სამი კვალი
– მოხვალთ მომავალ ოთხშაბათს? – ჰკითხა მისტერ მეილოუმ.
– რა თქმა უნდა, მოვალ, – თავი დაუქნია მისტერ კრიჩმა, – უბრალოდ, ერთ კაცთან შეხვედრა მაქვს დანიშნული. თუ ცხრა საათამდე არ გამოვჩნდი, არ დამელოდოთ. მაშინ ხუთშაბათს მოვალ.
მისტერ მეილოუმ სტუმარი გააცილა. მშვენიერი მთვარიანი ღამე იდგა. მეილოუ ღობეს დაეყრდნო და ველს გახედა, რომელსაც ხმაურიანი მდინარე კვეთდა. სახლიდან, დაახლოებით, ერთ მილში, მაღლობზე, ძველი კოშკი იდგა. მან ამ, თითქმის უკაცრიელ ადგილზე, კოტეჯი პენსიაზე გასვლის შემდეგ იყიდა. სურდა, დარჩენილი დღეები აქ გაეტარებინა, თუმცა მალე მისი იდილია დაირღვა. მდიდარმა ბიზნესმენმა კრიჩმა მთელი ის ტერიტორია იყიდა. მეილოუ თავიდან ვერ მიხვდა, რომ ამ გადაწყვეტილებაში „დამნაშავე” ელექტროენერგია იყო. მალე მთელ ველზე ელექტროგადამცემი ხაზის საყრდენები გამოჩნდა. ახლა ეს ბოძები უკვე ლამის მის ზღურბლთან იდგა. ცოტა ხნის წინ, კრიჩმა გამოაცხადა, რომ მთელი ველი ელექტროკომპანიას უნდა მიჰყიდოს. ისინი მდინარეზე ჰიდროელექტროსადგურის აშენებას აპირებდნენ.
მისტერ მეილოუ სახლში დაბრუნდა, კალოშები თავის ადგილზე დააწყო და დასაძინებლად გაემართა. იმ ღამეს უცნაური სიზმარი ესიზმრა. თითქოს ველზე იყო გამოსული. „კალოშების გარეშე არ უნდა გამოვსულიყავი”, ფიქრობდა თავისთვის. რატომღაც, ხიდზე მოხვედრას ცდილობდა, მაგრამ ხიდს, რაც მეტად უახლოვდებოდა, მით მეტად შორდებოდა. მეილოუ გაიქცა და როცა გაჩერდა, აღმოაჩინა, რომ კოშკი ძალიან ახლოსაა, ხოლო ხიდი ქინძისთავის ოდენაღა მოჩანდა. წამის შემდეგ მეილოუ მდინარის ნაპირზე იდგა. ხიდი სადღაც გაქრა, ხოლო კოშკი ადგილიდან დაიძრა. უფრო სწორად, უკვე ორი ტყუპი კოშკი იყო – თავად კოშკი და მისი ანარეკლი. ისინი ერთმანეთს უახლოვდებოდნენ და აშკარად, მის გაჭყლეტვას აპირებდნენ. ამ დროს ცა გასკდა და იქიდან წყლის ჭავლი წამოვიდა. წამის შემდეგ, მეილოუ კოშკის ნაცნობ კიბეზე ადიოდა. „ჩემი კალოშები აქ ყოფილა”, – შვებით ამოისუნთქა მან. იმწამსვე მეხი გავარდა... გამოფხიზლებული, თავიდან ვერც მიხვდა, რომ კარზე მოსამსახურე აკაკუნებდა.
მეილოუ მთელი კვირა ველზე მიმდინარე მშენებლობაზე ფიქრობდა. სერ ჰენრი ჰანტერმა, რომელსაც ნაკვეთი სოფლის მეორე ბოლოში ჰქონდა, კომპანიას მშენებლობისთვის უფრო ხელსაყრელი ადგილი შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო. უარს სერ ჰენრი იმით ხსნიდა, რომ, მისი აზრით, კრიჩმა კომპანიაში ის ადამიანები მოისყიდა, რომლებიც პასუხს სამშენებლო ადგილის შერჩევაზე აგებდნენ.
ოთხშაბათ საღამოს, რვა საათზე ედვინ მეილოუ სახლში იჯდა და გაზეთში დაბეჭდილი საჭადრაკო ამოცანის ამოხსნას ცდილობდა. ამ დროს ვიღაცამ დააკაკუნა. ზღურბლზე ვიღაც უცნობი მამაკაცი იდგა.
