კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ღამის საჩუქარი













გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ ¹26-46(516)





„როცა იმაზე მეტი ფული გაქვს, ვიდრე ამას შენი ყოველდღიური საჭიროება მოითხოვს... თუმცა, რა სისულელეს ვამბობ, რას ნიშნავს „ყოველდღიური საჭიროება“, ვინ თქვა პირველად და რა იგულისხმება მასში, მერე ლამის კატეგორიულ მითითებად რომ იქცა, ანუ, კარგად დაფიქრდი საკუთარ საჭიროებაზე, თანაც, აუცილებელზეო, ისე, უბრალო საჭიროებებზე კი არაო... „უბრალო საჭიროება“ ჩემთვის ფიზიოლოგიასთან ასოცირდება და, მოკლედ, მთლად კარგ განწყობას აღარ მიქმნის... არც ამაზე მიფიქრია ჩემს წარსულ ცხოვრებაში, რომელიც ახლა ასეთი შორეულია და სასაცილო... ჩემთვის არის სასაცილო, თორემ, მაშინ რომ მდგომარეობაში ვიყავი, იმ მდგომარეობაში ჩავარდნილ კაცს, თუკი არ აფრენს და სრულ ჭკუაზეა, სასაცილოდ ნამდვილად არ უნდა ჰქონდეს საქმე... ხომ არ დაგაბნიეთ? არავითარ შემთხვევაში! – ეს არც ჩემს ინტერესებში შედის, არც ჭკუას გარიგებთ და, ამბავს გიყვებით, რა, ცოტათი დაუჯერებელს. ვაღიარებ, რეალობა გაცილებით ხელშესახები უნდა იყოს – ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის ეს არის ბუნებრივი. მაგრამ, ზღაპრებშიც ხომ დევს სიმართლის მარცვალი?! ფსიქოლოგები კი ამტკიცებენ, რომ იმას, ვისაც ზღაპრების სჯერა, ძალიან დიდი შანსი აქვს, წარმატებას მიაღწიოს, „თუნდაც, გამდიდრდეს... დიახ, რატომაც არა“...

***

სოფოს შეეძლო, ლიკასთვის ისეთი პასუხი გაეცა შეკითხვაზე, დიდი ხნით დაჰკარგვოდა ლაპარაკის სურვილი. სიამოვნებასაც მიიღებდა ამით, მაგრამ, ჯერ ერთი, „საშინაო დავალებად“ სხვა თემა ჰქონდა, მეორეც – ლიკა დაინდო, გულის სიღრმეში ეცოდებოდა. ამიტომ, სცადა, სიტუაცია აღარ გაემწვავებინა.

– ჰო, რა ვიცი. მე შენ მაგივრად გადაწყვეტილებას ვერ მივიღებ, მით უმეტეს, ასეთ საკითხში. მაგრამ, მგონი, დაფიქრება გმართებს.

– შენ ფიქრით არჩევ ხოლმე თაყვანისმცემლებს? თან, ძალიან ბევრს ფიქრობ ხოლმე და ისე? – ირონიულად ჰკითხა ლიკამ.

სოფომ ამოიოხრა, მაგრამ მაინც არ შეიმჩნია.

– გადამეტებული წარმოდგენა გაქვს ჩემზე. არც ისეა საქმე, როგორც შენ გგონია. არც იმდენი თაყვანისმცემელი და პარტნიორი მყავს, შენ რომ გგონია. ახლა კი, მგონი, საერთოდაც არ მყავს.

– რა? არ გყავს? დაუჯერებელია.. რატომ, ის შენი სპონსორი სადღაა? დაშორდი?

– რა ვიცი. მგონი, თვითონ დამშორდა. მაშინ ცოტა ვიკამათეთ და...

ლიკამ თვალები მოჭუტა:

– ეტყობა, ვიღაც სხვა გაიჩითა, არა?! მაგარი ტიპია? იმაზე ბევრი ფული აქვს?

სოფომ ამოიოხრა:

– არ გინდა ჩემი პროვოცირება, დამიჯერე. სულ ტყუილად მეჯიბრები. ანდრო ჩემი საყვარელი არ არის, მაგრამ, არ დაგიმალავ და გულახდილად გეტყვი, რომ რაღაც ურთიერთობა გვქონდა. არ არის ადვილი, მამაკაცისთვის მხიარული სათამაშოს როლი ისე შეასრულო, საკუთარ ნერვებს არ ავნო. ამ საქმეში გამოცდილება მაქვს, მაგრამ, არც ისეთი, როგორც შენ გგონია.

ლიკა ცოტა შეცბა:

– მე საწყენად არ მითქვამს.

– არც მწყენია. ისე, უბრალოდ გეუბნები. ჩემთვის სულერთი არ ხარ და ნუ გააკეთებ იმას, რისი გაკეთებაც არ გინდა, ვიღაცის, თუნდაც საკუთარი ქმრის მიმართ ბოღმამ და ჯიბრმა შეცდომა არ უნდა დაგაშვებინოს, მით უმეტეს, ისეთი შეცდომა, რომელიც მთელი ცხოვრება სანანებლად გექნება.

