30 თებერვალი
გაგრძელება. დასაწყისი იხ. „თბილისელები“ ¹30–46(516)
ნიკუშა წერეთელს „სამართლის პურის ჭამის“ მაგივრად, ერჩივნა, ნათია ცოცხალი ჰყოლოდა და დიდად არ აღუფრთოვანებია გამომძიებლის სიტყვებს მოზეიმე მართლმსაჯულების შესახებ. თუმცა, მაინც გადაუხადა მადლობა, მილიციიდან წამოვიდა და შურისძიებაზე დაიწყო ფიქრი. მან მშვენივრად იცოდა, რომ მთავარი დამნაშავე ლამარა იყო, მას კი არ დახვრეტდნენ. ამიტომ, გადაწყვიტა, თავადვე დაესაჯა ის და მხოლოდ ამის შემდეგ მოეკლა თავი. ნიკუშას გადაწყვეტილი ჰქონდა, სასამართლო დარბაზში ნაგანი შეეტანა და ჯერ ლამარა მოეკლა, შემდეგ კი თვითონაც გამოსალმებოდა სიცოცხლეს.
სასამართლო პროცესის ბოლო სხდომაზე, როდესაც ბუთხუზ ჭაჭიას დახვრეტა, ხოლო ლამარა კეშელავას კი თხუთმეტწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, ნიკუშა წერეთელი წამოდგა, ორიოდე ნაბიჯი გადადგა ბრალდებულებისკენ ნაგანი ამოაცურა, ლამარას მიუშვირა და სასხლეტს თითი დააჭირა, მაგრამ რევოლვერი არ გავარდა – გაჭედა და, სანამ ნიკუშა ხელით გადაატრიალებდა ცილინდრს, მას ბადრაგი ეცა, ხელები გადაუგრიხეს და განაიარაღეს.
ნიკუშა წერეთელი დააპატიმრეს, მაგრამ ორი დღის შემდეგ ქალაქიდან გაუსვლელობის ხელწერილი ჩამოართვეს და პირობით გაათავისუფლეს, მოგვიანებით კი, ორწლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს. როგორც კი განაჩენი აღსრულდა, მხატვარმა ყველაფერი მიატოვა და მონასტერში წავიდა მორჩილად, სამი წლის შემდეგ კი, პირადად კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, 25 წლის ასაკში ბერად აღიკვეცა.
სახელშეცვლილი ნიკუშა წერეთელი, რომელსაც გაბრიელი ეწოდა, სულიერადაც შეიცვალა – ღვთის უმორჩილესი მსახური გახდა, რაშიც მას პრინციპული ხასიათი და ზნეობრივი სიწმინდე ეხმარებოდა. მან ძალიან მალე გაითქვა სახელი და 33 წლის იყო, როდესაც ეპისკოპოსობა მიანიჭეს და ეპარქია ჩააბარეს. ღვთისმსახურებასთან ერთად, მეუფე გაბრიელი საგანმანათლებლო მოღვაწეობას ეწეოდა და თავის მრევლს ქართველი ერის ჭეშმარიტ ისტორიას აცნობდა. მეუფის ყოველი ქადაგება მჭევრმეტყველებისა და პატრიოტიზმის ჭეშმარიტი ნიმუში იყო. სწორედ ამიტომ დაინტერესდა მისი პიროვნებით „კაგებე“ და აგენტები მიუჩინა. ხოლო, როდესაც გაბრიელმა ძველთაძველი განძი გადამალა და მოსკოვში არ გაატანა მლიქვნელ ქართველ პარტიულ ფუნქციონერებს, „კაგებემ“ მისი და დედა მარინეს წინააღმდეგ ჯოჯოხეთური სპეცოპერაცია, კოდური სახელწოდებით – „დანგრეული ტაძარი“ წამოიწყო.
პეტრე გორსალიას მიერ მომზადებულმა აგენტმა „მაგდამ“, იგივე მეგიმ, დედათა მონასტერში იმშობიარა, ბავშვსაც იქვე ზრდიდა, წიწვოვან ტყეში ასეირნებდა ხოლმე და ერთ დღეს ჯერ კლდიდან გადააგდო, შემდეგ წივილ-კივილი ატეხა და, ტყეში რომ ბერ-მონაზვნები, ტურისტები და იქ „შემთხვევით“ მისული სამი მილიციის ოპერმუშაკი შეიყარნენ, ჩვილის მკვლელობა მეუფე გაბრიელსა და დედა მარინეს დააბრალა – მიშველეთ, ბავშვი მომიკლეს ამ უღმერთოებმაო.
მეუფე გაბრიელი და დედა მარინე იმავე დღეს დააკავეს, შემდეგ კლდეზე გადაგდებული, მკვდარი ჩვილი ამოიყვანეს და ექსპერტიზა ჩაუტარეს, მაგდას გაბრიელისა და მარინეს საწინააღმდეგო ჩვენება დააწერინეს და განზრახ მკვლელობის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. ორივე დაპატიმრებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ციხეში ჩასვეს, სადაც სასტიკად აწამებდნენ და მკვლელობის აღიარებას მოითხოვდნენ. თუმცა, არც ერთ მათგანს არ უღიარებია ის, რაც არ ჩაუდენიათ. გამოცდილი ჯალათებიც რომ ვერაფერს გახდნენ, ორივე თავიდან მოიშორეს – მოსკოვს გადასცეს და სერბსკის სახელობის ფსიქიატრიულ კლინიკაში გაგზავნეს. მარინე და გაბრიელი ვერც იქ გატეხეს და ვერც ყაზანის ფსიქიატრიულ ციხეში. მიუხედავად იმისა, რომ მეუფეს თავისუფლებასაც კი შეჰპირდნენ დაბრუნებული განძის სანაცვლოდ, გაბრიელი მაინც თავისაზე იდგა. რუსეთის სხვადასხვა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გატარებული რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, იგი თბილისის ფსიქიატრიულ კლინიკაში დააბრუნეს. დედა მარინე კი რუსეთის ერთ-ერთ საგიჟეთში გარდაიცვალა და იქვე, საავადმყოფოს სასაფლაოზე დამარხეს ყოველგვარი წარწერის გარეშე და მხოლოდ რკინის ფირფიტა დაარჭვეს მის საფლავზე, რომელსაც ¹999 ეწერა. იმავე ნომრით გაატარეს ის საგიჟეთის პაციენტთა გარდაცვალების ჟურნალში და რადგან ჟურნალში მეტი ადგილი აღარ იყო, არქივში შეინახეს.