– მისტერ მეილოუ?
– გახლავართ. რით შემიძლია, დაგეხმაროთ?
– არაფერი, უბრალოდ ჭადრაკის სათამაშოდ მოვედი, – აუხსნა უცნობმა, – კომივოიაჟორი ვარ. მანქანა გამიფუჭდა და იძულებული გავხდი, სოფელში სასტუმროში გავჩერებულიყავი. დრო რომ გამეყვანა, ვიკითხე, ამ მხარეში ჭადრაკის მოყვარული ხომ არ ეგულებოდათ-მეთქი. მიპასუხეს, ჭადრაკს ძალიან კარგად მისტერ მეილოუ თამაშობსო. თქვენი სახლიც მომასწავლეს. იმედი მაქვს, საქმეს არ მოგწყვიტეთ. თუ არ გცალიათ, წავალ.
– საერთოდ, ერთ ნაცნობს ველოდები, – მეილოუმ მხრები აიჩეჩა, ჩვენ ცხრაზე შევთანხმდით, მაგრამ შეიძლება არც მოვიდეს.
– მოდით, ასე შევთანხმდეთ: თუ ის გამოჩნდება, მე მაშინვე წავალ... მე მოზესი მქვია, – უცნობმა ზღურბლს გადმოაბიჯა და ხელთათმანიანი ხელი გაუწოდა.
– ხელი გაიჭერით? – ზრდილობიანად დაინტერესდა მეილოუ.
– ისეთი არაფერია. თითებზე ტყავი ამძვრა, ჩემი მანქანის დაქოქვას რომ ვცდილობდი... აბა, დავიწყოთ?
პირველი პარტია მეილოუმ მოიგო. სტუმარმა მატჩ-რევანში ითხოვა. მეილოუ დათანხმდა. საათი უკვე ათის ათ წუთს უჩვენებდა და გასაგები იყო, რომ კრიჩი აღარ მოვიდოდა. ედვინ მეილოუ მალე მიხვდა, რომ პირველ პარტიაში მისი მეტოქე მთელი ძალით არ თამაშობდა. მალე მისტერ მეილოუს მეფე მეტოქის ორმა ეტლმა შუაში მოიმწყვდია. ო, ღმერთო! ეს ხომ მისი სიზმარი მეორდებოდა, ორი მოძრავი კოშკის შესახებ. მეილოუმ შუბლიდან ოფლი მოიწმინდა.
– ქიში! – გამოაცხადა მისტერ მოზესმა, – და შამათი!
მოზესმა მასპინძელს მადლობა გადაუხადა და ფიგურების ჩალაგება დაიწყო. მეილოუმ სტუმარი გააცილა და ფანჯარა გამოაღო. ველი მთვარეს გაენათებინა. „გასეირნება ცუდი არ იქნებოდა”, – გაიფიქრა თავისთვის და პარმაღზე გამოვიდა, თუმცა კალოშები ჩვეულ ადგილზე ვერ აღმოაჩინა. „სად ჯანდაბაში შეტენა იმ ქალმა? – თავისთვის ჩაიბურტყუნა მან. შემდეგ კი, რატომღაც, დარწმუნებით დაამატა: კალოშები კოშკშია”.
თითქოს ფეხები თავისით მოძრაობდნენ. „კალოშები სასწრაფოდ უნდა მოიტანოს, თორემ შეიძლება უბედურება მოხდეს... რა სისულელეა, – გაიფიქრა თავისთვის, – ეს ყველაფერი იმ სულელური სიზმრის ბრალია. ალბათ, მოსამსახურემ კალოშები გასარეცხად წაიღო... თუმცა, რადგან გამოვედი, ბარემ გავისეირნებ”.
რამდენიმე წუთში ის უკვე კოშკის წინ იდგა. სიბნელეში ფეხით მოძებნა საფეხურები და ზევით ასვლა დაიწყო. სადღაც შუა გზაზე მან კიბეზე რაღაც დიდი, უფორმო საგანი შენიშნა და შეშინებული მიხვდა, რომ ეს ზუსტად ისაა, რის გამოც აქ მოვიდა.
კრიჩის სხეულის გვერდით, მისი კალოშები ეწყო. როდესაც მათ ასაღებად დაიხარა, კრიჩის ფეხებთან ჭადრაკის ფიგურა, ეტლი შენიშნა.
