როდის უტრიალდება თავში
მომღერალ გიორგი სუხიტაშვილს ბედმა ნამდვილად გაუღიმა: ის პროექტ „ჯეოსტარის“ გამარჯვებულიცაა, ხალხის სიყვარულიც დაიმსახურა, მეგობრებშიც გაუმართლა და, მეტ-ნაკლებად, აზარტულ თამაშებშიც სწყალობს ბედი. გიორგი მხიარული და სიცოცხლით სავსე ადამიანია. ბავშვობიდან მოყოლებული, არაერთ შარშიც გახვეულა და კურიოზულ სიტუაციაშიც აღმოჩენილა, მაგრამ იუმორით ადვილად დაუძვრენია თავი. როგორც თავად აღიარებს, დიდი ცელქი და ცუღლუტი ბავშვი იყო და, რომ არა მომღერლობა, ალბათ, კარგი მონადირეც გამოვიდოდა. მონადირეობისა რა მოგახსენოთ, მაგრამ, ბევრის საყვარელი მომღერალი, გულღია და მხიარული რესპოდენტი რომ არის, ეს ფაქტია.
გიორგი სუხიტაშვილი: ცხოვრებაში ბევრ რამეში გამიმართლა და ამისთვის ღმერთის მადლობელი ვარ. ბავშვობიდან მომღერლობა მინდოდა, ბევრს არც კი ეგონა, ამდენს თუ მივაღწევდი, მაგრამ, ეს ოცნება ამიხდა. იცით, როგორ სიტუაციაში აღმოვჩნდი ერთ დღესაც?
– არა, არ ვიცი. როგორ სიტუაციაში?
– რომ გეტყვიან – აბა, მიდი, შენი დრო მოვიდაო, შენც საჭირო დროს საჭირო ადგილას დადგები და ფორტუნაც შენს მხარეზე რომ გადმოიხრება – აი, ასე მოხდა ჩემს ცხოვრებაშიც. ჰოდა, სანამ ფორტუნა ჩემს მხარეზეა, მიმიშვით (იცინის).
– სანამ მიგიშვებთ, მოდი, შენი ბავშვობა გაიხსენე. როგორც ვიცი, ძალიან ცელქი და დაუნდობელი ბავშვი იყავი.
– (იცინის) ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. ამის გამო ბევრჯერ ჩავვარდი კურიოზულ თუ გამოუვალ სიტუაციაში, მაგრამ, ახლა ყველა ის დღე სასიამოვნო მოგონებაა ჩემთვის. სხვათა შორის, ბავშვობაშიც მიმართლებდა. ერთხელ, ლატარიის ბილეთი ვიყიდე ქუჩაში. გადავფხიკე და რაღაც მოვიგე. გახარებულმა გამყიდველს ვუთხარი, ნახეთ, რაღაც მოვიგე-მეთქი. მომაწოდა ყუთი, გავხსენი და თავი-ბოლო ვერ გავუგე, ისეთი უცნაურობა იყო. ვიფიქრე, ეს რაღა ჯანდაბაა-მეთქი.
– ასეთი რა იყო, რომ ვერ მიხვდი?
– ვკითხე, ეს რა არის-მეთქი. ამიხსნეს – თმის ფენია, შვილო და, ასე და ასე უნდა, მოიხმაროო. კი ვიფიქრე, რა ჯანდაბად მინდა, მოიგო და ისიც ეს ჩხლართი-ჩხლურთი-მეთქი, მაგრამ, მერე მაინც წავიღე სახლში და დედაჩემს ვაჩუქე – აბა, მე რად მინდოდა? ერთადერთი, არ მიმართლებდა ფეხბურთში და სულ გაწევ-გამოწევები მქონდა მსაჯებთან. სოფლებს შორის ტურნირები ეწყობოდა და, თუ წავაგებდი, ვისზე ვიწევდი გამწარებული, კაცმა არ იცის (იცინის). ისე, გაწონასწორებული პიროვნება ვარ და ძნელია ჩემი წყობიდან გამოყვანა, მაგრამ, თუ გადამიტრიალდა ტვინში „შარიკი“, მერე მძიმე არტილერია ვხდები და, აბა, წინ დამიდგეს ვინმე (იცინის). შარშიც ბევრჯერ გავხვეულვარ და არც ის მასწავლებელი დამინდია, ვინც თვალში არ მომივიდოდა.
– მასწავლებელი რაღა შუაშია, მას რაღას ერჩოდი?