***
ჯაბა რომ პალატაში დაბრუნდა, ერთი სული ჰქონდა, მეუფე გაბრიელს დალაპარაკებოდა, განდობოდა და რაჟდენ რაჟდენოვიჩის ბილწი ზრახვები გაეცნო მისთვის, მაგრამ მას თანაპალატელები შემოეხვივნენ და პანტელეიმონ ჯაშმა უთხრა:
– ბატონო ედუარდ, ჩვენ უკვე რაღაც რაღაცეებზე შევჯერდით და თქვენი თანხმობა გვაკლია, რომ მუშაობას შევუდგეთ. ხომ იცით, როგორ პირობებში ვცხოვრობთ და წამის დაკარგვაც არ შეიძლება, თორემ, დროს უკან ვერ დაიბრუნებ და ვეღარ აინაზღაურებ.
– მართალს ბრძანებ, ჩემო პანტე, – მიუგო პროფესორს ჯაბამ, რომელსაც ერთი სული ჰქონდა, თანაპალატელები თავიდან მოეცილებინა და მეუფე გაბრიელს დალაპარაკებოდა. ამიტომ მან ჯაშს უთხრა, – პრინციპში, ყველაფერი უკვე შეთანხმებული გვაქვს. თქვენ ჯანდაცვის სფეროს კურირებთ, პატივცემული გენერალი – თავდაცვას, ხოლო ჯემალი კი, ჩვენს უსაფრთხოებაზე იზრუნებს. ფუნქციები დანაწილებული გაქვთ და იმოქმედეთ, წადით და გაარკვიეთ, რა მდგომარეობაა აღნიშნულ სფეროებში და, როდესაც პირველადი მონაცემები გექნებათ, მობრძანდით, პირველი სამთავრობო სხდომა ჩავატაროთ და ყველაფერი დაწვრილებით განვიხილოთ. მაგრამ, გაითვალისწინეთ, მეგობრებო, რომ საქმისადმი ზერელე მიდგომა არ ივარგებს და თითოეულ დეტალს კარგად ჩაუღრმავდით, საფუძვლიანად შეისწავლეთ საკითხები და ისე მომახსენეთ. 30 თებერვალი კარსაა მომდგარი და, ხომ გესმით, პირნათლად უნდა შევხვდეთ ამ ღირსშესანიშნავ თარიღს!
30 თებერვლის ხსენებაზე პალატა ლუქსის პაციენტებს სახეები გაუცისკროვნდათ, ჯაბას გაუღიმეს და ერთ რიგად დაწყობილებმა დატოვეს იქაურობა, რომ განყოფილებაში არსებული მდგომარეობის მონიტორინგი ჩაეტარებინათ თავ-თავიანთ სფეროში.
პალატაში ჯაბა და გაბრიელი დარჩნენ.
მეუფე კვლავ კედლისკენ მუხლმოყრილი იდგა, თავი მოხატულ ჯვარზე ჰქონდა მიდებული და ჩუმად ლოცულობდა. ჯაბა გაბრიელს მიუახლოვდა, მისგან სამიოდე ნაბიჯში შეჩერდა და ჩუმად დაუძახა:
– მეუფე გაბრიელ!
გაბრიელმა მარჯვნივ მიაბრუნა თავი, ისეთი გამომეტყველება მიიღო, თითქოს ამას ელოდაო და მიუგო:
– გისმენ, შვილო.
– თქვენთან სალაპარაკო მაქვს.
– მელაპარაკე, გისმენ, – უთხრა გაბრიელმა ჯაბას, წამოდგა, თავის საწოლზე ჩამოჯდა და მოსასმენად მოემზადა.
– პირველ ყოვლისა, უნდა გითხრათ, რომ გიჟი არ ვარ და თავს იმიტომ ვიგიჟიანებ, რომ ციხეს გადავურჩე, – თქვა ჯაბამ.
– ამას მე თავიდანვე მივხვდი, – მშვიდად მიუგო გაბრიელმა.
– სხვათა შორის, გიჟი არც დიტო სულაბერიძეა და საგიჟეთში იმიტომ დაწვა, რომ „სამხეცეში“ მოხვედრილიყო და წიგნი დაეწერა.
– ეგეც ვიცი.
– დიტომ გითხრათ? – გაუკვირდა ჯაბას.
– მე თვითონ მივხვდი და, საბოლოოდ მას მერე დავრწმუნდი, როდესაც თქვენი წუხანდელი საუბარი მოვისმინე.
– როგორ, ამათ წამლებს, – ჯაბამ კარისკენ გაიშვირა ხელი, – არც თქვენ სვამთ?
– სრული სიმართლეა, – თავი დაუქნია გაბრიელმა ჯაბას, – და არც შენ გირჩევ ამის გაკეთებას.
– მეუფე გაბრიელ, საგიჟეთის დირექტორმა დამავალა, რომ იმ განძის ადგილმდებარეობა დაგტყუოთ, რომელიც თქვენ თითქოსდა სადღაც გადამალეთ.
– რატომ თითქოსდა, – გაეცინა გაბრიელს, – მე მართლაც გადავმალე განძი, რომელიც მოსკოვში უნდა წაეღოთ საგამოფენოდ, მაგრამ, ვიცოდი, რომ უკან აღარ დააბრუნებდნენ და, იძულებული გავხდი, ასეთ ნაბიჯზე წავსულიყავი. სწორედ ამის გამო ვარ ოცდაათ წელზე მეტი ხანია პატიმრობაში და სულაც არ ვნანობ. მაინც, რა გითხრა იმ ურჯულომ, როგორ უნდა გამოტეხოო?