– რა მექნება სანანებლად, საყვარელს რომ გავიჩენ? კარგი, რა... ასე რომ იყოს, იმდენ ქალს მოკლავდა სინანული, ქალი სანთლით საძებარი გაუხდებოდათ მამაკაცებს... – აკისკისდა ლიკა, – იცი, ამ ბოლო დროს მაოცებ. რა მოხდა, ვინმე შეგიყვარდა თუ კეთილშობილ ქალთა პანსიონში იყავი ექსკურსიაზე?

– არც ერთი და არც მეორე, – ირონიაზე სერიოზულად მიუგო სოფომ, – ზოგჯერ მგონია, რომ შენ, როგორც მეგობარს, ისე არ აღმიქვამ და ფიქრობ, რომ შენთვის რამე ზიანის მოყენება შემიძლია... ღმერთო, ნუთუ ჩვენი ურთიერთობა ამ ეჭვის საფუძველს გაძლევს?

ლიკამ მხრები აიჩეჩა, სოფოს ეწყინა და ეს წყენა აღარ დამალა:

– ძალიან ცუდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩვენ ბევრი საერთო გვქონდა. ბევრი ისეთი რაღაც გვაკავშირებდა, რაც დროის გამოცდას უძლებს.

ლიკას გაეღიმა:

– გეუბნები, შენს თავს რაღაც ხდება, თანაც რაღაც ძალიან სერიოზული. საერთოდ, ასეთი არ ხარ. რამე ვირუსი ხომ არ შეგეყარა? ასეთი მელანქოლიური და პესიმისტური განწყობა შენთვის უჩვეულოა. ან, რატომ უნდა გქონდეს პესიმისტური განწყობა, შენს ცხოვრებაში ყოველთვის ყველაფერი ისე იყო, როგორც თავად გინდოდა.

– შენს ცხოვრებაშიც არ იყო „სხვანაირად“. რაღაც არ მახსენდება, ის გაგეკეთებინოს, რაც შენ არა, რაც, ლიანას უნდოდა, ლაშაზე გათხოვებაც არ დაუძალებია.

– ჰო, არ დაუძალებია. ამაში გეთანხმები. დედაშენს ზეწოლის უფრო უხეში მეთოდები აქვს, ვიდრე ლიანას, მაგრამ, დამიჯერე, ფსიქოლოგიური ზეწოლა გაცილებით უარესია.

სოფომ ნაძალადევად გაიცინა:

– ლიანას ფსიქოლოგობის ამბავი რაღაც ახალია. აქამდე არ ვიცოდი.

– შენ ხუმრობ და, სწორედ მისმა მეთოდებმა, უხვად რომ იყენებდა ჩემს აღზრდაში, მაქცია ასეთად. სხვას ვერავის დავაბრალებ, მე რომ საკუთარი თავისთვის არ ვცხოვრობ. უფრო სწორად, აქამდე არ ვცხოვრობდი. ახლა ყველაფერი სხვანაირად იქნება.

ეს სიტყვები ლიკამ ისეთი ჯიბრით წარმოთქვა, სოფო ყველაფერს მიხვდა და თავი გადააქნია:

– შენ გადაწყვეტილება მიღებული გქონია. იქნებ, გადაწყვეტილების იქითაც მოხდა რაღაც...

ლიკა ჯერ გაჩუმდა, მერე გადაიკისკისა:

– ჰა, ჰა, ჰა!.. გაინტერესებს, მე და ანდროს სექსი გვქონდა თუ არა? – მგონი ეჭვიანობ. ჰო, ასეა, ეჭვიანობ...

სოფო გაფითრდა. ტუჩები მაგრად მოკუმა და სიგარეტი თითებით მოსრისა:

– კარგი, მოვრჩეთ ამ თემაზე ლაპარაკს. შენთან ჩხუბი კი არა, კამათიც არ მინდა. უბრალოდ, მე ვფიქრობდი, რომ ლაშასთან შანსი კიდევ გქონდა, თორემ, მართლა არ მაინტერესებს შენი და ანდროს ურთიერთობა.

– არავითარი შანსი, არავითარი!.. ვერ ვიტან, ვეღარ ვიტან!.. ან, როგორ უნდა ავიტანო ქმარი, რომელიც მღალატობს და ამაში ფულს უხდიან?! თანაც, ისიც ვერ გამირკვევია, ქალთან მღალატობს, კაცთან თუ ორივესთან ერთად!

– კარგი, კარგი, არც ასე უნდა იყოს საქმე. ისე, მე შემიძლია, გავარკვიო, იმ ტიპთან რამე აქვს თუ არა...

– ვინ ტიპთან?

– იმასთან, რა... მგონი, მისი თანამშრომელია, არა?

– მგონი. ზუსტად არ ვიცი. სახელი გახსოვს?

ლიკა დაფიქრდა:

– გულახდილად რომ გითხრა, ვერ ვიხსენებ, თან, აღარც მაინტერესებს. საერთოდ აღარ უნდა ვიფიქრო არც ლაშაზე და, მით უმეტეს, არც ლაშას საყვარელზე. დავიღალე... დავიღალე და დასვენება მჭირდება.

