, რომ სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში აპირებდა ცხოვრებას, „ჰარი პოტერის“ როლის შემსრულებელმა მას ავადმყოფი უწოდა და მასხრად აიგდო. სხვათა შორის, ემა უოტსონის ტაქტიკა ჩინებულად გაითავისა ნატალი პორტმანმა. მან „ვარსკვლავურ ომებში“ გადაღებების დასრულებისთანავე კინოსგან დაისვენა და ოთხწლიანი არდადეგები მოიწყო – ჰარვარდის უნივერსიტეტი დაამთავრა, ახლა კი მას საკუთარ ფილმებში ვონგ კარ ვაი და დარენ არანოფსკი იწვევენ. ასე რომ, ემა უოტსონი რომ სწორი გზით მიემართება, ამაზე არავინ დავობს.
ემა უოტსონს სხვა ფილმებში, სულ რამდენიმე როლი აქვს განსახიერებული. ესენია: ტელედრამა – „პუანტები“, ანიმაცია – „დესპეროს“ გახმოვანება და მეორეხარისხოვანი როლი „ჩემი კვირა მერილინთან ერთად“, რომელიც 2011 წელს გამოვა ეკრანებზე. კოსტიუმირებული დრამის „ნაპოლეონი და ბეტსის“ გადაღება კი 2012 წლისთვის გადაიდო. სტუდიამ ჩათვალა, რომ მსახიობს ჯერჯერობით ასაკი არ უწყობს ხელს, რომ იმპერატორის სასიყვარულო ლტოლვის ობიექტი განასახიეროს. მანამდე კი, ემა მოდის სფეროში დაკავდება. ყველასთვის და უპირველეს ყოვლისა, თვით ემასთვის მოულოდნელად, გოგონა, რომელიც მთელი შეგნებული ცხოვრება, „დიზელის“ ჯინსებით, „კონვერსის“ კედებითა და „ტოპშოპის“ მაისურებით ჩნდებოდა საზოგადოებაში, ყველაზე მოდურ თინეიჯერ მსახიობად აღიარეს. მასთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა „ბარბერიმ“ და ემა უოტსონი ფირმის სახე გახდა. ახლო მომავალში კი ვარაუდობენ, რომ ემა კირა ნაითლის შეცვლის და „შანელის“ სახედ მოგვევლინება. გარდა ამისა, ემას, პერსონით აღფრთოვანებულია კარლ ლაგერფელდიც, და არ გამორიცხავს ახალგაზრდა ვარსკვლავთან თანამშრომლობას.
რაც შეეხება ემას პირად ცხოვრებას. როდესაც „ჰარი პოტერის“ ერთ-ერთ სერიაში ემამ ვნებიანად აკოცა რონ უიზლის როლის შემსრულებელ რუპერტ გრინტს, „პოტერიანის“ მილიონობით თაყვანისმცემელი მსახიობებს შორის არსებულ ფლირტზე ალაპარაკდა. თუმცა, მოგვიანებით, ემამ საჯაროდ განაცხადა, რომ რუპერტი მის გემოვნებას არ აკმაყოფილებს და მას სულ სხვა ტიპის მამაკაცები იზიდავს, ასაკით მასზე უფროსი, აკურატული, დახვეწილი და საზოგადოებაში გავლენიანი. სწორედ ასეთები იყვნენ სავარაუდოდ მისი ექს-ბოიფრენდები – რაგბისტი ტომ დაკერი, ბიზნესმენი ჯეი ბერიმორი, ესპანელი მედოლე რაფაელ სებრიანი და მუსიკოსი ჯორჯ კრეიგი.
ერთხელ ერთ-ერთ ინტერვიუში დენიელ რედკლიფმა ემა უოტსონზე, თქვა: „ემა – არაჩვეულებრივი ადამიანია, მას ნებისმიერ დროს შეუძლია თქვას, „აბა, ახლა ყველანი მე მომყვებით“ – და აბსოლუტურად ყველა, მიუხედავად იმისა, დაკავებულია თუ არა, მის სიტყვებს ემორჩილება. ყველა აკეთებს იმას, რასაც ემა ბრძანებს. მას შეუძლია, „გაწვრთნას“ ნებისმიერი და ეს მხოლოდ ძლიერ ქალებს ძალუძთ. ემა კი ნამდვილი ქალღმერთია. მსგავსი სულიერი სიძლიერის ადამიანი პირადად მე ჯერ არ შემხვედრია და ალბათ, აღარც შემხვდება“. ეს ფრაზა საკმარისია, დავრწმუნდეთ, რომ ემა უოტსონი ნამდვილი ვარსკვლავია და ტყუილად არ ერგო წილად ეთამაშა პატარა, მაგრამ იმედისმომცემი ჯადოქრის, ჰერმიონა გრეინჯერის როლი.