– როგორ და, ნდობაში უნდა შეხვიდეო. ასე მითხრა, შიზოფრენიითაა დაავადებული, თავი განძის ღვთიურ მცველად წარმოუდგენია და თუკი მოახერხებ და თავს მოაჩვენებ, რომ მისნაირი ხარ, თავის მემკვიდრედ დაგტოვებს და განძის ადგილმდებარეობას გაგიმხელსო.
– მერედა, რაში მჭირდება განძის ადგილმდებარეობის ცოდნაო?
– იმაში, რომ ქვეყანას საგანძური დაუბრუნდეს და ჩემი ნათესავის კეთილი სახელი აღდგეს, რომელიც გაბრიელმა გაძარცვა, რის გამოც ის გაასამართლეს და ციხეში გარდაიცვალაო, – მიუგო ჯაბამ მეუფეს.
– ნათესავის ამბავი თავიდან ბოლომდე მოგონილია და, ალბათ, მეტი დამაჯერებლობისთვის გითხრა. ხოლო, რაც შეეხება განძის ქვეყნისთვის დაბრუნებას, ტყუილია. საგიჟეთის დირექტორს ეს განძი თავისთვის უნდა და, თუკი თავისას მიაღწია და მისი ადგილმდებარეობა შეიტყო, არც ერთს არ გვაცოცხლებს, ორივეს გაგვაქრობს, განძს კი თავადვე დაეპატრონება.
– მეც ასე ვფიქრობ, – დაეთანხმა გაბრიელს ჯაბა, – პირველად რომ მესაუბრა, შევამჩნიე, რომ ძალიან აინტერესებდა, მართლა გამოვძალე თუ არა ბაქოელ ბიზნესმენს 200 ათასი მანეთი. სწორედ ამის გამო ვარ აქ. ბრალდება რომ ვერ დამიმტკიცეს, ნარკოტიკები ჩამიდეს და უვადო პატიმრობით დამემუქრნენ, თუ გამოძალვას არ ვაღიარებდი. რომ არა ბიძაჩემის ხლაფორთი, რომელმაც საგიჟეთში დამაწვინა, რომ სამი თვის შემდეგ გიჟის სტატუსით დავტოვო აქაურობა, ახლა, ალბათ, უვადო პატიმრობა მექნებოდა მისჯილი და მკაცრი რეჟიმის ციხის საკანში ვიქნებოდი გამომწყვდეული. ახლა კი, მხოლოდ სამი თვე მაქვს გასაძლები და შემდეგ ჩიტივით თავისუფალი ვიქნები.
– ნუ ჩქარობ, შვილო, არც ისე მარტივადაა საქმე, როგორც შენ გგონია. შენი მონათხრობიდან გამომდინარე, ორი ძლიერი მტერი გყოლია – პოლიცია და ექიმები. ისინი კი ასე ადვილად არ დაგანებებენ თავს – ეს მე საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი. ასე რომ არ იყოს, 33 წელი არ გამომაწყვდევდნენ ციხეებსა და საგიჟეთებში. შენ მხოლოდ მეორე დღეა, რაც აქ ხარ, წინ კიდევ 88 დღე გაქვს და ჯერ ეს პერიოდი გაქვს გასაძლები, თუ მანამდე არაფერი მოხდა, მერე კი რა იქნება, ღმერთმა უწყის.
– რა უნდა იყოს, მეუფეო? – შეკრთა ჯაბა, – რაჟდენ რაჟდენოვიჩისთვის ფული გადახდილი მაქვს და იცის, რომ ციხეს ვარიდებ თავს. თვითონ მითხრა, როგორც კი ეს დრო გაივლის, გაგიშვებო.
– გითხრა – ერთია, მაგრამ, რას მოიმოქმედებს – მეორე. განა შენ თვითონ არ დამეთანხმე წეღან იმაში, რომ, თუკი განძის ადგილსამყოფელი შეიტყო, ორივეს გაგვანადგურებსო? ახლა კი მეუბნები, სამი თვის მერე გამიშვებსო. განა შენ არ მითხარი ისიც, რომ დააინტერესა, მართლა 200 ათასი გამოვძალე ბობოლას თუ არაო? მეტსაც გეტყვი: საგიჟეთის ექიმი დარწმუნებულია იმაში, რომ ეს ფული შენ გადამალული გაქვს და ყველა ხერხით შეეცდება, რომ მისი ადგილსამყოფელი დაგაცდენინოს, ხოლო, თუ თავის მიზანს მიაღწია, როგორ გგონია, ცოცხალს დაგტოვებს? ან, თუკი ცოცხალი დაგტოვა, სრულ ჭკუაზე დაგტოვებს?
– აბა, რას მიზამს? – გაფითრდა ჯაბა.
– დაგადებილებს, „სამხეცეში“ გამოგამწყვდევს და იტყვის, აქაურ ატმოსფეროს ვერ გაუძლო და გაგიჟდაო.
– ასე ფიქრობთ?
– დარწმუნებული ვარ.
– კი მაგრამ, მე რომ ბაქოელი ბიზნესმენისთვის ფული არ გამომიძალავს?
– მაგას რა მნიშვნელობა აქვს? – ჩაეცინა მეუფე გაბრიელს, – მთავარი ისაა, რომ ამაში რაჟდენ რაჟდენოვიჩია დარწმუნებული და ყველაფერს იღონებს, რომ 200 ათასი მანეთი ჩაიგდოს ხელში. ასე რომ, შვილო, ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფები: ერთი მხრივ პოლიცია ილესავს შენზე კბილებს, მეორე მხრივ კი, რაჟდენ რაჟდენოვიჩია ჩასაფრებული და ხელსაყრელ მომენტს ელოდება, რომ მოქმედება დაიწყოს.
– რა მომენტს?
– რას და, ჩემ მიერ გადამალული განძის ადგილსამყოფელს თუ გაიგებს, მერე უშუალოდ შენს დამუშავებას შეუდგება. თუ განძის ადგილსამყოფელი ვერ დაადგინა, მაშინ პირდაპირ შენი დამუშავებით დაიწყებს.
– თქვენი სიტყვებიდან გამოდის, რომ გამოუვალ მდგომარეობაში ვყოფილვარ.
– გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს, შვილო, და გამოსავლის მოძებნა ყოველთვის შეიძლება. მთავარია, უფლის გჯეროდეს და ტვინი გაანძრიო.
– მე რა გამოსავალი მაქვს?
– აქედან უნდა გაიქცე.
– უნდა გავიქცე? – გაიმეორა ჯაბამ.
– ჰო, უნდა გაიქცე, – დაუდასტურა გაბრიელმა, – დღესდღეობით ესაა შენთვის ერთადერთი გამოსავალი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ან პოლიცია მოგიწყობს ახალ პროვოკაციას, ან მანამდე რაჟდენ რაჟდენოვიჩი დაგამუშავებს. ზუსტად ვიცი, რომ „სამხეცეში“ ადამიანებზე საშინელ ექსპერიმენტებს ატარებენ – ახალ წამლებს ცდიან მათზე და, თუ იქ მოხვდი, ნორმალურს არავინ დაგტოვებს.
ჯაბა წამით ჩაფიქრდა. შემდეგ მეუფე შეათვალიერა და მოკრძალებით უთხრა:
– გადაჭარბებული ხომ არაა ის, რომ თითქოს ადამიანებზე სასტიკ ექსპერიმენტებს ატარებენ, ნებისყოფას აცლიან, თავის ჭკუაზე ატრიალებენ და საბოლოოდ ადებილებენ?
– სრული სიმართლეა, – მტკიცედ მიუგო ჯაბას გაბრიელმა.
– თუ მართლა ასეა, მეუფეო, მაშინ, თქვენ რატომ ვერაფერი მოგიხერხეს და მე რატომ დამავალა რაჟდენ რაჟდენოვიჩმა თქვენი დამუშავება?
– იმიტომ, რომ ხელდასხმული ვარ, ღმერთი მფარველობს და მე ვერც ეშმაკი მავნებს რამეს და ვერც მისი მოციქულები, – მშვიდად უთხრა გაბრიელმა ჯაბას.
– მაპატიეთ, მეუფეო, მაგრამ, ერთი რამ უნდა გკითხოთ და ნუ მიწყენთ.
– მკითხე, შვილო, – უთხრა ჯაბას გაბრიელმა, რომელმაც წინასწარ იცოდა ჯაბას შეკითხვის შინაარსი.
– მეუფეო, რატომ არ გამოგიხსნით უფალი ამ ჯოჯოხეთიდან, თქვენ ხომ 33 წელია, რაც ასეთ დღეში ხართ?
– იმიტომ, შვილო, რომ ესაა ჩემი ხვედრი და უფალმა აქ ყოფნა დამიწესა. მეტსაც გეტყვი: აქედან მე ცოცხალი ვერ გავალ და მკვდარს გამიტანენ – ასეთია უფლის ნება და ის აუცილებლად აღსრულდება.
– საიდან იცით ეს ყველაფერი?
– უფლისგან, – მოკლედ მოუჭრა მეუფემ ჯაბას.
– ბოდიშს გიხდით, მეუფეო, კიდევ ერთი რამ უნდა გკითხოთ.
– გისმენ.
– რაში სჭირდება უფალს თქვენი ამ ჯოჯოხეთში ყოლა?
– იმაში, შვილო, რომ ჯოჯოხეთის მობინადრეები ბოლომდე ეშმაკის მმართველობის ქვეშ არ მოექცნენ და სამოთხეში დაბრუნების შანსი ჰქონდეთ. თუნდაც შენ, ჩემთვის რომ არ მოგემართა, ხომ ვერ შეიტყობდი, რა გელოდება? ახლა კი ყველაფერი შეიტყვე და ისიც იცი, რომ აქაურობას გაქცევით უნდა დააღწიოთ თავი.
– ეს ძალიან ძნელი გასაკეთებელია, – თავი გააქნია ჯაბამ, – ყველაფერი ფოლადის გისოსებშია ჩასმული, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ძაღლებივით დაგეშილი სანიტრები დგანან და ათასი თვალი გვიყურებს.
– ეგ არაფერი, – გაეღიმა გაბრიელს, – მთავარია, უფალმა შემოგხედოს კეთილი თვალით და ყველაფერი მოგვარდება. ჩვენ კი, ისე უნდა მოვიქცეთ, რომ რაჟდენ რაჟდენოვიჩმა ჯერჯერობით თავი შეიკავოს შენი დამუშავებისგან. ის უნდა დარწმუნდეს, რომ შენ წარმატებით ახერხებ ჩემს დამუშავებას და იმედი უნდა ჰქონდეს, რომ გადამალული განძის ადგილსამყოფელს აუცილებლად დაუდგენ. ამის პარალელურად კი, გაქცევა უნდა მოვამზადოთ და წარმატებით განვახორციელოთ.
– მე ნებისმიერ რისკზე წავალ. ოღონდ აქედან გავიდე და არც შეტაკებებს მოვერიდები, არც გადახტომა-გაძრომებს ან სხვა სახიფათო მოქმედებებს, – მტკიცედ თქვა ჯაბამ.
– არანაირი სახიფათო მოქმედებები, – თავი გააქნია მეუფე გაბრიელმა, – აქედან შენი ფეხით უნდა გახვიდე და ამ საქმეში შორენა დაგეხმარება.
– რომელი შორენა, სანიტარი?
– სწორედ ეგ. მაგრამ, შორენა სანიტარი კი არა, ექთნობის კანდიდატია და აქაურობას მისი მეშვეობით უნდა დააღწიო თავი.
– მერე, დამთანხმდება?
– ეგ შენზეა დამოკიდებული. თუ სწორად გამოვიცანი, იმ გოგოს ძალიან მოეწონე და, გიჟი რომ არ ჰგონებოდი, შენს სიყვარულს ინატრებდა. ამიტომ, უნდა გააგებინო, რომ გიჟი არ ხარ და დაგეხმარება.
„დროებითი მთავრობის“ წევრები პალატაში დაბრუნდნენ.
– მიდი, მაგ ბედშავებს მიხედე, შვილო, თან ჩემს სიტყვებზე იფიქრე. ჩვენი საუბარი კი ღამით გავაგრძელოთ, როდესაც დაიძინებენ, – უჩურჩულა ჯაბას კედელზე შუბლმიდებულმა გაბრიელმა და ლოცვა გააგრძელა.