პოლიციის ექიმი ფიქრობდა, რომ კრიჩი, დაახლოებით, საღამოს ცხრა საათზე მოკლეს. სოფლის ერთ-ერთმა მცხოვრებმა დაინახა, სწორედ ამ დროს, იგი როგორ გაემართა ჭადრაკის სათამაშოდ მისტერ მეილოუსთან. დილით, კოშკისკენ მიმავალ გზაზე ნათლად გამოჩნდა მისტერ მეილოუს კალოშების კვალი. კვალი ღრმა იყო, თითქოს კალოშების პატრონს რაღაც მძიმე ტვირთი მიჰქონდა.
– რა სამწუხაროა, – ჩაილაპარაკა საგრაფოს პოლიციის ინტენდანტმა, – ამ მოზესს ვერსად ვპოულობთ. სასტუმროში იგი თვალით არ უნახავთ და მით უმეტეს, თქვენთან ჭადრაკის სათამაშოდ არ გამოუშვიათ. სოფელში არავის უნახავს, მანქანა – არც გაფუჭებული და არც გაუფუჭებელი... შემთხვევით, ეს მისტერ მოზესის ჭიქა ხომ არაა?.. ა, მას საერთოდ არ დაულევია? საინტერესოა... ამ ოთახში თამაშობდით? ბაღში მისტერ კრიჩის ნაბიჯების ხმა არ გაგიგიათ? არა? ან ის, ან ვიღაც სხვა, ვერანდაზე ამოვიდა და თქვენი კალოშები წაიღო. თქვენ, იდუმალ მისტერ მოზესთან ისე იყავით ჭადრაკის თამაშით გართული, რომ ვერაფერი დაინახეთ და ვერაფერი გაიგონეთ.
– ჭადრაკის ფიგურებზე თითის ანაბეჭდები არ იქნება? – ჩაილაპარაკა საგრაფოს მთავარმა კონსტებლმა.
– მარჯვენა ხელზე ხელთათმანი ეკეთა, – მძიმედ ამოიოხრა მეილოუმ, – ხოლო მარცხენა ხელი მგონი საერთოდ არ გამოუყენებია.
– ამ ფიგურას ტურას ეძახით, არა? – თქვა ინტენდანტმა და ჯიბიდან თეთრი ეტლი ამოიღო, რომელიც კრიჩის გვამის გვერდით ეგდო, – თქვენს, ჭადრაკს სწორედ ეს ფიგურა აკლია.
– ალბათ მოზესმა ჩუმად ჩაიდო ჯიბეში. ფიგურები იმან აალაგა, – თქვა მეილოუმ.
– ჰო, მაგრამ მას ხომ არ შეეძლო, ის კოშკში წაეღო, – შეეწინააღმდეგა პოლიციელი, – ის მკვლელობას ვერ ჩაიდენდა, რადგან ამ დროს თქვენთან ერთად იყო.
– იქნებ თავად თქვენ წაიღეთ ფიგურა კოშკში და იქ დაგივარდათ? – ივარაუდა კონსტებლმა.
ედვინ მეილოუს თავზე ხელები ჰქონდა წავლებული და ოფლში იწურებოდა.
– გვითხარით, მისტერ მეილოუ, – დაინტერესდა აქამდე ჩუმად მყოფი ინტენდანტის მეგობარი, რომელსაც უიმსი ერქვა, – რამ გაიძულათ წუხელ კოშკში წასულიყავით?
– სუფთა ჰაერზე გავედი... – მეილოუ გაჩუმდა. შემდეგ გაუბედავად დაამატა, – ეს ყველაფერი სიზმრის ბრალია.
– რა დაგესიზმრათ? – იკითხა უიმსიმ, – ჭადრაკი?
– ორი ეტლი და მკვდარი შავი ყვავი, – თავი დააქნია ედვინმა და ყველაფერი დაწვრილებით მოყვა. არც იმის შეეშინდა, რომ კრიჩისა და ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის მიმართ თავისი უარყოფითი დამოკიდებულების შესახებ ეთქვა.