– კარგი, დაისვენე, მაგრამ, ისე არ გამოვიდეს, „ვაის“ რომ გაეყრები და „უის“ შეეყრები. ცოტა დაიცადე, ემოციები დაგიცხრეს. სიტუაციაც მეტ-ნაკლებად დარეგულირდეს... ჰო, მართლა, მანქანა პრობლემებს ხომ არ გიქმნის?

– არა, – ჩაილაპარაკა ლიკამ, – მაგრამ, ზუსტად ვიცი, ის იდიოტი ასე რატომ მოიქცა.

– ვინ?

– ვინ და ლაშა... ძველი მანქანა მომიგდო. ის ქალბატონი დაჰპირდებოდა ახალს და ძველი რაღაში სჭირდება! ნახავ, ერთ-ორ დღეში რომ გამომეჭიმება აქ ახალი მანქანით.

– ხომ თქვი, მასზე აღარ უნდა ვიფიქროო, დაიკიდე...

– ვერა, ვერ დავიკიდებ. როგორ, თავისი „პოტენციით“ ნაშოვნი ფულები ცხვირწინ მიტრიალოს და მე დავიკიდო? არავითარ შემთხვევაში! ყველაფერს გავაკეთებ, სიცოცხლე რომ გავუმწარო.

– ესე იგი, გიყვარს... – მშვიდად თქვა სოფომ. ლიკა გაწითლდა და ლამის იყვირა:

– არა, არ მიყვარს!

– აჰა, აი, კიდევ ერთი დამადასტურებელი ნიშანი იმისა, რომ შენი ქმრის მიმართ გულგრილი ჯერაც არ ხარ. ამიტომ გითხარი, ჯერ გათავისუფლდი ემოციისგან, თანაც, ყველანაირისგან. ემოცია – ემოციაა, სულერთია, დადებითი იქნება ის თუ უარყოფითი. შენ რა, გგონია, ბოღმას თუ ჩაიტოვებ გულში, ვინმესთან სრულფასოვან ურთიერთობას შეძლებ?

– მე სრულფასოვანი ურთიერთობა კი არა, გართობა მინდა. ასე ძნელად გასაგებია?

– არა, ძნელად გასაგები ნამდვილად არ არის, მაგრამ, გართობით, მით უმეტეს, ვერ გაერთობი. კარგი, აღარ შეგაწუხებ და ამ თემაზეც აღარ დაგელაპარაკები, – სოფომ გაიღიმა და ლიკამ ერთბაშად სინდისის ქენჯნა იგრძნო. სოფოს მართლაც არაფერი უთქვამს ისეთი, რაც მას გააღიზიანებდა. არც ბრძანების კილო ჰქონია და არც ირონია შეუნიშნავს მის ხმაში. რას ერჩოდა ამ გოგოს, მართლა ხომ არ ეჭვიანობდა ანდროზე? ლიკას თავისი საქციელის შერცხვა და გამოსწორება სცადა:

– მერე სადმე წავიდეთ... მარტო მე და შენ, კარგი?

სოფომ მხრები აიწურა:

– არ ვიცი, „მერე“ მეცლება თუ არა... შენ კი გჯერა, რომ მე პრობლემები არ მაქვს და ძალიან მხიარულად ვცხოვრობ, თუმცა, წუწუნისგან ღმერთმა დამიფაროს...

***

„როგორი მომაბეზრებელი და ერთფეროვანი ვარ ჩემი მსჯელობით. რაზეც არ უნდა წამოვიწყო ლაპარაკი, ბოლოს ისევ ფულთან მივდივარ. იმიტომ არა, რომ ცხოვრებაში ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია, უბრალოდ, ყველაფერი მისი „დამსახურებით“ შეიცვალა, ოღონდ, უკეთესობისკენ თუ უარესობისკენ, ეს, ალბათ, სადავო თემაა. გააჩნია, ვისთვის რა არის უკეთესი ან უარესიც. როცა იმაზე მეტი ფული გაქვს, ვიდრე მისი დახარჯვა შეგიძლია... თუმცა, რას ვამბობ, რა უნდა ფულის დახარჯვას?.. „იმაზე მეტი“, „ამაზე ნაკლები“... ბევრ ფულთან მეტობა-ნაკლებობა აღარ არსებობს, რჩება მხოლოდ ტოლობა. რასთან ტოლობა? – აი, სწორედ მაგის შესახებ გიყვებით“...

***

ვახოსთვის სულერთი იყო, რა მარკის მანქანას იყიდდა ლაშა. საერთოდ რომ ფეხით ევლო, არც ამაზე აიტკივებდა დარდით თავს. მაგრამ, ყიდვა-არყიდვის არსი სხვა იყო – ლაშა როგორმე უნდა გამოსულიყო იმ დეპრესიიდან, რომელშიც ცხოვრების სტილისა თუ რიტმის მოულოდნელი, უცაბედი შეცვლის გამო აღმოჩნდა. ვინ დაკლავს ოქროს კვერცხის მდებელ დედალს? დაკლავს კი არა, იმასაც კი არ დაუშვებს, რომ ერთი ბუმბული ჩამოუვარდეს.