ჯაბა თავის საწოლზე ჩამოჯდა, ახალმოსულები მიიხმო და უთხრა:
– დაბრძანდით, მეგობრებო, და ბრძანეთ, რა ხდება თქვენს სფეროებში. ჩვენს პირველ სამთავრობო სხდომას გახსნილად ვაცხადებ. აბა, ვინ დაიწყებს? გისმენთ...
„დროებითი მთავრობის“ წევრები დუმდნენ და პირველი გამოსვლას არავინ აპირებდა. ამიტომ, ჯაბამ მათ მზერა მოავლო და თქვა:
– რადგან არავის სურს პირველი გამოვიდეს, ვისარგებლებ ჩემი სტატუსით და გამომსვლელთა რიგითობას დავასახელებ. პირველი ბატონი პანტელეიმონი გამოვა და მოგვახსენებს, თუ რა მდგომარეობაშია ჩვენი მეზობლების ჯანმრთელობა. შემდეგ ბატონ სპირიდონს მოვუსმინოთ და შევიტყობთ, ბრძოლისუნარიანი კონტინგენტი შეიკრიბა თუ არა ჩვენ ირგვლივ. ბოლოს კი, ჩვენი ჯემალი გაგვაგებინებს, თუ რა მდგომარეობაა საზოგადოებრივი წესრიგის მხრივ, როგორია ჩვენი მიკროსამყაროს უსაფრთხოების დონე და გვემუქრება თუ არა შფოთი. აბა, დავიწყოთ, მეგობრებო, გისმენთ, ბატონო პანტე, გთხოვთ.
პროფესორი პანტელეიმონ ჯაში საწოლიდან წამოდგა, გაცვეთილ ხალიჩაზე დადგა და თქვა:
– ბატონო ედუარდ, ჩემო მეგობრებო, როგორც ჩემი დაკვირვებით მივხვდი, ჯანდაცვის სფეროში უკიდურესად ცუდი სიტუაციაა და თუ ასე გაგრძელდა, სანთლითაც რომ ვეძებოთ, ერთ ჯანმრთელ ადამიანსაც ვეღარ აღმოვაჩენთ უახლოეს მომავალში. ჩვენი მიკროსამყაროს მობინადრეთა ოთხმოცდაცხრამეტ პროცენტში მკვეთრად გამოხატული დეპრესია მეფობს და ისეა მათ სულებსა და სხეულებში ჩაბუდებული, რომ თუ სასწრაფო ზომებს არ მივმართავთ, გამოუსწორებელ შედეგებს მივიღებთ. ყველაფერ ამას თან კი საშინელი ანტისანიტარიაც ერთვის და წილიან-ტილიანი, ტურტლიანი და დაუბანელი ადამიანები, რეალური ეპიდემიის წინაშე დგანან. მათ სულსა და სხეულს, თუ ახალი სიცოცხლე არ შთაებერა, კატასტროფა არ აგვცდება. ამისთვის კი, რადიკალური რეფორმაა გასატარებელი და თქვენი ავტორიტეტი თუ გვიხსნის.
– კონკრეტულად რა არის საჭირო, ბატონო პანტე? – ჰკითხა ჯაბამ პროფესორს.
– სამი რამ, ბატონო ედუარდ, პირველი – ჩვენი მიკროსამყაროს თითოეულ წევრს უნდა ჩაუტარდეს მრავალმხრივი სამედიცინო გამოკვლევა და ვისაც დასჭირდება, საფუძვლიანი მკურნალობა დაენიშნოს. მეორე – ჩვენი მიკროსამყარო გამჭვირვალე უნდა გახდეს და ჩვენს ნათესავებთან და მეგობრებთან რეგულარული შეხვედრების საშუალება უნდა მოგვეცეს. და, მესამე – ცალკეულ პალატაში თუ არა, დერეფანში მაინც უნდა დაიდგას, მინიმუმ, ორი ტელევიზორი, რომ ჩვენი საზოგადოების წევრებს ინფორმაციის მიღება შეეძლოთ. ეს ინფორმაციული ვაკუუმის გარღვევის საშუალებას მოგვცემს და დეპრესიულ გარემოს, ნაწილობრივ, მაინც გაანეიტრალებს. აი, სულ ესაა, მე დავასრულე, – თქვა პროფესორმა პანტელეიმონ ჯაშმა და ლოგინზე ჩამოჯდა.
– თქვენი ჯერია, ბატონო სპირიდონ, – ხალიჩაზე გამოიხმო ჯაბამ გენერალი, რომელიც დინჯად წამოდგა საწოლიდან, პალატის შუაში ყელმოღერებული დადგა და თქვა:
– სიმართლე გითხრათ, აქაც კი არ მოველოდი ასეთ სავალალო მდგომარეობას. ბევრი ლაპარაკით თავს არ შეგაწყენთ, გეტყვით, რომ სამხედრო სფეროში არამცთუ გასაკეთებელი ბევრია, არამედ არაფერია გაკეთებული და ერთი ადამიანიც კი ვერ აღმოვაჩინე, რომელიც ღირსია, ჩვენი მომავალი ძლევამოსილი არმიის რიგითი ჯარისკაცის სახელს ატარებდეს.