– რა ვიცი, რას ვერჩოდი, კი გადავრიე და... იმისი შეშინებული თვალები ახლაც თვალწინ მიდგას. მოკლედ, ჩემი ერთ-ერთი მასწავლებელი რაღაცნაირი ქალი იყო და თვალში არ მომივიდა. ავდექი, დავიჭირე ხვლიკები, ალბათ ერთი თექვსმეტი-ჩვიდმეტი ცალი, ჩუმად ავიღე მისი ჩანთა, გავხსენი, ჩავსვი ყველა შიგ და დავკეტე. გავიხედე, შემოვიდა ამაყად. დადო ჟურნალი მაგიდაზე, დაჯდა, გახსნა ჩანთა და... ჯერ ხომ ვერ მიხვდა რა ხდებოდა, საიდან მოხვდა ამდენი ხვლიკი მის ჩანთაში და, რომ აკივლდა?!. (იცინის). საწყალი ხვლიკები ისე დაფრთხნენ, ფართხა-ფურთხით ხტებოდნენ ჩანთიდან. მთელ კლასში მიმოიფანტნენ და, უნდა გენახათ, რა ამბავი ატყდა. ახლა ვხვდები, როგორი დაუნდობელი საქციელი ჩავიდინე, მაგრამ, ეს რომ არ გამეკეთებინა, დღეს ხომ ვერ მოვყვებოდი? ერთხელ კი უარესი ჩავიდინე – ჩემს ძმაკაცს კატასტროფულად ეშინოდა გველების. სათევზაოდ წავედით და მოვატყუე, გოდორში თევზია და ამოიღე-მეთქი. არადა, გველი იყო. რომ ჩაყო ხელი, გაიყინა, ჯერ ხომ ადგილზე „დააბუქსავა“ და მერე ისე გავარდა, ბუღი დააყენა, რომელი გოდორი და გველი დაეწეოდა იმას, მგონი, დღესაც დარბის შეშინებული. (იცინის).
– დიდი ცუღლუტი ბავშვი ყოფილხარ. ერთი ეს მითხარი, სასმელს გემო როდის გაუსინჯე და როგორი იყავი პირველი ბახუსის მერე?
– სხვათა შორის, პატარა ასაკიდან, პატარა ჭიქებით, პაპამ შემაჩვია სასმელს. ნელ-ნელა ვახურებდი ყელს და, აი, სერიოზულად რომ დავთვერი, მერე მართლა გახურდა (იცინის). მეორე კლასში ვიყავი. ბიჭებმა სახლიდან სამლიტრიანი ქილით ღვინო მოვიპარეთ, გავედით ჩუმად ბაღში და დავიწყეთ სმა. სხვათა შორის, პროცესი კარგად წავიდა, მაგრამ, აი, შედეგი იყო „პრიკოლი“. კაცურად რომ ვსვით და რომ დავთვერით კარგად, ბავშვურმა მიამიტობამ მერე გაიღვიძა ჩვენში. მოკლედ, გადავწყვიტეთ, ასეთ მთვრალებს გვეთამაშა დამალობანა. ერთი დაიხუჭა, დანარჩენები დასამალავად გავიქეცით. მეც გავვარდი და იქვე ჭასთან მივირბინე, ჩავიცუცქე და ამოვეფარე, მაგრამ, ისე მიმეძინა, საღამომდე ვერავინ მიპოვა (იცინის).
– ესე იგი, გამარჯვებულიც შენ გამოხვედი. რა გინდა, პირველი დათრობა შენთვის გამარჯვებასთანაც ასოცირდება.
– ჰო, ასე გამოდის (იცინის). ახლა რომ ვიხსენებ, მახსოვს დალევის პროცესი, თამაშის დაწყება, ჭამდე მისვლა და, აი, მერე ვეღარაფერს ვიხსენებ. საღამოს რომ გამოვიღვიძე, უკვე ბნელოდა, ჭას ვეხუტებოდი და ისევ მთვრალი ვიყავი. სახლამდე ძლივს მივბოდიალდი, ბანცალ-ბანცალით. თან ვიფიქრე, ასე რომ მნახონ სახლში, გადაირევიან-მეთქი და, ფეხი შევდგი თუ არა, ეგრევე ვთქვი: ისე დავიღალე თამაშით, ფეხზე ვეღარ ვდგავარ-მეთქი და საწოლისკენ ისეთი მოვკურცხლე, უნდა გენახათ.