– მგონი, არა უშავს, არა? – თქვა ლაშამ და მანქანის კარი გამოაღო.

– ჰო, კარგია. ყოველ შემთხვევაში, უკეთესის საყიდელი ფული მაინც არ გაქვს. თუ არ გადაიფიქრებ და ჩვენს საყვარელ დივანს ისევ დაუმეგობრდები, ერთ თვეში, ამაზე ათჯერ უკეთეს მანქანას იყიდი.

ლაშამ ეჭვით შეხედა გაბადრულ ვახოს:

– გიხარია, არა, „ჭკუაზე რომ მოვედი“?

– რა თქმა უნდა, მიხარია. შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვა. თან, შანსიც არის და შანსიც... ზღაპრად თქმულსა და გაგონილს ჰგავს.

– ეგ ზღაპარი, ერთხელაც იქნება, პროზად მექცევა, – ჩაიბურტყუნა ლაშამ. მაგრამ სახეზე აშკარად კმაყოფილება ეწერა.

– ფული თითქმის აღარ დაგვრჩა, – შეახსენა ვახომ.

– ვიცი. ამაღამ ვნახოთ და ხვალისთვის ისევ შევავსებ.

– აი, ეს მომწონს! უნდა შეავსო, აბა, რა!.. – ხელები მოიფშვნიტა ვახომ, – იცი, რაზე ვოცნებობ? ერთი იმდენი ფული დააგროვე, აქედან „დავახვიოთ“ და შენი შესაძლებლობებით ლას-ვეგასიც გადავრიოთ. იქ გაცილებით ფართო არეალია შენი მოღვაწეობისთვის.

– რას სულელობ? ეგ დაივიწყე. ლას-ვეგასში მე არავინ გამიშვებს, თანაც, დივანაკიდებული გავფრინდები ამერიკაში? მაინც, როგორ წარმოგიდგენია?

ვახოს სიცილი აუტყდა:

– უჰ, რა მაგარია!.. მერე, შენზე... არა, ჩვენზე ფილმს გადაიღებენ... ჰოლივუდსაც დავიპყრობთ... ლაშა, მიჩქმიტე, რა...

– გიჩქმიტო კი არა, გაჩუმდი, თორემ, უკვე მეშინია, სულ არ გაგიჟდე. არავის და არაფრის დაპყრობას არ ვაპირებ. ცოტა ფული კიდევ მინდა, რომ რამე პატარა ბიზნესი წამოვიწყო და მერე კაზინოსკენ აღარც გავიხედავ.

ვახომ გაოცებით წაუსტვინა:

– რა ბიზნესი, ტო! ბიზნესი შენ რომ გაქვს, ისეთი უნდა – თითს არ ანძრევ და ფული მოდის.

– არა, არა, ასე მარტივადაც არ არის საქმე. ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. პრობლემები არ მჭირდება, მით უფრო, სამართალდამცავ უწყებებთან.

– სამართალდამცავ უწყებებთან შენ რა პრობლემა უნდა შეგექმნას, რომელ კანონს არღვევ, ერთი მითხარი?! პატიოსნად თამაშობ და ეს ჯერ არავის აუკრძალავს.

– მე თუ ასე გავაგრძელებ, აუცილებლად აკრძალავენ, რადგან ერთ მნიშვნელოვან კანონს ვარღვევ – ლოგიკის კანონს! ვერ მიხვდი? ის, რაც ხდება, ყველანაირ ლოგიკას ეწინააღმდეგება. რეალობას ისეა მოწყვეტილი, ვერავის დააჯერებ, რომ სინამდვილეში ასე ხდება. საკუთარ ცოლს ვერაფერი შევასმინე, უცხოს როგორ უნდა ავუხსნა, როგორ ვიგებ ფულს?

ვახოს უნდოდა ეთქვა, შენი ცოლი ეჭვით გადარეული სულელი ქალიაო, მაგრამ, დროზე შეიკავა თავი.

– არავის არაფერი არ უნდა აუხსნა, არ ხარ ვალდებული. ხომ ნახე, გუშინ არავინ მოგვკარებია. მშვიდად ჩამთავრდა ყველაფერი.

ლაშამ გაიღიმა და ვახოს მათგან ორმოციოდე მეტრის მოშორებით მდგარი, სათვალიანი ბიჭი დაანახვა, ვითომ გულდასმით რომ ათვალიერებდა „მერსედესის“ ფირმის „კაბრიოლეტს“:

– იმას ხედავ?

– ვხედავ. მერე?

– მერე ის, რომ შენ ჩვეულებრივი კლიენტი გგონია.

– აბა, არაჩვეულებრივი რა აქვს?

– ის, რომ მანქანის ასარჩევად კი არ არის მოსული აქ, ჩვენ გვითვალთვალებს.

ვახომ უნდობლად გაიცინა:

– მოიცა ერთი... ნუ დეტექტივობ, თუ ძმა ხარ! რა შეატყვე, რომ გვითვალთვალებს? სამაგისოს ვერაფერს ვამჩნევ.