„მაგრად აქვს შებერილი ამ საცოდავს და მართლა ფიქრობს, რომ მომავალი ძლევამოსილი ქართული არმიის სარდალი იქნება, რომელიც ჩვენს საზღვრებს, არა მარტო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე აღადგენს, არამედ გააფართოებს კიდეც. ასე არ ამბობდა გუშინ: „ცოტა აქეთ-იქითაცო“? საცოდავი გენერალი, თავის სტიქიაშია“, – გაიფიქრა ჯაბამ სპირიდონ ჯაყელის შემხედვარე, ის კი პათოსით განაგრძობდა:
– ჩემი დარგის პრობლემა, წინა სფეროს პრობლემებიდან გამომდინარეობს, რაც ძალიან ზუსტად ახსნა ბატონმა პროფესორმა და გადაჭრის, მოგვარების გზებიც დაასახელა. ბატონი პანტელეიმონის სიტყვებს, ჩემი მხრივ, ის უნდა დავუმატო, რომ ჩვენი დაწესებულების მესვეურებს უნდა ვთხოვოთ, ნება დაგვრთონ ელემენტარული სამწყობრო მომზადება ჩავატარო, თუნდაც დერეფანში, – გენერალმა პაუზა გააკეთა, ულვაშებზე თითები ჩამოისვა, თავის მსმენელებს ამაყად გადახედა და განაგრძო, – პოლიგონსა და სამხედრო ტექნიკას ხომ არ მოვითხოვ?! დღეში ორი საათი მჭირდება, რომ ჩვენი მიკროსამყაროს წევრები დავრაზმო და ელემენტარული სამხედრო დისციპლინა ვასწავლო, რაც ჩვენი მომავალი დიადი გამარჯვებების საწინდარი იქნება. ჩვენი დაწესებულების ხელმძღვანელებიც ხომ ქართველები არიან და როგორ დავიჯერო, სამშობლოსთვის არ უძგერთ გული და ელემენტარული საღი აზრი არ გააჩნიათ? ნუთუ ყველა ჟუჟუნა სანიტარივით ბრიყვი და უსულგულოა და ქვეყნის გაბრწყინება არ სურთ? არა, ბატონებო, ასეთ რამეს ვერ დავიჯერებ და წინადადება შემომაქვს, რაჟდენ რაჟდენოვიჩს თხოვნით მივმართოთ – ნება დაგვრთოს, და მე დერეფანში მარშირების საშუალება მომეცეს. აი, სულ ესაა, მე დავასრულე.
გენერალი ჯაყელი დინჯად დაუბრუნდა საწოლს, ჩამოჯდა და წარმოიდგინა, თუ როგორ მიიღებდა გამარჯვების აღლუმს ხელქვეითი გენერლისგან, შემდეგ კი ბატონ ედუარდს უპატაკებდა, საქართველოს საზღვარი ნიკოფსიიდან დარუბანდამდე აღდგენილია და ქართული ძლევამოსილი არმია მზადაა, შეასრულოს უმაღლესი მთავარსარდლის ნებისმიერი ბრძანებაო.
ჯაყელისგან განსხვავებით, ჯაბამ წარმოიდგინა, თუ როგორ მარშირებდნენ გენერლის მიერ დარაზმული გიჟები დერეფანში და რომ არ ახარხარებულიყო, პოლკოვნიკ ჯიოშვილს უთხრა:
– შენი ჯერია, ჯემალ, გამოდი და მოგვახსენე, რა მდგომარეობაა შენს სფეროში.
ჯემალ ჯიოშვილმა წინა გამომსვლელების ადგილი დაიკავა და დაიწყო:
– ბევრს არ ვილაპარაკებ და გეტყვით, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით, ფეთქებადსაშიში მდგომარეობაა. ხომ გაგიგონიათ: „ვ ტიხომ ბალოტე ჩერტი ვოდიატსა“. მთავარი საფრთხე, რა თქმა უნდა, მედპერსონალიდან მომდინარეობს, მაგრამ ჩვენი მიკროსამყაროს წევრებშიც შევნიშნე რამდენიმე ელემენტი, ვისაც ბუნტისა და არეულობის გამოწვევა შეუძლია და სწორედ მათთანაა ჩასატარებელი პროფილაქტიკური სამუშაო. ასეთი ადამიანები განსაკუთრებულ აღრიცხვაზე უნდა ავიყვანოთ, საგანგებო მეთვალყურეობა დავუწესოთ, რომ, თუკი არეულობის გამოწვევა დააპირეს, დროზე გავანეიტრალოთ. რამდენიმე ადამიანს ისეთი ამღვრეული თვალები შევნიშნე, წყნარად ყოფნას დიდხანს ვერ შეძლებს და აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ მათთან, რათა მათ გამო რეჟიმი არ გაგვიმკაცრონ. როგორც ეტყობა, გაიგეს ჟუჟუნა სანიტრის ამბავი და აბუინებას აპირებენ, ჩვენ კი ეს არ უნდა დავუშვათ. აი, სულ ესაა, რისი თქმაც მინდოდა.
პოლკოვნიკი თავის ადგილს დაუბრუნდა, ჯაბამ კი თანაპალატელებს მზერა მოავლო და უთხრა:
– თქვენს მოხსენებებს რომ ვაანალიზებ, ვხვდები, რომ არცთუ ისე სახარბიელო სიტუაციაში ვიმყოფებით. თუმცა, არც უკიდურესად კატასტროფული მდგომარეობაა და თუკი დროზე ავიყვანთ კონტროლზე, ყველაფერი გამოსწორდება. ამიტომ წინადადება შემომაქვს, ჯერჯერობით აქტიურ მოქმედებებს ნუ დავიწყებთ და თითოეულმა თქვენგანმა საკუთარ სფეროზე დაკვირვება გააგრძელოს. მე კი შევეცდები, რაჟდენ რაჟდენოვიჩს შევხვდე, ყველაფერი ავუხსნა და სრულ თანხმობას თუ არა, ნაწილობრივ თანადგომას მაინც მივაღწიო მისი მხრიდან. რას იტყვით, გაკმაყოფილებთ ჩემი პასუხი თუ სხვა აზრი ან დამატებითი წინადადება გაქვთ?
– გვაკმაყოფილებს, ბატონო ედუარდ, გვაკმაყოფილებს, – ერთხმად მიუგეს ჯაბას „დროებითი მთავრობის“ წევრებმა, – თქვენი დიპლომატიური ნიჭის იმედი გვაქვს და გვჯერა, რაჟდენ რაჟდენოვიჩთან შეთანხმებას მიაღწევთ.
