ტაქსის მძღოლმა 12 წლის ბიჭის გაუპატიურების მცდელობის შემდეგ კლიენტი ქალბატონი ტყეში გააუპატიურა
კლიენტი ქალის გაუპატიურებისთვის ტაქსის მძღოლს 8 წლით პატიმრობა მიესაჯა. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, 59 წლის გურამ გ-ს ამ მხრივ ავადმყოფური გადახრა ჰქონდა. აღმოჩნდა, რომ, კლიენტი ქალბატონის გარდა, იმავე დღეს, მან 12 წლის ბიჭის გაუპატიურებაც სცადა. ქალბატონის ნათესავებმა შური იძიეს – მძღოლს სასტიკად სცემეს. ერთ-ერთი ვერსიით კი, დაზარალებულის ბიძაშვილმა მოძალადეს „სამაგიეროც” გადაუხადა, რაც ოფიციალურად არ დადასტურდა. თუმცა, სწორედ იმიტომ, რომ მოძალადე ნაცემი აღმოჩნდა, მასთან ერთად დააპატიმრეს ქალბატონის ბიძაშვილიც, მაგრამ, გურამ გ-სგან განსხვავებით, მას მხოლოდ 1 წლით პატიმრობა მიესაჯა, რაც პირობითი სასჯელით შეეცვალა.
ორი შვილის მამა, გურამ გ., რომელიც ახალგაზრდობიდან მუშაობდა ტაქსის მძღოლად, რაიონში კარგი ავტორიტეტით სარგებლობდა. კლიენტებთან მიმართებაში მასზე მსგავსი ეჭვი არავის არასდროს გასჩენია, მაგრამ ბოლო თვეებში მისი უცნაური საქციელი ყველას ყურადღებას იქცევდა. კერძოდ, უბნელ ქალებთან უცენზურო სიტყვებით საუბრობდა და ასეთივე ისტორიებს ყვებოდა. ამის გამო გურამ გ-ს ბოლო პერიოდში ყველა თავს არიდებდა, რადგან ერთ-ერთმა შეურაცხყოფილმა მეზობელმა ქმართან დაასმინა და ამის გამო მეზობლებს შორის სერიოზული ჩხუბი მოხდა. გურამ გ. თავს იმართლებდა და მოდავეს არწმუნებდა, რომ მისი მეუღლე დად მიაჩნდა და ცუდი განზრახვა გულში არ სდებია, მაგრამ, ვინაიდან ყველა გრძნობდა, რომ გურამ გ. მთლად ჯანმრთელად არ იყო, მასთან საუბარს ყველა გაურბოდა.
21 ივლისს გურამ გ-მ სახლში დაიბარა, რომ მალე დაბრუნდებოდა, მაგრამ, ვინაიდან მთელი დღით გაუჩინარდა, ოჯახმა პოლიციას მიმართა, თუმცა მათაც ვერ მიაგნეს. ბოლოს კი, ვინაიდან განსასჯელი ბოლო პერიოდში ბევრს სვამდა, ივარაუდეს, რომ, ალბათ, ვინმესთან დათვრა და მთვრალი აღარ გამოუშვესო. თუმცა, საღამოს, დაახლოებით 23 საათზე, გურამ გ. სახლში დასისხლიანებული და თავგატეხილი დაბრუნდა. შეშინებულმა ოჯახის წევრებმა მისი საავადმყოფოში წაყვანა გადაწყვიტეს, რადგან გურამ გ-ს თავში მიყენებული ჭრილობა იმდენად ღრმა იყო, რომ თავი გასაკერი ჰქონდა.
მიუხედავად იმისა, რომ მეზობლები გურამ გ-ს ოჯახთან ურთიერთობას გაურბოდნენ, მომხდარით ყველა შეწუხდა და სწორედ მათ გადაიყვანეს ნაცემი საავადმყოფოში. მაგრამ, ის იყო, ჭრილობა დაუმუშავეს, რომ საავადმყოფოში პოლიცია მივიდა და დაშავებული პირდაპირ განყოფილებაში წაიყვანა.