– შენ რას შეამჩნევ, როცა, მარტო ჩემზე „მუშაობ“. მე კი მისი ერთი მოძრაობაც არ გამომპარვია. ძალიან ეჭვიანი გავხდი.

– ჰო, მაგას მეც ვამჩნევ. მაგრამ ამჯერად, მგონი, ცდები. თავისთვის არის და აქეთ არც იხედება.

– შავი სათვალე უკეთია, ჭკუის კოლოფო და ვერ ხედავ, საით იხედება.

– კარგი, ჩვენ გვითვალთვალებს, მაგრამ, ვინ დაავალა, იმ ტიპმა?

– ვინ ტიპმა? – ლაშა რაღაცაზე ჩაფიქრდა.

– იმან, კაბინეტში რომ მიგიპატიჟა და ვისკითაც გამიმასპინძლდა.

– კაზინოს მეპატრონემ? ვინ იცის, შეიძლება, ის სულაც არ იყო კაზინოს მეპატრონე... მოკლედ, არ ვიცი. სავარაუდოდ, იმან. მეეჭვება, ჯერ იმაზე მნიშვნელოვანი ხალხი შეგვეწუხებინა. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, უფრო „ზემოთაც“ ავალთ. დაჯექი მანქანაში, წავიდეთ.

– სად მეპატიჟები?

– ორას ლარამდე კიდევ მაქვს. სადმე წავიდეთ და ცოტა გავერთოთ.

– იმედია, ღამის კლუბში არ მეპატიჟები, – გაიცინა ვახომ, – ისღა გვაკლია, იქ ვინმემ დაგვინახოს. აი, მერე კი წასულია ჩვენი საქმე, ვეღარაფერი უშველის ჩვენს შერყეულ რეპუტაციას...

– დაჯექი, დაჯექი... ღამის კლუბში ნაშა წაიყვანე, მე რესტორანში გეპატიჟები.

– ჰოო, მრთავ მაგის ნებას? მაგრამ, ნაშამდე რომ აღარ მიმიშვი, თავისით ვინ მომადგება კარზე და ვინ მეტყვის – მომეწონე, გავგიჟდი, გადავირიე და, ახლა რომ გამაგდო, მოვკვდებიო?..

– ეგეც შეიძლება მოხდეს. ჩემთვის უკვე ყველაზე არარეალური სიგიჟეც რეალურია...

***

ანდრომ უხალისოდ დახედა მობილურის აციმციმებულ ეკრანს. ინას ანიშნა, დამელოდე, არსად გახვიდეო და მხოლოდ ამის შემდეგ უპასუხა.

– გიცანი? რა თქმა უნდა, მაგრამ, არ მეგონა, თუ შენ დამირეკავდი. უკვე მეორედ გამაოცე... აა, ჩემი სესხი... კინაღამ დამავიწყდა. ისტორიას გავიფუჭებ? ოო, მაგას ნამდვილად ვერ დავუშვებ. გმადლობ, ჩემზე ასე რომ ზრუნავ. აუცილებლად დავაფასებ ამას. ხვალ, თორმეტ საათზე შენთან ვიქნები. არ დამავიწყდება... კარგი იდეა მაქვს. შესვენებაზე რომელ საათზე გადიხართ? ორზე, ხომ? ძალიან კარგი. არაფერი დაგეგმო... არა, არა, არაფერი საქმე არ მაქვს... შეგიძლია, სესხის თანხა შენ შეიტანო?.. არავითარ შემთხვევაში! ამას ვერასოდეს ვაპატიებ საკუთარ თავს! მაშინ ხომ სტანდარტულ, უპასუხისმგებლო კლიენტად გადავიქცევი, რაც ძალიან შელახავს ჩემს თავმოყვარეობას. ხვალ, თორმეტი საათისთვის ბანკში ვარ... – ანდრომ ტელეფონი გათიშა და ამოიოხრა.

– ბატონო ანდრო, თუ გნებავთ, მე წავალ და გადავიხდი.

– რა? რა თქვი? – კაცმა დაბნეული მზერა მიაპყრო.

– ბანკში მე მივალ-მეთქი, სესხის თანხას მე დავფარავ...

– არა, ინა, არა. ეს ჩვეულებრივი სესხი არ არის, მაგრამ, ამაზე ლაპარაკი არ მინდა. მნიშვნელოვანი არაფერია. დღეს მოვიდა?

– არა, არ ჩანს... მაგრამ, დრო კიდევ არის. შეიძლება, უფრო გვიან გვესტუმროს.

– ინა, სწორედ ეგ მაინტერესებდა: ხომ არ დაკვირვებიხარ, ერთსა და იმავე დროს მოდის თუ არა?!

– ეგ მეც ვიფიქრე და სულ ვცდილობ, გავიხსენო, რამდენად პუნქტუალური იყო...

– მერე?

– დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ, ვფიქრობ, მისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს.

– ჰოო?

ინამ თავი ყოყმანით დაუქნია.

– ესე იგი, მთლად დარწმუნებულიც არ ხარ.

– დიახ, ბატონო ანდრო, ასეა. მაგრამ, უკვე სერიოზულად ვფიქრობ ამ საკითხზე.