– ერთი სიტყვით, პირველი ბახუსი კაცურად შეგირგია, თანაც, ვერც ოჯახის წევრებს გაუგიათ რამე... ახლა როგორაა ამ მხრივ საქმე?
– ისეთი ღვინის სუნი ამდიოდა, როგორ ვერ მიხვდებოდნენ... თუმცა, მართლა კაცურად შევირგე პირველი სერიოზული დათრობა მეორე კლასელმა ბავშვმა. ხომ გითხარით, პაპას წყალობით, ორგანიზმი სასმლისთვის მომზადებული იყო და, ალბათ, ამიტომ. ისე, სიმართლე გითხრათ, ახლა დიდად არ მიყვარს დალევა და იშვიათად ვსვამ, ისიც, თუ გარემოება მოითხოვს. არ დაგიმალავთ, როცა ვსვამ, მეორე დღეს შრომისუუნარო, მოთენთილი და უვარგისი ვარ. მინდა ახლა მე ეს? (იცინის).
– სიმღერის გარდა, ვიცი, კარგი მონადირეც ხარ. ამ თემაზე, ალბათ, ბევრი სასაცილო ამბავიც გახსენდება.
– ამაში გეთანხმებით. ძალიან ბევრი და სასაცილო გასახსენებელი მაქვს ნადირობასთან დაკავშირებით. სოფელში, სადაც მე გავიზარდე, ერთი კაცი ცხოვრობს მეზობლად, რომელსაც ძალიან უყვარს ნადირობა და ერთხელ იმას გავყევი სანადიროდ. წარმოიდგინეთ, მონადირე კაცია და საკუთარი მონადირე ძაღლების სასაფლაო აქვს გახსნილი (იცინის). რა მაცინებს, მეცოდებიან საწყლები, მაგრამ, მონადირე კაცი რომ საკუთარ გამოზრდილ ექვს ძაღლს გააფრთხობინებ სულს შენივე სანადირო თოფით, სატირალი რომ არ იყოს, სასაცილო არ არის?! გაისვრის, გააფრთხობინებს სულს, მერე მიწას ამოთხრის და ჩამარხავს. ისევ წავა, გაისვრის, მოკლავს, გათხრის მიწას და ჩამარხავს და ასე გრძელდება. ჰოდა, ერთხელ ერთად წავედით სანადიროდ და მისი ძაღლების ბედი კინაღამ მეც გავიზიარე. მწყერი აუფრინდა თვალწინ და მის თავს უკან გადაფრინდა. მანაც თოფი გადმოიტარა თავზე და დააბუთქა. კიდევ კარგი, ჩაკუზვა მოვასწარი, თორემ, ახლა დაჯდებოდა და დაწერდა რომანს „განსვენებული ექვსი ძაღლი და ერთი ვაი მონადირე“ (იცინის). ისე, იარაღი ყოველთვის მიყვარდა და, თუ ძმაკაცის მამას ჰქონდა თოფი, ჩუმად ავიღებდი, ვინადირებდი, გავწმენდდი და უკან ვდებდი. ახლა დავფიქრდი, რომ არა მომღერლობა, კარგი მონადირე ხომ დავდგებოდი და ხომ ვივლიდი წელზე მწყერებასხმული და მხარზე დათვგადაკიდებული?! (იცინის). თან, მონადირეები, ხომ იცით, რა გურმანი ხალხია. ჰოდა, მეც ბევრი რამე მაქვს დაგემოვნებული და, მათ შორის – ეგზოტიკური საკვებიც.
– მაინც რა?
– ბოლოს და ბოლოს, კალია მაქვს ნაჭამ-ჩაკნატუნებული და მეტი რა გინდათ! არა, თავიდან არ ვიცოდი, რას ვჭამდი. რესტორანში დამპატიჟეს და მომატყუეს, მერე კი მითხრეს, მაგრამ, არც არაფერი... გემრიელი ჩასაკნაწუნებელი აღმოჩნდა. გველსა და ბაყაყსაც დავაგემოვნებ, არ არის პრობლემა. ერთი სიტყვით, „პრონწკია“ მჭამელი არ ვარ. თუ სიტუაციაში აღმოვჩნდი და არ დევს სუფრაზე გოჭი და ქათამი, შიმშილით ვერ მოვიკლავ თავს და კარგადაც გეახლებით შებრაწულ-ჩახოხბილ გველ-ბაყაყის ხორცს, რა პრობლემაა. მთელი მსოფლიო მაგას ჭამს და რაღა მე მაწყენს? (იცინის).