– ძალიან გაგიმართლათ, რომ ასეთი სიზმარი ნახეთ, – გაიღიმა უიმსიმ, – გასაგებია, თქვენ მათ რატომაც აგირჩიეს. ყველაფერი დღესავით ნათელია! სიზმარი, რომ არ ყოფილიყო, მკვლელი კალოშების უკან დაბრუნებას შეძლებდა, ხოლო თუ დილით ვინმე კრიჩის გვამს, ჭადრაკის ფიგურას და კალოშების კვალს იპოვიდა, თქვენ შამათი გქონდათ ერთ სვლაში... ინტენდანტო, ორი ადამიანი უნდა ეძებოთ. ერთი ალბათ, კრიჩთან მუშაობს და იცოდა, რომ მისი უფროსი ყოველ ოთხშაბათს მეილოუსთან ჭადრაკის სათამაშოდ დადიოდა. მან ისიც იცოდა, რომ თქვენ და კრიჩს ერთნაირი ჭადრაკი გაქვთ. ამიტომაც, აღმოჩნდა კოშკში თეთრი ეტლი. მეორე უცხო ტიპია. ალბათ ის, ვისაც კრიჩი უნდა შეხვედროდა. მოდით, მას „მსახური” ვუწოდოთ, კრიჩს მეილოუს ჭიშკართან დახვდა და გაგუდა. შემდეგ ვერანდიდან კალოშები აიღო და გვამი კოშკში წაათრია. მეორემ გრიმი გაიკეთა და თქვენთან მოვიდა, რათა ჭადრაკით გაერთეთ და თან, თქვენთვის ისეთი ალიბი შეექმნა, რომელსაც არავინ დაიჯერებდა. პირველი ძლიერი მამაკაცია, მეორე მაღალი ბიჭია, სუფთად გაპარსული და კარგად თამაშობს ჭადრაკს. იპოვეთ კრიჩის მტრებს შორის ასეთი ადამიანები და დაინტერესდით, სად იყვნენ წუხელ რვა საათიდან თერთმეტის ნახევრამდე.
– მკვლელმა კალოშები რატომ არ დააბრუნა? – უნდობლად იკითხა კონსტებლმა.
– სწორედ აქ დაუშვა შეცდომა, – უპასუხა უიმსიმ, – ვფიქრობ, იგი კოშკში იყო და ელოდებოდა, კოტეჯში შუქი როდის ჩაქრებოდა. ალბათ, ვერანდაზე დაბრუნება არ სურდა, ვიდრე მისტერ მეილოუს ეღვიძა. როდესაც დაინახა მეილოუ, კოშკისკენ როგორ მოდიოდა, პანიკაში ჩავარდა და გაიქცა.
– დავუშვათ, თქვენ მართალი ხართ, – მხრები აიჩეჩა ინტენდანტმა, – სად არის მტკიცებულებები?
– ყველგან. გაიხსენეთ კვალი. კალოშების ერთი კვალი კოშკის მიმართულებით მიდის. ეს ღრმა კვალია. ანუ, ისეთი ადამიანის, რომელსაც ტვირთი მიაქვს. მეორე კვალი მისტერ მეილოუს მიერ ფეხსაცმლით არის დატოვებული. მესამე კვალიც მან დატოვა, როდესაც სასწრაფოდ უკან დაბრუნდა. მიაქციეთ ყურადღება, რომ კოშკისკენ ორი ადამიანის კვალი მიდის, კოშკიდან აქეთ კი – მხოლოდ ერთის? სად წავიდა ადამიანი, რომელმაც კოშკში მძიმე ტვირთი წაიღო და არ დაბრუნდა?
– იქნებ, მისტერ მეილოუმ თავად გააკეთა მეორე კვალი, რომ ჩვენ სწორი გზიდან ავეცდინეთ, – არ ნებდებოდა პოლიციელი.
– ამისთვის მას დრო არ ჰქონდა, – მოთმინებით აუხსნა უიმსიმ, – ფეხსაცმლის კვალი ორივე მიმართულებით მას შემდეგ გაჩნდა, რაც გვამი გადაიტანეს. თუ ის უკან სხვა გზით დაბრუნდა, მაშინ გამოდის, რომ მეორე ხიდით გადმოვიდა. იქამდე კი სამი მილია, გაითვალისწინეთ, ედვინ მეილოუმ პოლიციაში სასტუმროდან, უკვე თერთმეტის ნახევარზე დარეკა. ამ ყველაფერს, იგი მხოლოდ ფრთების მეშვეობით თუ მოასწრებდა, ინტენდანტო, სწორედ ის ფაქტი, რომ სამი კვალია და არა ოთხი, მის უდანაშაულობას ამტკიცებს.
თარგმნა
ნინო წულუკიძემ