– შენ კი ფიქრობ, მაგრამ ის უმაქნისი რას მიკეთებს? ისევ ბარში ზის, თითქოს ეს ამბავი სულ არ ეხებოდეს. ნეტავი, ფულს რაში ვუხდი! ინა, ზურასთან მიდი და უთხარი, შემოეთრიოს. დანარჩენ ობიექტებზე დარეკე? იქნებ დღეს იმათ ესტუმრა?

– არა, ბატონო ანდრო, არსად არ გამოჩენილა.

– კარგი გოგო ხარ... მარტო შენი იმედი მაქვს.

ინამ გაიღიმა. კაბინეტიდან გამოსული კი, პირდაპირ იქვე მდგარ დათოს ჩაუვარდა მკლავებში.

– აქ რას აკეთებ? შემაშინე...

– მე შეგაშინე? ასეთი მშიშარა რომ არ ხარ? – დათო აშკარად ვერ იყო გუნებაზე.

– აქ რატომ იდექი-მეთქი! იმედია, მე არ მითვალთვალებ.

– გითვალთვალებ? რას ამბობ, უბრალოდ, იმას ვაკეთებ, რაც მევალება – „ობიექტს“ ვაკონტროლებ.

– სადმე სხვაგან გააკონტროლე, კაბინეტში ბატონი ანდრო მარტოა.

– ვიცი, ვიცი, რომ მარტოა და შენ ახლა მისი კაბინეტიდან გამოხვედი, – უკმაყოფილება ვეღარ დამალა დათომ და ხმაში აგრესია გამოურია. ინა გაბრაზდა.

– მაინც, რისი თქმა გინდა? შენ სრულ ჭკუაზე ხარ? ისღა მაკლია, ვიღაც დაცვამ უკან მდიოს და ჩემზე იეჭვიანოს! ვერ ხვდები, შეურაცხყოფას რომ მაყენებ შენი ბრიყვული ეჭვიანობით?

– მე არ ვეჭვიანობ, უბრალოდ, შევამჩნიე, რომ ბატონ ანდროსთან საკმაოდ დიდ დროს ატარებ. თანაც მაშინ, როცა ის კაბინეტში მარტოა, – უკან აღარ დაიხია დათომ.

ქალი ჭარხალივით გაწითლდა და ტუჩები აუთრთოლდა:

– თავხედი ხარ! ახლავე მომწყდი თავიდან და საერთოდ გიკრძალავ ჩემთან მოახლოებას! ნუ გამამწარებ, თორემ ბატონ ანდროს ვეტყვი!

– რა თქმა უნდა, ისევ ბატონი ანდრო... მის გარეშე ხომ ნაბიჯს არ დგამ. ასე რით მოგხიბლა? თუმცა, ვხვდები – მეც რომ იმდენი ფული მქონდეს, რამდენიც მაგ შენს დონჟუანს აქვს, აღარ მეტყოდი, ჩემთან მოახლოვებას გიკრძალავო... და, საერთოდაც... – დათომ სიტყვა ვეღარ დაასრულა. ინამ ისეთი სილა გააწნა, მათგან რამდენიმე მეტრის მოშორებით მდგარი ზურა შეხტა.

– აუჰ, მეგონა, რაღაც გასკდა-მეთქი! რა ხდება?

– არაფერი, – ინამ დაბუჟებული ხელი პიჯაკის ჯიბეში ჩაიტენა და დათოს ავად შეუბღვირა, მერე ზურასკენ შებრუნდა, – სწორედ თქვენთან მოვდიოდი. ბატონი ანდრო გეძახით, სასწრაფოდ შემოვიდესო. გაბრაზებულია თქვენზე.

– ჩემზეა გაბრაზებული? – ზურამ გაიცინა და თითი დათოს ალისფრად „აყვავებული“ ლოყისკენ გაიშვირა, – ეტყობა, გაბრაზება გადამდებია.

– ბატონი ანდრო გელოდებათ! – ცივად შეახსენა ინამ და ორივეს ზურგი შეაქცია.

ზურა დათოსკენ გადაიხარა და წასჩურჩულა:

– არ იცი, რა დაემართა? რატომ იღრინება და იქნევს ხელებს?

– არ ვიცი, – გამოსცრა დათომ, – თქვენ, მგონი, ბატონი ანდრო გელოდებათ.

– აუჰ, აქ მგონი, მართლა ხდება რაღაც. კარგი, ბატონო, არ ჩავერევი თქვენს საქმეში, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ... – ზურა აღარ დალოდებია, რას ეტყოდა დათო. შეტრიალდა და ღიღინით შეაღო ანდროს კაბინეტის კარი. გუნება ანდროს მოჟამულმა სახემაც ვერ გაუფუჭა, არხეინად მოიკეცა სავარძელში და სიგარების ყუთიდან ერთი ცალი ამოაძვრინა.