– კარგი, მეგობრებო, – გაუღიმა ჯაბამ თანაპალატელებს, – ჩვენს პირველ სამთავრობო სხდომას დახურულად ვაცხადებ. ახლა სამხრობისა და დასვენების დროა. ხვალიდან თქვენი დაკვირვებები განაგრძეთ, მორიგი სამთავრობო სხდომა სამი დღის შემდეგ გაიმართება და სიახლეები განვიხილოთ. თუ გადაუდებელი საქმე გამოჩნდა, შეგვიძლია, რიგგარეშე სხდომის მოწვევა, ან პირადი შეხვედრები. ერთი სიტყვით, მეგობრებო, მე ყოველთვის მზად ვარ, თქვენთან შესახვედრად და სასაუბროდ. ასე რომ, ნუ მოგერიდებათ. გახსოვდეთ, 30 თებერვალი კარსაა მომდგარი და ამ თარიღს ღირსეულად უნდა შევხვდეთ.
30 თებერვლის ხსენებაზე „დროებითი მთავრობის“ სამეულს თვალები გაუბრწყინდა და ხალისიანი განწყობა გაუორმაგდათ, როდესაც პალატაში შორენა შემოვიდა. მოკლეკაბიანი, გრძელფეხება გოგონა გორგოლაჭებიან ურიკას მოაგორებდა, რომელზეც ხუთი ადამიანისთვის განკუთვნილი კერძი ელაგა. შორენამ სათითაოდ ჩამოუარა თითოეულ „ლუქსელს“ და მშრალი და წვნიანი კერძები კომოდებზე დაულაგა. ყველაზე ბოლოს ის ჯაბასთან მივიდა, კერძები კომოდზე დაუდო და უთხრა:
– გემრიელად მიირთვით, ბატონო ედუარდ...
პროფესორი, გენერალი და პოლკოვნიკი მადიანად შეექცეოდნენ საჭმელს და ყურადღებას არავის აქცევდნენ. მეუფე გაბრიელი კვლავ მუხლმოყრილი იდგა კედელთან მიხატული ჯვრის წინ, მაგრამ ლოცვის მაგივრად, ჯაბასა და შორენასკენ ჰქონდა ყურადღება მიპყრობილი და აინტერესებდა, როგორ შევიდოდა შორენასთან კონტაქტში ჯაბა.
– გმადოლბ, შორენა, მაგრამ მე ედუარდ შევარდნაძე არ ვარ, ჯაბა მქვია, – ჩურჩულით მიუგო ჯაბამ გოგონას თავისი ხმით, გაუღიმა და დაამატა, – შევარდნაძე მე რაჟდენ რაჟდენოვიჩისთვის ვარ და ამათთვის, – მიანიშნა შორენას თანაპალატელებზე. თქვენთვის კი, ჯაბა ონიანი ვარ. მაგრამ, თუ გამთქვამთ, იცოდეთ, დამღუპავთ და უვადო პატიმრობა არ ამცდება.
შორენა ჯერ უკიდურესმა გაოცებამ შეიპყრო, რაც უზომო სიხარულმა შეცვალა. მაგრამ, მრავალჭირგამოვლილმა გოგონამ უმალვე მოთოკა გრძნობები და ჯაბას უჩურჩულა:
– ნუ გეშინია, ჯაბა, შენს საიდუმლოს ვერავინ შეიტყობს. წამების ქვეშაც კი ვერავინ ვერაფერს მათქმევინებს. ვერ წარმოიდგენ, როგორ გამიხარდა შენი ამბავი. პირველად რომ დაგინახე, ღმერთს ვთხოვე, გონზე მოიყვანე-მეთქი და ნატვრა ამისრულდა.
– მე კიდევ, რომ დაგინახე, მაშინვე გულში ჩამივარდი და ამიტომ წავედი ასეთ რისკზე და გაგიმხილე ჩემი ამბავი, არ მინდოდა, გიჟი გგონებოდი. შეყვარებული ადრეც ვყოფილვარ, მაგრამ ახლა რომ ვარ, ასე არასოდეს, – უთხრა ჯაბამ შორენას. მწვანე თვალებით მომნუსხველი მზერა ესროლა და განაგრძო, – შენ გყავს შეყვარებული?
– ახლა უკვე მყავს.
– ესე იგი, არ გამიმართლა, – მწუხარედ ჩაილაპარაკა ჯაბამ, რომელიც თითქოს ვერ ჩაწვდა შორენას სიტყვების არსს, – სამწუხაროა, ძალიან სამწუხარო... მე შენ მიყვარხარ, შენ კი... – ჯაბამ ხელი ჩაიქნია და თავი ჩაღუნა.
– მე კი შენ მიყვარხარ, – უჩურჩულა შორენამ, – მაგრამ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ვერავინ შეგვნიშნოს და საქმე არ გაგიფუჭდეს.
– მართლა გიყვარვარ, შორენა?
– მართლა მიყვარხარ, – თავი დაუქნია შორენამ, – მეც პირველი ნახვისთანავე შემიყვარდი, მაგრამ ჩვენი გრძნობები უნდა მოვთოკოთ, ძალიან ფრთხილად ვიყოთ, რომ თავი არ გავამჟღავნოთ. რაჟდენ რაჟდენოვიჩი ისეთი დამპალი ვინმეა, ეჭვი თუ შეეპარა, რომ გიჟი არა ხარ, აუცილებლად გაგშიფრავს და გაგანადგურებს. მით უმეტეს, არ დაგინდობს, თუ შეიტყო, რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს.
– გეარშიყება?
– მეარშიყება კი არა, ლამის შემომახტეს, მით უმეტეს, თუკი მარტონი დავრჩით მის კაბინეტში. ხომ წარმოგიდგენია, რა დამპალი ვინმეა ეგ ნაძირალა. იცი, რაებს უკეთებს პაციენტებს?!
– არ ვიცი.
– შენ ბევრი რამ არ იცი, მაგრამ ამის შესახებ სხვა დროს იყოს. უბრალოდ, გეტყვი, ჩვენს კლინიკაში საიდუმლო განყოფილებაა, რომელსაც „სამხეცეს“ უწოდებენ – სარდაფშია და ავადმყოფებზე იქ საშინელ ექსპერიმენტებს პირადად რაჟდენ რაჟდენოვიჩი ატარებს. კვირაში ერთ დღეს სწორედ იქ ატარებს რაჟდენ რაჟდენოვიჩი და როგორც ამბობენ, საშინელებებს სჩადის. მოკლედ, ასე ვქნათ, ჯაბა, სამი თვე მოვითმინოთ და აქედან რომ გახვალ, ჩვენს ერთად ყოფნას ვერაფერი დაუდგება წინ. მანამდე კი, შენ ისევ ედუარდ შევარდნაძე უნდა იყო და რაჟდენ რაჟდენოვიჩი არაფერში დააეჭვო. დარწმუნებულია, რომ ბობოლა გიჟი ხარ და არ გადააფიქრებინო.