ვინაიდან გურამ გ. ნაცემი იყო, ცხადია, ოჯახმაც და მეზობლებმაც ივარაუდეს, რომ პოლიციას ჩხუბის მიზეზის გარკვევა უნდოდა, მაგრამ, კვლევის შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა – აღმოჩნდა, რომ ერთ დღეში გურამ გ-მ ორი ძალადობის ფაქტი ჩაიდინა: ჯერ მცირეწლოვანი ბიჭის გაუპატიურება სცადა, შემდეგ კი კლიენტი ქალბატონი გააუპატიურა...
როგორც საბრალდებო დასკვნაშია ნათქვამი, 21 ივლისს, გურამ გ-ს სოფლიდან რაიონში ბაზრობაზე ჩამოსული ერთ-ერთი მუდმივი კლიენტი, შალვა ლ. შეხვდა, რომელმაც სოფელში წაყვანა სთხოვა. სახლში მისვლის შემდეგ მძღოლი კლიენტს ტვირთის სახლში შეტანაშიც მიეხმარა, ამიტომ, მასპინძელმა შინ შეიპატიჟა და ცოლ-შვილს სუფრის გაშლა სთხოვა. თავდაპირველად გურამ გ. სუფრასთან ნორმალურად იქცეოდა, მაგრამ, რამდენიმე ჭიქის დალევის შემდეგ, ოჯახის დიასახლისისა და მისი ორი ქალიშვილის თანდასწრებით გინებას მოუხშირა. ამის გამო ქალებს მოერიდათ და გარკვეული ხნით ოთახიდან გავიდნენ. თუმცა, დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ, როდესაც ოთახში შემობრუნდნენ, სტუმარმა კვლავ უშვერად დაიწყო გინება და საკუთარი ისტორიების გახსენება. კერძოდ, მათ სოფელში როდის რომელ ქალთან ჰქონდა სასიყვარულო ურთიერთობა. ისეთი ქალები დაასახელა, ოჯახის უფროსი დაიბნა, მაგრამ, მას შემდეგ რაც მიხვდა, რომ მძღოლი დათვრა, მოიმიზეზა, აუცილებელი საქმე მაქვსო და სტუმარს აგრძნობინა, რომ მისი წასვლის დრო იყო.
დაახლოებით საღამოს 5 საათზე, სუფრიდან წამოსული გურამ გ. სოფლის ბირჟაზე კლიენტს ეძებდა, რომ რაიონში დაბრუნებულიყო, მაგრამ არავინ ჩანდა. ამიტომ, მანქანაში ჩაჯდა და სოფელში გაიარ-გამოიარა, რომ მგზავრი ეშოვნა. სწორედ ამ მომენტში, სოფლის განაპირა მხარეს, 12 წლის ბიჭი დაინახა, რომელიც ბატებსა და ინდაურებს მწყემსავდა და თავისთვის ერთობოდა.
დაზარალებული ბავშვის ჩვენებიდან: „უცნობმა კაცმა მანქანა გააჩერა და დამიძახა. მეგონა, ვინმეს სახლს ეძებდა და მივედი. ჯერ მკითხა, რა გქვია. შემდეგ მეჩხუბა – ამხელა კაცი ხარ და შორტებით რატომ დადიხარო. ვუპასუხე, რომ ცხელოდა და ასე მარტო მე კი არა, ყველა ჩემი ტოლი დადიოდა. მითხრა, სხვებს რას უყურებ, სხვები სხვა რამეებსაც აკეთებენ და შენც თუ აკეთებო. ვერ მივხვდი, რა უნდოდა და ვუთხარი, რომ მეჩქარებოდა, მაგრამ არ მომეშვა და მკითხა, მითხარი, ქალებში თუ დადიხარო, თან თვალი ჩამიკრა. ვიფიქრე, რომ მეხუმრებოდა და გავუცინე. შემდეგ ჩვენი ერთი თანასოფლელის გვარი და სახელი მკითხა – მისი სახლი თუ იციო. ვუთხარი, რომ ვიცოდი და მთხოვა სახლი მეჩვენებინა. რადგან შალვა ლ. შორს არ ცხოვრობდა, გავყევი და გზაში ვუხსნიდი, როგორ უნდა წასულიყო, მაგრამ, მითხრა, იქით ცუდი გზებია, ჯობია, შორიდან მოვუაროთო და სხვა გზით წავიდა. მინდორი რომ გამოჩნდა შემეშინდა, მაგრამ, ამიხსნა – აქ საზამთროს ბაღებია და რამდენიმეს წამოვიღებო. მანქანა მართლა საზამთროს ბაღთან გააჩერა, მეც გადამიყვანა და მთხოვა, მომეხმარეო. მანქანიდან რომ გადავედით, ხელი გამომდო და მივხვდი, ნასვამი იყო. საზამთროები მოვწყვიტეთ და იქვე მიწაზე დავაწყვეთ. მივხვდი, რომ უკვე დიდი დრო იყო გასული და ვთხოვდი, მალე წავსულიყავით, მაგრამ მან ხეებისკენ წამათრია და შარვლის გახდა დამიწყო. ვცდილობდი გაქცევას, მაგრამ ვერ ვახერხებდი.... შემდეგ თვითონაც დაიწყო შარვლის გახდა, მაგრამ, ვინაიდან ვყვიროდი, ხელი გამიშვა და მითხრა, ახლა გაგიშვებ, მაგრამ, თუ ხმას ამოიღებ და ამას ვინმეს ეტყვი, მოგკლავო, თან, ყელზე დანა მომადო. ამის შემდეგ გავიქეცი, თვითონ კი წავიდა. სახლში რომ მივედი, დედამ მკითხა, რა მოხდაო და მეც მოვუყევი...”
გურამ გ-ს დანაშაული ამით არ დასრულებულა. მას შემდეგ, რაც ბავშვს თავი დაანება, მანქანაში ჩაჯდა და, არათუ მიიმალა, კლიენტის საძებნელად ისევ სოფლისკენ აიღო გეზი, თუმცა, შორი მანძილის გავლა არ დასჭირვებია – გზად ქალმა გააჩერა, რომელმაც ახლომდებარე სოფელში წაყვანის ფასად 15 ლარის გადახდა შესთავაზა.
გურამ გ-ს მორიგი მსხვერპლი სწორედ ქალბატონი ვენერა აღმოჩნდა. დანიშნულების ადგილის ნაცვლად, მან კლიენტი ტყეში წაიყვანა, გააუპატიურა და, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ბნელოდა, ქალი იქვე მიატოვა...
დიდი წვალების შემდეგ, კლიენტი ქალბატონი გზაზე გამოვიდა და სახლში მისვლა შეძლო. მომხდარი კი ბიძაშვილებს უამბო. სიტუაცია ისე გამწვავდა, რომ მომხდარი მეზობლებმაც შეიტყვეს და, ვინაიდან ქალბატონმა ავტომანქანის მარკა და ნომერი დაიმახსოვრა, მისი ნათესავები ტაქსის მძოლის მოსაძებნად წავიდნენ.
უცნაურია, მაგრამ გურამ გ. მომხდარის შემდეგ სოფლიდან კვლავ არ წასულა. მან სოფლის გზაზე მანქანა გააჩერა და სალონში დაიძინა. სწორედ ამ მომენტში მიაგნეს მას გაუპატიურებული ქალბატონის ნათესავებმა. ხოლო, მას შემდეგ, რაც შურისმაძიებლები დარწმუნდნენ, რომ ნამდვილად მოძალადესთან ჰქონდათ საქმე, საკუთარ ავტომანქანაში ჩასვეს და ზუსტად იმავე ტყეში მიაყვანინეს თავი, სადაც კლიენტი ქალბატონი მან თავად მიიყვანა.
როგორც ირკვევა, ტაქსის მძღოლს დაზარალებულის ნათესავებმა სასიკვდილოდ სცემეს. ის კი არა, თურმე, ქალბატონის ბიძაშვილი მას გაუპატიურებასაც უპირებდა, მაგრამ, მოხდა თუ არა ასე, უცნობი დარჩა. მართალია, გამოძიებაში ამის შესახებ განსასჯელმა თავად განაცხადა, მაგრამ სასამართლო პროცესზე ეს ჩვენება უარყო. ცხადია, უარყო ქალბატონის ნათესავმაც, რადგან, ასეთ შემთხვევაში, მასაც მკაცრი სასჯელი ელოდა.
არანაკლებ საინტერესოა, როგორ გაიგო პოლიციამ მომხდარის შესახებ. როგორც ირკვევა, მას შემდეგ, რაც 12 წლის ბიჭი სახლში დაბრუნდა და ოჯახს მომხდარის შესახებ უამბო, მათაც დაიწყეს მოძალადის ვინაობის გარკვევა და დაადგინეს კიდეც. თუმცა, დიდი გამოძიება არც დასჭირვებიათ, რადგან, როგორც ცნობილია, გურამ გ-მ ბავშვს იმ შალვა ლ-ს სახლის ჩვენება მოსთხოვა, ვისთანაც იმ დღეს იქეიფა. ამიტომ, ოჯახმა ივარაუდა, შესაძლოა, რომ მისი ვინაობა შალვა ლ-ს მართლაც სცოდნოდა და არც შემცდარან. როდესაც მასთან სახლში მივიდნენ, ოჯახის უფროსი ცოლ-შვილს ეჩხუბებოდა, რატომ შემობრუნდით ოთახში და რატომ მოისმინეთ ის სიბინძურეები, რასაც ტაქსის მძროლი თავის თანასოფლელ ქალებზე ყვებოდაო.
სწორედ მათგან გახდა ბავშვის ოჯახისთვის ცნობილი, რომ მოძალადემ მათთან დალია და ვინაიდან მისი ვინაობა უტყუარად დაადგინეს, მომხდარი პოლიციას შეატყობინეს.
მას შემდეგ, რაც პოლიციამ გურამ გ. დააკავა, განყოფილებაში მიყვანისთანავე გამოჰკითხეს იმ პირთა ვინაობა, ვინც მას სცემა. ბრალდებულმა განაცხადა, რომ თავს უცნობები დაესხნენ, ტყეში შეიყვანეს და იქ სცემეს. ცემის რეალური მიზეზი პოლიციისთვის მალე გახდა ცნობილი და მასზე საქმე ორი მუხლით აღიძრა: ქალის გაუპატიურებისა და არასრულწლოვანი ბიჭის გაუპატიურების მცდელობისთვის. თუმცა, საქმე აღიძრა ასევე დაზარალებული ქალბატონის ბიძაშვილზეც, გურამ გ-სთვის სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით, მაგრამ, საბედნიეროდ, 2 000 ლარი ჯარიმის გადახდის შემდეგ, მას ერთი წელი პირობითი სასჯელი მისცეს...
გამოძიებაშიც და სასამართლო პროცესზეც განსასჯელმა სრულად ცნო თავი დამნაშავედ და ორივე დანაშაულზე დეტალურად ისაუბრა. რაც შეეხება მოტივს, განსასჯელი აცხადებდა, რომ აგრესიული მას შემდეგ გახდა, რაც ცოლი აღარ ელაპარაკებოდა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ერთ სახლში ცხოვრობდნენ, ცოლი არაფრად აგდებდა, თუმცა, მათი ასეთი ურთიერთობის შესახებ არავინ იცოდა.
ორივე დაზარალებული განსასჯელის უმკაცრესად დასჯას მოითხოვდა, მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ განსასჯელს სხვადასხვა დაავადება აღმოაჩნდა და ამასთან, პირველად იყო სამართალში მიცემული, სასამართლომ მას 8 წელი პატიმრობა მიუსაჯა.