– საფერფლე და სანთებელა მომაწოდე, რა, – სთხოვა ანდროს და მისმა ღრიალმა სწრაფად გაუქრო სიგარის მოწევის სურვილი:

– სად ეგდე – ბარში სვამდი, ხომ?! მაინტერესებს, როდემდე მეყოფა მოთმინება? მითხარი, ეს გაინტერესებს? მაშინ, იცოდე, რომ უკვე გადალახე ყველა ზღვარი. ახლა ბიჭებს ვეტყვი, ქეჩოში მოგკიდონ ხელი და კინწისკვრით გაგაგდონ აქედან!

ზურა გაფითრდა და მაშინვე შეშინებულ, საცოდავ წრუწუნას დაემსგავსა.

– მოიცა, რა... დაწყნარდი, რა დაგემართა?

– რა დამემართა?! მე რა დამემართა?! ბედავ და მეკითხები, რა დაგემართაო?! არა, აღარ მოვიშლი ნერვებს. აქედან გაეთრიე, მომწყდი თავიდან, თვალით არ დამენახო! იცოდე, ვეღარაფერს მიიღებ ჩემგან, მორჩა, გათავისუფლებული ხარ სამსახურიდან! შეგიძლია, მიბრძანდე...

– მარტო სამსახურიდან მათავისუფლებ? – მოგონილი სიმშვიდით იკითხა ზურამ, სიგარა მაგიდაზე დადო და ადგა.

– რა სისულელეს მეკითხები? ვერ მივხვდი...

– მე გეკითხები, მარტო სამსახურიდან მათავისუფლებ-მეთქი?

– ნეტავი, რა დალიე ამისთანა, რომ ვეღარ აზროვნებ? კიდევ საიდან უნდა გათავისუფლებდე, ან – რისგან?..

– მეგობრობისგან... თუ, დაგავიწყდა, მეგობრებიც რომ ვართ?

ანდრომ ბრაზით ჩაიქნია ხელი:

– როცა გინდა, თურმე, ტვინავ რაღაცეებს. მეგობარი რომ ხარ, იმიტომ გიშვებ ასე, თორემ, წესით, მაგარი საცემი ხარ.

– რა გინდა, არ მესმის. ბარში ვიჯექი, მართალია, მაგრამ, რატომ ვიჯექი? სიტუაციას ვაკონტროლებდი. აბა, რა უნდა გამეკეთებინა?

– სიტუაციას აკონტროლებდი, არა? ახი არ იქნება, მართლა დაგინაყო ცხვირ-პირი?

– შენ თვითონ დამინაყავ თუ შენს თანაშემწეს დაავალებ? ახლახან ერთს უკვე გაუსწორდა.

– ვინ თანაშემწეს, რას ბოდავ...

– ვბოდავ? მეგონა, ლაწანის ხმა შენც გაიგონე...

– ზურა, მითხარი, რა ჯანდაბას მიედმოედები, თორემ ამ საფერფლეს თავზე დაგაფშვნი! – ისევ იფეთქა ანდრომ.

– ნერვიულობ და სიტუაციას ვეღარ მართავ. დამშვიდდი, რა გემართება...

– ზურა! – უყვირა ანდრომ.

– კარგი... აქეთ რომ მოვდიოდი, დავინახე, ინა და დათო ჩხუბობდნენ. ინამ ისეთი ლეწა სახეში, საწყალ ბიჭს კინაღამ ყბა ჩამოუღო.

– ინამ დათოს გაარტყა? – ანდრომ ხელები გაშალა, – ჭკუიდან შემშლის ეს ხალხი, ყველა ერთად და ერთნაირად როგორ გაგიჟდა?!

– ნუ, ახლა, ერთი სილა თუ ცემაში ითვლება, მაშინ გვარიანად მიუთეთქავს. ამიტომაც გითხარი, დამშვიდდი, თორემ, სიტუაციაზე კონტროლს დაკარგავ-მეთქი.

– მოკეტე! ინას მე მივხედავ, შენ საკუთარ უსაქმურობაზე აგე პასუხი! ერთი მითხარი, რა გააკეთე?..

– ხომ გითხარი... – დაიწყო იმედმოცემულმა ზურამ, მაგრამ, ანდრომ აღარ დაასრულებინა სათქმელი:

– რა მითხარი, ბარში რომ იჯექი და სიტუაციას აკონტოლებდი? ეგ ზღაპარი უკვე მოვისმინე. დღეს რა უნდა გაგეკეთებინა?

– მეე? – ზურა შეეცადა, დრო მოეგო.

– ჰო, შენ..

– არ მოსულა და...

– ვიცი, რომ არ მოსულა, მაგას ყველა მიხვდა. იქნებ სხვა „ობიექტებზე“ იყო, გადაამოწმე?

– ეტყობა, არ იყო, თორემ დარეკავდნენ.

– „ეტყობა, არ იყო“... – გამოაჯავრა ანდრომ, – „ეტყობაში“ გიხდი ფულს? საკმარისია, დავიღალე! დიდი ხანია, გითმენ. აქამდე ერთი პრობლემაც არ გვქონია, მაგრამ ახლა, როცა ყველა ჩემიანი მჭირდება და ყველა ჩემ გვერდით უნდა იყოს, ვეღარ მოვითმენ. მოკლედ, თავისუფალი ხარ...

ზურა შეყოყმანდა და ფეხი მოინაცვლა.

– არ გესმის, რა გითხარი? თავისუფალი ხარ!

– მე კი წავალ, მაგრამ, აქ ვინღა დაგრჩება? – სინანულით ჩაილაპარაკა ზურამ.

– მაგაზე ცოტა ადრე უნდა გეფიქრა! – ნიშნისმოგებით ჩაილაპარაკა ანდრომ, – ახლა კი ნუ ცდილობ, გული ამიჩუყო.

– მე შენთვის ვამბობ, შენ დარჩები მარტო, თორემ, მე რომ არ დავიკარგები, ხომ იცი.

– როგორ არ ვიცი, ზუსტად ვიცი. არც მე დავრჩები მარტო. ფულს ვისაც გადავუხდი, ყველა მიერთგულებს.

– შეიძლება... ჰო, რა თქმა უნდა, ფულით ყველაფერს იყიდი, მაგრამ, ვნახოთ, გეყოფა თუ არა ფული, ან, რამდენი მეგობარი „მოგივა“ მაგ ფულით.

– ზურა, ახლა უკვე ნერვებზე თამაშობ...

– არა, მინდა, წასვლამდე ყველაფერი გითხრა.

– აუ, ეს რა ჭირია! კარგი, დაეგდე, ჰო, არ მაქვს შენი წუწუნისა და ზმუილის თავი! ზუსტად ვიცი, ასე მარტივად ვერ გავთავისუფლდები შენგან.

ზურას თვალები გაუბრწყინდა:

– უჰ, მეგონა, მართლა გამიბრაზდი და, რაღაც მომენტში, კინაღამ დავიჯერე.

– გამოუსწორებელი ხარ... – ამოიოხრა ანდრომ, – მაგრამ, იცოდე, ამჯერად ეს ბოლო გაფრთხილებაა და არ ვხუმრობ...

***

ვახომ ხტუნვა-ხტუნვით ჩამოირბინა კიბის საფეხურები და კინაღამ წააქცია გრძელფეხება, გამომწვევ კაბაში გამოწყობილი არსება, სუნთქვისშემკვრელი მზერითა და ვნებიანი გაბუსხული ტუჩებით...

– მაპატიეთ, კინაღამ წაგაქციეთ... – ვახომ ერთი ნაბიჯით დაიხია უკან, მაგრამ ქალისთვის გზის გათავისუფლება არც უფიქრია.

– კინაღამ? ჰო, კინაღამ და, რომ წავქცეულიყავი, ძალიან, ძალიან ძვირი დაგიჯდებოდა! მედიდური ღიმილით განუცხადა ქალმა და ვახო თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა, – ასე სად გეჩქარება? მანქანით ვარ, თუ გინდა, წაგიყვან, – შესთავაზა ძველი ნაცნობივით. ვახომ მეხსიერება დაძაბა, მაგრამ ვერაფრით მიხვდა, სად შეიძლებოდა ენახა ეს ეფექტური და თამამი ქალი.

– მართლა წამიყვანთ?

– აბა რა! ნუ გეშინია, ბენზინის ფულსაც არ გადაგახდევინებთ... – გადაიკისკისა სოფომ.

– რომ არ იცით, სად მივდივარ?

– მაგას რა მნიშვნელობა აქვს? რადგან გადავრჩი და შენი წყალობით ტრავმატოლოგიურში არ აღმოვჩნდი, ყველგან წაგიყვან...

– ჰმ, ასეთი მაცდუნებელი შემოთავაზება ჯერ არ მქონია...

– დარწმუნებული ვარ, არც ჩემნაირი მეგობარი გყოლია, – სიცილს განაგრძობდა სოფო.

– დედაჩემმა კი მთხოვა, შემთხვევით ნაცნობებს ერიდეო, მაგრამ, თქვენს შემთხვევაში ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მთელი ცხოვრებაა, გიცნობთ, – განაგრძო ხუმრობა ვახომ.

– ბანალურია, მაგრამ, შთაბეჭდილებას მაინც ახდენს. აბა, მოდიხარ?

– ჰმ, რა უცნაური დილაა... საინტერესოა, დღე როგორი იქნება? – შუბლი მოიქექა ვახომ.

– თუ გინდა, ერთად ვნახოთ, – შესთავაზა სოფომ.

– ავანტიურისტულ ექსპერიმენტებზე ვგიჟდები, – გაიცინა ვახომ და კიდევ ერთხელ შეაფასა მის წინ აღმართული ქალის ქვედა კიდურების სილამაზე, – მაგრამ, დასაწყისისთვის, იქნებ სახელი გეთქვათ?

– რა გეჩქარება? მანქანაში უამრავი დრო გვექნება ერთმანეთის გასაცნობად.

– მოტაცებას ხომ არ მიპირებთ?

– რა ვიცი, იმედია, სრულწლოვანი ხარ, – თქვა სოფომ და თეძოების ისეთი კეკლუცი რხევით გაემართა მანქანისკენ, რომ ვახო ეშაფოტამდეც სიამოვნებით გაჰყვებოდა უცნობ ფერიას.

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3