სისხლიანი ქრონიკები
70 წლის წინათ – 1940 წელი
22 ნოემბერს რუსეთის ქალაქ ირკუტსკის „ჩეკას“ შენობას ადგილობრივი შეიარაღებული ბანდიტები დაესხნენ, რომელსაც ქართველი ბოროტმოქმედი ანზორ მამალაძე ხელმძღვანელობდა. ბანდიტები თავიანთი ექვსი მეგობრის დახსნას ცდილობდნენ, რომლებიც წინა დღით დააპატიმრეს „ჩეკისტებმა“ და უნდა დაეხვრიტათ. სასტიკი შეტაკება დიდი მსხვერპლით დასრულდა – 29 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 30 დაიჭრა, „ჩეკას“ შენობა კი მთლიანად დაიწვა. ანზორ მამალაძე ორმოცდაათიანი წლების მიწურულს კანადაში გარდაიცვალა.
23 ნოემბერს იაპონიის კუნძულ ჰოკაიდოს ტაიფუნი დაატყდა, რომელიც 8 საათის განმავლობაში მძვინვარებდა და განსაკუთრებით სამხრეთი მხარე დააზიანა. ამ სტიქიამ 400 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 800-ზე მეტი დაშავდა, ხოლო ათასი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. ტაიფუნმა „ტოიამ“, მილიტარისტული იაპონიის მთავრობა 14 მილიონი იენით აზარალა.
24 ნოემბერს ოკუპირებული პოლონეთის ქალაქ ვარშავის გეტოში „ესესელთა“ კბილებამდე შეიარაღებული ორი ქვედანაყოფი შეიჭრა. ისინი, როგორც თვითონ აცხადებდნენ, დივერსანტებს ეძებდნენ. დივერსანტებმა სხვადასხვა ასაკის 50 ებრაელი მამაკაცი შეიპყრეს, შემდეგ ერთ-ერთი სახლის კედელთან მიაყენეს და ტყუილუბრალოდ დახვრიტეს.
60 წლის წინათ – 1950 წელი
22 ნოემბერს ლენინგრადში 40 წლის ვლადიმირ ნაკოლკინი დახვრიტეს, რომელიც 19 ადამიანის მკვლელობისთვის იყო გასამართლებული. ნაკოლკინი ფიზკულტურის მასწავლებელი იყო და მილიცია მას 2 წელი უნაყოფოდ ეძებდა. მასწავლებელი სექსუალური მანიაკი გახლდათ. თავის მსხვერპლს ის ჯერ უთვალთვალებდა, ხოლო, როდესაც უკაცრიელ ადგილას მოიხელთებდა, კლავდა, აუპატიურებდა და თვალებს თხრიდა. სასტიკი სერიული მკვლელი ნეკროფილი მხოლოდ მას მერე შეიპყრეს, როდესაც ბოლო მკვლელობის ადგილზე უბის წიგნაკი დაკარგა.
25 ნოემბერს ნიუ-იორკის პოლიციამ ბრონქსზე ფართომასშტაბიანი ოპერაცია ჩაატარა და ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის საიდუმლო სარდაფში შეიჭრა, სადაც მოფარიკავეთა არალეგალური ორთაბრძოლები ტარდებოდა. ორთაბრძოლების დროს უზარმაზარი ფსონები იდებოდა და ერთ-ერთი, ზოგჯერ კი ორივე მონაწილის სიკვდილით მთავრდებოდა. პოლიციის ოპერაციის დროს, შეტაკება მოხდა, რასაც 30 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
26 ნოემბერს დასავლეთ ბერლინის ერთ-ერთი მრავალსართულიანი შენობის სახურავზე 50 წლის ყოფილი „ესესელი“, მაქს მიულერი აიპარა და ქუჩაში 8 ხელყუმბარა გადააგდო, ბოლოს ფაშისტური ლოზუნგი წარმოთქვა და გადახტა. დეპრესიაში მყოფი მიულერის ქმედებას 18 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
50 წლის წინათ – 1960 წელი
25 ნოემბერს მოსკოვში 39 წლის ვიტალი ლინინი დახვრიტეს, რომელიც პროფესიონალი სამხედრო იყო და მაყუჩიანი სნაიპერული შაშხანიდან 12 ადამიანი ჰყავდა მოკლული. ლინინს მიაჩნდა, რომ ადამიანების ბედს განაგებდა. თვითონ წყვეტდა, ვისთვის მოესპო სიცოცხლე და სახურავზე ჩასაფრებული, პირდაპირ შუბლს უხვრეტდა უდანაშაულო ადამიანებს. ის შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ახერხებდა. ლინინის შეპყრობა ბალისტიკური ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ მოხერხდა.
27 ნოემბერს ბრაზილიის ქალაქ სან-პაულუს მკაცრი რეჟიმის ციხეში ტრაგედია დატრიალდა. პატიმრებს შორის საფეხბურთო მატჩის დროს ერთ-ერთი გუნდის ფეხბურთელმა მსაჯს გაარტყა. მან კი საპასუხოდ არბიტრისგან მუცელში დანა მიიღო. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მასობრივი ჩხუბი, რომელშიც რამდენიმე ასეული ადამიანი მონაწილეობდა. 39 ადამიანი მოკვდა, 200-ზე მეტი კი – დაშავდა.