– შენ გითხრა მასე?
– თანაც, არაერთხელ.
– შორენა, დიტო სულაბერიძეც „სამხეცეშია“?
– იქაა და თანაც ისეთ დღეში, რომ მტერს არ უსურვებს კაცი.
– შორენა, კიდევ ერთი საიდუმლო უნდა გითხრა და შენ თვითონ მირჩიე, რა ვქნათ.
– რა საიდუმლო?
– დიტო გიჟი არაა. აქ კი განგებ მოხვდა, რომ ჟურნალისტური გამოძიება ჩაეტარებინა და ჯალათური ფსიქიატრია ემხილებინა. არ შეგიძლია, რომ რამით დაეხმარო?
– დიტო სულაბერიძეზე, დიტუნაზე მეუბნები? – უკიდურესად გაოცდა შორენა.
– კი. მაგაზე...
– ღმერთო, ძლიერო, ეს რა უქნია მაგ საცოდავს, – ჩაიჩურჩულა შორენამ, – კიდევ სამი ასეთი ნემსი და იმ უბედურს აზრზე ვეღარასოდეს მოიყვანენ.
– მართლა?
– სამწუხაროდ, კი.
– ვერაფერს უშველი?
– თუ რაჟდენ რაჟდენოვიჩს ლოგინში ჩავუგორდი, მაშინ შეიძლება, დაინდოს, დანარჩენი სამი ნემსი აღარ გაუკეთოს და ცოტა ხნის მერე, კვლავ უკან დააბრუნოს. მაპატიე, ასე პირდაპირ რომ გეუბნები, მაგრამ სხვა საშველი აღარაა და ის დამპალი მეტი არაფერზე დათანხმდება. მე კი არანაირი სურვილი არ მაქვს, მას ლოგინში ჩავუგორდე და ჩემი ქალწულობა შევწირო. მით უმეტეს ახლა, როდესაც ჩვენი გრძნობები გაირკვა, – უთხრა შორენამ ჯაბას, – ასე რომ, ის უბედური განწირულია და ვერაფრით დავეხმარები.
– რაჟდენ რაჟდენოვიჩს რომ ფული გადაუხადონ?
– ჯერ ერთი, ძალიან ბევრს მოითხოვს და შეიძლება, უარიც კი თქვას.
– ვერც გაქცევას მოვუწყობთ?
– „სამხეცედან“ გაქცევა გამორიცხულია. აქ რომ იყოს, რაღაცას გავახერხებდი, მაგრამ იმ ჯურღმულიდან ვინმეს გაპარება, ასი პროცენტით გამორიცხულია.
„ესე იგი, აქედან გაქცევა, შესაძლებელია და შორენა უარს არ მეტყვის“, – გაიფიქრა ჯაბამ, შორენას კი უთხრა:
– მაშინ, ერთი რამ გამიკეთე, თუ შეგიძლია.
– რა.
– დიტოს ოჯახში მიდი და ყველაფერი მოუყევი, ხოლო ისინი კი თავად მიხედავენ მას, ეს თვითონ დიტომ მთხოვა და შეძლებ?
– ამას შევძლებ, თუმცა, მეეჭვება, რომ ამ საქმიდან რამე გამოვიდეს.
– რატომ გეეჭვება?
– რადგან, რაჟდენ რაჟდენოვიჩს თუ მოსთხოვეს დიტო გვაჩვენეო, ის დამპალი მას ერთ განსაკუთრებულ ნემსს გაუკეთებს, რომელიც დანარჩენ სამზე ძლიერმოქმედია და ერთბაშად დაადებილებს. მის პატრონს კი ეტყვის, გიჟიაო და ვერც საპირისპიროს დაუმტკიცებს მას ვინმე და ვერც ვერანაირ პასუხს მოსთხოვენ. ამიტომ, ამით ჩვენ დიტოს დადებილების პროცესს დავაჩქარებთ.
– დასადებილებელ ნემსებს რა სიხშირით უკეთებენ?
– კვირაში ერთხელ.
– ესე იგი, კიდევ დრო გვაქვს. პირველი ნემსი ხომ დღეს გაუკეთეს?!
– ასე არ ივარგებს. მესამე და მით უმეტეს, მეოთხე ნემსამდე კი არა და შეიძლება, მეორე ნემსის მერეც კი ძალიან გართულდეს საქმე. თუ შველაა, ახლავე უნდა ვუშველოთ.
– მაშინ დღესვე მიდი და ეს ყველაფერი დიტოს ახლობლებს მოუყევი, შეგიძლია?
– შემიძლია, მაგრამ გვიან საღამოს.
– ოღონდ წინასწარ გააფრთხილე, რომ არც შენ გახსენონ და არც მე.
– თავისთავად, – უთხრა ჯაბას შორენამ, – ახლა კი უნდა წავიდე. ჟუჟუნას მაგივრადაც მე ვმუშაობ. თანაც, ის დამპალი მომიკითხავს. ხვალ დილით მოვალ და დიტოს ახლობლებთან შეხვედრის შესახებ მოგიყვები.
შორენა ლუქსელებს გამოემშვიდობა და წავიდა. „დროებითი მთავრობის“ წევრები ჯერ დანაყრდნენ, შემდეგ დასასვენებლად წამოწვნენ და ვახშმამდე ხმა არავის ამოუღია.
ვახშამი ერთ-ერთმა სანიტარმა მამაკაცმა მოიტანა, ლუქსელებს შეუღრინა და წავიდა. მანვე შემოიტანა წამლები, ყველას დაურიგა და რომ დარწმუნდა, დალიესო, უკან გაბრუნდა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში